მებოსტნეობა ორგანულ სოფლის მეურნეობაში
ბოსტნეულ კულტურებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს. მებოსტნეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი რთული დარგია, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბოსტნეული მცენარეების უმრავლესობა წარმოშობილი არიან ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებიდან.
ყვავილოვანი მცენარეების 160 ათასზე მეტი სახეობიდან, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება, ბოსტნეულ კულტურებს მიეკუთვნება 120 სახეობა, ამათგან საქართველოში გავრცელებულია 60 სახეობა. ბოსტნეული კულტურები ეწოდება ისეთ ერთწლიან, ორწლიან ან მრავალწლიან ბალახოვან მცენარეებს, რომელთა წვნიანი, ხორციანი ნაწილები (ფესვები, ტუბერები, ღეროები, ფოთლები, ყლორტები და ნაყოფები) ადამიანის მიერ საკვებად გამოიყენება. ბოსტნეულის კვებითი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო და აუცილებელ ნივთიერებებს: ვიტამინებს (A, B1 C, PP, D, K. ყველაზე მეტი რაოდენობით არის C ვიტამინი და ყველაზე ნაკლები რაოდენობით D ვიტამინი), მჟავებს, მარილებს, სურნელოვან და არომატულ ეთერებს.
ბოსტნეულის, როგორც საკვების შემადგენელი ღირებულება დიდადაა დამოკიდებული საჭმელად მათი გამოყენების წესზე, რომლის მიხედვით მათ ყოფენ სამ ჯგუფად:
- ბოსტნეული, რომელიც უპირატესად გამოიყენება ნედლი სახით. ამ ჯგუფში შედის ჩვეულებრივი ფოთლოვანი და თავიანი სალათა, წიწმატი, თვის ბოლოკი, წლის ბოლოკი, ზამთრის ბოლოკი, ტარხუნა, ცერეცო, ოხრახუში, ხახვის ფოჩი, ნიახურის ფოთლები, პრასა;
- ბოსტნეული, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გადამუშავებული სახით. ამ ჯგუფში შედის პომიდორი, კიტრი, ნესვი, საზამთრო, თავიანი ხახვი, ნიორი, აგრეთვე ის ბოსტნეული, რომელიც გამოიყენება, როგორც საკაზმი საშუალებები –ცერეცო, კამა, ნიახური, ოხრახუში და სხვები;
- ბოსტნეული, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გადამუშავებული სახით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება სხვადასხვანაირი კომბოსტო, ხვითა, თალგამი, მიწავაშლა, სტაფილო, პრასა(ხნიერი მცენარეები), ნიახურისა და ოხრახუშის ძირი, ჭარხალი ფოთლოვანი და ძირიანი, ისპანახი, მჟაუნა, რევანდი, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, სატაცური, ქამა სოკო.
მებოსტნეობა ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: პირველი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მებოსტნებაში გამოიყენება მცენარის დაცულ გრუნტში აღზრდა-გამოყვანის წესი; მეორე თავისებურებაა დახურულ გრუნტში ჩითილის გამოყვანა; მესამე თავისებურებაა ბოსტნეული კულტურების წარმოება გამოყვანის მეთოდით; მეოთხე თავისებურება კი მდგომარეობს ზრდის დასრულებასა და მოსავლის აღების შემდგომ დამწიფებაში.
ბოსტნეული კულტურების მოყვანისას ანსხვავებენ შემდეგ ხერხებსა და თავისებურებებს:
- ბოსტნეული მოჰყავთ გამონაკლისად ღია გრუნტში-თესლის დათესვის, კარტოფილის ტუბერების დარგვის გზით; ღია გრუნტში აღზრდილი ჩითილის დარგვით;
- დაცულ გრუნტში ზრდიან ჩითილს და შემდგომ მოსავლის მისაღებად გადარგავენ ღია გრუნტში;
- ბოსტნეული მოჰყავთ დაცულ გრუნტში ან უშუალოდ დათესვით, ან დაცულ გრუნტშივე აღზრდილი ჩითილის დარგვით (კიტრი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათა და სხვა);
- ბოსტნეული ჯერ მოჰყავთ ღია გრუნტში და შემდეგ დაცულში (სატაცური, რევანდა, მჟაუნა, ხახვის ფოჩი, ოხრახუში, ნიახური და სხვა);
- ბოსტნეული მოყავთ ღია გრუნტში პროდუქტიული ნაწილის ფორმირების დასაწყისამდე (ყვავილოვანი კომბოსტო). შემდგომი ზრდის დასრულება მიმდინარეობს ბნელ, მაგრამ საკმარისად თბილ ადგილზე, ფოთლებსა და ღეროებში არსებულ სამარაგო ნივთიერებათა ხარჯზე;
- ნაყოფების აღების შემდგომი მომწიფების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გავახანგრძლივოთ ნაყოფების მოხმარების პერიოდი. მაგ; პომიდვრის 1,5-3 თვით, ნესვის 4-6 თვით. ამ მეთოდის მიხედვით ნაყოფები იკრიფება არასრულ ტექნიკურ ანუ სამომხმარებლო სიმწიფეში;
- მებოსტნეობაში უკანასკნელ პერიოდში გამოიყენება ზამთრისპირა ნათესები ანუ საგაზაფხულო ბოსტნეული მცენარეების თესვა შემოდგომაზე, რათა თესლი აღმოცენდეს ადრე გაზაფხულზე; მცენარეთა გასამრავლებლად მებოსტნეობაში მიმართავენ სქესობრივ (გენერაციულ) და უსქესო (ვეგეტატიურ) გამრავლებას.
გენერაციული გამრავლებისას გამოიყენება თესლი, ხოლო ვეგეტატური გამრავლების დროს კალმები, ყლორტები, ბოლქვები, გორგლები, ფესურები და ა.შ. ორგანულ მეურნეობაში, ისევე როგორც ტრადიციულ მეურნეობაში ორივე საშუალებით სარგებლობენ. რისთვისაც ერთ შემთხვევაში აწარმოებენ სათეს მასალას, მეორე შემთხვევაში კი სარგავს. რადგანაც ზოგიერთი კულტურის გამრავლება მოსახერხებელია სქესობრივი გზით, ხოლო ზოგისა კი უსქესო გზით, საბოსტნე კულტურების უმეტესობას გენერაციული გზით ამრავლებენ.
ამგვარი გამრავლებისას მეტად მნიშვნელოვანია მცენარეს შევუნარჩუნოთ ჯიშური სიწმინდე და მისთვის დამახასიათებელი თვისებები, ამიტომ მებოსტნეობაში ძალზე საჭიროა ხარისხიანი სათესი მასალის შეძენა ან წარმოება და მისგან მცენარის გამოზრდის მეთოდების ცოდნა. ყველა საბოსტნე კულტურა შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ;
- კულტურები, რომლებიც ჩითილის გამოყვანას საჭიროებენ. მათი დათესვა უმჯობესია მოხდეს ჩითილის გამოსაყვან კოლოფში, ქოთანში ან საადრეო კვალში;
- კულტურები, რომლებიც ჩითილის გამოყვანას არ საჭიროებენ. მათი დათესვა უმჯობესია მოხდეს პირდაპირ ღია გრუნტში, რადგან ისინი გადარგვას ვერ იტანენ;
- კულტურები, რომელთა მოყვანა შეიძლება, როგორც ღია გრუნტში, ასევე ჩითილის გამოყვანით.
სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში თესვის მრავალი ტიპია ცნობილი. ბოსტნეული კულტურებისათვის მხოლოდ სამი ტიპით სარგებლობენ: მწკრივად თესვა, ბუდობრივი თესვა და მობნევით თესვა.
კარგი მოსავლის მიღებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მარცვლები შეძლებისდაგვარად კარგად მომზადებულ კვალში დაითესოს. ორგანულ მეურნეობაში ფართოდ გამოიყენება წამოწეული, ბორცვისმაგვარი კვლები. წამოწეული ნაწილის გამო ნიადაგი უკეთ თბება და ასეთ ადგილზე დათესვა შეიძლება ადრე გაზაფხულზე. ბორცვისმაგვარი კვლების მოწყობისათვის საუკეთესო დროა შემოდგომა და ზამთრის დაწყებამდე მინდვრის სალათის მოყვანა. ბორცვისმაგვარი კვლების მოწყობა შეიძლება გაზაფხულზე და ზაფხულშიც. ამ შემთხვევაში სასურველია ძირითად კულტურამდე რომელიმე სწრაფმზარდი კულტურა დაითესოს, რომელიც შემდეგ სიდერატად გამოიყენება.
ბორცვისმაგვარი კვალის მომზადება. ამოთხრილ ორმოში, ბრტყელი ძირის შუაში 50სმ სიგანეზე და 100სმ. სიმაღლეზე ბორცვის მსგავსად დავაწყოთ ნედლი განასხლავი ან მსგავსი მასალა. ამ მასალის ფენა ორივე ბოლოდან 60სმ მანძილიდან უნდა იწყებოდეს. შემდეგ პირველი ფენის ბორცვზე ერთ ფენად დავაწყოთ ბალახიანი ბელტები, ფესვებით ზემოთ და ნიჩბის ბრტყელი ხედაპირით ოდნავ დავტკეპნოთ. ბალახიანი ბელტის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ ჩალა, თივა, ბალახი ან ბაღის ნარჩენები და ზემოდან ორმოდან ამოღებული მიწის 15სმ ფენით დავფაროთ. შემდეგ ჩამოცვენილი ფოთლები შევურიოთ მიწას ან ნაკელის კომპოსტს(10:1) და 30სმ სქელ ფენად დავაფაროდ. ზემოდან 5სმ სისქის ბაღის მიწის ფენა დავაფაროთ და ნიჩბის ბრტყელი ზედაპირით ოდნავ დავტკეპნოთ; ყოველივე ამას 15სმ-იანი ნაკელის კომპოსტის ფენა დავაფაროთ. კომპოსტის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ტორფის ნარევი(1:1). ბოლოს კი ბაღის კომპოსტის და ამოღებული მიწის ნარევი(1:1) 15სმ-იან ფენად დავაფაროთ. გვერდებზე სასურველია კვალს ფიცრები ან სხვა რაიმე მასალა დავუდოთ, რათა ზედა ფენა დროთა განმავლობაში არ გაიბნეს. ამ მეთოდით დამზადებული კვალი შესაძლებელია 6 წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნას, 3 წლის შემდეგ ზემოდან 5სმ სისქის კომპოსტის ფენა დავუმატოთ. კვალის მომზადების აღნიშნული წესი შრომატევადია, მაგრამ შემდგომში ადვილი მოსავლელია და უხვი მოსავლის მიღების გარანტიცაა. კარგი მოსავლის მიღებისათვის მნიშვნელოვანია, რომ თესლი კარგად მომზადებულ კვალში დაითესოს. სოკოვანი დაავადებების საშიშროების არსებობის შემთხვევაში, დათესვამდე კვალს შვიტას ნაყენს მოასხურებენ. (10 გ ხმელ შვიტას ასხამენ 2 ლ. ცივ წყალს და ადუღებენ 20 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ ამატებენ 8ლ წყალს და 10 წთ-ის განმავლობაში ურევენ. დასათესი ფართობის ყოველ 1მ² ასხურებენ ნაყენს 200გ-ის ოდენობით).
თესვის სიღრმე დამოკიდებულია თესლის ზომაზე, ნიადაგზე და დათესვის დროზე. თუ თესლის ან მარცვლის ფორმა მრგვალია ჩათესვის სიღრმე მის დიამეტრს ორჯერ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თუ მისი ფორმა მოგრძოა, მაშინ მის სიგრძეს უნდა უდრიდეს. მსუბუქ ნიადაგში აღნიშნულზე უფრო ღრმად უნდა დაითესოს და მძიმე ნიადაგში კი ზედაპირთან ახლოს; ადრე გაზაფხულზე თესლი ზედაპირულად, ხოლო ზაფხულში უფრო ღრმად უნდა დაითესოს. დიდი და საშუალო ზომის თესლი ბუდობრივად ან მწკრივად უნდა დაითესოს, ხოლო მცირე ზომის თესლი –მობნევით. მცენარეები ისე უნდა დაითესოს, რომ ზრდასრულობის პერიოდში ერთმანეთს ფოთლებით ოდნავ ეხებოდეს და მათ შორის დაახლოებით თანაბარი მანძილი იყოს. ვინაიდან თავდაპირველად უცნობია თესლის აღმოცენების სიხშირე, ამიტომ თესლი მჭიდროდ უნდა დაითესოს და შემდეგ მოხდეს გამოხშირვა, მაგრამ თუ გაღივებულ მარცვალს ვთესავთ, მაშინ შესაძლებელია ოპტიმალური ზომების დაცვა. ამ შემთხვევაში უმჯობესია მწკრივში თესვა. დათესვის შემდეგ აუცილებელია ნათესის მორწყვა.
ღია გრუნტში თესვასთან შედარებით ჩითილის გამოყვანა უფრო შრომატევადია, მაგრამ სამაგიეროდ ძლიერი და ჯანსაღი მცენარე იზრდება. გარდა ამისა ამ გზით მოსავლის გაცილებით ადრე მიღებაა შესაძლებელი. ამდენად, ის კულტურები, რომელთა მოყვანა შეიძლება ჩითილის გამოყვანითა და პირდაპირ ღია გრუნტში თესვით, შეძლებისდაგვარად ჩითილის გამოყვანით უნდა გავზარდოთ. ჩითილის გამოსაყვანად გამოიყენება სხვადასხვა სახის კოლოფები და ქოთნები.
საჩითილე კოლოფები უმჯობესია დამზადდეს ხის, პლასტმასის მასალისაგან, ან ალუმინის ფირფიტებისაგან. მუყაოს კოლოფების გამოყენება არასასურველია. იმ მცენარეების გამოსაყვანად, რომლებიც პიკირებას საჭიროებენ, გამოიყენება სპეციალურად მომზადებული ბრტყელი და დიდი ზომის კოლოფები.
პიკირება მცენარის გადარგვის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. ამ ღონისძიების ჩატარებით ხდება დატოტვილი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბება და მისი ზრდის სტიმულირება. შესაბამისად, მცენარე უკეთ ითვისებს საკვებს ნიადაგიდან და უფრო ძლიერად და ჯანსაღად ვითარდება.
ზოგიერთ მცენარეს (პომიდორი, სალათა, ხახვი) პიკირება სასურველია ორჯერ ჩაუტარდეს.
ჩითილის გამოყვანისას ერთხელ პიკირება სასურველია შემდეგი კულტურებისათვის: ისპანახი, ბროკოლი, თავთეთრი და თავწითელი კომბოსტო, კოლრაბი, პრასა, წიწაკა. ერთხელ პიკირება აგრეთვე შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ფრთხილად ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნიახურისათვის. ხოლო კულტურებისათვის: ჩინური კომბოსტო, კიტრი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი პიკირება არასასურველია.
მცენარის თესლი ზრდის საწყისი ეტაპისათვის საჭირო ყველა ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ მას თავიდან ჰაერი, ტენი და სითბო უფრო ესაჭიროება, ვიდრე ნოყიერი ნიადაგი. ზედმეტმა საკვებმა ნივთიერებამ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა ავნოს.
ამიტომ საჩითილე კოლოფებში მიწა ნოტიო და მაქსიმალურად ფხვიერი უნდა იყოს. ამასთან არ უნდა შეიცავდეს მავნე მიკროორგანიზმებს. ჩითილების გამოსაყვანად მიწის ნაზავის დასამზადებლად უნდა გამოვიყენოთ მდინარის შავი ქვიშა. დაუშვებელია საამშენებლო, ან ზღვის სანაპიროდან აღებული ქვიშის გამოყენება.
მდინარის ერთ წილ შავ ქვიშას შეურევენ ერთ წილ ბაღის ან ტყის კარგ, შავ მიწას და ერთ წილ კომპოსტს ან კარგად გადამწვარ ნაკელს.
საჩითილე ქოთნების შევსება ხდება შემდეგი წესების დაცვით: ქოთნის ფსკერზე იყრება კერამიკის ან მინის ჭურჭლის (ქილის, ქოთნის, ბოთლის) ნამსხვრევები, შემდეგ 1სმ ფენის სისქემდე იყრება მდინარის შავი ქვიშა, დაქუცმაცებული ხმელი ხავსი, მუხის დაქუცმაცებული, ჩამოცვენილი ხმელი ფოთლები, 9სმ სიმაღლემდე ზემოთ აღნიშნული მიწის ნაზავი და ბოლო 2სმ სიმაღლემდე ქოთანი შეუვსებელი უნდა იყოს. თესვის წინ საჭიროა მიწის მორწყვა, იმდენად, რომ მიწა ნამიანი იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ კოლოფები მიწით დიდი ხნის მანძილზე იყო შევსებული, სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად მიწა უნდა მოირწყას შვიტას ნაყენით.
საჩითილე კოლოფის მიწის შევსების შემდეგ, ზედაპირი უნდა გასწორდეს და მსუბუქად დაიტკეპნოს, შემდეგ დავთესოთ. თესლს ზემოდან უნდა მოეყაროს გაცრილი მიწის ნაზავი და „დაწვიმებით“ მოირწყას.
დათესვიდან აღმოცენებამდე პერიოდში ნათესს სინათლე არ სჭირდება, მაგრამ აერაცია და სითბო აუცილებელია, ამიტომ საჩითილე კოლოფები უნდა მოვათავსოთ სითბოს წყაროსთან რაიმე შემაღლებაზე და კოლოფებს შორის ღრიჭო დავტოვოთ. ოპტიმალური ტემპერატურა სხვადასხვა კულტურებისათვის იგივეა, რაც მათი თესლის გაღივებისათვის. მიწა რომ არ გამოშრეს, აუცილებელია ნათესარების თბილი (20-250C) წყლით მორწყვა. აღმოცენების შემდეგ ნათესარებს მორწყვისა და სითბოს გარდა სინათლეც სჭირდება. ამისათვის საჩითილე კოლოფები ფანჯრის რაფაზე ან სათბურში უნდა მოვათავსოთ ან გამოვიყენოთ ხელოვნური განათება.
ნათესის აღმოცენების შემდეგ მოვლის ერთ–ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ნათესარის გამოხშირვა, განსაკუთრებით მობნევით თესვისას. გამოხშირვა ტარდება როდესაც აღმოცენებულ მცენარეს ფოთოლთა პირველი წყვილი განუვითარდება. გამოხშირვა უნდა ჩატარდეს პატარა მაკრატლით. მეორე გამოხშირვა ტარდება, როდესაც ფოთოლთა მეორე წყვილი ფოთლები განუვითარდება, უშუალოდ პიკირების წინ. მცენარეთა ფოთლები ოდნავ უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს. პიკირების წინ აუცილებელია ნათესარის მორწყვა. ჩითილის ამოსაღებად გამოიყენება ხის პატარა, ბლაგვპირიანი პინცეტი, ჩაის კოვზი, ბრტყელი ჩხირი ან ფანქარი.
ჩითილი მიწიდან ფრთხილად ამოვქაჩოთ, ისე რომ ღერო არ დავუზიანოთ, დავიჭიროთ ფოთლებით. ჩითილი ხელისგულზე მოვათავსოთ ისე, რომ მცენარის ღერო საჩვენებელ და არათითს შორის მოექცეს, ფოთლებით ქვემოთ იყოს მიმართული, ფესვები კი ზემოთ. ფესვს გრძელი წვეროები უნდა დავუმოკლოთ, ხოლო კარგად განვითარებული ფესვთა სისტემის შემთხვევაში, ფესვები ყველა მხარეს გადავუსწოროთ-ავშალოთ. ამის შემდეგ კი ჩითილს ვრგავთ წინასწარ მომზადებულ პატარა ორმოში, სადაც ფესვი გამართული იქნება. ორმო კარგად ამოვავსოთ ფხვიერი მიწით, ისე რომ ფესვები მჭიდროდ ეხებოდეს მიწას და ღერო მეორე წყვილი ფოთლების ყუნწებამდე დაიფაროს მიწით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ლპობის პროცესს.
პიკირებისას ყველა ჩითილის ამოღება მიწიდან არასასურველია, რადგან ნაზი ფესვები მშრალ ჰაერთან შეხებისას 2-3 წუთის განმავლობაშიც კი შესაძლოა დაზიანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სველი პირსახოცი შემოვახვიოთ. პიკირების საუკეთესო დროა ადრე საღამო, ღრუბლიანი ამინდი ან ადრე დილა, ჩრდილიან ან მაქსიმალურად გრილ ადგილას. პიკირების შემდეგ ჩითილი ზომიერად უნდა მოირწყას, 1-2 დღის განმავლობაში ჩრდილში გავაჩეროთ.
დათესვის შემდეგ შესაძლებელია თესლი არ აღმოცენდეს. თესლის გაღივებისა და აღმოცენების შეფერხების შესაძლო მიზეზებია:
ძველი, უვარგისი ან ცუდად შენახული სარგავი მასალა;
თესლის გარსის დაზიანება;
ძალზე მაღალი ან ძალზედ დაბალი ტემპერატურა;
მცენარის ან მარცვლის გამოშრობა;
ზეჭარბი მორწყვა;
ძალზედ ღრმად ჩათესვა;
თესლსა და ნიადაგს შორის არასაკმარისი კონტაქტი;
მიწაში გაღივების შემაფერხებელი სუბსტანციების არსებობა;
ნიადაგში მავნე ორგანიზმების არსებობა;
საკვები ნივთიერებების უკმარისობა.
ჩითილის ღია გრუნტში გადატანამდე 2–3 კვირით ადრე, საჭიროა ჩითილის წრთობა, რაც გულისხმობს ჩითილის ნელ-ნელა შეჩვევას გარემო პირობებთან.
წრთობისათვის ჩითილები ჯერ რამოდენიმე საათით, ხოლო შემდეგ სულ უფრო და უფრო დიდი ხნით გარეთ უნდა გავდგათ. გამოწრთობილი ჩითილის ღია გრუნტში გადარგვა უნდა მოხდეს საღამოს საათებში ან ღრუბლიან ამინდში.
დაუშვებელია გადარგვა პაპანაქება მზეში ან ქარიან ამინდში. გადარგვისას მცენარეები კვალში ერთმანეთისაგან თანაბარ მანძილზე უნდა იყოს განლაგებული.
დარგვის შემდეგ აუცილებელია ჩითილების მორწყვა. გადარგვა უმჯობესია მაშინ განვახორციელოთ, როდესაც ჩითილს ფოთოლთა მესამე წყვილი განუვითარდება და მეოთხე წყვილი გამოჩნდება. გადარგვის მომენტისათვის ჩითილს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა უნდა ჰქონდეს.
ნუნუ ნაკაშიძე, დარეჯან ჯაში,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„ორგანული სოფლის მეურნეობა“