ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრის ორი ფაქტი გამოვლინდა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები აღმოაჩინეს სოფელ კინჩხის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 16 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, მათ შორის — წიფელი, მურყანი და წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი.
დაცვის ქვეშ მყოფი სახეობის მოჭრის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, ხოლო ამოღებული ხე-ტყე გადატანილია ხონის სატყეო საქალაქო ეზოში.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა ცერცვაძემ განმარტა, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში იმერეთში გამოვლინდა სამართალდარღვევის 28 ფაქტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (86 ფაქტი) საგრძნობლად ნაკლებია.
„სატყეო სამართალდარღვევების რაოდენობის შემცირება მჭიდრო პატრულირებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების — დრონებისა და ვიდეოხაფანგების — აქტიურ გამოყენებას უკავშირდება,“ — განაცხადა ცერცვაძემ.
სახელმწიფო ტყეების დაცვის კუთხით კონტროლი მუდმივად უმჯობესდება და შესაბამისი უწყებები გეგმავენ ტექნიკური მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერებას.