ხბოს მუცლადყოფნის პერიოდი, ძროხის გაშრობა და მშრალობა
ფურის მაკეობის პერიოდი ხბოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ნაყოფის ყველაზე ინტენსიური ზრდა ხდება მოგებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ ფურის მშრალობის პერიოდში (გრაფიკი #1). ამ დროს განსაკუთრებილი ყურადღება უნდა მივაქციოთ ძროხის საკვებ რაციონსა და მისი შენახვის პირობებს.
ახალშობილი ხბორების სიცოცხლისუნარიანობა/რეზისტენტობა დამოკიდებულია ძროხის მაკეობის მიმდინარეობაზე. მაკეობის დასაწყისიდან ძროხებს უძლიერდება ნივთიერებათა საერთო ცვლა, შესაბამისად ემატებათ მადა და რადგანაც მაკეობის პირველ ნახევარში ნაყოფის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე მცირეა (ემბრიონის მასა 3.0-6.0 გ), ჭარბი საკვები ნივთიერებები გროვდება დედის ორგანიზმში.
რეზერვები იქმნება მაკეობის ყველა პერიოდში, თუმცა მაკე ორგანიზმის ეს უნარი იკარგება არასრულფასოვანი კვებისა და არახელსაყრელი შენახვის პირობებისას, ამ დროს, ორგანიზმი საჭირო საკვები ნივთიერებების მარაგს ვერ ინახავს.
ძროხის გაშრობა და მშრალობა
ძროხების მშრალობის პერიოდს, თუ ეს მისი პირველი მაკეობა არაა, წინ უსწრებს გაშრობა, რა დროსაც ხდება რძის სეკრეციის შეწყვეტა და ის ძროხისათვის წარმოადგენს მოსვენება/აღდგენის პერიოდს. გაშრობისთვის რაციონიდან თანდათანობით გამორიცხავენ წვნიან და კომბინირებულ საკვებს, ამცირებენ წველის ჯერადობას. ხშირად ძროხის გაშრობისას არ იცავენ ორ ძირითად მოთხოვნას – მშრალი საკვების რაციონზე გადაყვანას და წყლის დალევის შეზღუდვას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სარძევე ჯირკვლების კეროვან ან სხვადასხვა სახის ანთებებამდე, სარძევე ჯირკვალში რძის წარმოქმნის გამო, რომლის გამოწველაც არ ხდება. მეწველ ძროხას აშრობენ ასაკისა და წველადობის მიუხედავად ხბოს მოგებამდე 45-60 დღით ადრე. უფრო მცირე მშრალობის პერიოდისას ახალშობილი ხბოების მასა მცირდება 10-15%-ით, ხოლო ფურის წველადობა შემდგომი ლაქტაციისას 15-20%-ით.
ლაქტაციის პერიოდში სარძევე ჯირკვლის ჯირკვლოვანი ქსოვილი თანდათანობით ირღვევა და იცვლება ახლით, ამ დროს უჯრედების რღვევა მიმდინარეობს უფრო ინტენსიურად, ვიდრე მისი აღდგენა, შესაბამისად ლაქტაციის ბოლოსთვის ცურის ჯირკვლოვანი ქსოვილის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. მის აღსადგენად საჭიროა რძის წარმოქმნის პროცესის დროებითი შეჩერება (მშრალობის პერიოდი) სრულფასოვანი კვების პირობებში. ამ დროის განმავლობაში ძროხების ორგანიზმი ივსება იმ ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, რომლებიც ორგანიზმმა დახარჯა ლაქტაციისას, განსაკუთრებით არასაკმარისი და დაუბალანსებელი კვების პირობებში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოგების შემდგომი მონაწველი რძის 12-15% წარმოიქმნება ორგანიზმში დაგროვილი ენერგიის/საკვები ნივთიერებების მარაგის ხარჯზე, ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცილებელია ცურის ჯირკვლოვანი ქსოვილის აღსადგენად, რომელიც დაირღვა ლაქტაციის პერიოდში, საშვილოსნოს განსავითარებლად.
მშრალობის პერიოდის არმქონე ძროხები ხბოს მოგების შემდეგ არ იძლევიან ხსენს, ამის გამო ჩნდება სირთულეები ახალშობილი ხბოების ჯანმრთელობასა და კვებაში.
ბაგურად შენახვის პერიოდში მშრალობაში მყოფი ძროხების საშუალო რაციონი უნდა შეიცავდეს იმავე საკვებს, რომელიც გამოიყენება მეწველი ძროხებისათვის, მაგრამ სხვა შეფარდებით (მაგ: მეტი თივა, ცოტა სილოსი ან მისი სულ ამოღება, ნაკლები კონცენტრატი, შაქრის ჭარხალი და ჩალა.) კონცენტრირებულ საკვებს აძლევენ იმ რაოდენობით, რომ უზრუნველყოფს რაციონების დაბალანსება ენერგიაზე და პროტეინზე, მისი ხვედრითი წონა (ყუათიანობით) რაციონებში უნდა იყოს 20-30%-ის ფარგლებში. მშრალობის პერიოდში ძროხის რაციონიდან სილოსის გამორიცხვა ხბოს მოგებამდე 40-45 დღით ადრე ხელს უწყობს: შემდგომი პროდუქტიულობის ზრდას, მოგების შემდეგ მასტიტით ძროხების დაავადების მნიშვნელოვან კლებას, ამცირებს ხბორებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლის შემთხვევებს, ზრდის ხსენში იმუნოგლობულინების შემცველობას.
მშრალობის პერიოდში რეკომენდებულია ძროხების თავისუფალი შენახვა (დაბმის გარეშე) და ყოველდღიური აქტიური მოციონი (საძოვარზე ან შენობაში). სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ამ ფაქტორს არ ითვალისწინებენ, რაც იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას და პირველმოგებულთა და ახლად მოგებული ძროხების აღწარმოებითი ფუნქციის დარღვევას. დღისით სასურველია, ცხოველები რაც შეიძლება დიდხანს იმყოფებოდნენ სასეირნო მოედნებზე (არანაკლებ ორი საათისა). მოძრაობა და ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის სინთეზს, მინერალური ცვლის გაუმჯობესებას, მადის მომატებას და დადებით გავლენას ახდენს მაკეობისა და მოგების მიმდინარეობაზე. სინათლის უკმარისობისა და მავნე აირების სიჭარბის დროს მცირდება ჟანგბადის შემცველობა დედისა და ნაყოფის ორგანიზმის უჯრედებში, ქვეითდება კუნთოვანი ქსოვილების ტონუსი, რაც იწვევს გაძნელებულ მშობიარობას და დასუსტებული ხბოების დაბადებას.
მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;
ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;
დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;
ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;
ლაშა ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);
თამარ ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი