კრწანისის ტყეპარკში 30 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ველური ბუნების დაცვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კრწანისის ტყეპარკის ეკოსისტემა ახალი სიცოცხლით შევსდა — ტყეში 30 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს. ინიციატივა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება და მისი სლოგანის — „ფარიკაობა პლანეტისთვის“ — ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ერთობლივად ორგანიზეს.
ხოხბების ბუნებაში გაშვების პროცესში მონაწილეობა მიიღეს: ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ბეჟაშვილმა, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ტამას ჰენრიეტმა.
კოლხური ხოხობი საქართველოს ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია და წითელ ნუსხაშიც შედის. სწორედ ამიტომ, მისი პოპულაციის ზრდა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის ეკოსისტემის მდგრადი განვითარებისთვის. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს ფაუნის აღდგენის პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში ისტორიულად გავრცელებული, თუმცა შემცირებული რაოდენობის ფრინველების ბუნებაში დაბრუნება. პროექტის ფარგლებში, სააგენტომ სპეციალურად მოაწყო კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა, რომელიც ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებსა და საინკუბატორო ინფრასტრუქტურას მოიცავს.
კრწანისის ტყეპარკი, რომელიც 200 ჰექტარს მოიცავს, მტკვრის ჭალის უნიკალური ეკოსისტემაა. ტერიტორია 100-ზე მეტი სახეობის მობინადრე და გადამფრენი ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. მათ შორის არის კოლხური ხოხობიც, რაც ტყეპარკს ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.