აგროსიახლეები

მესტიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განახლება გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა მიზანია რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება, მოძრაობის უსაფრთხოება და ტურისტული პოტენციალის გაძლიერება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. პროექტი მოიცავს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, ხიდებისა და საყრდენი კედლების შეკეთებას, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება სვანეთის მიმართულებით გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 43.6 მილიონ ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მდინარე ნენსკრას ხეობაში, ხაიში-საკენი-ომარიშარას მონაკვეთზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება, ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა და ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ნენსკრაზე.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის სხვადასხვა მონაკვეთზეც ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება 41-ე, 53-ე, 67-ე, 68-ე, 70-ე და 76-ე კილომეტრებზე, რაც ჯამში 1.2 კილომეტრის სიგრძის გზას მოიცავს. აღნიშნულ გზაზე, მდინარე ხუბურზე არსებული 19.9-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. იგეგმება ჰიდროიზოლაცია, ახალი გზის საფარის დაგება და საყრდენი კონსტრუქციების გამაგრება.

გარდა ამისა, გრძელდება სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე. სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტის საფარის, რკინა-ბეტონის კედლებისა და უსაფრთხოების ზღუდარების მოწყობას. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 670 ათას ლარამდეა.

მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სვანეთის ტურისტულ ხელმისაწვდომობასა და ადგილობრივ მოსახლეობისთვის ყოველდღიური მოძრაობის გაუმჯობესებას.