მდელოს ფარვანა Zoxostege sticticalis
მდელოს ფარვანა გავრცელებულია საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. პეპლის სიგრძე გაშლილი ფრთებით 20-26 მმ-ს შეადგენს. მისი წინა ფრთები ყავისფერია ან მოყვითალო, გარე კიდეზე ყვითელი ზოლი და შავი ბეწვების არშია გასდევს. გარდა ამისა, მავნებელს ფრთებზე აქვს მოშავო-მურა ლაქები. რაც შეეხება უკანა ფრთებს, მათთვის დამახასიათებელია ბაცი, მორუხო ელფერი. გარე კიდეზე გააჩნია ორი პარალელური წითელი ზოლი. უკანა ფრთების ქვედა მხარე უფრო ინტენსიურადაა შეფერილი და ტალახისებრ-ყვითელია. შავი ზოლების გარდა, მავნებელს ამ ადგილას ლაქებიც გააჩნია.
მდელოს ფარვანა ზამთარს ატარებს ნიადაგში, უფროსი ხნოვანების მატლის სახით, წაგრძელებულ პარკში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მავნებლის მატლები ხასიათდებიან დიდი ყინვაგამძლეობით (უვნებლად იტანენ ყინვას -300 –მდე), თუმცა მათ ეს თვისება ახასიათებთ მანამ, სანამ გაზაფხულზე მათ ორგანიზმში ჰისტოლიზის პროცესი დაიწყება. ამ პროცესის შემდეგ კი მატლები დიდ მგრძნობიარობას ავლენენ ყინვებისადმი და ადვილად იღუპებიან.
როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა +150-ს მიაღწევს, იწყება პეპლების გამოფრენა. პეპლები საჭიროებენ დამატებით კვებას, რისთვისაც იკვებებიან ყვავილოვანი მცენარეების ნექტრით. დამატებითი კვება მიმდინარეობს როგორც დღის, ის ღამის განმავლობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში პეპლები გაცილებით ნაკლებ აქტიურნი არიან, ვიდრე ღამით.
დადგენილია, რომ პეპლების მასობრივი ფრენისას დეკადური ტემპერატურა +170-ზე ნაკლები არ არის, ამასთანავე, ნალექების რაოდენობა მმ-ში უდრის პეპლების ფრენის პერიოდში საშუალო დეკადური ტემპერატურის გრადუსების ჯამს. გარდა კლიმატური პირობებისა, მავნებლის რიცხოვნობა დამოკიდებულია ისეთი ბიოზური ფაქტორის მოქმედებაზეც, როგორიცაა ყვავილოვანი მცენარეების არსებობა თუ არარსებობა, საიდანაც პეპელა დამატებითი კვების მიზნით, იღებს საკვებს (რაზეც დამოკიდებულია პეპლის კვერცხის რაოდენობა). მავნებლის კვერცხის რაოდენობა ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში 600 ცალს აღწევს.
კვერცხის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ჭუპრის მასასთან (თუ ჭუპრი იწონის 30 მგ-ზე ნაკლებს, ასეთი ჭუპრიდან გამოსული პეპელა ნებისმიერ შემთხვევაში უნაყოფოა). კვერცხი იდება შებინდებისას, როდესაც ტემპერატურა +180-ზე ნაკლები არ არის. თითოეულ ჯგუფში 2-დან 15-მდე კვერცხია თავმოყრილი. მავნებელი კვერცხს დებს სარეველების ან თხლად დათესილი კულტურული მცენარეების აღმონაცენებზე, გამხმარი მცენარეების ანარჩენებზე და მათ წვრილ ფესვებზე. ემბრიონის განვითარება დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება, მატლის განვითარება კი, მისი გავრცელების არეალის ჰიგროთერმული პირობების მიხედვით, 2-დან 4 კვირამდე. მდელოს ფარვანას საქართველოში ახასიათებს ოთხი თაობა.
მავნებლის მკვებავ მცენარეებს წარმოადგენენ შაქრისა და სუფრის ჭარხალი, სოია, მზესუმზირა, მდოგვი, ბამბა, ეთერზეთოვანი კულტურები და სხვა მრავალი. მავნებელი იშვიათად ხორბლოვანი კულტურებითაც იკვებება.
ბრძოლის ღონისძიებები: მდელოს ფარვანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ აგროტექნიკურ ღონისძიებად ითვლება გათოხნა ნათესში კვერცხის დადებისთანავე, რომლის დროსაც ხდება კვერცხის ჩანასახის დაღუპვა სუბსტრატის დაჭკნობა-გახმობის გამო, რადგან ასეთ პირობებში კვერცხი მოკლებულია საშუალებას აღიდგინოს აორთქლებული წყლის დეფიციტი. ასევე კარგ შედეგს იძლევა სათოხნი კულტურების გათოხნა მატლების დაჭუპრებისთანავე და ტრიქოგრამას გაშვება. მდელოს ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.