ლეჩხუმში ხორბლის ტრადიციული ჯიშები ბრუნდება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად განაგრძობს საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების კვლევასა და აღდგენას იქ, სადაც ერთ დროს ისტორიულად გავრცელებული ჯიშები დღეს უკვე იშვიათობა ან საერთოდ მივიწყებულია. ამ მიზანს ემსახურებოდა ცენტრის მეცნიერების მორიგი ლეჩხუმში ჩასვლა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში, ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და ადგილობრივი ენდემური სახეობების აღდგენის პროცესს პირადად გაეცნო.
შეხვედრის ადგილად კონკრეტული ნაკვეთი შემთხვევით არ აურჩევიათ — აქ, ცენტრის მიერ გადაცემული სათესლე მასალით მოჰყავთ ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობები და ტრადიციული ჯიშები, რომელთა დაბრუნება წარმოშობის რეგიონებში მეცნიერებისა და ფერმერთა თანამშროლობის თვალსაჩინო მაგალითია.
„ტრადიციული ჯიშების დაბრუნება წარმოშობის რეგიონებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გზაზე. ჩვენი მიზანია, მოძიებულმა და აღდგენილმა გენეტიკურმა რესურსებმა ფერმერთა ხელში გააგრძელოს სიცოცხლე და მოხდეს მათი გამოყენება, გამრავლება და შენარჩუნება,“ – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენებულია 88 ნიმუშისგან შემდგარი ხორბლის კოლექცია. მათ შორისაა 24 ადგილობრივი სახეობა და ჯიშია, რომლებიც სხვადასხვა რეგიონშია მოძიებული, ასევე გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან დაბრუნებული 64 გენეტიკური ნიმუში, რომლებიც რამდენიმე ათეული წელის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო დაცული.
„წარმოდგენილი ხორბლის ჯიშები პრაქტიკულად გაქრა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. მათი გენეტიკური მასალა წლების განმავლობაში ინახებოდა უცხოურ გენბანკებში. დღეს კი ისინი დაუბრუნდნენ იმ მიწას, სადაც ოდესღაც გაჩნდა და გავრცელდა,“ – აღნიშნა თამარ ჯინჯიხაძემ, პროექტის მენეჯერმა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა.
აღნიშნული საქმიანობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით , პროექტის – „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში — in situ და ex situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ – ფარგლებში ხორციელდება.