მემცენარეობამეფუტკრეობა

ლავანდა

ლავანდა დეკორატიული მარადმწვანე მრავალწლოვანი ბუჩქია. მისი გამრავლება შესაძლებელია თესლით, კალმით ან გადაწვენით, ღია გრუნტში ან ქოთანში. თესლთან შედარებით, მისი გამრავლება კალმით უფრო მარტივად ხდება.

კონტეინერში მოვათავსებთ ნახევრამდე მიწას და დანარჩენს ქვიშას, შემდეგ მოვჭრით მსხვილ გახევებულ კალამს, ძირში მოვაცლით ფოთლებს, დანარჩენ ფოთლებსაც ნახევრამდე შევკრიჭავთ და შემდეგ ჩავარსობთ ქვიშაში. კალმის მოჭრა შეგვიძლია გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

ზაფხულში კალამი უნდა დავიცვათ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. ლავანდა ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე (სხვადასხვა სახეობები სხვადასხვა დროს იწყებს ყვავილობას). ზაფხულის ფორმირების შემდეგ შესაძლებელია საშემოდგომო ყვავილობაც მოასწროს. მისი ყვავილედი წყვეტილი თავთავია, ფოთლები წვრილი, მოვერცხლისფროა.

ლავანდის ყვავილები გვხვდება ღია იასამნისფერიდან მუქ იასამნისფერამდე, ასევე ცისფერი, თეთრი და ვარდისფერი.

ლავანდა თაფლოვანი მცენარეა, მისგან მიიღება არომატული და სამკურნალო თაფლი, ჰექტარზე 150-200კგ.

ლავანდას სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთი, კანარის კუნძულები და ინდოეთია.

ჯიშების კლასიფიკაცია: ინგლისური ( lavandula angustifolia),  ფართოფოთოლა (lavandula x intermedia),  ფრანგული ლავანდა (lavandula stoechas),  დაკბილული (lavandula dentate ), ჰიბრიდული ხავერდის (valvet lavandula ).

ლავანდა გვალვაგამძლე და უპრეტენზიო მცენარეა, იშვიათად ავადდება მავნებლებით. ზოგიერთი სახეობა 25 გრადუსამდე ყინვასაც უძლებს. თავისუფლად ხარობს მსუბუქ ქვიშნარ-თიხნარ ნიადაგებში, ვერ ეგუება მძიმეგრუნტიან, მჟავე და თიხნარ ნიადაგს. ცოცხლობს 10 წელიწადს.

ლავანდას სჭირდება რეგულარულ შეკრეჭვა.

გაზაფხულზე აჭრილი გახევებული კალმებიდან ერთ წელიწადში ათეულობით ბუჩქი მიიღება.

ლავანდას რგავენ ხეხილის, ვარდების ბაღში და ასევე ბოსტანში, რადგან მისი მძაფრი სუნი აფრთხობს მავნებლებს, ასევე გამოიყენება ჩრჩილის საწინააღმდეგოდაც.

მარიამ კილაძე,

სტატია მომზადებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ წამოწყებული პროექტის ფარგლებში.

ავტორის ფოტო