აგროსიახლეები

მეფრინველეობა სომხეთში _ გამოწვევები და ტენდენციები 

სომხეთში ფრინველის პროდუქციის ბაზარი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტზე. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად, დღეს იგი შიდა მოთხოვნის დაახლოებით 30%-ს აკმაყოფილებს.
შარშან სომხეთში დაახლოებით 39 ათასი ტონა — 60 მილიონი აშშ დოლარის — ფრინველის ხორცის იმპორტი განხორციელდა, ხოლო ადგილობრივი წარმოება ამავე პერიოდში მხოლოდ 14 800 ტონას შეადგენდა.

იმპორტი ძირითადად ხორციელდება: რუსეთიდა (25%), უკრაინიდან (24%), აშშ-დან (21%) და ბრაზილიიდან.

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით, ადგილობრივი პროდუქტის თვითღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია. ეს ძირითადად განპირობებულია ძვირადღირებული საკვების, მარცვლეულისა და იმპორტირებული საინკუბაციო წიწილების გამოყენებით, რაც ფასზეც აისახება.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და გლობალური ლოგისტიკური კრიზისის ფონზე, სომხეთში მნიშვნელოვნად შეფერხდა საკვები მარცვლეულის — განსაკუთრებით სიმინდისა და სოიოს — მიწოდება.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მარცვლეული კულტურების წარმოების მოცულობა შემცირებულია, ადგილობრივი ფერმერები ხშირად იძულებულნი არიან, იაფი ადგილობრივი რესურსის ნაცვლად, უცხოეთიდან შემოტანილი ძვირადღირებული საკვები შეიძინონ.

იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ფრინველი ხშირად უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი არჩევანს იმპორტირებულ, იაფ პროდუქციაზე აკეთებს.

ფერმერები და შესაბამისი უწყებები ხშირად მიუთითებენ იმაზეც, რომ იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი კვების უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჯანმრთელობისთვის საზიანო კომპონენტებიც კი შეიცავს — ზრდის ჰორმონებისა და სხვა ქიმიური დანამატების სახით.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო მეფრინველეობის სექტორს სუბსიდირებითა და ტექნიკური დახმარებით უჭერს მხარს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 2022 წელს დაიწყო, ითვალისწინებდა ადგილობრივი ფერმერების 35%-იან თანადაფინანსებას საინკუბაციო წიწილების ადგილობრივი წარმოებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენაზე.

ამ მხრივ მეფრინველეობისთვის გამოყოფილ იქნა 2.8 მილიარდი დრამი, თუმცა მეწარმეები და ფერმერები მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა სისტემური რეფორმების გარეშე საკმარისი არ არის და საჭიროებს ტექნოლოგიური საკითხების, ადგილობრივი საკვების წარმოების ხელშეწყობასა და ბაზრის დივერსიფიკაციას.

2021 წელს სომხეთში ფრინველის ხორცის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 14.6 ათასი ტონა — დაფიქსირდა, ხოლო 2022 წელს ეს რიცხვი 11.9 ათას ტონამდე შემცირდა.

სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით, წარმოების წლიური ზრდა საშუალოდ 2.3%-ით არის შესაძლებელი, რაც 2028 წლისთვის წარმოების 16–17 ათას ტონამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.

ამისათვის კი უნდა განხორციელდეს სისტემური რეფორმები, კერძოდ: ადგილობრივი საკვების ბაზის გაძლიერება; იმპორტირებულ პროდუქციაზე ხარისხის კონტროლის გაზრდა; ფერმერების ფინანსური სტიმულირება და ცოდნის ამაღლება; წარმოების ავტომატიზაცია და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სომხეთში მეფრინველეობა ჯერ კიდევ განვითარების გზას ადგას. თუმცა, არსებული რესურსების სწორად მობილიზებისა და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ქვეყანას შეუძლია შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება და შექმნას სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ხარისხზე ორიენტირებული მეფრინველეობის პროდუქტების ბაზარი.