მდოგვი – უნივერსალური სიდერატი, ბუნებრივი მცველი და კარგი თაფლოვანი მცენარე
თანამედროვე აგროწარმოებაში ბუნებრივ, ეკოლოგიურ და ეკონომიურად გამართლებულ მეთოდებზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება. ერთ–ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტიანი გადაწყვეტა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად იყენებენ, სიდერატული კულტურებია.
სიდერატებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს მდოგვი – მცენარე, რომელიც არა მხოლოდ ნიადაგის გაუმჯობესებას, არამედ მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების შემცირებასაც უწყობს ხელს და ამავდროულად დამატებით შემოსავალს აძლევს ბიომეურნეობას, როგორც შესანიშნავი თაფლოვანი კულტურა.
მდოგვის სიდერატად გამოყენება ეფექტიანია როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურების წამოებაში. მისი სწრაფი ზრდა და უხვი მწვანე მასა ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით, აუმჯობესებს ჰუმუსის ნაყოფიერებას და ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის აღდგენას. კერჯოდ:
- სწრაფად ახშობს სარეველებს;
- ამცირებს ნიადაგის ეროზიას;
- ზრდის ნიადაგის წყლის შეკავების უნარს;
- ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის გააქტიურებას.
მდოგვი ბუნებრივი ფუნგიციდი და ინსექტიციდი
მდოგვი მდიდარია ეთერზეთებითა და გლიკოზიდებით, რომლებიც რამდენიმე ბუნებრივ ბიოქიმიურ ნაერთს შეიცავს.
ნიადაგში მოხვედრის დროს ეს ნივთიერებები მცენარეთა ფესვების ლპობას, სოკოვან დაავადებებს და მავნებლების ლარვებს ზღუდავს.
მდოგვის ჩართვა აგროტექნოლოგიაში მნიშვნელოვნად ამცირებს:
- ფუზარიოზის და რიზოკტონიოზის გავრცელებას;
- ნემატოდების რაოდენობას;
- მავნებელი მწერების კერებს.
ამრიგად, მცენარე მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფუნგიციდი და ინსექტიციდი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ქიმიური პრეპარატების შემცირებაზეა ორიენტირებული.
მდოგვის ყვავილის თაფლოვანება
მდოგვი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული თაფლოვანი მცენარეა. ხანგრძლივად ყვავილობს, ნექტარი კი მდიდარია შაქრებით, რაც ზრდის თაფლის ხარისხსა და გამოსავლიანობას.
მეფუტკრეებისთვის მდოგვი სიკეთისმომცემი მცენარეა, კერძოდ:
- ახასიათებს ადრეული ყვავილობა;
- ძლიერი ნექტარიანობა;
- იძლევა გამორჩეული არომატისა და სასიამოვნო მკვეთრი ფერის უხვ თაფლს.
მდოგვი უნივერსალური კულტურაა, რომელიც თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის ერთდროულად ნიადაგის გამაუმჯობესებელი, მცენარეთა დაცვის ბუნებრივი საშუალება და მაღალი ღირებულების თაფლოვანი მცენარე.
მდოგვის გამოყენება განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა ბიომეურნეობებში, სადაც გარემოსდაცვითი სტანდარტები და მდგრადი პრაქტიკები პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს.
სწრაფადმწიფებადია და გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. კარგად ეგუება საქართველოს გეოგრაფიული არეალს.
მისი უნიკალურობა გამოირჩევა იმითაც, რომ ნიადაგში ჩახვნის შემდეგ სწრაფად გარდაიქმნება ბუნებრივ სასუქად.
სწორი დაგეგმვითა და სიდერატად დროულად ჩართვით, მდოგვი ფერმერისთვის ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს, მაღალ ეკოლოგიურ ეფექტს და დამატებით შემოსავალს, როგორც ნიადაგის გაჯანსაღების მიხრივ, ისე მეფუტკრეობის მიმართულებით.
მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა

