აგროსიახლეები

ლიდერები მომავლისთვის — Oxford Centre for Leadership-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო ჯიღაურაში

ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, Oxford Centre for Leadership-ის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე მასპინძლობდა, რომელმაც მონაწილეებს ჯიღაურას ბაზის ისტორია და მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა გააცნო.

გამოსაშვები საღამოს ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა ვაზის უნიკალური კოლექცია, თანამედროვე ლაბორატორიები, ასევე ღვინისა და ვაზის თემატური სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს, რომელიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მემკვიდრეობას წარმოადგენს.

„დღეს ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი ახალგაზრდები, რომლებსაც პასუხისმგებლობის აღებისა და მართვის მზაობა ექნებათ. მეცნიერება მხოლოდ ციფრები ან კვლევები არ არის — ეს არის გამოცდილება და მემკვიდრეობა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ. მსგავსი ინიციატივები, რომლებიც აერთიანებს განათლებას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობას, ქმნის ძლიერ საფუძველს ინოვაციური და პასუხისმგებლობით სავსე ლიდერებისთვის. საქართველოში აგრარული სექტორი ისე, როგორც სხვა სფეროები, მომავლის ლიდერებს ელოდება,“ — აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

Oxford Centre for Leadership-ის პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველებში ლიდერული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების დაგროვებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას როგორც პროფესიულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე.

პროგრამა ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და განვითარების პლატფორმების ფართო ქსელს აერთიანებს. ამ დრომდე მას უკვე 100-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, _ ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში ქვეყნის განვითარების პროცესში ლიდერობით მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.