მარწყვის პლანტაციის გაშენება და დარგვის სისტემები
მარწყვის გაშენების საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხული (აგვისოტს ბოლო) – ადრე შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი), მისი გაშენება ასევე შესაძლებელია გაზაფხულზეც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საშემოდგომო დარგვა პირველი წლის პროდუქტიულობას მკვეთრად ზრდის.
მარწყვის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ:
დარგვის დროს მცენარის ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის პარალელურად – მარწყვი ცუდად იტანს როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას;
ძველი და გამხმარი ფოთლები უნდა მოსცილდეს და ფესვები უნდა გაიშალოს;
მცენარის ირგვლივ ნიადაგი მჭიდროდ იტკეპნება.
დარგვის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ნერგების ფესვებს, რომ არ მოხდეს გამოშრობა. დასარგავად გამზადებული ნერგები უნდა იყოს დაცული მზისა და ქარის ზეგავლენისგან და საჭიროა პერიოდულად დანამვა.
დარგვის სისტემები
მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე, ამ ტექნოლოგიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია: დამულჩვა პოლიეთილენის სამულჩე მასალის გამოყენებით, წვეთოვანი სისტემა და ფერტიგაციის აპარატი, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს წყლითა და საკვები ნივთიერებებით. ტრადიციული სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთეს კონტროლს, ასევე, საშუალებას იძლევა დავიცვათ მარწყვის ნაყოფი მიწით დაბინძურებისგან.
აღნიშნული დარგვის სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან ორ რიგად, (ზოგჯერ 3-4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე.
შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20-30 სმ სიგანე 35-50 სმ, კვლევის შუაწერილების შორის დაშორება 1,1- 1,3 მეტრი.
ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში, მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25-30 სმ-ს, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი – 15-20 სმ-ს. დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება. ერთმწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს. საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე ირგვება 5-7 მცენარე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი