ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხები იწმინდება
სამეგრელოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, ხობი – უტორას დამშრობ მასივზე, 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორულ და შემკრებ სადრენაჟე არხებს წმენდს.
სოფლების ხეთისა და პირველი მაისის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება არხები, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი ფერმერების მიერ პროდუქციის წარმოების მოცულობაზე.
სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2012–2024 წლებში სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო პროექტების შედეგად, მთლიანად გამართული წყალსაწრეტი არხებით უზრუნველყოფილია 12 400 ჰექტარი სავარგული, ხოლო ჭარბი წყლის დაწრეტის სამუშაოები 10 170 ჰექტარზე შესრულდა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.