ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიშების ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობა აჭარაში
ლურჯი მოცვის ნაყოფზე მოთხოვნა შიდა და გარე ბაზრებზე მუდმივად იზრდება, რაც დასავლეთ საქართველოს როგორც სხვა, ასევე აჭარის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღების სწრაფი გაშენების პროცესს უწყობს ხელს, რამაც გადაგვაწყვეტინა შეგვესწავლა მოცვის კულტურის სხვადასხვა ჯიშების (ლეგასისი, ბლუგორდი და დიუკი) ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობა და ზრდა-განვითარების თავისებურებები, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის აგროეკოლოგიურ პირობებში.
2024 წელს დავიწყეთ კვლევები წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით და სამივე მუნიციპალიტეტის საკვლევ ობიექტზე ვატარებდით საველე კვლევებს. ვაკვირდებოდით ფენოფაზების მიმდინარეობას, როგორიცაა: კვირტების დაბერვა, პირველი და მეორე ზრდის დასაწყისი-დასასრული, ყვავილობის დასაწყისი, მასობრივი ყვავილობა, ნაყოფების გამონასკვა, ნაყოფების მომწიფების პერიოდები, მე-2 ვეგეტაცია და ფოთოლცვენის დაწყება-დამთავრება. ასევე მუნიციპალიტეტების მიხედვით ვახორციელებდით მცენარეთა ბიომეტრიულ გაზომვებს, როგორიცაა ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიშის ერთწლიანი ნაზარდების სიგრძე, დიამეტრი და სხვა.
მცენარეს ზრდა-განვითარების რამდენიმე პერიოდი:
- გაზაფხულზე მცენარე სწრაფად იზრდება. ამ დროს საყვავილე კვირტებიდან ყვავილები იშლება, ხოლო საფოთლე კვირტებიდან ვიღებთ, როგორც ფოთლებს, ისე ყლორტებს, რომლებიც ასევე სწრაფად იზრდება.
- როდესაც ნაყოფი ჩამოყალიბებას იწყებს, ნაყოფი და ყლორტები ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან, რის გამოც ყლორტი ზრდას აჩერებს. რა თქმა უნდა კონკურენცია, როგორც ყველგან, ნაყოფებს შორისაც არსებობს. ნაყოფები, რომლებიც ადრე ფორმირდება, სხვებთან შედარებით უფრო დიდი ზომის იზრდება.
- შემდეგ მოდის შუა საზაფხულო ზრდა, ანუ მე-2 ვეგეტაცია. ყლორტები, რომლებსაც ახასიათებთ ღია მწვანე ფერის პატარა ახალი ფოთლები, აგრძელებენ ზრდას, მაგრამ თუ ყლორტის კენწეროში არსებული ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა და ზომაშიც სხვა ფოთლებს უტოლდება, ზრდა შეჩერებული აქვს, ფოთლის იღლიებში იწყება სანაყოფე კვირტების ჩამოყალიბება. ასეთ კვირტებში ზაფხულის განმავლობაში დაგროვებული უჯრედების რაოდენობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაყოფის ზომაზე.
პირველ სურათზე ნაჩვენებია ლურჯი მოცვის ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში
(სურათი 1)
მცენარის ფენოლოგიური ფაზები შემდეგნაირად მიმდინარებს:
- კვირტის დაბერვა და კვირტის გახსნა: თებერვალი-მარტი;
- ყვავილობის დასაწყისი და მასობრივი ყვავილობა: მარტი-აპრილი;
- ნაყოფის გამონასკვა და მწვანე ნაყოფი: აპრილი-მაისი;
- სიმწიფის დასაწყისი და სრული სიმწიფე: ივნისი;
- შუა საზაფხულო ზრდა: ივლისი-აგვისტო;
- სანაყოფე კვირტების ჩამოყალიბება: სექტემბერი.
პირველ ცხრილში მოცემულია ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიშების ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ: ვეგეტაციის დასაწყისი, ყვავილობის დასაწყისი, მასიური ყვავილობა, ყვავილობის დასასრული, ყვავილობის ხანგრძლივობა და ნაყოფის მომწიფების დასაწყისი და დასასრული.
ცხრილი 1 /(2024 წელი)
N | მუნიციპალიტეტი | ჯიში | ვეგეტაციის დასაწყისი | ყვავილობა | ყვავილობის ხანგრძლივობა | ნაყოფის სიმწიფის | ||
დასაწყისი | დასასრული | დასაწყისი | დასასრული | |||||
3 | ქობულეთი | ლეგასი | 17.02 | 20-21.03 | 19-23.04 | 27-29 | 24-26.05 | 9-12.06 |
ბლუგოლდი | 1-2.03 | 3-5.04 | 5-7.05 | 28-29 | 9-11.06 | 25-27.06 | ||
დიუკი | 25-27.3 | 2-4. 4 | 23-25.4 | 20-22 | 20-22,05 | 3-5. 6 | ||
4 | ხელვაჩაური | ლეგასი | 21.02 | 23-25.03 | 25-27.04 | 27-28 | 29-30.05 | 15-17.06 |
ბლუგოლდი | 5-7.03 | 8-9.04 | 10-11.05 | 26-27 | 13-15.06 | 29-30.06 | ||
დიუკი | 28-30.3 | 5-7. 4 | 27-28.4 | 20-21 | 23-25,05 | 5-7. 6 | ||
5 | ქედა | ლეგასი | 29.02 | 2-4.04 | 3-5.05 | 26-28 | 7-9.06 | 20-22.06 |
ბლუგოლდი | 14-16.03 | 15-17.04 | 19-21.05 | 25-26 | 21-23.06 | 7-9.07 | ||
დიუკი | 3-6. 4 | 11-13. 4 | 2-5.5 | 22-24 | 2-4,6 | 11-14. 6 |
2024 წლის გაზაფხულზე მზიანი და თბილი დღეების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდა ნალექიან და ცივი დღეებს, რამაც გავლენა იქონია ლურჯი მოცვის ფენოლოგიურ ფაზებზე და დააჩქარა ნაყოფის სიმწიფეში შესვლა. შედეგად დადგინდა, რომ ვეგეტაციის დაწყება დამოკიდებულია როგორც ჯიშის თავისებურებებზე, ისე გარემო პირობებზე.
ლეგასი – კვირტების დაბერვასა და ყვავილობას იწყებს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, რაც ნიშნავს, რომ მცენარეს ადრეული ყვავილობა ახასიათებს. ნაადრევად აყვავილებული სანაყოფე ყვავილები შესაძლოა დაზიანდეს საგაზაფხულო ყინვებით ან სხვა უარყოფითი მეტეოროლოგიური პირობებით, რაც ამცირებს მოსავლიანობას.
დიუკი – კვირტების დაბერვასა და ყვავილობას იწყებს მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში გვიან ყვავილობს, ახერხებს გაზაფხულის ყინვების თავიდან აცილებას, რის შედეგადაც ნაყოფს უხვად ისხამს.
ბლუგორდი – კვირტების დაბერვასა და ყვავილობას იწყებს მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში, ხოლო სიმწიფეს იწყებს ივნისის ბოლოს. მართალია, აღნიშნული ჯიში ახერხებს საგაზაფხულო ყინვებისგან თავის აცილებას, მაგრამ გვიან მწიფდება. ამიტომ, მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად დაბალია ისეთ საადრეო ჯიშებთან შედარებით, როგორიცაა ლეგასი და დიუკი.
ჯიშები, რომლებსაც ადრეული ყვავილობა ახასიათებს, კვირტების დაბერვასა და ყვავილობას იწყებს თებერვლის თბილი ამინდების დადგომისთანავე. ნაადრევად აყვავილებული სანაყოფე ყვავილები შესაძლოა დაზიანდეს საგაზაფხულო ყინვებით ან უხვი ნალექით, რასაც მოჰყვება მოსავლიანობის შემცირება. გაზაფხულის თბილი ამინდები ხელს უწყობს სანაყოფე ყვავილების შენარჩუნებას, დამტვერვა მიმდინარეობს შეუფერხებლად და ამ პროცესის შედეგად ჩქარდება მცენარის მომწიფების პერიოდი (სურ. 2).
(სურათი 2)
მე-2 ცხრილში მოცემულია ლურჯი მოცვის მცენარის ბიომეტრული გაზომვები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ბუჩქისა და ერთწლიანი ნაზარდების სიმაღლე.
ცხრილი 2 / (2024 წელი )
მუნიციპალიტეტი | |||||||||
ქობულეთი | ხელვაჩაური | ქედა | |||||||
ჯიშები | ლეგასი | ბლუგორდი | დიუკი | ლეგასი | ბლუგორდი | დიუკი | ლეგასი | ბლუგორდი | დიუკი |
ხის სიმაღლე(მ) | 2,2 | 1,8 | 1,7 | 2,0 | 1,5 | 1,6 | 1,8 | 1,3 | 1,3 |
ერთწლიანი ნაზარდების სიგრძე (სმ) | 35-105 | 20-25 | 40-45 | 25-70 | 15-20 | 15-20 | 25-103 | 13-18 | 20-25 |
მე-3 სურათში ნაჩვენებია ლურჯი მოცვის ბიომეტრული გაზომვები
(სურათი 3)
ლურჯი მოცვის ინტროდუცირებული ჯიშები, ლეგასი, ბლუგორდი და დიუკი, კარგად შეეგუვნენ სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს და სათანადო აგროტექნიკური ფონის პირობებში შესაძლებელია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება.
დასკვნა: საცდელ ჯიშებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ჯიშები მეტად პერსპექტიულია და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გაგრძელდეს მათი შესწავლა, კლიმატური ცვლილებების ფონზე, ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების უკეთ გასაცნობად.
გამოყენებული ლიტერატურა
ბობოქაშვილი ბ. დეილი რ. ლურჯი მოცვი – ახალი პერსპექტიული კულტურა საქართველოსთვის, ჟურნალი “აგროინფო“. თბილისი 2007 წ.
-
- ქოიავა ლ. – ლურჯი მოცვის ბიოლოგიური თავისებურებანი. თბილისი, 2015.
- ჯაბნიძე რ. ჯაბნიძე ნ. _ „ლურჯი მოცვის ზრდა განვითარების თავისებურებანი აჭარიში“. ბროშურა. გამომცემლობა „ს.ს.მ. აკადემია“ თბილისი 2015 წ.
- ჯაბნიძე რ. ჯაბნიძე ნ. გორგილაძე ლ. – „მოცვის კულტურა და მისი მოვლა–მოყვანის ტექნოლოგია“. თბილისი 2017 წ.
- ჯაბნიძე რ. ჯაბნიძე ნ. ლამპარაძე შ. ყურშუბაძე. – ლურჯი მოცვის მორფოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლა, პერსპექტიული ფორმების გამორჩევა და დანერგვა აჭარის ფერმერულ მეურნეობებში.
დავით ზოიძე -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ქუთაისი, საქართველო