ხონში კუხის გამანაწილებელი არხი იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მასშტაბურ სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწების შეუფერხებელ მორწყვას.
ამ ეტაპზე, კუხის გამანაწილებელი არხი იწმინდება, აღდგა სათავე წყალმიმღები, არხის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი თავისუფლდება დალექილი მასისა და მცენარეული ნარჩენებისგან, რაც ხელს უშლიდა არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კუხის სავარგულებზე სარწყავი წყლის მიწოდება 80 ჰექტარზე გაუმჯობესდება. ასევე, დატბორვისგან დაცული იქნება კუხის არხის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ქვეყნის მასშტაბით სარწყავი სისტემების მოწესრიგება ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას და მიწების ეფექტიან გამოყენებას.

