კვლევა _ პესტიციდები სახლის მტვერში, წყალში და ადამიანის ორგანიზმში, რით ვსუნთქავთ, რას ვსვამთ, ვჭამთ და როგორ ვცხოვრობთ პესტიციდებთან ერთად
ტოქსიკური ჰერბიციდების, ინსექტიციდების და ფუნგიციდების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში შემოჭრა მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მოქმედებას მოითხოვს და არა ქიმიური ინდუსტრიის პასუხისმგებლობისგან დაცვას.
ჟურნალ გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ახალმა, რეცენზირებულმა კვლევამ სავალალო შედეგი გამოავლინა: სახლებიც კი პესტიციდების ზემოქმედებისგან უსაფრთხო და დაცული არ არის.
მკვლევარებმა აშშ-ის 81 ოჯახის შიდა მტვერი, სასმელი წყალი და იქ მცხოვრებთა შარდი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ არსებული 82 პესტიციდიდან 47 სახეობის პესტიციდები (CUP), ინსექტიციდები, ჰერბიციდები და ფუნგიციდები ახლა ჩვენი ყოფითი გარემოსა და ბიოლოგიის ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება აკრძალულია – მაგალითად, როგორიცაა DDT – ისინი, თითქოს „უფრო უსაფრთხო“ შემცვლელის სახით, სხვადასხვა პრეპარატებად კვლავ იყიდება. ეს ქიმიკატები ველური ბუნებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხედ იქცევა, რაც კიბოსთან, ნეიროტოქსიკურობასთან, ენდოკრინულ დარღვევებთან და რეპროდუქციულ ზიანთან არის დაკავშირებული.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი მულტიმედიური ზემოქმედების შეფასება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.
პესტიციდების საშუალო საერთო კონცენტრაციის დონე ასე გამოიყურება:
-
სახლის მტვერი – 18,300 ნგ/გ (ნანოგრამი გრამზე) – ქრონიკული ინჰალაციისა და საყლაპავი სისტემის დაზიანების ძლიერი წყარო;
-
სასმელი წყალი – 101 ნგ/ლ (ნანოგრამი ლიტრზე) – რაც მიუთითებს, რომ დაბინძურება აღწევს საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების სისტემაში;
-
შარდი – 2.93 ნგ/მლ (ნანოგრამი მილილიტრზე) – ორგანიზმში მოხვედრის აშკარა დადასტურება.
ნეონიკოტინოიდები (ფუტკრების გამანადგურებელი ინსექტიციდები) – სახლის მტვერში ნეონიკოტინოიდების დონე სამჯერ მაღალი იყო წინა ურბანული კვლევების მონაცემებთან შედარებით.
ჰერბიციდებით მდიდარია ონკანის წყალი – ნიმუშებში ჰერბიციდებისა და სხვა პესტიციდების საერთო დონე შეადგენდა 55%-ს. ატრაზინი და 2,4-D – ორივე დაკავშირებულია კიბოსთან, რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან და ჰორმონალურ დარღვევებთან – კვლევებით საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა.
სასმელი წყლის ნიმუშების 13%-ში ატრაზინის კონცენტრაცია აღემატებოდა იმ ზღვარს, რომელიც არასასურველ მშობიარობის შედეგებთან ასოცირდება.
ადამიანის შარდში აღმოჩენილი მრავალი პესტიციდი ადასტურებს, რომ ეს ქიმიკატები შედის და ცირკულირებს ორგანიზმში.
შარდში დომინირებდნენ ინსექტიციდები (2.30 ნგ/მლ), შემდეგ ჰერბიციდები (0.409 ნგ/მლ) და ფუნგიციდები (0.0531 ნგ/მლ).
როცა ასეთი მდგომარეობა ისეთ ქვეყანაშია, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, როგორია მდგომარეობა ჩვენს მსგავს ქვეყნებში, სადაც პესტიციდების შემოდინება და გამოყენება თითქმის თვითდინებაზეა მიშვებული და არ კონტროლდება – რასაც FAO-ს დასკვნაც ადასტურებს.