აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმცენარეთა დაცვა

ლობიოს ანთრაქნოზი და მის წინააღმდეგ  ბრძოლის ღონისძიებები

დაავადება ლობიოზე პირველად გერმანიაში იყო აღნიშნული, საიდანაც ევროპის კონტინენტზე დაიწყო გავრცელება. იგი აღწერა Sacardo-მ 1678 წელს. ცოტა ხანში საფრანგეთშიც იქნა აღმოჩენილი. დაავადების გამომწვევი სოკოს პათოგენური ბუნება შესწავლილი და გამორკვეული იყო ფრანკის მიერ 1883 წელს; ამერიკაში პირველად შემჩნეული იყო 1885 წელს. მის შემდეგ დაავადება ყველგანაა აღნიშნული, სადაც კი ლობიოს აწარმოებენ. 
ლობიოს ანთრაქნოზი საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული.

დაავადება გვხვდება ყველა მარცვლოვან პარკოსან კულტურებზე, მაგრამ განსაკუთრებული მავნეობით გამოირჩევა ლობიოზე. ავადდება ლობიოს ყველა ორგანო, ფესვებით დაწყებული და დამთავრებული მთლად განვითარებული მცენარით.

როგორც ავღნიშნეთ ანთრაქნოზით ავადდება ლობიოს ყველა ორგანო დაწყებული აღმონაცენებით და დამთავრებული პარკებითა და თესლით.

ლობიოს აღმონაცენებზე ანთრაქნოზი ვლინდება მოწითალო-ყავისფერი, უმეტესად კონცენტრული ლაქების სახით ლებნებზე. ტენიან ამინდში ლაქებზე ვითარდება მოვარდისფერო ფიფქი, რომელიც შედგება ბალიშაკებისაგან, რაც წარმოადგენს დაავადების გამომწვევის კონიდიალურ ნაყოფიანობას. ინფექცია ლებნებნებიდან გადადის მათ ქვედა მუხლზე, სადაც ასევე ვლინდება ანთრაქნოზის წაგრძელებული და ოდნავ ჩაზნექილი ლაქა.

ზრდასრული მცენარეების ღეროებზე ლაქა მუქი ფერისაა თითქმის შავი, ჩაზნექილი, კარგადაა შესამჩნევი სპორების გროვა. მშრალ ამინდში ლაქები ხმება და მათზე ვითარდება მოგრძო ბზარები, ტენიანი ამინდის პირობებში დაავადებული ადგილები ლპება, ღერო განიცდის გადატეხას ან მთლიანად იღუპება.

ლობიოს კულტურისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია პარკების დაავადება. პარკებზე დაავადების პირველი ნიშანი ჩნდება პატარა ყავისფერი ან ჟანგისფერი ლაქების სახით, რომლებიც თანდათან დიდება და საბოლოოდ მომრგვალო სახეს იღებს. მთლად განვითარებული ლაქები შუა ნაწილში ჩაღრმავდება და გარშემოვლებულია მოწითალო ფერის არშიით.

ლაქები უმთავრესად გაფანტულია და ზომით იშვიათად 1სმ. დიამეტრს აღწევს. ანთნაქროზის განვითარებისთვის თუ ხელსაყრელი პირობები შეიქმნა, ლაქები იმდენად ბევრი ვითარდება, რომ ერთმანეთთან ერთდება და მაშინ უკვე პარკის დიდი ნაწილია დაავადებული ; ამ შემთხვევაში თვითეული ლაქის მომრგვალო სახე იცვლება, იკარგება და შედეგად ვიღებთ არა მრგვალ, არამედ სახადასხვა ფორმის ლაქებს.

ლაქების ზრდასთან ერთად ხდება აგრეთვე მათი სიღრმეში ჩაზრდა, სოკოს მიერ სიღრმის მიმართულებით ქსოვილის დაშლა ხშირად იმ დონემდა აღწევს, რომ მთლიანად არღვევს ნაყოფის კედლებს და თესლის ზედაპირამდე აღწევს. ამით არ წყდება მისი შემდგომი განვითარება: გაარღვევს თესლის კანს, შეიჭრება ჩანასახის ლებნებში და განაგრძობს თესლის დაშლას. თუ თესლი ადრე დაავადდა სანამ თესლის ქსოვილი ნაზია, მიცელიუმი მთლიანად იჭრება ქსოვილში; როდესაც თესლის დაავდება გვიან ხდება თესლს ცოტად თუ ბევრად მომწიფების შემდეგ, მაშინ მიცელიუმის გავრცელება სიღრმეში შეზღუდული და უფრო ზედაპირულია.

როდესაც თესლია ცალკე დაავდებული, ზედაპირზე ემჩნევა ყვითელი, შავი ან მურა ფერის ლაქები. უკანასკნელი გარეგნულად ადვილი შესამჩნევია, როდესაც ლობიოს თეთრი ჯიშებია დაავადებული; თუ თესლს მუქად შეფერილი კანი აქვს მაშინ მისი გარჩევა რამდენადმე გაძნელებულია. ძლიერი დაავადების შემთხვევაში ლაქები შეიძლება მოიცავდეს თესლის ფართობის ნახევარს და უფრო მეტს.

დაავდებული თესლი დასუსტებულია, დანაოჭებულია და გამაგრებულია. ასეთი თესლებიდან აღმონაცენი არ მიღება, ან მიიღება სუსტი ფორმის. ლობიოზე ანთრაქნოზის სხვადასხავა ფორმის ერთობლივი გამოვლენისას, ადგილი აქვს პროდუქციის სასაქონლო ღირებულების გაუარესებას, თესლის აღმოცენების უნარის შემცირებას, აღმონაცენების სიმეჩხირეს და საასიმილაციო ფრთის შემცირებას. ყოველივე აღნიშნულის გამო დაავადება ძალიან საშიშია და მას შეუძლია მოსავლის შემცირება 50%-ით და კიდევ უფრო მეტად.

ფოთლების დაავადების დროს სოკო გავრცელებულია მხოლოდ ძარღვებზე და ფოთლის ყუნწებზე. ყუნწების დაავადების დროს, როგორც ფოთოლი, ისე ფოთოლაკი ცვივდება. ნორმალურ პირობებში, ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეზე მთავარი ძარღვები ავადდება. ანთრაქნოზით დაავადებულ ძარღვზე ჩნდება ისეთივე ჩაზნექილი ლაქები, როგორიც პარკების დაავადების დროს; ფოთლის ფირფიტის ქსოვილი, რომელიც დაავადებულ ძარღვს საზღვრავს, მუქდება, ყავისფერი ხდება და შემდეგ ფირფიტა იხევა.

ლობიოს ანთრაქნოზის გამომწვევია სოკო – Colletotrichum lindemuthianum. მისი მიცელიუმი გავრცელებულია მხოლოდ იმ ქსოვილში, რომელიც დაავადებულია და ლაქით არის დაფარული. ლაქიდან შორ მანძილზე სოკოს მიცელიუმი არ ვრცელდება. დაავადების ყველა შემთხვევაში მიცელიუმი ლაქის ზედაპირზე იძლევა მოწითალო ლორწოვან მეჭეჭებს, რომელიც სოკოს ნაყოფიანობას წარმოადგენს. მიკროსკოპული ანალიზის შედეგად დადგინდა,  რომ ლაქის ცენტრალურ ნაწილში მოწითალო მეჭეჭბის ფუძეში, განვითარებულია სოკოვანი ქსოვილისაგან შემდგარი სარეცელი, რომელთა ზედაპირზე სწორმდგომი, ჯგუფადდ შეკრებილი უფერული კონიდიათმტარებია, განვითერებული; კონიდიათმტარი წვერზე იძლევა ერთუჯრედიან, ელიფსისებრ კონიდიუმებს, რომელთა მასა ლორწოვანია და მოწითალო ფერი გადაკრავს. სარეცელის გარშემო შემოვლებული აქვს გრძელი ყავისფერი მრავალუჯრედიანი დანამატები, უკანასკნელის მიხედვით ლობიოს ანთრაქნოზის გამომწვევი სოკო ადვილი გამოსაცნობია.

სოკოს გამრავლება ხდება სპორების საშუალებით. ვინაიდან გაჩენილი სპორები მუდამ ლორწოთია შეკრული, ცხადია მათი გავრცელაბა არ შეიძლება ქარის საშუალებით. აუცილებელია, რომ იგი გადატანილი იყოს წვიმის წვეთებით. სინამდვილეშიც ასე ხდება: წვიმის წყალს წვეთებით გადააქვს სპორები, ერთი მცენარიდან მეორეზე. მწერებიც უწყობენ ხელს დაავაადების გავრცელებას. მწერებს ერთი მცენარიდან მეორეზე გადასვლის დროს თან გადააქვთ ლორწოვანი სპორები, რომლებიც შესაფერის პირობებში მოხვედრის დროს იწვევენ ინფექციას.

ლობიოს ანთრაქნოზით დაავადების შემთხვევაში დადგინდა, რომ მცენარის განვითარების ორ ფაზას აქვს მნიშვნელობა: აღმოცენების და მეორე ნაყოფების მოცემის პერიოდს, ამ სტადიებში დაავადება უფრო ძლიერი სახით ვლინდება, ვიდრე დანარჩენ ფაზებში. დაავადების ინტენსივობა დამოკიდებულია აგრეთვე ტენიანობაზე და ტემპერატურაზე; ტენიანობა, როგორც ავღნიშნეთ წყლის წვეთის სახით უნდა იყოს, ვინაიდან სპორების გავრცელებას და შმდეგ მის განვითარებას უწყობს ხელს. 120C-ზე დაავადების საინკუბაციო პერიოდია 8-9 დღე; 20- 300C-ზე კი 4-6 დღე, 270C-ზე კი 3 დღე. საქრთველოს პირობებში, დაავდების ინტენსივობა უფრო მაღალია, აღმონაცენების, აყვავების და დაპარკების წინა პერიოდში. დაავადება შემოდგომით უფრო ძლიერია, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულში. სოკო უმთვრესად ინახება მიცელიუმის ფორმით მცენარეულ ნარჩენებზე ან ანთრაქნიოზით დაავადებულ ფოთლებში. (მშრალ პირობებში 2-3 წელი და მეტი).

გამოვლენილია ანთრაქნოზისადმი ლობიოს შედარებით გამძლე ჯიშები, ყველაზე მეტი გამძლეობით ხასიათდება საკოლექციო N 526, N 654, და  N 633.

გამძლე ჯიშებთან დაკავშირებულია აგრეთვე სოკოს ფიზიოლოგიური რასების არსებობა. უკანასკნელ ხანებში ლობიოს ანთრაკნოზის 54 რასაა აღნიშნული.

ლობიოს ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელოა აქვს სუფთა სათესლე მასალის აღებას; რამდენადაც სათესლე მასალის შერჩევა შესაძლებელია ვერ მოხდეს ზუსტად, საჭიროა ნაკვეთების წინასწარი აპრობირების ჩატარება.

ყურადღება უნდა მიექცეს თესვის ვადებს, ნორმას და ჩათესვის სიღრმეს. დაცული უნდა იქნას სასუქების შეტანის ნორმები.

აუცილებელია სან-ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ – ნაკვეთების გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან, რომელიც წარმოადგენს სოკოვანი ინფექციების წყაროს.

ფიზიკური მეთოდებიდან ეფექტურია თესლის თერმული დამუშავება 55-600C-ზე, 10 საათის განმავლობაში.

ბიოლოგიური მეთოდებიდან ეფექტურია თესლის თესვის წინა დამუშავება ბიოპრეპარატ ბიოკატენას 3%-იანი სამუშაო ხსნარით.

მნიშვნელოვანია ანთრაქნოზისადმი გამძლე ჯიშების შერჩევა და სწორი თესლბრუნვის დაცვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ყანჩაველი ლ.ა. სასოფლო-ფიტოპათოლოგია, თბილისი, განათლება 599გვ.
  2. Agrios G. Plant patology. Fourth edition, Acad press. 2005, 902p.
  3. Sharma P.D. – Plant pathology, 2015, 480p.
  4. ყანჩაველი ზ.ს. – მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები, თბილისი გრიფონი, 2017, 662გვ.

თეიმურაზ გვარამაძე, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი, ახალციხე, საქართველო;

შაქრო ყანჩაველი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის

მთავარი ექსპერტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი