აგროსიახლეები

„მეფუტკრეობა, თხილი და მოცვი სამეგრელოში სტრატეგიული დარგებია, სახელმწიფო ფერმერებს მხარში უდგას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონი მოინახულა, სადაც მეფუტკრეებთან, მოცვის მწარმოებლებთან და მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა. ამავე დროს მინისტრმა რეგიონის სამეცნიერო, საწარმოო და აგროსექტორის სხვადასხვა ობიექტები მოინახულა.
„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა უმნიშვნელოვანესია იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე მინისტრი ლაბორატორიის თანამშრომლებს და მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეფუტკრეობას საქართველოში ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, ხოლო ქართული ფუტკარი უნიკალურია და საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს.

„მუხურის ბაზა მეფუტკრეობისთვის სტრატეგიული ობიექტია. მისი დაცვა, განვითარება და გამოყენება ხარისხიანი ჯიშების შენარჩუნებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ ლურჯი მოცვის გადამმუშავებელ საწარმოსაც ესტუმრა. მისი თქმით, მოცვის წარმოება ქვეყანაში იზრდება და უკვე ექსპორტი უკვე 40.5 მილიონ აშშ დოლარს აღწევს – რაც,  საგაზაფხულო ყინვების მიუხედავად შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით მეტია.

„მოცვის დარგი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. დღეს ის უკვე მნიშვნელოვან საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს“, – განაცხადა მინისტრმა.

სოფელ რიყეში კი დავით სონღულაშვილი მეთხილე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ გიორგი ზაქარაიას პლანტაციაში გაიმართა. მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე – მათ შორის თხილის ხმობის პრობლემაზე, რომლის იდენტიფიცირებასაც აქტიურად ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ მასშტაბურ ღონისძიებებსაც, რომელშიც 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა ჩართული.

„სახელმწიფო ყველა მიმართულებით მხარში უდგას ფერმერებს – ბაღების გაშენებიდან დაწყებული, მოსავლის დაბინავების, დაავადებებთან ბრძოლისა და ტექნიკური უზრუნველყოფით დასრულებული. ეს არა მხოლოდ ფერმერთა კეთილდღეობაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება“, – განაცხადა მინისტრმა.