აგროტექნოლოგიებიმებოსტნეობა

ლობიო

ლობიოს მარცვალი მდიდარია ცილებითა და ნახშირწყლებით, შეიცავს 28-30 %-მდე ცილას, 2,0% ცხიმს 49 %-მდე ნახშირწყლებს. ლობიოს მარცვალი და ნედლი პარკები შეიცავენ ამინომჟავებსა და ვიტამინებს. ლობიოს ფოთლები მდიდარია ლიმონმჟავათი, რის გამოც მას იყენებენ, როგორც ნედლეულს ლიმონის სიმჟავის მისაღებად. ლობიოს ზაფხულში თესვით მცენარის ზრდა განვითარება წარიმართება ისეთ პირობებში, როდესაც ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს ატმოსფერული აზოტის ფიქსაცია ნიადაგში, რაც თავის დადებით გავლენას ახდენს ლობიოს მარცვალში ცილების დაგროვებაზე.

ბოტანიკურ – მორფოლოგიური დახასიათება

კულტურაში ცნობილია ლობიოს 20-მდე სახეობა. მათი წარმოშობისა და ბოტანიკური ნიშნების მიხედვით, ისინი იყოფიან ორ დიდ ჯგუფად: ამერიკულ ლობიოებად – დიდი მობრტყო პარკებითა და მსხვილი მარცვლებით და აზიურ ლობიოებად წვრილი, მრავალთესლიანი პარკებითა და წვრილი მარცვლებით.

ლობიო ერთწლოვანი მცენარეა. ღეროს განვითარების მიხედვით ერთმანეთისაგან არჩევენ კუტ და მხვიარა ფორმებს.  კუტი ლობიო დიდი არ იზრდება , ღეროს სიმაღლე 50 სმ-ს არ აღემატება, აქვს ფართო ფოთლები, დიდი პარკები და მსხვილი მარცვლები, სუფთად თესვის დროს ან სიმინდთან შეთვისებისას  იყენებენ კუტ ლობიოს. ხვიარა ლობიოს ღერო იზრდება 2-4 მ-მდე საჭიროებს საყრდენს, ის ითესება საპარკედ ან საკონსერვო დანიშნულებით. ლობიოს ნედლი პარკი ძირითადად მწვანეა, ზოგი ჯიშისთვის დამახასიათებელია წითლად ან ლურჯად ჭრელი პარკები. ზოგოერთი ჯიშისთვის დამახასიათებელია თხელი და ნაზი  პერგამენტის შრე, რომელიც მალე არ უხეშდება და უბეწვოა, ის ადვილად იხარშება და ფართოდ გამოიყენება  საპარკედ და საკონსერვო წარმოებაში. ზოგჯერ პარკი ძლერ პიგმენტიანია, ადრე უხეშდება და ბეწვს იკეთებს ნაწიბურის გასწვრივ, ასეთი ჯიშები ნედლი პარკისთვის არ ვარგა და მას სამარცვლედ იყენებენ.

ლობიოს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხანაირია: საადრეო ჯიშები მომწიფებას ასწრებენ 65-80 დღის განმავლობაში, საშუალო ვეგეტაციის ჯიშები 80-120 დღეში, ხოლო საგვიანო ჯიშებს სჭირდება 120-180 დღე.

ბიოლოგიური თავისებურებანი

ლობიო სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი ღივდება 10С . ცუდად იტანს ლობიო გვალვას და წყლის ნაკლებობას , განსაკუთრებით ყვავილობისა და პარკის ჩასახვის პერიოდში. ლობიოს ზოგიერთი ჯიში ადვილად ეგუება მცირე დაჩრდილვას ამის გამო მას თავისუფლად თესავენ სიმინდთან. ლობიო თითქმის ყველანაირ ნიადაგებზე მოყავთ, მაგრამ ვერ ეგუება მძიმე, ბიცობსა და ძლერ მჟავე ნიადაგებს.

ადგილი თესლბრუნვაში: ლობიო ვერ იტანს ერთსა და იმავე მინდორზე განმეორებით თესვას, ამ პირობებში ადვილად ავადდება ვირუსული დაავადებებით. მისთვის კარგი წინამორბედია საშემოდგომო ხორბალი და ქერი, სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი.

ნიადაგის მომზადება და განოყიერება:  ლობიო ვერ იტანს დასარევლიანებულ მინდორს, ამიტომ ნიადაგის მომზადება შემოდგომიდანვე იწყება. ლობიო დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. მისი ბიოლოგიური თავისებურება იმაშია, რომ მცენარე, შედარებით მოკლე პერიოდში, 50-60 დღის განმავლობაში ამთავრებს ნიადაგიდან საკვები ელემენტების შეთვისებას. ამიტომ ლობიოს მარცვლის მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგის განოყიერება  ორგანული და მინერალური სასუქებით, განსაკუთრებით საჭირიოა ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები.

თესვა

დათესვამდე ლობიოს თესლი უნდა გადაირჩეს დაზიანებული და დაავადებული მარცვლისაგან. როგორც  ავღნიშნეთ ლობიო სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ სხვა კულტურებთან შედარებით გვიან ითესება. ბარის ზონაში ლობიოს თესვის საუკეთესო დროა აპრილის მეორე ნახევარი, მთიან ზონაში თესვის ვადა გადადის მაისის პირველნახევარშიც.

ლობიო ითესება მწკრივად. მწკრივებს შორის მანძილი 60 სმ და მწკრივში მცენარეთა შორის 12-15 სმ. დაშორებით. მიმართავენ ლობიოს ზოლებრივ თესვასაც, ზოლებს შორის 60-70 სმ. და მწკრიოვებს შორის 15 სმ. დაშორებით. ჩათესვის სიღრმე 3-4სმ . 1 ჰა-ზე საჭიროა 70-80 კგ ლობიოს თესლი.

მოსავლის აღება

ლობიოს მოსავლის აღება შესაძლებელია დაწყებული იქნეს მაშინ, როცა პარკების  უმეტესი ნაწილი გაყვითლდება და გამაგრდება. შემოუსვლელი ლობიოს  ადრე აღება სასურველი არ არის, არც  მოსავლის აღების დაგვიანებაა მიზანშეწონილი, რადგან ზოგიერთი ჯიშების პარკები გამწიფების დროს სკდება და იბნევა. სასურველია ლობიო აღებული იქნას  დილით ადრე.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“