კოლხური ხოხობის დაბრუნება ჭაჭუნას აღკვეთილში
საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა ბოლო წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ მიმართულებით დიდ საქმეს აკეთებს. ამის დასტურია ბოლო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები და რომელთაგან ერთ-ერთი ჭაჭუნას აღკვეთილში კოლხური ხოხობის პოპულაციის აღდგენის მორიგი ეტაპის დაწყებაა.

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, წინასწარ შერჩეულ ბუნებრივ ადგილმდებარეობაზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ჭაჭუნას აღკვეთილში _ ველურ ბუნებაში 200 ფრთა კოლხური ხოხბის ადგილობრივი სახეობა გაუშვეს.
კოლხური ხოხბების ველურ ბუნებაში გაშვების პროცესში ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებასა და ეკოსისტემის მდგრად განვითარებას.
დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი სახეობების აღდგენა და კონსერვაცია ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით უკვე მრავალი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია იშვიათი და გამორჩეული ფაუნის შენარჩუნება და გამრავლება.
კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და ადგილობრივი ველური ბუნების სიმდიდრეს წარმოადგენს. მისი ბუნებრივი ჰაბიტატი მოიცავს ხშირი მცენარეულობით დაფარულ დაბლობებს, მდინარის ჭალის ტყეებს, მშრალ მდელოებსა და მთისწინეთის ღია ტყეებს, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრამდე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სისტემატურად ახორციელებს ადგილობრივი სახეობების გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების პროექტს, რის შედეგადაც, საქართველოს ტყეებსა და ჭალებში კოლხური ხოხბის, კაკბისა და ხონთქრის ქათამის პოპულაციები ყოველწლიურად იზრდება.
კოლხური ხოხობის ველურ ბუნებაში დაბრუნება მხოლოდ ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. მსგავსი პროექტები მხოლოდ ეკოლოგიურ მიზნებს არა ემსახურება, ის მომავალ თაობებს ახსენებს, რომ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე დაცვას, სიყვარული და მუდმივად ზრუნვა საჭირდება.

