დარგებიმევენახეობა-მეღვინეობარეგიონები

მესხური ვაზის გადარჩენისთვის – მეგობრების წამოწყებული მეურნეობა სამცხეში

მესხური ვაზის გადარჩენა-გამრავლების მიზნით, სამცხეში ორმა მეგობარმა ერთგვარად სარისკო მეურნეობა დაიწყო. მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 1100 მეტრ სიმაღლეზე ვენახი გააშენეს. აქვთ ძირითადად ძველი მესხური ჯიშები და პირველ მოსავალს 2022 წელს ელოდებიან.

კახაბერ თელიაშვილმა და ზურაბ კოსტანაშვილმა ძველი მესხური ჯიშები ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალესთან ახლოს, 2021 წლის ივნისში დარგეს. მას მერე ყოველდღიურად „შვილივით უვლიან“ და რეკომენდაციებსა და რჩევებს გამოცდილი მევენახე-მეღვინეებისგან იღებენ.

ვაზის ძველი მესხური ჯიშების გაშენების იდეა კახაბერ თელიაშვილს წლების წინათ გაუჩნდა. მაშინ მეგობრებთან ერთად ახალციხის სოფელ ზიკილიაში მოყვარულ მევენახესთან იყოფებოდა. დარგის სხვა სპეციალისტების დახმარებით, ახლა უკვე საკუთარი ვენახი აქვს: „დაახლოებით 7-8 წლის წინათ, მე და ჩემი მეგობრები ზიკილიაში, ემზარ გაჩეჩილაძესთან ვიყავით, მაშინაც მაინტერესებდა ვაზის ამბავი და თვითონაც ისეთი კაცია, რომ კიდევ უფრო მეტად დაგვაინტერესა. მერე ნელა-ნელა დავიწყეთ ამ დარგის შესწავლა. ჩვენი კუთხის, მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობს შესახებ ინფორმაცია დაკარგულია, ან ძალზე მწირია, ამიტომ ძალიან დაგვეხმარნენ გიორგი ნათენაძე და კახაბერ ასპანიძე-ფანასკერტელი, მათთან ვნახეთ გაშენებული მესხური ჯიშები და ჩვენც ძალიან მოგვინდა ვენახის გაშენება, – ამბობს კახაბერ თელიაშვილი.

მისივე თქმით, ნაკვეთი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 1100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა ვაზი ზღვის დონიდან 1600 მეტრზეც გაუშენებიათ: „საფრთხილოა, რომ ვიდრე მცენარე ჩამოყალიბდება და ყინვას გაუძლებს, ზამთარმა არ დააზიანოს. ყველაზე მეტად გაზაფხულის წაყინვების გვეშინია. ეს ჩვენთან აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში იცის“.

ჯიშები

ამ ეტაპზე ვაზი მცირე ფართობზე, 3600 კვადრატულ მეტრზე აქვთ გაშენებული, თუმცა ფიქრობენ, რომ ნაკვეთი 2 ჰექტრამდე გაზარდონ. ივნისში დარგული „მწვანე  ნერგის“ უმრავლესობამ გაიხარა და ეს დამწყები მევენახეებისთვის სასიხარულოა: „ზოგადად, ნერგების 80%-მა რომ გაიხაროს კარგ შედეგად ითვლება და ჩვენ თითქმის 99% გავახარეთ. თუმცა ძალიან შრომატევადი საქმეა და მეტ ცოდნას მოითხოვს. ბევრი დეტალია, რომელიც არ უნდა გამოგეპაროს“.

დამწყები მევენახეების მიზანი მესხური ჯიშების გადარჩენა და გამრავლებაა, ამიტომ შეეცადნენ საცდელად და დასაკვირვებლად მესხური ჯიშები აეღოთ და რეგიონისთვის ის სახეობები დაებრუნებინათ, რომელთა წარმოშობაც მესხეთს უკავშირდება.

ვაზი მესხური მლკაჯდლფჯალსდჯფ

„გვაქვს ორი ჯიში, რომლებზეც სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ძველი მესხურია: „ხიხვი“ და „დანახარული“. როცა მეღვინე გიორგი ნათენაძემ  მესხეთში მესხური „ხიხვი“დააბრუნა, ვაზს ძალიან მოეწონა აქაური პირობები და კარგად დამწიფდა. რაც შეეხება „დანახარულს“, მისი წარმოშობის ადგილად ქართლი ითვლებოდა. ქართლში მას საგვიანო და მცირემოსავლიან ყურძნად მიიჩნევენ, თუმცა გიორგი ნათენაძემ მირჩია, რომ დანახარული მეცადა. მითხრა, რომ მესხურ საადრეო ჯიშებზე ადრე მწიფდება და ძალიან მოსწონს ჩვენი კლიმატი. ამიტომ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ აქედან წაღებული ჯიშებია“, – ამბობს კახაბერ თელიაშვილი.

„ხიხვისა“ და „დანახარულის“ გარდა, მეურნეობაში აქვთ: „მესხური მწვანე“ და „თამარის ვაზი“; მესხური მკაცრი პირობების გათვალისწინებით, საცდელად დარგეს „ჩიტისთვალა მესხური“ და „ცხენის ძუძუ მესხური“.

დასაკვირვებლად გააშენეს რამდენიმე არამესხური ჯიშიც:  „ საფერე ბუდეშური“,  „გურული მწვანე“ და „ჩინური“.

რატომ „დაიკარგა“ მესხური ვაზი

ის ფაქტი, რომ მესხური ვაზის ჯიშები გადაშენების პირას დადგა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ძირძველი ჯიშები ჰიბრიდულმა კლონებმა ჩაანაცვლა, კახაბერ თელიაშვილს ერთგვარ პროტესტს უჩენდა. ამბობს, რომ ისტორიულად, ვაზი მესხეთისთვის მშობლიური კულტურა იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ნაკლებმოსავლიანი ჯიშები განადგურდა:

„საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენში ვაზის ჯიშების ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა და არა მხოლოდ მესხური. რომელიც ჩათვალეს, რომ უხვმოსავლიანი ჯიში არ იყო, არამედ ყველა გაანადგურეს. მაგალითად, „რქაწითელს“ შეუძლია თავი გაიგიჟოს და 1 ჰექტარზე 20 ტონა მოიყვანო. რომელიც მცირემოსავლიანი ჯიში იყო, დაიჩაგრა. არადა, ბევრი „მარგალიტი“ გვაქვს და ჯერ კიდევ პოულობენ ძველ ჯიშებს. ზოგჯერ თურქეთსაც აბრალებენ ხოლმე, რომ ისინი ჩეხდნენ ვაზსო, სინამდვილეში, ისინი ღვინოს თუ არ აყენებდნენ, ჩამიჩის და შარბათისთვის ხომ მაინც სჭირდებოდათ ყურძენი და ყურძნის ტბილი“, – ამბობს კახაბერ თელიაშვილი.

მისივე თქმით, ახლა მესხეთში უმეტესობა ჰიბრიდული ჯიშია გავრცელებული, რომელთა მოვლაც უფრო მარტივია, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ ასეთი სახეობის ყურძნისგან დაყენებული ღვინო მავნებელია.

„ჩვენთან გავრცელებული ვაზის, ალბათ, 98% ჰიბრიდული ჯიშებია. ისინი გამოყვანილია ხელოვნურად, რომ ადვილი იყოს მოვლა, მაგრამ მისგან ღვინის დაყენება კატეგორიულად არ შეიძლება. იმიტომ, რომ ალკოჰოლური დუღილის პროცესში, ყალიბდება მეთილის სპირტი, რომელიც მერე ღვიძლში ილექება და აზიანებს მას. სხვა ქვეყნებში, თუ არ ვცდები, აკრძალულიც არის ასეთი ღვინის მოხმარება. ერთ-ერთი ასეთი ჯიშია მაგალითად, „ადესა“, რომელიც ძალიან უყვართ გურიაში და ახლა მათ, რომ უთხრა მომწამვლელიაო, არ დაიჯერებენ.“

ჰიბრიდულისგან განსხვავებით, მესხური ჯიშის ყურძენი რეგიონის პირობებს კარგად ეგუება, დროულად მწიფდება და კარგი შაქრიანობაც აქვს. იგი ყველა იმ პროცესის გავლას ასწრებს, რომელიც ყურძენს სჭირდება, რომ ხარისხიანი ღვინო დადგეს.

მესხური ვაზის ჯიშებიდან დაწურული ღვინო

დამწყები მეღვინე ამბობს, რომ მესხური ვაზისგან მაღალხარისხიანი ღვინო დგება და მაგალითად მოჰყავს „თამარის ვაზი“, რომელიც გადაშენების პირას იყო და  სპეციალისტებმა მთაში მიაგნეს.

„ნიალას მთასთან, ალპური ზონაში „თამარის ვაზს“ გიორგი ნათენაძემ მიაგნო.  ველურად ხარობდა  და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. აჭრა, ჩამოიტანა და სპეციალისტებს აჩვენა,  მათ გამოიკვლიეს, აღმოჩნდა რომ ეს ჰიბრიდული კი არა, კულტურული ჯიში იყო, ოღონდ ვერ დადგინდა რომელი, ამიტომ დაარქვეს „თამარის ვაზი“.  მერე გიორგი ნათენაძემ ეს ვაზი გაამრავლა, მოაშენა და ღვინო დააყენა, რომელმაც 2019 წელს იტალიაში გამოფენაზე პირველი ადგილი აიღო.

წარმოიდგინეთ, როგორი „მარგალიტია“ და იკარგებოდა ნიალაში. ცუდი შეგრძნება მეუფლება ხოლმე, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ჯიში დაკარგულიყო, არადა ბევრი ასეთი ჯიში გვაქვს დაკარგული“.

დამწყები მეღვინე ამბობს, რომ მესხური ღვინოები უფრო მსუბუქი ხასიათისაა და მეტად იმერულ ღვინოებს ჩამოჰგავს, ვიდრე ქართლის ან კახეთისას.

სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე, კახაბერ თელიაშვილი და ზურაბ კოსტანაშვილი რჩევებს უკვე გამოცდილი მევენახე-მეღვინეებისგან იღებენ. გადანაწილებულ საქმესაც მათი უშუალო მონაწილეობით და კონსულტაციებით ასრულებენ. დამწყები მეღვინეები სხვებსაც ურჩევენ, რომ ძირძველი კულტურის გამრავლებაში წვლილი შეიტანონ.

„მჯერა, რომ ეს ამბავი გამოგვივა და კარგ ღვინოსაც დავაყენებთ. ნიშანს 2022 წელს ველოდებით, დავკრეფთ ყურძნის რაღაც რაოდენობას, უკვე ბევრმა ახალგაზრდა ვაზმა გამასწრო სიმაღლეში. ამასთანავე, 2022 წლის გაზაფხულიდან, გვინდა, რომ ვაზის პატარა სანერგეც გავაკეთოთ. ჯერ ჩვენივე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომ გავფართოვდეთ, შემდეგ მსურველებსაც გავუმრთოთ ნერგებით ხელი“, – ამბობს კახაბერი.

თაკო  ფეიქრიშვილი, ახალციხე, ოქტომბერი, 2021წ.

2