მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის ახალი შესაძლებლობა ფერმერებისთვის
სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღების განახლებას „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის“ ფარგლებში.
განაცხადების მიღება დაიწყება 30 ივლისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება შემდეგი პირობებით:
რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში – ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე;
სათბურებისა და მზის ელექტროსადგურების დაფინანსების მიმართულებით – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ახალი ფერმერული საქმიანობის დაწყებას, ისე უკვე არსებული მეურნეობების გაფართოებასა და მოდერნიზებას.
დაფინანსება ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულებებით:
რძის პირველადი წარმოება – პირუტყვის სადგომებისა და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები – არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრის მქონე სადგურების დამონტაჟება;
ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის – მაქსიმუმ 200 კვ.მ სათბურის მოწყობის ფინანსური მხარდაჭერა.
ამ კომპონენტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს:
– კაცებს – 18-დან 35 წლამდე;
– ქალებს – 18-დან 40 წლის ჩათვლით.
პროგრამა მნიშვნელოვანია იმ ფერმერებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აგრარულ სექტორში დარჩენისა და თანამედროვე, ენერგოეფექტური ფერმერული საქმიანობის განვითარებისკენ ისწრაფვიან.
დამატებითი დეტალებისა და განაცხადის ფორმის სანახავად მიმართეთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდს ან სააგენტოს რეგიონულ ოფისებს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.