აგროსიახლეები

ლეჩხუმის მდინარეები „წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახის 20 000 განაყოფიერებული ქვირითით დათევზიანდა

საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ეკოსისტემების გაძლიერების მიზნით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო განაგრძობს „წითელი ნუსხის“ სახეობების გამრავლების პროექტების განხორციელებას.
ამჯერად ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითი დათევზიანდა.

დათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და რაჭა ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე მონაწილეობდნენ.

„წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ეკობალანსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2026 წლის გეგმის მიხედვით მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 000 ქვირითით მოხდება.

ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს მტკნარი წყლის ეკოსისტემების აღდგენისა და დაცული სახეობების შენარჩუნების მიმართულებით. დაგეგმილი მასშტაბური დათევზიანება მომავალ წლებში კიდევ უფრო გააძლიერებს ბუნებრივ პოპულაციებს და ხელს შეუწყობს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას ქვეყნის მდინარეებში.