მეთხილეობის დარგი გავხადოთ მომგებიანი, როგორც ფერმერებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის
საქართველოს პარალენტის წევრ გელა აბულაძის განცხადება
„მინდა გამოვეხმაურო იმ ხალხს, ვინც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფოს გადაწვეტილებას დადებითად მიიჩნევს, რადგან ფიქრობენ, რომ ფერმერებისთვის სუბსიდირების გამოყოფა ეკონომიკურად არამომგებიანია და სჯობს სახელმწიფომ თანხები ფერმერების განათლებაში ჩადოს, რომ თითქოს მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა და ამის გამო არის პრობლემები თხილის სექტორში.
ადამიანები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ თხილის პლანტაციების მოვლა–გაშენებასა და პროდუქციის წარმოებაში, ცდილობენ თხილის სექტორში არსებული პრობლემები ფერმერთა გაუნათლებლობას გადააბრალონ.
საქართველოში თხილის პლანტაციების მასიური გაშენება 90იან წლებში დაიწყო. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით ამოძირკვა ჩაის პლანტაციები და მათ ადგილას გააშენა თხილის ბაღები. მთელ ამ პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობა არ მიუღია. დღეის მდგომარეობით, საქართველოში თხილის განაშენიანეის ფართობი შეადგენს 44 ათას ჰექტარს. რომლისგანაც ნორმალურ პირობებში თხილის მოსავალი უნდა იყოს 100-120 ათასი ტონა, ხოლო შემოსავალი ექსპორტიდან დაახლოებით 1 მილიარდი ლარი. რეალობაში მოსავალი და ექპორტიდან შემოსავალი გვაქვს ზემოაღნიშნული მონაცემების მესამედი.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს დახმარება და არა მხოლოდ ბაღების შეწამვლის სუბსიდირებით, არამედ რამდენიმე მიმართულებით, რომ მეთხილეობის დარგი გავხადოთ მომგებიანი, როგორც ფერმერებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის.
საჭიროა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
-
თხილის ბაღების უმეტესი ნაწილი გაშენებულია ყოფილი ჩაის პლანტეციების ტერიტორებზე, რომელთა ნიადაგიც გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, რაც უარყოფითად აისახება თხილის მოსავლის რაოდენობაზე, ამიტომ, საჭიროა გამოყენებულ იქნას დასავლეთ საქართველოში არსებული დოლომიტისა და მერგელური ტკილის კარიერები, რომელთა ფართობებზე შეტანა გამოიწვევს ნიადაგის მჟავიანობის განეიტრალებას და მოსავლიანობის გაზრდას 2–3 ჯერ.
-
მუნიციპლიტეტებში უნდა შეიქმნას შესაბამისი სერვისცენტრები, სადაც ფერმერები შეძლებენ პლანტაციების შეწამვლისა და მოსავლის აღებისთვის საჭირო ტექნიკის დაქირავებას, რათა პლანტაციების დამუშავება და მოსავლის აღება მოხდეს დროულად, ხარისხიანად და ნაკლები დანახარჯებით.
-
სუბსიდირება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3-4 წელი, რათა მოსახლეობამ შეძლოს შესაბამისი პრეპარატების შეძენა და ეფექტურად გამოყენება.
აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდგომ, 3-4 წელიწადში საექსპორტო მაჩვენებელი მიაღწევს 100-120 ათას ტონას, რომლის შემდეგაც უკვე ფერემრებს შეეძლებათ თავიანთი ბაღების საკუთარი სახსრებით მოვლა–პატრონობა, ვინაიდან ექსპორტიდან შემოსავლების გასამმაგება დადებითად აისახება, როგორც თავად ამ ფერემერებზე ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.”

