ლობიოს ბუჩქების საჭრელი და ღვარეულად ჩამწყობი მოწყობილობა
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პარკოსან კულტურებს, მათ შორის ფართოდ არის გავრცელებული ლობიოსა და სოიას წარმოება, რომელთა გამოყენება ხდება როგორც სასურსათედ, საკვებად, ასევე სამრეწველო დანიშნულებითაც, მაგალითად სოიასაგან ამზადებენ: საპონს, გლიცერინს, საღებავებს და სხვ.
საქართველოში ლობიოს და სოიას ნათესებისათვის შეიძლება გამოყოფილ იქნეს 40 ათასი ჰა ფართობი, სადაც მიზანშეწონილია მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ამ მხრივ ლობიოს წარმოების სფეროში მექანიზაციის დონე, შეიძლება ითქვას, ძალიან დაბალია. განსაკუთრებით საქართველოს მთაგორიან რეგიონებში.
ლობიოს მოსავლის აღება ხდება ორი მეთოდით:პირდაპირ კომბაინებით და გაყოფილი მეთოდით, ეტაპობრივად.
პირველი მეთოდით აღების შემთხვევაში გამოიყენება საზღვარგარეთ შექმნილი მანქანები და კომბაინები. ამ შემთხვევაში ხდება მომწიფებული ლობიოს მცენარეების ჭრა ძირში და მისი მიწოდება სალეწ და დამახარისხებელ მოწყობილობებზე. ამ მეთოდით ლობიოს აღების დროს საჭიროა ზუსტად განისაზღვროს მცენარის მომწიფების და ლობიოს პარკების ტენიანობის მაჩვენებლები; სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება ლობიოს მარცვლების ჩაცვენას და გაიზრდება დანაკარგები.
მეორე მეთოდით აღების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ხდება ლობიოს ბუჩქების ჭრა და მისი ჩალაგება ღვარეულად რიგებში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა მოხდება ადგილზე მათი გაშრობა ნორმალურ ტენიანობამდე, სპეციალური მოწყობილობებით ხდება მათი აღება და გამოლეწვა ადგილზე, ან სპეციალურ ფარდულებში, სადაც დააგრეგატებულია სალეწი და დამხარისხებელი დანადგარები.
აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ დამუშავებული ესკიზური ნახაზების საფუძველზე მექანიკოს ნოდარ კეკენაძის სახელოსნოში დამზადებულ იქნა ლობიოს ბუჩქების საჭრელი ორ რიგიანი მოწყობილობა.რომელიც გამოცდილ იქნა ლაგოდეხის რაიონში სოფ შრომაში. მოწყობილობა დააგრეგატებული იქნა ჩინური წარმოების მცირე გაბარიტიან ტრაქტორზე „სინტაი-180“ (სიმძლავრე 13 კვტ). ლობიოს ნათესი ფართობები ნაწილობრივ იყო დასარევლიანებული, ნიადაგი ფხვიერი და ზომიერად მშრალი; აღნიშნულ პირობებში აგრეგატმა იმუშავა დამაკმაყოფილებლად; ლობიოს ბუჩქების ფესვები იჭრებოდა ნიადაგის ზედაპირიდან 3-5 სმ-ის სიღრმეზე; არ ხდებოდა ბუჩქების ბერტყვა და მარცვლების ჩაცვენა (იხ.სურ.1).
სურ.1.ლობიოს ბუჩქების საჭრელი მოწყობილობა; სურ. 2.მოწყობილობა მუშაობის პროცესში
გამოცდის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
_ დასარეველიანებულ რიგებში ხდებოდა მოჭრილი სარეველების დაგროვება ბრტყლად მჭრელი თათების დგარებზე;
_ ბრტყლად მჭრელი თათების გადაფარვის მანძილი იყო შედარებით მცირე, რის შედეგადაც ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ლობიოს ბუჩქის ცენტრალური ფესვის თათის მჭრელ პირზე გვერდით გასრიალებას და არასრულ ჭრას.
გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფესვების მჭრელი ორგანოს კონსტრუქციული სრულყოფის შესახებ; კონკრეტულად, დადგენილ იქნა ბრტყლად მჭრელი თათების გადაფარვის მანძილის გადიდება და ერთმანეთთან შეზრდილი ბუჩქების და სარეველების ტოტების განმცალკავებელი ვერტიკალური მჭრელი დანების დაყენება.
ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებების გათვალისწინებით, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ დამუშავებულ იქნა განსხვავებული კონსტრუქციის მქონე მოწყობილობების სამუშაო ორგანოების ესკიზური ნახაზები და ტექნოლოგიური სქემები, რომელთა საფუძველზე დამზადებულ იქნა ლობიოს ბუჩქების საჭრელი მოწყობილობების საცდელი ნიმუშები. (იხ.სურ.2).
აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით, აგრეგატის ერთი გავლით ხდებოდა მხოლოდ ორი რიგის დამუშავება (რიგთაშორისებში მანძილი შეადგენს 60-70 სმ), ხოლო ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი კონსტრუქციის საშუალებით, აგრეგატის ერთი გავლით შესაძლებელია ლობიოს ნათესების 4 რიგის დამუშავება (იხ.სურ. 3; სურ. 4). აღნიშნული მოწყობილობა შესდგება ლობიოს ბუჩქების ერთმანეთში შეზრდილი ღეროების განმაცალკევებელი ვერტიკალური სეგმენტური დანებისგან, ნიადაგის ვერტიკალურ სიბრტყეში მჭრელი დისკოებისაგან, ჰორიზონტალურ სიბრტყეში განლაგებული ორი ბრტყლად მჭრელი დანებისაგან და მოჭრილი ბუჩქების რიგთაშორისებში გადამაადგილებელი დამცურებელი წკირებიანი ფარებისგან.
სურ.3. ლობიოს ბუჩქების საჭრელი სურ.4. ლობიოს ბუჩქების საჭრელი
ოთხრიგიანი მოწყობილობა (გვერდხედი) ოთხრიგიანი მოწყობილობა (უკანხედი)
აღნიშნული მოწყობილობის საცდელი ნიმუში 2022 წელს დამზადებულ იქნა აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სახელოსნოში და გამოცდილ იქნა „ცენტრის“ ბაზაზე წილკანში. 2023 წელს გათვალისწინებულია მოდერნიზებული მოწყობილობის გამოცდა საწარმოო პირობებში.
გარდა ზემოთ აღნიშნული კვანძებისა რეკომენდებული მოწყობილობის დაკომპლექტება ხდება დამატებითი ბრტყლად მჭრელი დანებისგან, რომელთა გამოყენება მიზანშეწონილია ფერდობ ადგილებში; შესაბამისად ხდება მხოლოდ ორი რიგის დამუშავება, რაც ამარტივებს აგრეგატის მუშაობას დახრილ პირობებში.
ნ ებანოიძე _ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
მ. მაჭარაშვილი_ სპეციალისტი,
ნ. კეკენაძე _ მექანიკოსი,
ა. ბეკოშვილი _ მექანიკოსი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი