მეფუტკრეობა
კაცობრიობისთვის ფუტკარი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი და მეფუტკრეობას, როგორც სამეურნეო საქმიანობის ერთ – ერთ მიმართულებას ადამიანი მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მისდევს . ესპანეთში, ვალენსიის მახლობლად , აღმოჩენილ გამოქვაბულ „არანა“ – ში აღბეჭდილია ფუტკარზე მონადირეთა ფრესკა , რომელიც არქეოლოგთა აზრით , პალეოლითის (ქვის ხანის) ეპოქაშია შესრულებული .
ძველი ინდოეთის მითებში, „ვედაში“ („ვედა“ სანსკრიტის ენაზე „ცოდნას“ ნიშნავს), ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ფუტკარი და თაფლი მრავალჯერ სახელდება. ღმერთებს „მადარა“ ერქვათ, რაც „ნექტრიდან წარმოშობილს“ ნიშნავდა.
ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში, იეროგლიფურ დამწერლობაში დედა ფუტკარი წარმოჩენილია, როგორც ეგვიტეს და მისი ფარაონის ძალაუფლების ამსახველი სიმბოლო . მეფუტკრეობას აქ უძველესი დროიდან (ჩვ.წ. აღ.2000 წლიდან) მიჰყვებოდნენ. უტკარს გამომწვარი თიხიდან დამზადებულ დასაბინავებელში ათავსებდნენ. ძველ ეგვიპტეში მეფუტკრეები ჩვ.წ. აღ. მეორე ათასწლეულში განსხვავებულ სოციალურ ფენასაც წარმოადგენდნენ. ძველი სამყაროს ამ პერიოდში მეფუტკრეობა კარგად იყო ცნობილი ბაბილონის, პალესტინის, არაბეთის, კუნძულ კრეტას მოსახლეობისათვის.
ძველებრაელებს მათ წმინდა წიგნებში ნახსენებია, რომ იოანე იკვებებოდა კალიებითა და ველური ფუტკრის თაფლით, თალმუდში მოცემულია ცნობები ფუტკრის განვითარების და მისი ნაყრიანობის შესახებ.
ამ ეპოქის წერილობით ძეგლებში მრავალია თქმული ფუტკრის შესახებ. მეფუტკრეობა აქ ეგვიპტედან შემოვიდა. საინტერესო მონაცემები ფუტკრის თაობაზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ ჰომეროსის, ჰესიოდეს და ჩვ.წ. აღ. Y – IY საუკუნეების ბერძენი მკვლევარების ნაშრომებში. ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების სხვა თხზულებებში მოცემულია მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ძველი ბერძნები ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებდნენ თაფლსა და ცვილს. ბერძენი მეფუტკრეებისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ ფუტკრის ოჯახი შედგება დედა, მუშა და მამალი ფუტკრისგან, თუმცა ისინი ბოლომდე ვერ ერკვევოდნენ მათ ფუნქციებსა და დანიშნულებაში. რომაელები ფუტკრის მოშენებას ახდენდნენ წკნელისგან მოწნულ, თიხით გალესილ სკებში. არისტოტელეს (384 -322 წ.წ. ჩვ.წ. აღ.)
მისი ნაშრომის ცხოველთა შესახებ მე-Y და მე-IX წიგნებში დეტალურად აღწერილი აქვს ფუტკრის ცხოვრება, მისი განვითარება და მოვლა. ძველ რომშიც სოფლის მეურნეობაზე შექმნილი ნაშრომების ავტორებს (ვაროო, კოლუმელა, ვერგილიუსი, სენეკა, პლინიუსი) განხილული აქვთ ფუტკრთან დაკავშირებული საკითხები.
მუსლიმთა უძველესი რელიგიური ძეგლის ყურანის მე -16 სურაში მოცემული ტექსტი რომლითაც ყოვლისშემძლე ღმერთი მიმართავს ფუტკარს. თაფლის თაობაზე აქ ნათქვამია: „მათი ხორცი მომდინარეობს ნეტარი თაფლი, რომელიც განსხვავებული ფერით, მაგრაბ წარმოადგენს ნამდვილ სამკურნალო წამალს ადამიანისათვის“.
ფრიად საყურადღებოა ის მნიშვნელობა , რომელსაც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ადამიანი ანიჭებდა ფუტკრის გამოსახულებას:
მაგალითად, ძველ ეგვიპტეში, ფარაონების პირველი დინასტიიდან დაწყებული (3222 – 2780 ჩვ.წ. აღ.) ფუტკრის გამოსახულება გამოიყენებოდა სხვა და სხვა ემბლემებზე.
ძველ საბერძნეთში მის გამოსახულებას ქალაქების გერბებზე და მონეტებზე იყენებდნენ. არსებობს ალექსანდრე მაკედონელის ვერცხლის მონეტა, სადაც ტახტზე მჯდომი ზავსის გვერდით ფუტკარია ასახული.
ძველ რომში ფუტკრის ფიგურის გამოსახულება ხშირად გამოიყენებოდა სამკაულებზეც.
გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრის დროს აღმოაჩინეს ძვ. წ. IY საუკუნის ბუკები. ახალი წელთაღრიცხვის შუა საუკუნებბში კი გარმანელ მეფუტკრეები უკვე დაეუფლნენ ნაყრის მეშვეობით ფუტკრის გამრავლებას, აწყობდნენ საფუტკრეებს და ეწეოდნენ მთაბარობას, თაფლი და ცვილი გაჰქონდათ ესპანეთში, სირიასა და პალესტინაში
საქართველოში ფუტკარზე ნადირობა აგრეთვე უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ამის თაობაზე მეტყველებს მრავალი ისტორიული წყარო და ეთნოგრაფიული მასალა. „ახლაცაა შემორჩენილი იმ ადგილების სახელწოდებები, სადაც ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული ფუტკარი, რომელზეც ნადირობდა ქართველი ადამიანი. ასეთია კახეთში – თაფლია კლდე, სოფ. შაქრიანის იმ სანახებში, რომელთაც დიდყური ეწოდება, ხევსურეთში – შავარდნის კლდე, ვანის რაიონში, მდინარე სულორის ზედა დინებაში – სათაფლია ქვა, ქუთაისთან – სათაფლია, ლანჩხუთში – სათაფლო კლდე.
ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფაში შინაური მეფუტკრეობის არსებობის შესახებ ადრინდელი უტყუარი ცნობა ძვ.წ. აღ. IV საუკუნეს მიეკუთვნება, საქართველოს დალაშქვრისას დამარცხებული და აფხაზეთიდან გაქცეული ბიზანტიის მთავარსარდალი და ისტორიკოსი ქსენოფონტე თავის „ანაბასისში“ წერდა, რომ კოლხეთში ბევრი ფუტკარი იყო, თაფლით დამთვრალი ჯარისკაცები ფეხზე ვეღარ დგებოდნენ, გიჟებს ჰგავდნენ და გრძნობაზე მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ მოდიოდნენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ უკვე იმ ეპოქაში მეფუტკრეობა მძლავრად იყო განვითარებული საქართველოს ტერიტორიაზე. CNC World – Georgian ancient honey 1- არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რომ ქართველები მეფუტკრეობასა და თაფლის შენახვას უკვე 5500 წლის წინ ეწეოდნენ ქართული თაფლის მათრობელა თვისებებს პლინიუსიც (I ს. ჩვ. წ. აღ.). აღნიშნავდა. ჭანების შესახებ იგი წერდა, რომ მათ თაფლს მათრობელა თვისებები აქვს. ამ თვისებას იგი იელის ყვავილის არსებობით განმარტავს და მიუთითებს, რომ „ეს ტომი რომაელებს ხარკს ცვილის სახით უხდის, მაგრამ თაფლით ვაჭრობას არ აწარმოებენ მისი დამღუპველი თვისებების გამო“.
ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი კოლხეთის თაფლს ასე ახასიათებს:“ქვეყანა კარგია და ნაყოფიც კარგია, გარდა თაფლისა, რომელსაც ჩვეულებრივ მწარე გემო აქვს“. აგრეთვე იმ ეპოქის აღწერილობაში აღნიშნავდნენ, რომ კოლხებს სამხედრო ეშმაკობაც გააჩნდათ, პომპეუსის შემოსევის დროს კოლხებს გზაზე, სადაც ჯარს უნდა გაევლო, მათრობელა თაფლით სავსე ჯამები დაუდგამთ, რომაელი ჯარისკაცები თაფლის ჭამით გაბრუებულან, რის შედეგად კოლხებს ადვილად დაუმარცხებიათ ისინი“.
ქართველი ხალხი ფუტკარს ოდიდგან ღვთაებრივ მწერად მიიჩნევდა. ფუტკრის კულტიც არსებობდა. წელიწადში ერთი დღე ფუტკარს ეძღვნებოდა. ფუტკრის ოჯახთა რაოდენობის მიხედვით აცხოდნენ კვერებს და შუა საფუტკრეში ხეზე ჰკიდებდნენ, საღამო ხანს კი ბავშვებს ურიგებდნენ. წესად იყო ქცეული ფუტკრის შელოცვა ავი თვალისაგან. ამ დღეს მამაკაცები სკებს ამზადებდნენ, საფუტკრეს ასუფთავებდნენ, ღობავდნენ და ა.შ. დიდ დანაშაულად ითვლებოდა ფუტკრისადმი უდიერი მოპყრობა, უპატივცემლობა, შემდგომ საუკუნეებში კი ფუტკარს, როგორც ღვთაებრივ მწერს, ეკლესიასაც კი სწირავდნენ.
საქართველოში, როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყანის ისტორიაში, მეფუტკრეობის განვითარების სამ ეტაპს განასხვავებენ:
_ ტყიური ფორმა, რომელიც ველური ფუტკრის თაფლზე ნადირობით ხასიათდებოდა. ის შეიცავდა ფუტკრის ოჯახების ხის ფუღუროებსა და კლდის ნაპრალებში მოძებნას და თაფლიანი ფიჭის ამოყრას. ვახუშტი ბაგრატიონი დასძენს „ვიეთნი ან კაცთაგან მოუსვლელნი არიან და მას შინა ფუტკარნი მრავალნი, რომელთაგანაც გადმოედინების თაფლნი“.
ფუტკარზე ნადირობა, ფიჭის დაუნდობელი ამოყრა, ფუკრის ოჯახის ბუდის განადგურებასა და ფუტკრის რიცხოვნების შემცირებას იწვევდა;
_ ნახევრადშინაური ფორმა, რომელიც ტყიურ ფორმასთან შედარებით უფრო პროგრესულ სახეს ღებულობდა. ამ ეტაპზე ადამიანები ბუკებს ხეებზე აწყობდნენ, ბუდიდან მხოლოდ თაფლის ნაწილს იღებდნენ და ფუტკრის ოჯახს სააბსებო ნაწილს უტოვებდნენ. გარდა ამისა ნაყრის გამოსვლის შემთხვევაში მას აგროვებდნენ და წინასწარ მომზადებულ საცხოვრებელში აბინავებდნენ, ანუ ადამიანმა უკვე დაიწყო ფუტკრის ოჯახების გამრავლების რეგულირება. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს წარმოიქმნა ფუტკრის მოვლაპატრონობის პირველი პრიმიტიული ტექნოლოგიები და ამ ისტორიულ ეტაპზე გაჩნდა მეფუტკრის პროფესია;
_ შემდგომ ეტაპს შინაური მეფუტკრეობა წარმოადგენს. ამ დროს უკვე გაჩნდა სხვა და სხვა სახის და ფორმის ფუტკრის ხელოვნური დასაბინავებელი, შემდგომ კი განსხვავებული სახეოობსა და ტიპის სკებიც, ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად დაიწყო საფუტკრის მოწყობა, მისი მთაბარობა, ფუტკრის გამრავლებისა და მოვლა – პატრონობის ტექნოლოგიების სრულყოფა და განვითარება.
უძველესი დროიდან ქართველი ხალხისათვის მეფუტკრეობას როგორც საოჯახო, ისე სამრეწველო მნიშვნელობა გააჩნდა. მეფუტკრეობა აკმაყოფილებდა არა მარტო ქვეყნის შიდა მოთხოვნებს, არამედ ქართველებს სხვა პროდუქტებთან ერთად ის სავაჭროდ გაჰქონდათ სხვა ქვეყნებშიც.
ქართული ჯიშის რუხი ფუტკრის შესწავლა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მეცნიერების მიერ დადგენილ იქნა მისი უნიკალური ნიშან-თვისებები. ამის გამო 1886 წელს საფუძველი ჩაეყარა საჯიშეების ჩამოყალიბებას სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგარაში და სხვაგან.
XX საუკუნე ქართულ მეფუტკრეობაში გამოირჩევა უდიდესი წინსვლით. დაარსდა საცდელი სადგური, შეიქმნა სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, მეფუკრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, შემდგომ კი კავშირი და ასოციაცია, დაარსდა სპეციალიზებული ჟურნალი „საქართველოს მეფტკრეობა“, სახალხო უნივერსიტეტი, საკონსულტაციო და ფუტკრის დაავადებათა დიაგნოსტიკის ლაბორატორია, ინსტიტუტი. მეფუტრეობის დარგში მოღვაწეობდა ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა ღირსეული პლეადა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების საქმეში. ამ პერიოდში მსოფლიომ აღიარა ქართული ფუტკრის სასარგელო ნიშან-თვისებები და სამი ოქროს მედალიც მიანიჭა:
– 1961 წელს, გერმანიაში, ქ. ერფურტში გამართულ მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ჩხოროწყუს რაიონის საჯიშედან წარმოდგენილმა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის ორმა ოჯახმა სხვა ქვეყნების ფუტკარს აჯობა და გამოფენის მსვლელობის დროს ყველაზე მეტი (97,3 კგ.) თაფლი შეაგროვა;
მეფუტკრეობა – წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ დარგს, ხოლო მეფუტკრის პროფესია – ერთ-ერთი უძველესია ქართველი ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში.
მეფუტკრე სპეციალისტია, რომელიც უვლის ფუტკარს, ზრუნავს მის გამრავლებაზე, უზრუნველყობს ფუტკრის ახალი ოჯახების ფორმირებას, მათ მოვლა-პატრონობასა და ღებულობს 6 სახის ნატურალურ პროდუქტებს.
დარგში დასაქმებული, გამოცდილი ადამიანების აზრით, რეალური მატერიალური შემოსავლის გარდა, მეფუტკრის პროფესია ადამიანს უქმნის სამყაროსთან მრავალფეროვანი ურთიერთობის, ბუნების წიაღში დასვენების შესაძლებლობას, ანიჭებს დიდ სიამოვნებასა და სიამაყეს მის მიერ გაწეული შრომის შედეგებით.
პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად საჭიროა დაეუფლო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და რაც მნიშვნელოვანია შესძლო მათი ჰარმონიული შერწყმნა მუშაობის პროცესში. იმისათვის, რომ ვუპატრონოთ ფუტკარს უნდა ვისწავლოთ მასთან ურიერთობა, გაგვაჩნდეს სპეციალური ინვენტარი, თვალყურს ვადევნებდეთ მსოფლიოში მიმდინარე ბუნებრივ-კლიმატურ პროცესებსა და მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ფუტკრის ბიოლოგიური თავისებურებების ცოდნის გარდა საჭიროა კარგად ვერკვევოდეთ თაფლოვან მცენარეებში, თაფლის სახეობებსა და ხარისხობრივ მაჩვენებლებში, მისი პირველადი დამუშავების საკითხებში.
მეფუტკრობით დასაქმება საკმაოდ ცვლის ადამიანის ცნობიერებასა და ცხოვრების წესს. ფუტკარი ვერ იტანს უსუფთაობას, არსასიამოვნო, გადამეტებულად მძაფრი პარფიუმერის, ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნს. ფუტკართან ყოვედღიური ურთიერთობა, ფუტკრის ოჯახის არსებობასა და საქმიანობაზე დაკვირვება, მეფუტკრეს უვითარებს ცნობისმოყვარეობას, ბუნების სიღრმისეული შესწავლის სურვილს, უყალიბებს თავისებურ ფილოსოფიურ აზროვნებას, ფუტკრის მისაბაძი მაგალითი – შრომისმოყვარეობას, ყაირათიანობას, და სხვა სასარგებო თვისებას, რომელიც გამოადგება ცხოვრების განმავლობაში.
მეფუკრეობაში დასაქმებულ ადამიანებს ახასიათებთ კარგის ჯანმრთელობა, მათ იშვიათად ემართება რადიკულიტი, არტრიტი, ღვიძლისა და სისხლ-ძარღვთა დაავადებები, ისინი მხნეთ გრძნობენ თავს ღრმა სიბერემდე.
„თუ დედამიწაზე გაუჩინარდება ფუტკარი, ოთხი წლის განმავლობაში გაქრება ადამიანიც. არ იქნება ფუტკარი _ არ იქნება დამტვერვა, არ იქნება მცენარეები, არც ცხოველები და არც ადამიანი.“ _ ალბერტ აინშტაინი.
აინშტაინის მემკვიდრეობის მკვლევარების განცხადებით, მათ ხელთ არსებულ მასალებში ისინი ვერ პოულობენ ამ გამონათქვამის რეალობის დამადასტურებელ წყაროს. ფუტკრის დამცველები კი აინშტაინის წინასწარმეტყველების დასადასტურებლად იშველიებენ ბროშურას, რომელიც წლების წინ გაავრცელა საფრანგეთის მეფუტკრეთა ეროვნულმა კავშირმა (UNAF) ბრიუსელში გამართულ ეროვნულ ფორუმზე.
აინშტაინი გენიალური მეცნიერი და უდიდესი სიბრძნით გამორჩეული პიროვნება იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ მართლაც გამოეთქვა ამგვარი მოსაზრება რომელიმე შეხვედრაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ფუტკრის შესაძლო განადგურების საფრთხე უსაფუძვლო არ არის და მართლაც საგანგაშოა. კლიმატური და ეკოლოგიური ვითარების გართულების, სოფლის მეურნეობაში შხამქიმიკატების აქტიური გამოყენების, რიგი სხვა ფაქტორების გამო მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება ფუტკრის მასიური დაღუპვის ფაქტები და იმავდროულად მცენარეთა დამტვერვის გაუარესების ტენდენცია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფმა გააანალიზა ფუტკრისა და მცენერეთა დამტვერვაში მონაწილე სხვა მწერების დაღუპვის შესაძლო შედეგები. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მცენარეთა დამტვერვაში ამ მწერების მონაწილეობის შედეგად კაცობრიობა ღებულობს საკვები პროდუქტების 35%, საჭირო ვიტამინებისა და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების 40% -ს. კვლევის მეშვეობით ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფუტკრისა და ამ სახის სხვა მწერების გაუჩინარება მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვევს ხილის წარმოების ყოველწლიურად 22.9%, ბოსტნეულის – 16,3%, თხილისა და მარცვლეულის – 21.1% – ით შემცირებას. ყველაზე მეტად დაზარალდებიან აღმოსავლეთი ევროპის, დასავლეთი და სამხრეთაღმოსავლეთი აზიის ქვეყნები. არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად გაიზრდება 1.42 მილიონით, ანუ იმატებს (2.2%). ( For immediate release: July 15, 2015 3).
წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“