დარგებიმეცხოველეობა

მეცხენეობა

ცხენი ინტენსიურად გამოიყენება სპორტსა და ტურიზმში, ზოგიერთ ქვეყანაში კი როგორც ხორცისა და რძის მომცემი ცხოველი. ამასთან, მიუხედავად მექანიზაციის განვითარების მაღალი დონისა, მას როგორც სამუშაო ძალას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ეს განსაკუთრებით ეხება მთიან ადგილებს. ცხენს დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ბიოლოგიური მრეწველობისთვის როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო შრატების რეპროდუცენტს.

 საქართველოში მეცხენეობას დიდი ტრადიციები გააჩნია, ეს გაპირობებული იყო, ერთის მხრივ, მტრების გამუდმებული შემოსევებით, როდესაც ცხენი ქვეყნის დამცველებისათვის შეუცვლელ საშუალებად ითვლებოდა, ხოლო მეორეს მხრივ, მომთაბარე მეცხოველეობის მაღალ დონეზე განვითარების გამო. გარდა ამისა, ჩვენში მრავლადაა ისეთი ტრადიციული თამაშები და სანახაობები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სათანადოდ გაწვრთვნილი ცხენები.

 კონსტიტუცია და ექსტერიერი

სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისაგან განსხვავებით ცხენის ორგანიზმი ფუნქციურად მზად არის დაძაბული, ხანგრძლივი და განსხვავებული სამუშაოების შესასრულებლად. ნერვული სისტემა აძლევს მას შესაძლებლობას აღიქვას და ზუსტად შეასრულოს ადამიანის ბრძანება, გამოიმუშაოს და განიმტკიცოს პირობითი რეფლექსები. მეტაბოლიზმის სიჩქარე და ინტენსიურობა ცხენში გაცილებით ძლიერია, ვიდრე სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველში.

კონსტიტუციურს მიეკუთვნება ცხენის ის თავისებურებები, რომლებიც თავის ასახვას პოულობს მთელი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებში და ვლინდება როგორც მორფოლოგიური, ასევე მისი ფიზიოლოგიური რეაქციების ინდივიდუალურ თავისებურებებში. ცხენის ორგანიზმის კონსტიტუციურ თავისებურებებს მიეკუთვნება სხეულის აგებულება, ძვლოვანი, კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილების  ურთიერთშეფარდება, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების თავისებურებები, მწარმოებლურობა და სხვა.

ცხენის ექსტერიერის ზოგადი ცნების ქვეშ იგულისხმება სხეულის ზომები და ფორმა, ასაკობრივი თავისებურებები, სხეულის ნაკვთების აგებულება, ფერი და ნიშნები.

ექსტერიერის შესწავლის ძირითადი მეთოდებია თვალზომით შეფასება, განაზომების აღება, აგებულების ინდექსების გაანგარიშება და ფოტოგრაფირება.

თვალზომით შეფასებისას ცხენის ცალკეული ნაკვთების განვითარების და მისი გარეგანი აგებულების ჰარმონიულობის განხილვა ხდება მის ჯიშიანობასთან,  ტემპერამენტთან და  მოძრაობის ხარისხთან კავშირში. ასეთი მიდგომისას იღებენ ინფორმაციას ცხენის ტიპზე, ფორმატზე, მასიურობაზე და აგებულობის კომპაქტურობაზე, მისი კიდურების სიმაგრეზე, ცალკეული ნაკვთების ღირსებებსა და მანკებზე.

ექსტერიერის შეფასებისას ტიპის დადგენის მიზნით ცხენს ათვალიერებენ  ზოგადად, შემდეგ კი, როგორც გაჩერებულ მდგომარეობაში, ისე მოძრაობისას (ნაბიჯით, რბოლით, ნავარდით ან თოხარიკით სვლისას) უფრო დეტალურად სწავლობენ ცალკეულ ნაკვთებს. კიდურებს ათვალიერებენ ორივე გვერდიდან, აგრეთვე წინიდან და უკნიდან, აფასებენ კბილების მდგომარეობას და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას.

განაზომებიდან ძირითადია სიმაღლე მინდაოში, სხეულის სიგრძე, გულმკერდისა და ნების ირგვლივა. საჭიროების შემთხვევაში დამატებით იღებენ გულმკერდის სიგანის, გავის სიგრძის და სხვა განაზომს. მათ საფუძველზე ანგარიშობენ ფორმატის, მასიურობის, კომპაქტურობის და ძვლოვანობის ინდექსებს.  ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ექსტერიერის შემდეგი მანკები: “ირმის კისერი”, “ვიწრომკერდიანობა” “უნაგირისებრი ზურგი”, “ჩამოშვებული მუცელი”, “ძროხისებური დგომა”. მემკვიდრულ მანკებად ითვლება, სტვენითი სუნთქვა, კურბა, ჟაბა და სხვადასხვანაირი ძვლოვანი წანაზარდები.

 ცხენის სვლა (ალური)

ალური არის ცხენის წინსვლითი მოძრაობის ფორმა, რაც, უმთავრესად უკანა კიდურების ბიძგით სრულდება. ბუნებრივი სვლის ნაირსახეობებია- ნაბიჯი, რბოლა (ჩორთი), ნავარდი, თოხარიკი და ხტომა.

 ნაბიჯი . ორ და სამ ჩლიქზე დაყრდნობით ოთხტემპიანი ნელი გადაადგილების ალურია. ცხენის ნაბიჯის სიგრძე 0,8-1,2 მ-ა, სიხშირე კი წუთში 100- მდეა. ტვირთმზიდავი ჯიშის ცხენი საათში 4-5 კმ- ს გაივლის, სწრაფი ალურის კი 6-7 კმ-ს.

რბოლა. ორი დიაგონალური ჩლიქის დაყრდნობით ორტემპიანი სწრაფი ალურია. ასეთი ალურით მოძრაობისას მარცხენა უკანა და მარჯვენა წინა ფეხი ერთდროულად გადაიდგმება, შემდეგ კი შენაცვლებით- მარჯვენა უკანა და მარცხენა წინა და ა.შ. ნელი ჩორთის სისწრაფე საათში 9-10 კმ- ის, საშუალო- 11-13- ის, ხოლო სწრაფი- 14-15 კმ- ის ტოლია.

ნავარდი. სამტემპიანი, ხტომითი გადაადგილებაა. ის ყველაზე სწრაფი ალურია. ნავარდის დასაწყისში ცხენი ერთ-ერთ უკანა ფეხზეა დაყრდნობილი, შემდეგ მას უერთდება უკანა მეორე ფეხი, წინას დიაგონალურად, რომლებითაც ცხენი ერთდროულასდ ეყრდნობა მიწას და ბოლო დამწყები უკანა ფეხით ასცილდება მიწას. ამ ფეხის მოცილების შემდეგ ცხენს მიწაზე საყრდენი არ აქვს, ის ჰაერშია და, შეიძლება ითქვას, ამ მომენტში “მიფრინავს”, “ნავარდობს”.

 თოხარიკი. გვერდითი ორი ფეხის  მიწაზე დაყრდნობით ორტემპიანი სწრაფი ალურია. ასეთი მოძრაობისას ცხენი ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მხარის კიდურებს ერთდროულად იღებს მიწიდან და დგამს მიწაზე.

ხტომა. არის ერთჯერადი რთული მოძრაობა და შედგება ბიძგის, გაქანებისა და მიწაზე დაშვების ეტაპებისაგან.

ცხენის მოშენება

აღწარმოება. ფაშატის ნორმალური სქესობრივი ციკლი მეორდება ყოველ 18-28 დღეში, ხოლო ხურაობის ხანგრძლივობა 3-9 დღეა. მეცხენეობაში დაგრილების სამი ძირითადი წესი გამოიყენება: ხელზე, ილხური და ბაკში. ხელოვნური განაყოფიერებას მეცხენეობაში საკმაოდ იშვიათად მიმართავენ.

ხელზე და ილხური დაგრილების წესი უპირატესად გამოიყენება სტაციონალურ და სტაციონალურ-საძოვრული შენახვისას, ხოლო ბაკში დაგრილებას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებელი ილხური დაგრილების პირობებს შეუჩვეველია.

ხელზე დაგრილება ყველაზე შრომატევადი და რთულია, რის გამო უპირატესად გამოიყენება სანაშენე მეცხენეობაში. ილხური ფორმა ითვალისწინებს რემიდან ფაშატების გარკვეული რაოდენობის (ილხის) საძოვარზე ცალკე ყოლას და მასში თავისუფლად დაგრილების მიზნით ულაყის გაშვებას. ბაკში დაგრილებისას ფაშატების ჯგუფი გაჰყავთ ბაკში და ყოველდღიურათ მათ დასაგრილებლად უშვებენ ყლაყს.

ხელზე დაგრილებისას ულაყის დატვირთვის ნორმაა 40-50, ილხური წესისას- 20-25, ხოლო ბაკში დაგრილებისას 25-30 ფაშატი.

თავლაში შენახვისას ცხენის დაგრილების ოპტიმალური პერიოდია თებერვლიდან ივლისის თვემდე, ჯოგურ პირობებში კი- აპრილის დასაწყისიდან  ივლისის ბოლომდე.

განაყოფიერების მაღალი შედეგები მიიღწევა ულაყი-მწარმოებლის დასაგრილებლად წინასწარ სათანადოდ მომზადებისას. ამისათვის, დაგრილების დაწყებამდე ისინი ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე უნდა იღებდნენ 2,5-2,8 კგ საკვებ ერთეულს. სასურველია ულუფაში მოხდილი რძის, ქათმის კვერცხის, ვიტამინოვანი საკვების და ფეტვის მარცვლის ჩართვა. მნიშვნელოვანია, აგრეთვე ის, რომ კონცენტრირებულ საკვების ხვედრითი წილი არ უნდა იყოს ულუფის ყუათიანობის 60 %- ზე ნაკლები.

ახლადდამაკებული ფაშატი მგრძნობიარეა ცუდი კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებისადმი. მისი მაკეობის ხანგრძლიობა უკმარი კვების პირობებში მატულობს, საკვების ქრონიკული დეფიციტისას კი მაღალი ალბათობით მოსალოდნელია მაკეობის შეწყვეტა (აბორტი). უკმარი კვების გარდა ფაშატის აბორტი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ინფექციურმა დაავადებამ, საკვებით მოწამვლამ, გაცივებამ და მუშაობისას განსაკუთრებულად მძიმე დატვირთვამ.

კვიცის მოგება, როგორც წესი, გართულების გარეშე, საკმაოდ იოლად მიმდინარეობს, ხოლო მომყოლის შეჩერება პრაქტიკულად არ გვხვდება. ახლადდაბადებული კვიცი საკმაოდ სწრაფად წამოდგება ფეხზე და შეუძლია დედასთან ერთად საკმაოდ შორ მანძილზე გადაადგილდეს.

პირველი ორი თვე კვიცი იკვებება მხოლოდ დედის რძით. ყოველდღიურად ის რძის მისაღებად საკმაოდ ხშირად მიდის დედასთან (ცალკეულ შემთხვევაში 50- ჯერ) და დღეში წოვს 20 კგ-მდე რძეს. ცოცხალი მასის 1 კგ ნამატზე მას სჭირდება დაახლოებით 10 კგ რძე.

ორი თვის ასაკიდან კვიცი იწყებს მცენარეული საკვების ჭამას. დასაწყისში მიზანშეწონილია მას მივცეთ წინასწარ დაჭყლეტილი შვრიის მარცვალი 0,5 კგ/დღეში რაოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო თვეს ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს 0,5 კგ-ით.

5-6 თვის ასაკში კვიცს დაღავენ და დეტალურად აღწერენ მის გარეგნულ ნიშან-თვისებებს. დედიდან მას ასხლეტენ 6-7 თვის ასაკში. ამ პერიოდისათვის მათ ყოველდღიურად უნდა მიიღონ 2,6-2,8 საკვები ერთეული 100 კგ ცოცხალ მასაზე გადაანგარიშებით.

ასხლეტილი კვიცი ზამთარში უნდა სარგებლობდეს შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი მოციონით და უტარდებოდეს ჯგუფურ ვარჯიში. 1 წლის ასაკიდან კვიცებს ყოფენ სქესის მიხედვით და ინახავენ ცალ-ცალკე.

ცხენის სამუშაოდ გამოყენება . ცხენის დატვირთვა უნდა მოხდეს ცოცხალი მასის, მუშაობის უნარის, შეხორცების, ასაკის, სქესის, გარემოს ტემპერატურის, მაკეობის პერიოდის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ულაყები, მაკე მაწოვარი ფაშატები და სუსტი ცხენები მსუბუქ სამუშაოზე უნდა გამოვიყენოთ. ნორმალურ პირობებში ცხენი 10 საათს უნდა ვამუშაოთ, ყოველი 1,5-2 საათის შემდეგ კი 15 წუთით უნდა დავასვენოთ. ამდენად, 10 საათიანი სამუშაო დღის მანძილზე მან 2 საათი მაინც უნდა დაისვენოს, რა დროსაც ცხენი, როგორც წესი იკვებება.

სოფლის მეურნეობის გარდა ცხენი სამუშაოდ გამოიყენება გეოლოგიურ და არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სასაზღვრო ჯარებში და პოლიციაში.

ცხენის სრულფასოვნად დასატვირთად აუცილებელის კარგად შეურჩიოთ შესაბმელი და შესაკვანძი მოწყობილობა (ცალული, კეხი, უნაგირი, სადავე, აღვირი და სხვა).

ცხენის კვება და მოვლა-პატრონობა

ცხენის ულუფას აბალანსებენ 28-29 მაჩვენებლით. მოთხოვნილებას საზრდო ნივთიერებებზე განსაზღვრავს ცხენის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ცოცხალი მასა, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს სახე.

მაკე ფაშატის კვება. ცხენის მაკეობა  დაახლოებით 11 თვეს გრძელდება. ამ პერიოდში ნორმალურმა კვებამ და მოვლა-პატრონობამ უნდა უზრუნველყოს როგორც ნაყოფის ნორმალური განვითარება, ასევე მუშაობის უნარიანობა.

მაკეობის პირველი 8 თვის განმავლობაში ფაშატი უნდა ვკვებოთ ისეთივე ნორმებით, როგორითაც იკვებება იმავე ცოცხალი მასის არა მაკე ფაშატი, მეშვიდე თვიდან კი მისი დღიური ნორმა იზრდება.

მაკეობის პირველ პერიოდში ფაშატი შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივ სამუშაოდ, მეორე პერიოდში კი მას უნდა შევურჩიოთ მსუბუქი სამუშაო. ამასთან, მაკეობის ბოლო ორი თვე და მოგების შემდეგ 15 დღე – ერთი თვე, ცხენი საერთოდ უნდა გამოვათავისუფლოთ სამუშაოდან. ამ პერიოდში აუცილებელია  დღეში 1 საათი მოციონი.

მაწოვარი ფაშატის მოვლა და კვება. მოგების დღიდანვე ფაშატის ულუფა უნდა გაიზარდოს 2-3 კგ მშრალი ნივთიერებით, 2,5-3,5 კგ საკვები ერთეულით და 25-35 კჯოული მიმოცვლითი ენერგიით. შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ნორმირებული კვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა კომპონენტებზეც.

მოგებიდან 5-6 დღის განმავლობაში ფაშატს უნდა მივცეთ სველი ქატო და მაღალი ხარისხის თივა. ულუფაში კონცენტრირებული საკვების ხვედრითი წილი თანდათან უნდა გაიზარდოს და 6-8 დღის შემდეგ გადაყვანილი იქნას სრულ ულუფაზე.

მაწოვარი ფაშატისათვის საუკეთესო საკვები საძოვარია, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, შეიძლება მისი შეცვლა კარგი ხარისხის მარცვლოვნების და პარკოსნების თივით და სილოსით. ცხენის ულუფაში გარკვეული ადგილი უკავია კონცენტრულ საკვებს- შვრიას, ქერს, ქატოს და კოპტონს.

გასათვალისწინებელია, რომ ცხენის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია კანის, ცურის და კიდურების სისუფთავის დაცვა, საჭიროებისამებრ დანალვა და სამუშაო დღის რეჟიმის დაცვა.

ულაყის მოვლა და კვება. ულაყი ძირითადად აღწარმოებისათვის გამოიყენება, ამიტომ ის მუდმივად უნდა იყოს სანაშენე კონდიციაში. საქმე ის არის, რომ მისი კონდიციის დაქვეითება იწვევს სქესობრივ მოდუნებას, საერთო სისუსტეს, აგრეთვე სპერმის მოცულობის შემცირებას და ხარისხის გაუარესებას.

ცხრილი 24. საჯდომი და ჩორთმავალი ჯიშის ფაშატის კვების ნორმები  

ულაყის საკვები ულუფა აუცილებლად უნდა იყოს დაბალანსებული მონელებადი პროტეინით, მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით. დატვირთვის პერიოდში კარგია თუ ულუფაში შევიტანთ 8-10 ლიტრ მოხდილ რძეს, 5-10 ცალ უმ კვერცხს და ხორბლის ქატოს. ულაყი და ფაშატები უნდა შევინახოთ ცალცალკე. როგორც წესი, ულაყების მოვლას ანდობენ გამოცდილი მეჯინიბეებს.

კვიცის მოვლა და კვება. კვიცის მოვლაზე და სრულფასოვან კვებაზეა დამოკიდებული ცხენის მოშენების ეფექტურობა. კვიცი დაბადებიდან 1-1,5 საათის შემდეგ ცდილობს ფეხზე ადგეს და იწყებს დედის ძუძუს ძებნას, რა დროსაც სასურველია მას დავეხმაროთ ძუძუს პოვნაში.

1-1,5 თვის ასაკიდან კვიცი უნდა მივაჩვიოთ დამატებით საკვებს. ამისათვის კარგია თუ მივცემთ შვრიის ღერღილს სუფთად ან ხორბლის ქატოსთან ნარევში, ჯერ 150-200 გრამის ოდენობით დღეში, შემდგომ კი რაოდენობა თანდათან იზრდება და 4 თვის ასაკში აღწევს 1 კგ-ს.

ზაფხულობით კვიცის საკვებად საუკეთესო საშუალებაა საძოვარი, მოგებიდან 2 კვირის ასაკში დედასთან ერთად შეგვიძლია ის საძოვარზე გავუშვათ.

ამ დროს არა მარტო მაღალი ხარისხის საკვებს ღებულობს, არამედ  სუფთა ჰაერზე მზის სხივების მოქმედებითა და თავისუფლად მოძრაობით კაჟდება.

ძუძუდან კვიცი 6 თვის ასაკში უნდა ავსხლიტოთ, ჯოგური მეცხენეობის პირობებში კი 1 წლის ასაკში. ასხლეტის დშემდეგ ულუფა უნდა დავაბალანსოთ ყველა კომპონენტით, განსაკუთრებით კი მონელებადი პროტეინით, მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით.

 მოზარდის მუშაობის უნარიანობასა და სამუშაო თვისებებზე გამოცდა.  მუშაობის უნარიანობაზე გამოცდა ხდება იპოდრომზე, 2 წლის ასაკიდან. ამას წინ უნდა უძღოდეს ცხენთსაშენში ჯგუფურად და ინდივიდუალურად სისტემატიური წვრთნა, რა დროსაც მოზარდს უვითარდება მყესოვან-იოგოვანი სისტემა, ორგანიზმი ჯანმრთელდება, კაჟდება და მისი აგებულება ჰარმონიული ხდება.

პირველად იწყებენ ჯგუფურ წვრთნას, რომელსაც ატარებს ზრდასრულ და წყნარ ცხენებზე მჯდომი ორი გამოცდილი მხედარი. ისინი თავდაპირველად, 3-4 წუთი კვიცებს ამოძრავებენ ჩორთით, შემდეგ კი გადაჰყავთ ნავარდზე. მოძრაობა უნდა იყოს თანაბარი, 1 კმ-ის 4-5 წთ-ში გავლის ვარაუდით. ჯგუფური წვრთნა ხელს უწყობს კვიცის საერთო ფიზიოლოგიურ განვითარებას, თავისუფლად მოძრაობის უნარის გამომუშავებას და უზრუნველყოფს მისი ინტენსიური დატვირთვისათვის მომზადებას.

მეორე რგოლია ინდივიდუალური წვრთნა, რომელსაც ატარებენ ორ ეტაპად: ნოემბრიდან-იანვრამდე და თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. ამასთან, კვირაში ერთი დღე ცხენებს ეძლევათ დასვენების საშუალება.

საჯდომი ცხენის გამოცდა, როგორც წესი, ხდება სადა დოღებში 1000 და 2000 მ და მარულაში 10 კმ მანძილზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს დატვირთვის ინტენსიობის პერიოდულად ცვლილებას. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი დატვირთვის შემდეგ (რამოდენიმეჯერ სწრაფი ნავარდი და დოღი) ცხენებს ეძლევათ 2-3 დღე დასვენება, შემდეგ კი 7-10 დღე მათ აძლევენ მსუბუქ დატვირთვას.

თუშური და მეგრული ჯიშის ცხენების წვრთნისას უნდა გათვალისწინებული იქნას ისიც, რომ მათ უხდებათ თავისი ცოცხალი მასის 30-35%- ის სიმძიმის ტვირთის (საპალნის) გადაზიდვა, უპირატესად კი მთიან რაიონებში და, არც თუ იშვიათად, 40-450-ით დაქანებულ ფერდობებზე.

შესაბმელ ცხენს ასხლეტიდან წვრთნიან ჯგუფურად. იწყებენ ცვლადი ალურით, პირველ დღეებში 2-3 კმ-ზე ნაბიჯისა და ჩორთის ცვლით, შემდეგ კი მანძილს ზრდიან 5-7 კმ-მდე. ჯავახურ ცხენს ჩორთითა და ნაბიჯით სწრაფ მოძრაობაში და შეზღუდულ მანძილზე (არა უმეტეს 100 მ-სა) წევით გამძლეობაში ცდიან 2,5 წლის ასაკიდან.

ნებისმიერი წვრთნისას მნიშვნელოვანია ცხენისადმი ინდივიდუალური მიდგომა, განსაკუთრებით კი გამოსვლების დაგეგმვისას და სწრაფი ნავარდით წვრთნისას. აუცილებელია ცხენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სისტემატიური კონტროლი.

ცხენის ხორცის და რძის გამოყენება

ცხენის ხორცი მაღალი ღირებულების კვების პროდუქტია. ზოგიერთ ქვეყანაში ცხენის ხორცზე მოთხოვნილება წლიდან წლამდე იზრდება. ამ პროდუქტს ყიდულობს აშშ, საფრანგეთი, ინგლისი, ბელგია, ჰოლანდია, იტალია, იაპონია და სხვა. ცხენის ხორცს ძირითადად აწარმოებენ ადგილობრივი ჯიშის ცხენებიდან, რომელთა მოშენება-გამოზრდა ხდება ჯოგურ პირობებში ბუნებრივი საკვებ-სავარგულების გამოყენებით. ცხენის ხორცისაგან კვების მრეწველობა ამზადებს ნახევრად შებოლილ და შებოლილ ძეხვეულს, სოსისს, სარდელს, ხორცის კონსერვს და სხვა.

ცხენის ლაქტაცია გრძელდება 6-8 თვე. ნაკლებადმერძეული ფაშატების მონაწველი 700-1500 ლიტრია, ხოლო მაღალმერძეულების 2500-3000 ლ. პირველი ორი თვის რძეს, ძირითადად, კვიცი მოიხმარს, რა დროსაც ის დღეში 10-12 ლ რძეს (20 ლ-მდე) სვამს და 1-2 კგ დღეღამურ ნამატს იძლევა.

ცხენის რძე მეტი რაოდენობით შაქარს (ლაქტოზას) და ნაკლებ ცხიმსა და ცილას შეიცავს. რძის ცილებში მეტი ხვედრითი წილი მოდის ალბუმინზე. რძის ცხიმი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მონო და პოლიგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს. რძის ცხიმის იოდური რიცხვი 100-108, მაშინ როდესაც ძროხის რძისათვის ეს მაჩვენებელი 25-40- ის ფარგლებშია. ფაშატის რძეში დიდი რაოდენობითაა A, C და E, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები.  ცხენის რძიდან, ძირითადად, ამზადებენ კუმისს. ის ადვილად კლავს წყურვილს და აძლიერებს მადას, აგრეთვე ხასიათდება დიეტური და სამკურნალო თვისებებით. შეიცავს რა ადვილად ათვისებად ფორმაში საყუათო და მინერალურ ნივთიერებებს, აგრეთვე რძის მჟავას და სპირტებს, კუმისი მატონიზირებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ააქტიურებს საჭმლის მონელებას და ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას.

საცხენოსნო სპორტი

სპორტის ეს სახეობა სათავეს იღებს II-III საუკუნეში ჩვ.წ.აღ-მდე.  ქსენოფონტეს კაპიტალური შრომა “ჰიპიკა და ჰიპარხი” მრავალი საუკუნის განმავლობაში საომარი და სპორტული ცხენის გაწვრთნის ძირითად სახელმძღვანელოდ ითვლებოდა. ჯერ კიდევ 680 წელს ჩვენს ერამდე, საბერძნეთში ოლიმპიურ თამაშებში პირველად მოეწყო ცხენებშებმული ეტლებით შეჯიბრი, ხოლო 648 წლიდან საცხენოსნო სპორტული შეჯიბრი დოღებში.

საცხენოსნო სპორტის მრავალი სახეობაა ცნობილი. ყველა მათგანი საკმაოდ ლამაზი სანახაობაა და, შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს ნამდვილ ხელოვნებას, რომელიც მიიღწევა მხედრისა და ცხენის ხანგრძლივი მომზადების შედეგად.

შექმნილია საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (ФЭИ), რომელშიც გაწევრიანებულია 60-ზე მეტი ქვეყანა. სპორტის ეს სახეობა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პროგრამის მნიშვნელოვანი შემადგენელია.

საცხენოსნო სპორტის კლასიკური სახეებია: ხედნილობა, დაბრკოლებათა გადალახვა (კონკური) და სამჭიდი.

ხედნილობა – შეჯიბრი ტარდება ღია ან დახურულ მოედანზე 60×20 მ2 ფართობის მანეჟში. მხედარმა ამ სახეობაში უნდა გამოავლინოს ცხენის მართვის ხელოვნება. ყველა ბუნებრივ სვლაზე (ნაბიჯი, რბოლა, ნავარდი) ცხენი სწორად უნდა მოძრაობდეს, ხოლო გარკვეულ ფიგურებსა და ვარჯიშს გამოკვეთილად უნდა ასრულებდეს.

ხედნილობის დროს ბუნებრივ მოძრაობაში არჩევენ: ალაგმურ, მოკლე, საშუალო და აჩქარებულ ჩორთს. რთულ ელემენტებს მიეკუთვნება: მანეჟის დიაგონალზე რბოლით და ნავარდით მოძრაობა; ნახევრადპირუეტი _ ნავარდით მოძრაობისას ფეხის მონაცვლეობა; პირუეტი – ნაბიჯითა და ნავარდით მოძრაობისას უკანა კიდურებზე შემობრუნება; პასაჟი – მაღალი, რითმული შემოკლებული ჩორთი; ასეთივე მოძრაობას ადგილზე შესრულებულს პიაფი ეწოდება.

კონკური. ანუ დაბრკოლებათა გადალახვა საცხენოსნო სპორტის ყველაზე უფრო გავრცელებული, კლასიკური სახეა, რომელიც მხედრისაგან მოითხოვს გამძლეობას, გამბედაობას, მიხვედრილობას, ხოლო ცხენისაგან ძლიერ ნახტომს, რადგან დაბრკოლების სიმაღლე 160-200 სმ-ს აღწევს.

 სამჭიდი. შეიცავს სამანეჟო სვლას, საველე გამოცდას და დაბრკოლებათა გადალახვას. სამჭიდში შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში ტარდება. პირველ დღეს სრულდება სამანეჟო სვლა, რომელიც ხედნილობის გამარტივებული ვარიანტია. მასში ჩართულია ცხენის მხოლოდ ბუნებრივი მოძრაობა და ზოგიერთი არართული ვარჯიში.

სტიპლ-ჩეიზი . ანუ დაბრკოლებიანი დოღი სპორტის სახეობებს შორის ყველაზე საინტერესო და რთულია. ტრასის სიგრძე 4-8 კმ- ა,  სადაც კეთდება 36 სხვადასხვა ტიპის და სიდიდის დაბრკოლება.  საყოველთაოდ ცნობილია საცხენოსნო სპორტის ქართული ტრადიციული სახეობები: მარულა, ისინდი, ყაბახი, ცხენბურთი და სხვა.

გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი