აგროსიახლეებირეგიონებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ლურჯი მოცვის წარმატებული მეურნეობა სოფელ გვარაში

ლურჯი მოცვი, პავლოვნია, ვენახი და კივი – ეს კულტურები ფერმერ ჯემალ ცეცხლაძეს ორ პარტნიორთან ერთად ქობულეთის სოფელ გვარაში აქვს გაშენებული. მათგან ყველაზე მომგებიანი ლურჯი მოცვია, შესაბამისად, ფიქრობს, რომ სამომავლოდ მეურნეობას ამ მიმართულებით გააფართოებს.

ფერმერმა და ბიზნესმენმა ჯემალ ცეცხლაძემ სოფელ გვარაში 30 ჰექტარი მიწის ფართობი 2011 წელს შეიძინა. სანამ რაიმე კულტურას დათესავდა, იქამდე ეტაპობრივად ნიადაგის კვლევა გააკეთა, რათა გაეგო  შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში რომელ კულტურებზე უნდა აეღო ორიენტაცია.

„კვლევამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვისთვის იდეალური ნიადაგი იყო. თან ამ ადგილზე ადრე გაშენებული იყო ჩაის პლანტაციები. გაველურებული ტერიტორია დავამუშავეთ, გავასუფთავეთ, გავაკულტურეთ, ბრუნვაში მოვაქციეთ და მერე ეტაპობრივად დავიწყეთ მოცვის გაშენება. ძირითადად ვიყენებდით „დანერგე მომავლის“ საგრანტო კომპონენტს“, – ამბობს ჯემალ ცეცხლაძე.

ლურჯი მოცვი 11111111111111111111111111111111111

თუმცა სანამ მოცვის პლანტაციებს გააშენებდა, იქამდე 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურების გაშენებაც სცადა. საბოლოოდ ტერიტორია ასე დაიყო:  4 ჰექტარზე ვაზი, 7 ჰექტარზე პავლოვნია, 15 ჰექტარზე ლურჯი მოცვი, დანარჩენზე კი, კივი.

ვენახი

პირველი კულტურა, რომელიც მეურნეობაში გააშენეს ვენახი იყო.  ახლა 4 ჰექტარზე ორი ჯიშის ვაზი აქვთ: ჩხავერი და ოჯალეში. ძირითადად საოჯახო ტიპის ღვინოს აწარმოებენ: „საოჯახო სასტუმროები გვაქვს მე და ჩემს პარტნიორს და ძირითადად ჩვენს წარმოებულ ღვინოს ჩვენივე ვიზიტორებისთვის ვიყენებთ“.

პავლოვნია

2013 წელს მეურნეობას პავნოვნიას ტყეც დაემატა.  როგორც ფერმერი ამბობს,  პავლოვნია მალე მზარდი მცენარეა და 7–8 წელში შესაძლებელია მისი მერქნის დამზადება. ასეთ მასალას იყენებენ ავეჯის წარმოებაში, გემთმშენებლობაში და სხვა მსგავსი დანიშნლებით იყენებენ. იგი ძალიან მოთხოვნადი და ძვირადღირებულია.

„ჩვენთან, მჟავე ნიადაგში ცოტა გაუჭირდა პავლოვნიას და ამიტომ მისი გაკულტურება გახდა საჭირო. ზრდის პროცესი ნორმალურთან შედარებით ცოტა შენელებულად მიდის. თუ ჩვეულებრივ, ტუტე ნიადაგში 7-8 წელში ხდება უკვე მზა მერქნის მიღება, ჩვენს შემთხვევაში 9-10 წელზე დასჭირდა. გაზარდა – გამსხვილების პროცესი უფრო შენელებული იყო, თუმცა მომგებიანია და ძალიან მოთხოვნადი“, – ამბობს ფერმერი.

ლურჯი მოცვი

ყველაზე ეფექტური და მომგებიანი ცეცხლაძის მეურნეობაში ლურჯი მოცვი აღმოჩნდა. მისი პლანტაციები 2016 წლიდან გააშენეს და ახლა უკვე 15 ჰექტარზე აქვთ. კენკროვან მცენარეს ნიშანი მეორე წლიდანვე ჰქონდა, მაგრამ სრულ მსხმოიარობამდე 3-4 წელი სჭირდება.

„ჩვენ პატარა ჩითილები მოგვაწოდეს, ამიტომ ამის გამო სირთულეები შეგვექმნა. მერე როცა ჩვენ შემოვიტანეთ პოლონეთიდან ერთწლიანები და ორწლიანები ნერგები საქმე კარგად წავიდა. პირველი მცირე მოსავალი გასულ წელს გვქონდა. 25 ტონამდე ლურჯი მოცვი მივიღეთ, მაგრამ საერთოდ როცა სრულ მსხმოიარობას მიაღწევს 150–200 ტონამდე ველოდებით“.

როგორც ჯემალ ცეცხლაძე ამბობს, დასავლეთის კლიმატურ პირობებზე მორგებულმა მოცვის ნარგავებმა კარგად გაიხარეს. გარდა ამისა, ჩრდილოეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ლურჯი მოცვი პოპულარულია, საქართველოში ნარგავები დახრილ ფერდობებზე გააშენეს, რამაც გაამართლა: „რომ ჩამოდიან უცხოელი პარტნიორები, გაოცებულები არიან რომ როგორ კარგად მიდის აქ მისი შეგუებისა და გახარების პროცესი. მოსავლიანობა, საწყისი დაკვირვებით, ნორმალურია. სხვაგან მცდელობაც რომ არ ჰქონდათ, ფერდობებზე გაეშენებინათ, აქ ჩვენ გავაშენეთ და აღმოჩნდა, რომ უფრო უკეთესია ფერდობებზე, ვიდრე მათთან. კლიმატური პირობებიც ხელსაყრელია“.

მოვლა

ლურჯი მოცვის მოვლის თავისებურებებს ფერმერები ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე სწავლობენ. უტარდებათ ტრენინგები, ეცნობიან უცხოელების გამოცდილებას. ინტენსიური თანამშრომლობის ფარგლებში, გარკვეული გამოცდილებაც დააგროვეს. ჯემალ ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს საქმე საკმაოდ მომგებიანია, თუმცა სოლიდური ინვესტიციის ჩადებას საჭიროებს, რაც თავად და მისმა პარტნიორებმა საგრანტო სესხის კომპონენტის დახმარებით შეძლეს.

„მოსავლელად ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, მუდმივად უნდა გაასუფთაო სარეველებისგან, საკმაოდ დიდ ადამიანურ შრომით რესურსს მოითხოვს. მერე ეტაპობრივად საჭიროა სასუქის მიწოდება. რწყვა წვეთოვანი სარწყავი სისტემით, რომ გვალვის დროს არ დაიღუპოს მცენარე. მუდმივი ყურადღებისა და მზრუნველობს ქვეშ უნდა იყოს. საჭიროა ასევე გასხვლა ორჯერ, წამლობები ზემოდან შესხურებით, ფესვიდან მიწოდება… ერთი ციკლიც რომ ჩაგივარდეს, ფაქტობრივად, შედეგი არ გექნება“.

როცა მეურნეობა აქტიურ ფაზაში შევიდა საჭირო გახდა სამაცივრე სივრცის მოწყობა: „მოვიპოვეთ აგრო სერვის ცენტრის გრანტის კომპონენტი, ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობით და აგროსესხის გამოყენებით შევქმენით სამაცივრე საწარმო,  რათა მოწეული პროდუქცია დაგვეხარისხებინა, შეგვენახა და რეალიზაციისთვის შესაფერისი, ეფექტური პირობები შეგვექმნა“.

რეალიზაცია

ბოლო პერიოდში ლურჯ მოცვზე მოთხოვნა გაიზარდა. საქართველოდან იგი ძირითადად რუსეთში გადის, ევროკავშირის ქვეყნებში გასატანად კი სპეციალური სერთიფიკატებია საჭირო.

„ძირითადად, ჩვენთან მოდიან შემსყიდველები, რომელთაც გააქვთ რუსეთის ბაზარზე. თუმცა სამომავლოდ, ვგეგმავთ შესაბამისი სერთიფიკატების მოპოვებას, რომ ევროკავშირის ბაზრების დივერსიფიცირებაზეც ვიზრუნოთ.  იმიტომ, რომ რუსული ბაზარი მაინც არასტაბილურია, როდის ჩაიკეტება და შეიზღუდება იქ საქონლის გასვლა არავინ იცის, ამიტომ როცა მოსავლის რაოდენობა გაიზრდება, თავისთავად მზად უნდა ვიყოთ ევროპისთვისაც“, – ამბობს ცეცხლაძე და ამატებს, რომ ქართველი ფერმერებს, რომლებიც ლურჯ მოცვს აწარმოებენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა აქვთ: „მაგალითად, პოლონეთთან და სხვა ჩრდილოეთ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მოცვი ერთი თვით ადრე შემოდის და ესეც უპირატესობაა, რადგან პირველად ბაზარზე ჩვენი მოცვი შედის და ფაქტობრივად როცა სრულდება რეალიზაცია, მერე შემდის სხვა ქვეყნებიდან“.

სამომავლო გეგმები

როგორც ფერმერი და ბიზნესმენი ჯემალ ცეცხლაძე ამბობს, კვლევის პროცესში ჟოლოსა და მაყვლის მოყვანის მცდელობაც ჰქონდათ „მაგრამ ჩვენი ნიადაგი არ გამოდგა შესაფერისი ამ კულტურებისთვის. ამიტომ კენკროვანებიდან მხოლოდ ლურჯი მოცვი გვაქვს“.

სამომავლოდ აპირებენ, რომ ლურჯი მოცვის პლანტაციები უფრო დიდ ფართობზე გაშალონ, პავლოვნიას ტყის აღების შემდეგ, ტერიტორია კვლავ მოცვს დაუთმონ და ევროკავშირის ბაზრისთვის მზადებაც დაიწყონ.

თაკო ფეიქრიშვილი,

ქობულეთი, სოფელი გვარა, 2021წ.

https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/apple-bluberries

2