კორპის მუხა – Quercus suber L.
კორპის მომცემ მერქნიან მცენარეთა შორის, კორპის მუხას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კორპი (საცობი) კორპის ხის ღეროსა და ტოტებზე ფენებად განვითარებული მფარავი ქსოვილია.
განასხვავებენ კორპის რბილ და მაგარ ფენას. რბილი ანუ მეორადი ფენა, პირველადი მაგარი ფენის აღების შემდეგ ვითარდება. მეორადი ფენა უფრო მაღალხარისხოვანია და დასამუშაველადაც ადვილია.
კორპის ფენის როლი მცენარის ზრდა-განვითარებაში, ძლიერ დიდი და მრავალფეროვანია. ის მცენარეს იცავს ზედმეტი აორთქლების, სოკოვანი დაავადების და მექანიკური დაზიანებისაგან, ტემპერატურის ცვალებადობისას ზედმეტი გადახურების ან გადაცივებისაგან.
კორპს თავისი ძვირფასი ფიზიკური თვისებების გამო, უძველესი დროიდან ფართოდ იყენებდნენ. კორპი სითბოს, სიცივის და ელექტროობის ცუდი გამტარია. მისი კარგი ელასტიურობა, სიმსუბუქე, სითბოსა და გაზების განუვალობა განპირობებულია მის უჯრედებში სუბერინის შემცველობით. კორპის ქიმიური თვისებებიდან აღსანიშნავია ის, რომ კორპზე არ მოქმედებს სუსტი მჟავები და ტუტეები. ამავე დროს, არც თვითონ ახდენს რაიმე არასასიამოვნო გავლენას ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ღვინო, არაყი, შამპანური, ლუდი, რძის ნაწარმი, მინერალური წყლები, წამლები და სხვა.
ამ თვისებების გამო კორპს წარმატებით იყენებენ ღვინო-არაყის წარმოებაში საცობად. სანაოსნო და თევზჭერის საქმეში, ფეხსაცმელების დამზადებისას, მედიცინაში და სხვა. კორპის მუხის ნარჩენებისაგან დამზადებული მასალა, ფხვნილის გარდა, შეიცავს წებოსა და პლასტიკატორს, რომელიც კორპის ნაკეთობას მეტ ელასტიურობას აძლევს.
ქარხნული წესით კორპის მშრალი გამოხდით მიღებულ კუპრს, ფენოლს, ლინოლეუმს და სხვადასხვა ამიაკურ მარილს, დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში.
კორპის მუხა ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ყველაზე მსხვილი ნარგაობები აქვთ და კორპის პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია პორტუგალია, ესპანეთი, ალჟირი, მაროკო.
თავის სამშობლოში კორპის მუხის ტყეები მეტწილად გავრცელებულია ფერდობ და შემაღლებულ ბორცვიან ადგილებზე, ის შერეულია სხვადასხვა ჯიშის მცენარეებთან, როგორიცაა ფიჭვი, წაბლი, ზეთისხილი და სხვა.
პირველად ის ყირიმში, ნიკიტის ბაღში, 1819 წელს შემოუტანიათ. საქართველოში კორპის მუხის ნარგაობა პირველად გაუშენებიათ 1920 წელს, ქუთაისში (ბანოჯის მიდამოებში, ოღასყურაში). შემდეგ გავრცელდა აჭარასა და აფხაზეთში.
კორპის მუხა მიეკუთვნება წიფლების ოჯახს. იგი მარადმწვანე ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც სიმაღლით 15-20 მეტრამდე იზრდება, დიამეტრით 1 მეტრამდე აღწევს. კორპის მუხა თავისი მორფოლოგიური ნიშნებით, მკვეთრად განსხვავდება ჩვენში გავრცელებული ფოთოლმცვენი მუხისაგან, მას ემსგავსება მხოლოდ ნაყოფის ფორმის მიხედვით.
კორპის მუხა ივითარებს პატარა, კვერცხისებრი მოყვანილობის ფოთლებს, რომლის ზედაპირი მწვანე ფერისაა, ქვედა მხარე კი მონაცრისფრო-მოთეთრო, ხაიონია. ფოთლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 წელია, ფოთოლცვენა გაზაფხულზე ხდება თანდათანობით, ე.ი. მარადმწვანე ფოთლოვანი მცენარეა. კორპის მუხის ღერო და ტოტები ახალგაზრდობაში გლუვია, მათ კორპის წარმოქმნა თითქმის არ ემჩნევათ. კორპის წარმოქმნა მცენარის მთავარ ღეროზე 8-10 წლიდან იწყება და მისი ექსპლოატაცია 200 წლამდე გრძელდება. კორპის მუხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 350-400 წელს შეადგენს.
კორპის მუხა საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, მისი ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია ხნოვანებაზე, ყინვების ხანგრძლივობაზეც. ასაკოვანი ხე კარგად იტანს 200-მდე ყინვას. ის გვალვაგამძლე მცენარეა. კორპის მუხა ნიადაგისადმი განსაკუთრებული მომთხოვნი არ არის და გვხვდება სხვადასვა ტიპის ნიადაგებზე, მაგრამ უკეთ ხარობს მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, საკვებით მდიდარ ნიადაგებზე.
კორპის მუხა თესლით მრავლდება, მაგრამ მისი გამრავლება შეიძლება მყნობითაც.
რეზო ჯაბანიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი