კულტურული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება საქართველოს რეგიონების მიხედვით
საქართველო კულტურული ვაზის წარმოშობისა და მეღვინეობის განვითარების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და არის, სადაც ჩამოყალიბდა 500-ზე მეტი ჯიში, ანუ მსოფლიოს მთელი ასორტიმენტის 2,5%; ამის ერთერთი საბუთი ისიცაა, რომ საქართველოში ვაზის ჯიში 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე აზერბაიჯანში (200 ჯიში), 5,5-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში (90 ჯიში), 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე შუა აზიაში (200 ჯიში), 3,5-ჯერ მეტი, ვიდრე დაღესტანში (150 ჯიში).
ამ ჯიშთა შექმნა-გამოყვანა მსოფლიოს სოფლის მეურნეობის საუნჯეში ქართველი ერის მიერ შეტანილ ერთ-ერთ დიდ წვლილთაგანია და, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხვნა-თესვის საქმეშიც ცოტა არა გვაქვს გაკეთებული, რომ სახელდობრ ქართველმა მხვნელ-მთესველმა მრავალი პურის ჯიში გამოიყვანა და სხვ., შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო იყო მოწინავე, აქტიური ხვნა-თესვის ქვეყანა. „ჩვენს ეკონომიურ ყოფა-ცხოვრებას რომ კაცი მთლიანად და გონიერად დაუკვირდეს, ბევრს საგულისხმოს იპოვის. ერთი უდიდესი და უპირველესი სახსარი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა მიწათმოქმედებაა და სხვაგვარი სახსარი ჯერ ჩვენში თითქმის არც კი დაძრულა, ხელნახლებიც არ არის, მერმისს ელის. მიწათმოქმედებას ორი საგანი მოაქვს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად: ღვინო და ყოველგვარი ეგრეთწოდებული საპურე მარცვალი. ამ ორგვარს წარმოებას დიდი ხანია ვადგავართ და დიდი ხანია მის გზაზე ვშრომობთ და თავს ავად თუ კარგად ვიკვებავთო“ _ წერდა გასული საუკუნის დასასრულს ჩვენი დიდი მოამაგე ი. ჭავჭავაძე.
ივ. ჯავახიშვილს თავისი შესანიშნავი წიგნის „საქართველოს ეკონომიური ისტორიის“ II ტომში „ჩვენი მევენახეობა“ დაწვრილებით აქვს განხილული და ძველი საქართველოს ჩათვლით 413 ვაზის ჯიში აქვს აღნიშნული. ამ 413 ჯიშისაგან ჰერეთში ყოფილა გარვცელებული 8 ჯიში, კახეთში _ 66, ქართლში _ 45, იმერეთში _ 42, რაჭა-ლეჩხუმში _ 94, სამეგრელოში 53, გურიაში _ 59, აჭარაში _ 26, შავშეთ-კლარჯეთში 26. ამნაირად, საქართველოს ყველა თემში საერთოდ 420-მდე ყურძნის სახესხვაობის სახელწოდება ყოფილა გადარჩენილი. დასახელებული შრომის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენმა მკვლევრებმა კიდევ ბევრი რამ დააზუსტეს ამ მიმართულებით და ამჟამად საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშია აღრიცხული, სახელდობრ: კახური _ 80 ჯიში, ქართლური _ 72, იმერული _ 75, რაჭულლეჩხუმური _ 50, მეგრული _ 60, გურული _ 53, აჭარული _ 52, აფხაზური _ 58 და სხვ. ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება კიდევ გამოავლენს მრავალ ახალ ჯიშს. ინტერესს მოკლებული არ იქნება, მოვიყვანოთ ქართული ვაზის ჯიშების სია.
კახეთის მთავარი ჯიშები:
ახმეტის წითელი, ბუერა, ბეგლარის ყურძენი, ბეჟანაური, გრძელმტევანა, დედათყურძენი, ვარდისფერა, ვაზისუბნის წითელი, ზაქათალის შავი, ზაქათალის თეთრი, თავკვერი დიდმარცვალა, თავკვერი პატალაანთეული, თავკვერი საფერავისებრი, ინგილოური, კურკენა, კახური თითა, კახის თეთრა, კახის წითელი, კუმსი თეთრი, კახის ყურძენი, კუმსი შავი, მაღრანულა, მწვანე კახური, მირზაანული, მწკლარტა, მხარგრძელი, მწვანე ყვითელი, მცვივანი ადრეულა, მირზანული თეთრი, მკვრივი ყურძენი, მცვივანი კახური, მსხვილთვალა თეთრი, მცვივანი პატალაანთეული, ოქროულა, ჟღია, ჟღია საგვიანო, რქაწითელი, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი, საფერავი ფაჩხა, სირგულა, საფენა, სიმონასეული, ტყის ვაზი, უბაკლური, ქისი, ქისტაურული წითელი, ქისტაურული შავი, კახური ღრუბელა, ღვინის თეთრი, ღვინის წითელი, შავთხილა, შავი ყურძენი, ჩიტისთვალა, ჩიტისთვალა თეთრი, ჩიტისთვალა შავი, ცხენისძუძუ კახური, ძაღლიარჭამა, ძუვანი, წნორის თეთრი, წობენურა, წყობილა, ჭროღა კახური, ხარისთვალა თეთრი, ხარისთვალა შავი, ხიხვი და სხვ.
ქართლის მთავარი ჯიშები:
ანდრიული ვარდისფერა, ანდრიული შავი, არიჭული, ადრეულა, არაყისი, ასურეთული შავი, ბუზა, ბეჟანა, ბუდეშური, გორულა, გორული მწვანე, ბორჩალო, დაკიდულა, დანახარული, თითა მესხური, თავცეცხლა, თავკვერი ქართლური, თითა ქართლური, კლდის წითელი, კლერტმაგარა, საფერავი ბეჟაშვილის, საფერავი მეჯვრისხეული, საფარული თეთრი, საღვინე, საადრეო თეთრი, საბატონო, საფერავი ატენის, მელიკუდა, მწვანე ავრეხი, მუხამწვანე, მარნეულის შავი, ხარისთვალა მესხური, ხარისთვალა ადგილობრივი, ფართალა თეთრი, ფართალა შავი, კაპიტა, ჩიტისთვალა ქართლური, ჩინური თეთრი, ჩინური შავი, ჩინური ავრეხი, შავკაპიტო, შაბა, რაბათის წითელი, ცხენისძუძუ თეთრი, ცხენისძუძუ შავი, ცრუგორული, შირაკენი, ჭროღა ქართული, ქიშური საადრეო, ქიშური შავი, ქიშური მსხვილმარცვალა, ტატანაური წითელი ვაზი, ჭვარტალა, ჭყარტალა ჭყაპა, ჯვარი, უსახელო ვარდისფერი, უცნობი შავი, ღრუბელა, ღრუბელა მეტეხური, ღარიბა თეთრი, ღარიბა შავი, წვენი და სხვ.
იმერეთის მთავარი ჯიშები:
ადანასური, არგვეთული საფერე, ბეწოურა, ბაზალეთურა, ბზვანურა, გაბეხაურა შავი, გაბეხაურა თეთრი, გომის წითელი, გომის თეთრი, დონდღლაბი შავი, დონდღლაბი თეთრი, დონდღლაბი მჭკნარა, დიდშავი, ენდელაძისეული, ვერტყვისჭალური შავი, ვერტყვისჭალური თეთრი, თითა იმერული, თავწითელა, თხლაფა იმერული, კუპრაშვილისა, კუნძა შავი, კუნძა თეთრი, კრახუნა შავი, კრახუნა თეთრი, კირწმაგარა, კვირისთავა, კაპისტონი შავი, კაპისტონი თეთრი, კამური შავი, მაჩანაური საფერე, მცვივანი იმერული, მურადოული, მტრედისფერა, მსხვილკუმფხალა, მგალობლიშვილი, მელანიასეული, მაისა, მარგული საფერე, მამუკას ვაზი, მაღლარი, ნათელა, ნაცარა, ოხტოურა, ოცხანური საფერე, ობჩური შავი, ქართულა, ქველოური, რკო თეთრი, რკო შავი, სამაჭრე, სამჭაჭა, უსახელო წითელი, ფითრა, ღრუბელა იმერული, შავბარდა, ჩხინკოურა, ცრუ ცოლიკოური, ცოლიკოური კახიძის, ცოლიკოური, ციცქა საჩხერული, ციცქა გაბეხაურა, ცოლიკოური მსხვილთვალა, ძელშავი ობჩური, ძიგანოური, ძველი სამაჭრე, ძელშავი ადგილობრივი, ძირაგეულის შავი, წირქვალის თეთრი, ჭანკილოური, ხარისთვალა კოლხური, ხითერი (ჟღია), შავციცქა და სხვ.
რაჭა-ლეჩხუმის მთავარი ჯიშები:
ალექსანდროული, ალექსანდროული ძველი, ალექსანდროული თეთრი, ალეში, არაბეული თეთრი, არაბეული შავი, აფხაზური, ბახვა, ბეროულა, ბელარიანი, ბუტკუ, გამოყვანილი, თბილური, თვალდამწვრისეული, კაპისტონი გაღმოური, კირწწითელა, კორტნულა, კუდურაული, მელისკუდა, მოქათური, მსხვილთვალა, მუჯურეთული, მცვივანა რაჭული, მწვანე რაჭული, ნაკუთვნეული, ნაცარა, ნოშრიო, ოჯალეში ორბელური, რცხილი, სამაჭრე, ურიშულა, უსახელოური, უწყვეტი, ფაჩხატა, ფეროვანი, ფერუანი, ყვირა, ყორნისთვალა, ცხვედიანის თეთრა, წულუკიძის თეთრა, წმინდა თეთრი, ჭუბულო, ხიხვა რაჭული, ხიხვა ლეჩხუმის, ხოტეურა, ხროგი და სხვ.
სამეგრელოს მთავარი ჯიშები:
აკიდო, აბშილური, გოდაათური, გრეხი, დონდღვაბია, დედოფლის კითი, ეგურძული, ვერნახი, ზერდაგი, თხუნთხუ, თოვანი, კვანწახურა, კეთილური, კერთოლი, კაპისტონი მეგრული, კიკაჩა, კუტალა, ლაგილური, მუხიშხა, მორცხულა, მახვატელი, მაჭკვატური, მარბა, ოჯალეში, ოქონა, ოფოთი, პანეში, პუმპულა, პაპასკირი, საკუმა, სამანჭრო, ტუტაში, ტოროკუჩხი, უჩახარდანი, უგვარო ქველები, ჩერგვალი, ჩეჭიფეში, ჩეში, ჩხინკილოური, ჩხოროკუნი, ჩხუჩეში, ჩხუში, ჩეჩქიში, ჩერგვალი, ცანაფითა, ჭვიტილური, ჭითაში, ჭოტიში, ხარისთვალა მეგრული და სხვ.
გურიის მთავარი ჯიშები:
ალადასტური, ათინური, ბადაგი, დორდღო, ვაციწვერა, ზენაფური, თქვლაფა, თეთრი კამური, თეთრიშა, თეთრი მაური, თეთრი ყურძენი, თეთრი ჩხავერი, კლარჯული, კეთილოური, კიკაჩაი, კუხურა, კორძალა, მცვივანი, მეკრენჩი, მტევანდიდი, მახათური, მანდიკოური, მაგანკური (მაგარა), მტრედისფეხა, ნაკაშიძის ჯანი, ნაშენები, ორონა, ოფოურა, სხილათუბანი, სამარხი, საკმიელა, სიმჩხავერა, ქაქუთურა, ქვაფათურა, ღორისთვალა, შავყურძენა, შავჩხა (ხვავრიელი), ჩხუპეში, ჩხაბერძულა, ჩხავერი, ცივჩხავერა, ცისფერულა, წითლანი, ჭუმუტა, ჯანი ასკანური, ხუშია, ხუშია შავი, ხემხუ, ჯანი, ჯანი ციხური და სხვ.
აჭარის მთავარი ჯიშები:
ალპურა, აჭარული, ახალესკი, ბუტკო, ბათომურა, ბროლა, ბაღის ყურძენი, ბურძღალა, თეთრი კაიკაციშვილისეული, ვაიოს საფერავი, თეთრა, თეთრი ლივანურა, თურვანდი, კიბურა, კოლოში, მათენაური, მისკიეთა, მწვანე აჭარული, მწვანურა, მელისკუდა, მეკრენჩხი, მახათური, ორჯოხული, პოვნილი, საწური, საფერავი აჭარული, სალიკლევი, ტყისყურძენა, ტაგიძურა, ქორქაულა, ღვანურა, შავი ლივანურა, შავშურა, შიშველი, ჩიტისთვალა, ჩხუში, ხარისთვალა აჭარული, ხოფათური, ხალთური, ცხენისძუძუ, წვიტე, ჭიპაკური, ჭოდი, ჭეჭიბერა, ჭოტა, ხორეში, ჯინეში, ჯავახეთურა და სხვ.
აფხაზეთის მთავარი ჯიშები:
აბააჟიჟი, აბისტაჟი, აბსუაჟი, აგოშკური, აგრიჟი, ადზნიჟი, ავახირცხვა, ათასარაკვა, ათურქუჟი, აკუბაჟგარა, აკუმშტალი, აკუშარი, აკუბასა, ალიკი, აკასაჟი, აკაბილი, აკაბილიჟი, შავი ამლახუ, ამლახუ, ამიხვნაჭვირი, ამაოზნიჟი, ამგურჩალი, აოსიჟი, აჟია, აჟიში, აჟიშგამა, აჟიკვა, აჟიკოლო, აჟიგრა, აჟიგრა, აჟხვატა, აჟიკვატა, აჟაფში, აჟემჩიღი, აპაპნიჟი, ახშვაბი, აფიუჟერი, აღბიჟი, აღიჟიში, აშუღაჟი, აჩკიკიჟი, აცხოუჟი, აცისიჟი, აციმლიჟი, აძიფარა, ახიუხიუჟი, აძნიჟი, ახარდანი, იაკუბი, კაჭიჭი, პაპნიჟი, პეტრიჟი, ტატლიჟი, ცვინდროხუა, ხუნამიჟი, ხუპინიჟი, ხუტუნიჟი, აჭანდარის საღვინე და სხვ.
ვახუშტი ბაგრატიონს სხვა დარგებთან ერთად სოფლის მეურნეობაც კარგად აქვს შესწავლილი. სწორედ ამის შედეგია, რომ განსაზღვრული მცენარეების ჯგუფისათვის ყოველთვის მითითებული აქვს რაიონი და გავრცელების ზღვარი.
„ვინც სახელოვანი ქართველი მეცნიერის ვახუშტის ცნობილ გეოგრაფიულ თხზულებას ყურადღებით გადაიკითხავს და შეისწავლის, ის იმედია შეამჩნევს, რომ მის ავტორს საქართველოს სხვადასხვა თემისა და ადგილის მარტო სასოფლოსამეურნეო ვითარება კი არა აქვს წარმოდგენილი, არამედ აღნიშნულია თვითეული მათგანის შესაძლებლობაც: დასახელებულია, სად რა ხარობს და სად რა არის და რაც შეიძლება რომ იყოს“).
„…ვახუშტს ხეობის მოსავლიანობა-ნაყოფიერების დახასიათების დროს ყოველთვის აღნიშნული აქვს ხაზი, სადამდისაც აღწევდა ის ზოლი და არე, სადაც ვაზი ხარობდა და რომლის ზევითაც ვაზი, ან ვაზთან ერთად ხეხილიც, უკვე ქრებოდა. მაშასადამე, ამ თვალსაზრისით მიწა-წყალი ორ ნაწილად იყოფოდა: ერთს ვენახ-ხილიანი არე შეადგენდა, მეორეს კიდევ უვენახო და უხილო ზოლი ეკუთვნოდა“.
ვახუშტი თავის შესანიშნავ ნაშრომში (1,2) მევენახეობის რაიონებს ამგვარად მოიხსენიებს:
„არამედ არს არტანუჯი ვენახიანი, ხილიანი“.
„ოლთისი ხილიანი, ვენახიანი, ვითარცა სხვანი აღვსწერეთ“.
„და არს ესე ტაო ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა“.
“ხოლო დბანის ქვეით ქციამდე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითავე, ვენახ-ხილითა, თესლ-მარცვალთათა“…
„ხოლო მოდამნახეს ციხის ქვევთ არს ხრამი ქციისა, ვიდრე ნახიდურამდე, მაღალი და განიერი… ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი, ვენახოვანი, ხილიანი“.
„ნიჩბისის დასავლით ხევი კავთისა… ქვათახევამდე ვენახოვანი, ხილიანი“.
„თეზის დასავლით არს ხევი ხოვლესი… ვენახოვანი, ხილიანი და ნაყოფიერი“.
“და არს ქვეყანა ესე [სვირი]… ნიგვზნარ-ხილიან-ვენახიანი, ხეთა ზედა ასულნი, რომელსა უწოდებენ მაღლარსა ანუ ბაბილოსა, ღვინო მრავლად და კარგი“.
„და გორიდამ სვერამდე არიან ლიახვის იმიერ და ამიერ დაბნები ხილიან-ვენახიანნი. არამედ არს ღვინო თხელი და მომჟაო, სასმელად მშვენნი“.
„არს ბიყრამდე მეჯვდა ვენახოვანი, ხილიანი“.
„გურიას… ვენახნი მაღლარნი, ღვინო კეთილი, მსუბუქი და შემრგო, გემოიან-სუნიანი მრავლად“. არ ივიწყებს იმ რაიონებსაც, სადაც ვენახი და ხილი არ მოდის.
„ბასიანი… არს უვენახო, უხილო და მარცვლის მოსავალითაცა, ვითარცა ჯავახეთი…“.
„თრიალეთი… მოსავლით ვითარცა ტაშირი… ვენახი, ხილნი და მტილოვანნი, არარაი არს აქა, და მთის ხილნი მრავალნი. ტკბილს მოიტანენ ბარიდამ, ჩაასხმენ აქა, და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი“.
„…და არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა; ამის გამო მაღალი და შეუალი არს, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი. არამედ მოიღებენ ბარიდამ ტკბილსა, შთაასხმენ აქა და ლომისას, და დადგების ღვინო კეთილი, თეთრი და ტკბილი“.
ვახუშტი რაიონების დახასიათების დროს არ ივიწყებს ღვინოსაც. სადაც კი მას შეუმჩნევია თავისებური და აღსანიშნავი ღვინო, უეჭველად მოხსენიებული აქვს:
„აქავ ღვინო კონდოლისა წარჩინებული“;
„და ახმეტის ღვინო კეთილი“; ატენში „არს საცივი ვითარცა მყინვარი, სადაც დგება ღვინო წარჩინებული“ და ა.შ.
ასეთი აღწერის შედეგად შესაძლებელი გახდა რუკაზე გამოყოფილიყო ვენახ-ხილიანი ზონა, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ზონა ძველი საქართველოსი, რადგან, ვიმეორებთ, ძველი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მევენახეობა იყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ უცხო დამპყრობნი საქართველოს დასაუძლურებლად მისი ეკონომიკის საფუძვლის განადგურებასაც ცდილობდნენ. ამ მიზნით აჩეხინებდნენ ვაზს, ნიგვზნარებს, თუთნარებს, ხილნარ წალკოტებს. ასე მოიქცნენ თემურლენგი, შაჰ-აბასი და სხვანი. მიუხედავად ამისა, საქართველო მალე აღდგებოდა ხოლმე. ეს აღდგენა დამოკიდებული იყო პირველ რიგში ქართველი ხალხის სიცოცხლისუნარიანობასა და თავისუფლებისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, მისი გამრჯელობისა, საერთო კულტურის მაღალი დონისა, ბუნებრივი პირობების თავისებურებისა, კულტურების მრავალფეროვნებისაგან.
ძველი საქართველოს შესახებ მრავალი საყურადღებო ცნობა დაგვიტოვა შარდენმა:
„არც იმისთანა ქვეყანა მოიპოვება, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ. ვაზი იქ ხეებზე ადის, როგორც კოლხიდაში. ტფილისიდან ბლომად მიაქვთ ღვინო შაჰისათვის: სომხეთში, მიდიაში, ისპაჰანში. ცხენის საპალნე ღვინო ღირს 8 ფრანკი, მე ვამბობ უკეთეს ღვინოზე, თორემ ცოტა მდარე ღვინო არც ამის ნახევრად ფასობს. ყველა სხვა სანოვაგეც ღვინის ფასის შესაბამისად ძვირი არ არის“.
სამხრეთ საქართველოს შესახებ იგივე ავტორი წერს:
„რთველი იყო როდესაც გავიარე. ვშოულობდი ყურძენს, მაჭარსა და მშვენიერ ძველ ღვინოს. ღვინო იქ იაფია. ზოგან სამას გირვანქა ღვინოს ერთ ეკიუთი იყიდით: რადგან სოფლელები ვერა ჰყიდიან იმდენ ღვინოს, რამდენის დაყენებაც შეუძლიათ“.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შარდენი საქართველოში მოგზაურობდა ისეთ არეულსა და შავბნელ დროს, როგორიც იყო XVII საუკუნე და მიუხედავად ამისა ხალხის კეთილდღეობა მაინც თავის სიმაღლეზე მდგარა. ქვეყანა საგარეო ვაჭრობასაც ეწეოდა და ხარკსაც, როგორც ჩანს, ღვინით იხდიდა.
საქართველოს ბუნებრივი პირობების მიხედვით განმოყვანილი იყო ვაზი ჯიშები. ეს ჯიშები თავიანთი თვისებებით სავსებით შეეფერებოდა იმ მიკრორაიონებს, რომლებისათვისაც გამოჰყავდათ. როგორც დავინახეთ, საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშია გამოყვანილი. ივ. ჯავახიშვილს თუ თავის `ეკონომიურ ისტორიაში~ მხოლოდ 420 ჯიშამდე აქვს დასახელებული, ეს იმიტომ, რომ იგი ეყრდნობოდა ლიტერატურულ წყაროებს, რომლებშიც ყველა ჯიში არაა ასახული. `ეკონომიური ისტორიის~ გამოქვეყნების შემდეგ შესწავლილ იქნა ზოგიერთი ჩვენი რაიონი და გამოვლინდა ახალი ჯიშები, მაგალითად, მესხეთიდან: თავცეცხლა, კლერტმაგარა, არიჭული, ბეჟანა და სხვ. შემდეგომი კვლევა კიდევ მრავალ ჯიშს გამოავლენს, მით უმეტეს რომ ჯიშთა შექმნა ამჟამადაც მიმდინარეობს. ამ 3-4 წლის წინათ მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თანამშრომლებმა კახეთში აღმოაჩინეს ერთი ვაზი _ იშვიათი სილამაზის მქონე ვარდისფერი რქაწითელი: მისგან ღვინოც კარგი დადგა, მეტად საამური გემოც აქვს და ყურძნად ხომ სილამაზით პირდაპირ თვალის მომჭრელია.
ვენახი ქართველი კაცისათვის დოვლათის ერთ-ერთი მთავარი დამხვავებელი იყო, ხალხს იგი უყვარდა და ეს სიყვარული და ვენახისადმი დამოკიდებულება მას მრავალნაირ ლექსში, ანდაზა-გამოცანასა თუ ზღაპარში აქვს გამოხატული:
„სიდედრო, შავგრემანობით არ დაიწუნო სიძია, სოფელში მოდი, იკითხე, გრძელი ვენახი ვისია“.
ხალხმა იცოდა როგორ მოევლო ვენახისთვის. მრავალ ხალხურ ლექსში ფრიად საყურადღებო აგროტექნიკური მითითებებიც კია მოცემული:
„დიდ ვენახში მივდიოდი ბარითა და ნიჩაბითა,
ზევით ბაგამ დამიძახა: აქ მობრძანდი, მე რა გითხრა.
შენ სასუქი მომიმზადე თითო ჯინი თითო ძირსა“.
„ვენახი კარგი იქნება თოხით ღრმად გათოხნილია,
ყოველთვის დაკრეფის დროსა მას ტევანი აქვს სხვილია,
გათოხნილი ვენახისა ღარში გამოდის სხვილია,
გაუთოხნავ ვენახისა მძიმედ ჩამოდის, წვრილია,
მაგრამ სწორე უნდა გითხრა, ღვინო ის უფრო ტკბილია“.
ვაზის სიყვარული და მოვლის საკითხები ქართველ კაცს არა მარტო ლექსებში გამოუხატავს, არამედ ანდაზებსა და სხარტ თქმებშიც:
„ვენახს უთქვამს: ნეტავი ჩემმა პატრონმა წელიწადში თუნდა ერთხელ გადამიაროს და სხვის ხელში კი არ ჩამაგდოსო“.
(ვენახს დიდი ერთგული მუშაობა უნდა).
„ვაზს უთქვამს: ნეტავი, მე რომ ყვავილში შევიდე, ჩემი პატრონი ავად გახდეს, ვერც თვითონ შემოვიდეს ვენახში და ვერც სხვა შემოიყვანოსო„.
(რქა ამ დროს ფრიად მაღალია, ადვილად იმტვრევა).
„პური და ღვინო გვალვისაო“.
(გვალვიანი წლის ყურძენი ტკბილია, წვენი თუმცა ცოტა აქვს, მაგრამ ღვინო მაგარი დგება).
„საქართველოს აპელოგრაფია“
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე