კვლიავი Carum carvi L. მოვლა მოყვანა, სასარგებლო თვისებები
კვლიავი უძველესი კულტურაა. იგი ფართოდაა გავრცელებული ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში ველურად მოზარდი კვლიავი დიდი რაოდენობით გვხვდება მთის შუა სარტყელში ალპურ მდელოებამდე – მთათუშეთში, მთიულეთში, ხევსურეთში, სადაც მოჰყავთ ბოსტნებშიც. გავრცელებულია აგრეთვე აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, ქართლში. იგი ცნობილია ზირას, ზირაკის, კვლიას, წყალქონდარას და სხვა სახელწოდებით.
კვლიავის ნორჩ მცენარეს იყენებენ მწვანილად, გამხმარ ღეროფოთლიან ქოლგებს მწნილებში, დაფქულ თესლებს სხვადასხვა კერძების სანელებლად და აგრეთვე ყველის, ლიქიორის წარმოებაში, საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობაში. ქართულ კულინარიაში უფრო ხშირად იყენებენ შილა ფლავზე, ხინკალზე და ფუნთუშეულზე მოსაყრელად.
გარდა ამისა კვლიავი უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
კვლიავის თესლში 4-5 % ეთერზეთია, რომელიც შეიცავს 50-60 % კარვონს და 30 % ლიმონენს.
კვლიავი ორწლოვანი მცენარეა ნიახურისებრთა ოჯახიდან. არსებობს კვლიავის ერთწლოვანი ფორმებიც. აქვს თითისტარის ფორმის არამსხვილი ფესვი. ფოთლები შეუბუსავი, წყვილფრთასებრი, წვრილი მახვილი ბოლოებით, ღერო სწორი, დატოტვილი. ყვავილების ნაწილი ორსქესიანია, ნაწილი მდედრობითი, რომლებიც შეკრებილია ქოლგებში.
ნაყოფი შედგება ერთმანეთთან სუსტად შეზრდილი ორი თესლისგან, რომლებიც ადვილად სცილდებიან ერთმანეთს. თესლი 4-6 მმ სიგრძის, 0,7-1 მმ სიგანის და 0,7-1 მმ სიმაღლისაა. თესლს გააჩნია მოგრძო ხვრელები, რომლებიდანაც გამოიყოფა ეთერზეთები. თესლი ოვალური ფორმისაა, ზურგის მხარეს ამოზნექილია და გასდევს ხუთი შედარებით ღია ფერის წიბო (ზოლი). თესლს აქვს მოყავისფრო ჩალისფერი. 1000 თესლი იწონის 2,4-2,8 გ. 1 კგ თესლი შეიცავს 270-დან 500 ათას მარცვალს (გრამში 270-500 ცალი). აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2 წლამდე.
კვლიავი სითბოს, სინათლის და ნიადაგური კვების მიმართ დიდი მოთხოვნილებით არ გამოირჩევა.
თესლი აღმოცენებას იწყებს ნიადაგის 90C და ჰაერის 10-14 0C-ის პირობებში დათესვიდან 14-24 დღის შემდეგ. ზოგიერთი მონაცემებით ბევრი ბოსტნეული მცენარისგან განსხვავებით, რომლებიც კარგად ხარობენ მხოლოდ გაშლილ ადგილებში, კვლიავი კარგად ვითარდება ხეხილოვან მცენარეთა ქვეშ.
მისთვის გამოსადეგია თითქმის ყველა ტიპის ნიადაგი მჟავე და ჭარბტენიანის გარდა. თუმცა თესლის მაღალი მოსავლის მისაღებად უმჯობესია ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი მსუბუქი თიხნარი ნიადაგები.
ითესება გაზაფხულზე და შემოდგომით. შემოდგომაზე თესვისას მწკრივებს შორის 25-40 სმ, უფრო ხშირად კი 30-35 სმ მანძილს ტოვებენ. ჩათესვის სიღრმე 1-დან 3 სმ-მდეა.
მცირე ფართობზე უმჯობესია ჩითილის დარგვით მოყვანა, დიდ ფართობზე კი გრუნტში თესვით.
მოვლითი ღონისძიებები ჩვეულებრივია. ნაკვეთი სუფთა უნდა იყოს სარეველებისგან, ნიადაგი ფხვიერ მდგომარეობაში. სასუქები უმჯობესია შეტანილი იქნას კულტურის პირველ წელს, რადგან თესლის მიღების წელს (მეორე წელს) აზოტის სიჭარბე აუარესებს თესლის ფორმირების პროცესს და მის ხარისხს.
როდესაც თესლი მიიღებს მოყავისფრო შეფერვას, მაშინვე უნდა იქნეს აღებული, რადგან კვლიავის თესლი ადვილად იწყებს ცვენას.
გასაშრობად თესლი უნდა გაიშალოს თხელ ფენებად და კარგად ნიავდებოდეს, რადგან ნესტიან პირობებში ადვილად ობდება და ფუჭდება (იღებს ცუდ სუნს).
ზოგიერთ ადგილებში კვლიავი ერთ ნაკვეთზე ზედიზედ 3-5 წლის განმავლობაში მოჰყავთ (თესლის თვითჩაცვენის ხარჯზე), მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კვლიავის ჩრჩილის გავრცელებას, რასაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ამიტომ უმჯობესია თესლის აღების შემდეგ კულტურას ადგილი შეუცვალოთ.
მრავალ ქვეყანაში მწარმოებლები და მომხმარებლები კვლიავს ზირასთან და კუმინთან აიგივებენ. ეს მცენარეები მართალია ბიოლოგიურად (ერთი ოჯახის) და გამოყენებით მსგავსი მცენარეებია, მაგრამ მათ შორის განსხვავებაცაა. ეს განსხვავება ლათინური სახეობრივი დასახელებიდანაც ჩანს: კვლიავი – Carum carvi L.; ზირა – Cuminum cyminum L.; კუმინი – Cuminum nigrum. როგორც სანელებლები ისინი განსხვავდებიან გემოთი და სურნელებით, აგრეთვე სამკურნალო თვისებებით.
კვლიავს აქვს სასიამოვნო ცხარე გემო და ნაზი სურნელი, რითაც იზიდავს ფუტკარს, რომლებიც მათგან დიდი რაოდენობით აგროვებენ ნექტარს. ზირა ერთწლოვანი, კვლიავი ორწოვანი, კუმინი მრავალწლოვანი მცენარეა.
ზირას თეთრი და წითელი ფერის ყვავილები აქვს; კვლიავს თეთრი, კუმინს – თეთრი და წითელი. კვლიავი სიმაღლეში 70-90 სმ აღწევს, ზირასა და კუმინის სიმაღლე 50 სმ-მდეა.
ეს მცენარეები თესლნაყოფებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, კერძოდ მათი ფორმით, ფერით, გემოთი და სურნელებით.
- ზირას თესლი ყავისფერი ან მორუხო-მწვანე ფერისაა, 5 მმ-ზე მეტი სიგრძის, სწორი ან ოდნავ მოხრილი ფორმის, ზურგის მხარეს გასდევს გრძელი წიბოები;
- კუმინის თესლი მუქი ყავისფერია 5 მმ-მდე სიგრძის, ზურგის მხარე ნახევარმთვარისებრად ამოზნექილია და გასდევს გრძივი წიბოები;
- კვლიავის თესლი ყავისფერია, ზურგის მხარე ნამგლისებურად ამოზნექილია, რომელსაც გასდევს ხუთი გრძივი წიბო, თესლის სიგრძე 3-5 მმ-მდეა.
კვლიავთან შედარებით ზირას, განსაკუთრებით კი კუმინს უფრო მძაფრი გემო და სურნელი აქვს. კულინარიაში გემოსა და სურნელის გასაძლიერებლად გამოყენების წინ თესლს ხალავენ.
განსხვავებულია აგრეთვე ამ მცენარეების სამკურნალო თვისებები და გვერდითი მოვლენები.
ვაჟა ჯაფარიძე,
ირმა ირემაშვილი,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი