დარგებიმეცხოველეობა

მეცხოველეობის თანამედროვე მდგომარეობა და ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში

ცხოველთა სულადობა, ცხოველური პროდუქტების წარმოება და მოხმარება მსოფლიოში
მსოფლიო მეცნიერთა საერთო აღიარებით, კაცობრიობის სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება, სათავეს იღებს ე.წ. „ნეოლითის რევოლუციის“, ანუ 12 ათასი წლის წინა პერიოდიდან, რამაც უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიო ცივილიზაციების ჩამოყალიბება-განვითარებაში. 

ფაო-ს მონაცემებით, დღეისათვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულია პლანეტის ეკონომიკურად აქტიური 1 მლრდ ადამიანი, მათ შორის ევროგაერთიანების ქვეყნებში მცხოვრებთა საერთო რაოდენობის 8%-მდე, აშშ-ში-3%, ხოლო ნიგერიასა და მალიში 80%-მდე. ჩვენი გათვლებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან დაკავშირებულია სოფლად მცხოვრები 20-25 წელზე უხნესი მოსახლეობის 90-95%, აგრეთვე ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრებთა 3-5%.

სოფლის მეურნეობა წარმოდგენილია 2 დარგით: მემცენარეობა და მეცხოველეობა. დღეისათვის, საშუალოდ, მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის მოცულობით მემცე­ნარეობა, როგორც წესი, აღემატება მეცხოველეობას, თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ეს უკანასკნელი უფრო მაღალი ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი. აქვე აღსანიშნავია ის, რომ სოციოლო­გების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის საზომ სკალაში პროდუქტიულ ცხოველს წამყვანი პოზიცია უკავია.

სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის წარმოშობას წინ უძღოდა ცხოველთა შემოჩ­ვევა-მოშინაურების საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. კანადის დალჰაუზის უნივერსიტე­ტის (Dalhousie University, ქალაქი ჰალიფაქსი, ახალი შოტლანდიის პროვინცია) მკვლევართა შეფასებით პლანეტის ბიომრავალფეროვნება წარმოდგენილია 8,7 მლნ სახეობით, რომელთა შორის 9-10 ათასი ფრინველების და 4,5-5,0 ათასი ძუძუმწოვართა სახეობებია. მათგან, ადამიანმა შემოიჩვია და მოაშინაურა 40-მდე  სახეობა და მათ არსებობას, მოვლა-შენახვის პირობებს, კვებას და გამრავლებას არეგულირებს თავისი შეხედულებებიდან და სამეურნეო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

მოშნაურებული ცხოველებისა და ფრინველების ნაწილი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილებისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგის ნედლეულით უზრუნ­ველყოფის საქმეში. საქმე ის არის, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც გვაძლევს  სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობა, მატყლისა და აბრეშუმის პარკის გარდა, წარმოადგენს სასურსათო კალათის ძირითად შემადგენელს, ხოლო ამ ორ უკანასკნელს, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების დაკვლის თანამდევ პროდუქტებს, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მსუბუქ, გადამამუ­შავებელ და ფარმაცევტულ მრეწველობაში.

მეცხოველეობას მისდევენ პლანეტის ხუთი კონტინენტის პრაქტიკულად ყველა ეკოლოგიურ ზონაში; ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა, რომლებიც კარგად ეგუებიან განსხვავებულ კლიმატს და იმავდროულად საკვებით დაკმაყოფილების ძირითადი წყაროა ბუნებრივი სავარგულები[1]. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ წარმოებული მეცხოველეობის პროდუქციის ლომის წილი მოდის ზომიერი კლიმატის სარტყელის ქვეყნებზე.    

მეცხოველეობა თავის მხრივ მოიცავს მრავალ ქვედარგს, რომელთა შორის წარმოებული პროდუქ­ციის მოცულობითა და საერთო ეკონომიკური მნიშვნელობით წამყვანი ადგილი უკავიათ მეძროხეობას, შემდეგ კი მოდის მეღორეობა, მეფრინველეობა, მეცხვარეობა-მეთხეობა და მეფრინველეობა.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ XXI საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოში აღინიშნება ცხოველთა სულადობის საკმაოდ სწრაფად ზრდა; მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი ტემპით გამოირჩევა მეფრინველეობა (49,2%) და მეთ­ხეობა (35,4%), ხოლო მსხვილფეხა პირუტყვის (ძროხა + კამეჩი), ღორისა და ცხვრის რაოდე­ნობა იზრდება შედარებით ნელი ტემპებით (14,3; 9,7 და 15,8%, შესაბამისად; ცხრილი 1).

ცხრილი 1. სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების სულადობის დინამიკა მსოფლიოში ( www.fao.org )
სახეობა ზომის ერთეული წლები 2017 წელი
2001 2010 სული %, 2001 წელთან შედარებით
ძროხა ათასი 1314921,9 1415683,2 1491687,2 113,4
კამეჩი ” – “ 166280,4 188172,8 200967,8 120,9
ღორი ” – “ 881945,5 974410,4 967385,1 109,7
ცხვარი ” – “ 1037722,6 1076358,2 1202430,9 115,8
თხა ” – “ 763774,1 910827,3 1034406,5 135,4
ფრინველები მლნ. 16638,6 22279,0 24828,8 149,2
მ.შ. ქათამი ” – “ 14954,3 20244,6 22847,1 152,8

მეტად საინტერესო სურათი იკვეთება მიმდინარე საუკუნეში ცხოველებისა და ფრინველების სულადობის დინამიკაში ზოგადად კონტინენტების და ქვეყნების მიხედვით. ასე, მაგალითად, კონტინენტების მიხედვით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ძროხის სულადობა გაიზარდა 8,0; 10,4 და 50,5%- ით, ხოლო ოკეანეთსა[2] და ევროპაში შემცირდა 1,8 და 15,4%-ით, შესაბამისად. ღორის სულადობა გაიზარდა პლანეტის ყველა კონტინენტზე, გარდა ევროპისა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიკვეთა აფრიკის კონტინენტი, სადაც აღნიშნულია 77,3%-ით ზრდა.  ცხვრის სულადობა 24,7 და 51,3%- ით გაიზარდა აზიასა და აფრიკაში, შესაბამისად, ხოლო ოკეანიაში (ძირითადად ავსტრალიაში) შემცირდა 34,0%-ით.  აღნიშულისგან განსხვავებით, ყველა კონტინენტზე გაიზარდა თხის სულადობა, მაგრამ უფრო ინტენსიურად ეს პროცესი მიმდინარეობდა აფრიკასა და ოკეანეთში, სადაც მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან საშუალო წლიურმა ზრდამ  შეადგინა 4,4 და 3,4%%, შესაბამისად. ასევე, პლანეტაზე 49,2%– ითგაიზარდა ყველა სახეობის ფრინველის სულადობა და აქაც ყველაზე მაღალი ტემპით ზრდა აღინიშნა აზიასა და აფრიკაში – 64,1 და 51,5%.   

ფაო- ს 2017 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შედგენილ დიაგრამებზე (ნახ. 1, 2, 3 და 4) ნათლას ჩანს, რომ ყველა სახეობის ცხოველებისა და ფრინველების სულადობა, ძირითადად კონცენტრირებულია აზიის კონტინენტზე, სადაც ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვის საერთო რაოდენობის 39,4%, ცხვრისა და თხის 5/6– ზე მეტი (88,1%), ღორისა და ფრინველების კი  ნახევარზე მეტი – 57,6 და 57,2%, შესაბამისად. მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველების რაოდენობით მეორე ადგილზეა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი, ღორის – ევროპა, ხოლო ცხვრისა და თხის სულადობით – აფრიკა. 

ფრინველის სახეობებიდან ქათმის (56,3%),  იხვის (88,1%) და ბატის (84,5%) საერთო  რაოდენობით პირველ ადგილზეა აზიის კონტინენტი, ხოლო ინდაური ყველაზე მეტი ჰყავთ ამერიკის კონტინენტზე (68,6%).

ქვეყნების მიხედვით ცხოველთა სულადობის დინამიკის ანალიზი ცხადჰყოფს,  რომ ზრდა, როგორც წესი, აღინიშნება განვითარებად ქვეყნებში, ხოლო განვითა­რებული მეცხოველეობის ქვეყნებში კლებულობს, ან შედარებით უმნიშვნელოდ იზრდება;

ასე, მაგალითად, ევროგაერთიანების ქვეყნებში ძროხის სულადობა შემცირდა1,8%-დან (ესტონეთი) – 31,0%-მდე (სლოვაკეთი) და მხოლოდ რამდენიმეში გაიზარდა (ესპანეთი- 0,8%- ით და  პორტუგალია- 18,1%-ით). ძროხის სულადობა, ასევე, შემცირდა  აშშ- ში (3,7%-ით) და კანადაში (15,2%-ით), მაშინ როდესაც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ქვეყნებში, აღინიშნება მათი 5-10%-ით ზრდა, ზოგიერთში კი საგრძნობლადაც (მაგ.ბრაზილიაში საშუალო წლიური ზრდა შეადგენს 21,8%-ს). მსგავსი სურათი აღნიშნულია სხვა სახეობის ცხოველების სულადობის დინამიკაშიც.

ცხოველებისა და ფრინველების სულადობით მსოფლიოს პირველ ხუთეულში შემავალ ქვეყნებზე ინფორმაცია მოტანილია მე-2 ცხრილში, საიდანაც ჩანს, რომ მსხვილფეხა პირუტყვის სულადობით პირველი პოზიცია უკავია ინდოეთს, შემდეგ მოდის ბრაზილია, ხოლო ისეთი მაღალგანვითარებული მეძროხეობის ქვეყანა, როგორიცაა აშშ, ამ მაჩვენებლით მხოლოდ მე-4 ადგილზეა. საყუ­რადღებოა, რომ ინდოეთში მსხვილფეხა პირუტყვის თითქმის ნახევარი (37%-ზე მეტი) წარმოდგენილია კამეჩით, საკუთრივ ძროხის სულადობით კი პირველი ადგილი უპირობოდ ეკუთვნის ბრაზილიას, სადაც ჰყავთ 214, 9 მლნ. სული ძროხა და 1,38 მლნ. კამეჩი. აქვე მიზანშეწონილად მიმაჩნია ავღნიშნო, რომ ღორისა და ყველა სახეობის ფრინველის სულადობით ბრაზილია შედის მსოფლიოს პირველი ხუთეულის ქვეყნებში. 

ცხრილი 2. სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობით მსოფლიოს პირველი ხუთეულის ქვეყნები ( www.fao.org )
მსხვილფეხა პირუტყვი, ათასი სული
ინდოეთი ბრაზილია ჩინეთი აშშ არგენტინა
298433,2 * 216281,2 106826,9 93704,6 67196,7
ღორი, ათასი სული
ჩინეთი აშშ ბრაზილია ესპანეთი ვიეტნამი
456773,4 71500,4 39950,3 29231,6 29075,3
ცხვარი, ათასი სული
ჩინეთი ავსტრალია ინდოეთი სუდანი ირანი
161351,0 72125,3 63068,6 40552,9 40029,7
თხა, ათასი სული
ჩინეთი ინდოეთი ნიგერია პაკისტანი ბანგლადეში
149071,1 133874,6 73878,5 70300,0 56083,2
ფრინველები (ყველა სახეობის), ათასი ფრთა
ჩინეთი აშშ ინდონეზია ბრაზილია ირანი
5573222,0 2228200,0 1975842,0 1363804,0 934600,0
*) მათ შორის   113329,7  ათასი სული კამეჩი.

სხვა სახეობის ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობით პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც ჰყავთ ღორის მსოფლიო სულადობის თითქმის ნახევარი (47,2%), ცხვრის –  13,4%, თხის – 14,4%, ყველა სახეობის ფრინველების  კი 22,4%.

ცხოველთა რაოდენობით მსოფლიოს პირველი ხუთეულის ქვეყნებში შედის ევროგაერთიანების მხოლოდ ერთი ქვეყანა, ესპანეთი (ღორის რაოდენობით მე-4 ადგილი). იმავდროულად, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სულადობით პირველ ხუთე­ულში გვხვდება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ვიეტნამი (ღორის სულადობით მე- 5 ადგილი), სუდანი და ირანი (ცხვრის სულადობით მე-4 და მე-5 ადგილი) ნიგერია, პაკისტანი, ბანგლადეში (თხის სულადობით მე-3, მე- 4 და მე-5 ადგილი), აგრეთვე ინდონეზია (ფრინველის საერთო სულადობით მე- 3 ადგილი).

ფრინველების სახეობებიდან, ქათმის, იხვის და ბატის ყველაზე მრავალრიცხოვანი სულადობის მყოლე ქვეყნებს სათავეში უდგას ჩინეთი (4973,9 და 724,4 306,4 მლნ ფრთა, შესაბამისად), ინდაურის სულადობით კი მოწინავე პოზიციაზეა აშშ (242,5 მლნ ფრთა); აქვე ხაზგასასმელია ის, რომ იხვის რაოდენობით მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილი უკავიათ შედარებით ისეთი მცირე ტერიტორიის ქვეყნებს, როგორებიცაა ვიეტნამი და ბანგლადეში, ხოლო ბატის სულადობით მესამე ადგილზეა მოზამბიკი.

რა თქმა უნდა, თავისთავად, ცხოველთა საერთო რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულად აღებული ქვეყნის ფართობზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურაზე, ეკოლოგიურ პირობებზე, მოსახლეობის ტრადიციებსა და სხვ. ფაქტორზე; ზოგადად კი, მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის შედარება გვიჩვენებს, რომ ამ მაჩვენებლით უპირატესობა ამ უკანასკნელთა მხარეზეა.

უდაოა, რომ ცხოველთა რაოდენობა და წლების მიხედვით სულადობის ზრდის დინამიკა საყურადღებო მსჯელობისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა; ამასთან, მეცხოველეობის მდგომარეობაზე, მისი განვითარების ტენდენციებზე ზუსტ სურათს იძლევა სულადობის დინამიკის ფონზე პროდუქტების წარმოების ზრდის ტემპი, ხოლო მეცხოველეობის ცალკეული დარგების განვითარების უტყუარი მაჩვენებელია ყოველი 1 სულიდან და 1 მომხმარებელზე წარმო­ებული პროდუქციის რაოდენობა.    

მსოფლიოში მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების დინამიკა (ცხრილი 3) გვიჩვენებს, ყველა სახეობის ცხოველთა რძის წარმოება გაიზარდა 40,4% ით, ხორცის- 41,2%- ით, ხოლო კვერცხის 46,6%-ით. მეცხოველეობის ერთადერთი პროდუქტი, რომლის წარმოება მიმდინარე საუკუნის განვლილ პერიოდში შემცირდა, არის მატყლი, რაც აიხსნება ბუნებრივ ბოჭკოზე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნილების შემცირებით.

  ცხრილი 3. მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება მსოფლიოში
პროდუქტის დასახელება ზომის ერთეული წლები ±2001 წ-თან შედარებით
2001 2017 ფაქტიური %
რძე, სულ მლნ. ტ. 589,65 827,88 238,23 40,4
აქედან: – ძროხის „ _ „ 496,78 675,62 178,84 36,0
–  კამეჩის „ _ „ 69,41 120,35 50,94 73,4
– ცხვრის „ _ „ 8,64 10,40  1,76 20,4
– თხის „ _ „ 13,04 18,36 5,32 40,8
– აქლემის „ _ „ 1,78 2,85 1,07 60,1
ხორცი, სულ „ _ „ 236,65 334,21 96,09 40,6
აქედან: – ძროხის და კამეჩის „ _ „ 58,27 70,09 11,82 20,3
– ღორის „ _ „ 90,76 119,89 29,13 32,1
– ცხვრისა და თხის „ _ „ 11,65 15,35 3,7 31,8
– ფრინველების „ _ „ 72,81 124,08 51,27 70,4
– სხვა „ _ „ 3,16 4,80 0,17 5,4
კვერცხი, სულ მლრდ. ც. 1041,28 1526,38 485,1 46,6
აქედან: – ქათმის „ _ „ 976,75 1416,68 439,93 45,0
მატყლი, სულ[3] ათ. ტ. 2243,47 2175,90 -67,57 -3,0

მსოფლიოში წარმოებული რძის სტრუქტურაში (2017 წ.), ტრადიციულად, წამყვანი ადგილი უკავია ძროხის რძეს- 81,6%, შემდეგ მოდის კამეჩის 14,5%, ხოლო მესამე ადგილზეა თხის რძე -2,2%.  ამასთან, ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ ზრდის სისწრაფით, ძროხის რძეს გაასწრო კამეჩის რძის წარმოებამ.

კონტინენტების მიხედვით თუ განვიხილავთ, რძის წარმოების არნახული სისწრაფით ზრდა (1,9- ჯერ, ანუ საშუალოდ წელიწადში 5,41%-ით) აღინიშნა აზიაში, შემდეგ მოდის აფრიკა (45,6%), ხოლო ევროპაში ამ მაჩვენებელმა შეადგინა მხოლოდ 0,38% (ცხრილი 4). რაც შეეხება ამერიკის კონტინენტს, სადაც რძის წარმოება საშუალოდ გაიზარდა 29,3%- ით,  ტემპი უფრო მაღალი იყო კარიბის ზღვის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონებში (32,1%-ით), ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში (27,0%-ით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის  ქვეყნები­დან რძის წარმოება უფრო სწრაფად იზრდებოდა აშშ- ში (30,3%-ით), შემდეგ მოდის მექსიკა (24,1-ით), ხოლო კანადაში, შეიძლება ითქვას, 2001 წლის დონეზე დარჩა (შემცირდა 0,07%-ით).

ცხრილი 4. რძის წარმოების დინამიკა კონტინენტების მიხედვით (მლნ.ტ)
კონტინენტი წლები საშუალო წლიური ზრდა, %
2001 2017
აფრიკა 32257770 46975053 1,85
ამერიკა 143329606 185406253 1,84
აზია 176067283 338008357 5,41
ევროპა 214260845 227253148 0,38
ოკეანეთი 23733054 30241415 1,71

ქვეყნების მიხედვით ძროხისა და კამეჩის რძის წარმო­ების ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევიან ჩინეთი, ინდო­ეთი, ბრაზილია და ზოგიერთი სხვ. ქვეყანა. ასე, მაგალითად, მიმდინარე საუკუნის განვლილ პერიოდში რძის საერთო წარმოება ჩინეთში გაიზარდა 2,9-ჯერ, ინდოეთში, 2,43-ჯერ, ბრაზი­ლიაში კი 1,6-ჯერ.

სამაგალითოდ შეიძლება ჩაით­ვალოს ის გარემოება, რომ განვითარე­ბადი მეცხოველეობის ქვეყნებში ძროხისა და კამეჩის რძის წარმოების ზრდა უზრუნველყო­ფილი იქნა, ძირითადად, ადგილობრივი ჯიშობრივი რესურსების მიზანმიმართული სასელექციო-სანაშენე მუშაობით.  საქმე ის არის, რომ გასული საუკუნის 80-90- იანი წლებიდან ამ ქვეყნების მეცხოველე­ობაში სანაშენე საქმის ყველა რგოლის ეფექტურად ამოქმედების პარალელუ­რად, ცხოველთა კვების პირობების გაუმჯობესებამ და პირველადი წარმო­ების გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვამ, უზრუნველყო ფურებისა და ფურკამეჩების საშუალო პროდუქტიულობის მკვეთრად ზრდა;

აღნიშნულის დასასაბუთებლად მოვიყვანთ 3 მაგალითს:

  1. ინდოეთი, სადაც მიუხედავად ძროხის სულადობის 2,4%- ით შემცირებისა და კამეჩის შედარებით უმნიშვნელოდ, 19,1%-ით მატებისა, ამ სახეობების რძის წარმოება გაიზარდა 2,4 და 1,9-ჯერ, შესაბამისად.
  2. ბრაზილიაში, 2001 წელთან შედარებით 2017 წლისთვის მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა გაიზარდა 21,8%–ით, ხოლო რძის წარმოება ორჯერ უფრო სწრაფად (58,4%-ით).
  3. ჩინეთში, მიმდინარე ათასწლეულში მიუხედავად ძროხის სულადობის 13,6%-ით შემცირე­ბისა, რძის წარმოება გაიზარდა 2,5-ჯერ.

ზოგადად, ნაკლებად განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში (least developed countries[4]) რძის წარმოება საშუალოდ წელიწადში იზრდებოდა 3,65%-ით (მ.შ. ძროხისა და კამეჩის რძის 4,23%-ით). როგორც ავღნიშნეთ, დაწყებული გასული საუკუნის 90- იანი წლებიდან ეს, ძირითადად, განხორციელდა ადგილობრივი ჯიშობრივი რესურსების ხარჯზე, სანაშენე აღრიცხვის მოწეს­რიგებითა და სელექციის თანამედ­როვე მიდგომების პრაქტიკაში განხორციელებით.  შედეგად, ამ ქვეყნების ხვედრითი წილი მსოფლიოში წარმოებული რძის ბალანსში გაიზარდა და 2017 წლისთვის მიაღწია 41,8%–ს.

ევროგაერთიანების ქვეყნებში რძის წარმოების ზრდის გაცილებით ნელი სისწრაფე  (გაიზარდა 9,6%– ით, ანუ საშუალო წლიურმა მატება 1%- ზე ნაკლები იყო). ამასთან, ქვეყნებს შორის არაერთგვაროვნი სურათი არის აღნიშნული. მაგალითად, 16 წლის მანძილზე ბრიტანეთსა და საფრანგეთში რძის წარმოება გაიზარდა  მხოლოდ 3,7 და 5,7%, შესაბამისად; ჰოლანდიაში – 30,3%- ით, ხოლო  ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა კიდეც (მაგ. შვედეთში 15,6%- ით).

ასეთი მდგომარეობა გაპირობებულია ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ევროპის უმეტეს ქვეყანაში რძის წარმოებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან (ქვოტებთან). იმავდროულად,  ჩვენი აზრით, იქ სადაც ფურის საშუალო წლიურმა მონაწველმა გადააჭარბა 8-9 ათას კილოგრამს, ძროხის ჯიშობრივი რესურსების გენეტიკური პოტენცია, აგრეთვე კვებისა და მოვლა შენახვის ტექნოლოგიების შესაძლებლობები მიუახლოვდნენ თავიანთ მაქსიმუმს; ამის გათვალისწინებით, უახლოეს ათწლეულში ამ ქვეყნებში ნაკლებად უნდა ველოდოთ რძის წარმოების ზრდაში რაიმე რადიკალურ წინსვლას.

რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, აქ რძის წარმოების ზრდა შედარებით ნაკლები იყო და შეადგინა 2,85%/წელიწადში. საქმე ის არის, რომ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების სარძეო პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენცია, აგრეთვე საკვებწარმოების შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, რძის სექტორის მომავალი, ერთის მხრივ დაკავშირებულია ადგილობრივ გენოფონდთან სასელექციო მუშაობის გააქტიურებასთან, მეორეს მხრივ კი საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ინტენსიური მეთოდების დანერგვასთან; ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები, ვინაიდან რძის წარმოების ინდუსტრიული ტექნოლო­გიების დანერგვა საჭიროებს მეტად სოლიდურ ინვესტიციებს, რაც დაკავშირებულია მაღალპროდუქტიული ჯიშების, აგრეთვე პირველადი წარმოების ძვირადღირებული ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების იმპორტის აუცილებლობასთან, რის შესაძლებლობები უმეტეს ქვეყანას არა აქვს.  აქედან გამომდინარე, რძის წარმოების გაზრდის რესურსები უნდა მოძიებული იქნას ამ ორი მიმართულებების ოპტიმალურად შეხამებით.

პოსტსაბჭოურ დამოუკიდებელ ქვეყნებში, რძის წარმოების ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ბელორუსია (გაიზარდა  51,9 %- ით), მეორეზე კი ლატვია- +18%, ხოლო ისეთ ქვეყნებში,  როგორებიცაა რუსეთის ფედერაცია, უკრაინა,  ლიეტუვა და სხვ., რძის წარმოება შემცირდა 5-22%- ით. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, სომხეთში მიმდინარე ათასწლეულის დასაწყისიდან რძის წარმოება გაიზარდა 63, ხოლო აზერბაიჯანში 88%- ით.

ჩვენი სამხრეთის მეზობელ თურქეთში 2001–2017 წლების პერიოდში რძის პირველადი წარმოება გაიზარდა 2,18- ჯერ, მ.შ. ძროხისა და კამეჩის 2,21– ჯერ და ეს მოხდა ამ სახეობის ცხოველთა სულადობის მხოლოდ 30%- ით ზრდის პირობებში.

რძის და რძის პროდუქტების მსოფლიო ბაზრის ბრუნვამ, ნატურალურ რძეზე გადაანგარიშებით, 2009 წელს მიაღწია 49,8 მლნ ტონას. ამასთან,  რძის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნებს ყოველთვის არ უკავიათ წამყვანი პოზიციები ექსპორტში. მაგალითად, ინდოეთში წარმოებულ რძეს თითქმის მთლიანად მოიხმარენ ქვეყნის შიგნით და პირიქით, არიან ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულები არიან რძის ექსპორტზე. მათ რიცხვშია ახალი ზელანდია და ავსტრალია, რომელთა ხვედრითი წილი რძის მსოფლიო წარმოებაში შეადგენს სულ რაღაც 3,7%-ს, ხოლო ბაზარზე გამოტანილი რძისა და რძის პროდუქტების 1/3 – მოდის ამ ქვეყნებზე.

დაწყებული 2010 წლიდან, მსოფლიოში რძის და მისი პროდუქტების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ბელორუსია და არგენტინა, აგრეთვე ევროგაერთიანების ქვეყნები ერთად აღებული; ბოლო მონაცემებით, მათი ხვედრითი წილი რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტში ბაზრის საერთო ბრუნვის ¾- ს აღემატება.

რაც შეეხება რძისა და რძის პროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს, ამ ნუსხაში „საპატიო“ პირველი ადგილზეა რუსეთი (კარაქისა და ყველის იმპორტით) და   ჩინეთი (მშრალი რძის იმპორტით)[5].

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საერთო სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის საერთო ბალანსში ხორცის წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ის გარკვეულ როლს თამაშობს მათ ეკონომიკურ წინსვლაში. ეს განსაკუთრებულად ეხება იმ ქვეყნებს, სადაც არის სპეციალიზირებული სახორცე მეძროხეობის ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობები. თუმცა, ბოლო წლებში ხორცის წარმოებაში აღინიშნა მნიშვნელოვანი ძვრები. მაგრამ მივყვეთ თანამიმდევრობით.

ცხრილი 5. სხვადასხვა სახის ხორცის წარმოება მსოფლიოში
 ხორცის სახე  წარმოება, მლნ.ტონა სტრუქ–ტურა,%
ძროხისა და კამეჩის 70088996 21,0
ღორის 119886758 35,9
ცხვრისა და თხის 15351692 4,6
ფრინველების 124084220 37,1
სხვა 4799754 1,4

საუკუნის დასაწყისიდან 2017 წლისთვის მსოფლიოში  ხორცის საერთო წარმოება გაიზარდა 95,6 მლნ ტ-ით  (დაკლული მასით), ანუ ზრდის საშუალო წლიურმა  მაჩვენებელმა შეადგინა 6,1 მლნ ტონა. ამასთან, 2001 წელთან შედარებით, გარკვეული ცვლილება აღინიშნა ხორცის ბალანსში, სადაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა ფრინველის ხორცმა (37,1%), რომელმაც გაუსწრო ღორის ხორცის წარმოებას. ამ სიაში მსხვილფეხა პირუტყვის ხორცს მხოლოდ მესამე პოზიცია უკავია;

კონტინენტების მიხედვით, ხორცის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია  აზია- 140,85 მლნ ტონა, მეორე ადგილზე კი 103,96 მლნ ტონით არის ამერიკის კონტინენტი. ამასთან, წარმოების ზრდის სისწრაფით კონტინენტებს შორის პირველ ადგილზეა აფრიკა (საშუალო წლიური  ზრდა 3,91%), მეორეზე -აზია (3,22%), ხოლო ოკეანეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა მხოლოდ 0,88%;

მონაცემების დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფრიკაში, ამერიკასა და ოკეანეთში წარმოებული ხორცის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავიათ მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველის ხორცს (71,7; 78,2 და 73,0%, შესაბამისად), აზიასა და ევროპაში კი ღორისა და ფრინველის ხორცს (78,7 და 80,3%, შესაბამისად). ამასთან, საინტერესოა, რომ აზიის კონტინენტზე წარმოებული ხორცის სტრუქტურაში, 47%- ით პირველ ადგილზეა ღორის ხორცი და ეს მაშინ, როდესაც ამ კონტინენტის ცენტრალური და დასავლეთი რეგიონების მცხოვრებთა უმრავლესობა, რელიგიური მოსაზრებების გამო, არ მოიხმარს ამ პროდუქტს. მონაცემთა შედარებამ დაგვანახა, რომ ასეთი მდგომარეობა განაპირობა იმან, რომ ღორის ხორცის მსოფლიო წარმოების ნახევარზე მეტი (55,6%) მოდის ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე.

სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ხორცის ყველაზე მეტი რაოდენობით მწარმოებელ ქვეყნებზე ინფორმაცია, დიაგრამების სახით,  წარმოდგენილია ნახ. 5, 6, 7 და 8- ზე. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრიველების ხორცის წარმოებით პირველ ადგილზეა აშშ, ხოლო ღორის, ცხვრისა და თხის ხორცის უმსხვილესი მწარმო­ებელია ჩინეთი. საგულისხმოა, რომ ჩინეთის ხვედრითი წილი მსოფლიოში წარმოებული ღორის ხორცის ბალანსში შეადგენ 46,2%- ს, ხოლო ცხვრისა და თხის ხორცის – 30,5%- ს;

სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბოლო წლებში ბრაზილიაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება ხორცის პირველადი წარმოების ინდუსტრია. ეს განსაკუთრებულად ეხება ორ დარგს, მეფრინველეობასა და სახორცე მეძროხეობას, სადაც საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 14,2 და 2,5%, შესაბამისად. შედეგად, მსოფლიოს ყველაზე მეტი რაოდენობით ხორცის  მწარმოებელი ქვეყნების  ხუთეულში ბრაზილია საპატიო მეორე ადგილზეა.

ასევე, აღსანიშნავია ინდოეთში ხორცის წარმოებაში მომხდარი წინსვლა. სადაც ყველა სახის ხორცის წარმოება გაიზარდა 2,8  მლნ ტონით, ანუ 61,4%- ით და წარმოების საერთო მოცულობით (7,3 მლნ ტონა) მსოფლიოში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა; და ეს მაშინ, როდესაც მეცხოველეობის სხვადასხვა დარგში წარმოების დინამიკა საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო. ასე, მაგალითად, კამეჩის ხორცის წარმოება გაიზარდა 28,4%- ით ფრინველის კი 3,58- ჯერ; იმავდროულად ძროხისა და ღორის ხორცის წარმოება შემცირდა   8,8 და 34,6 %- ით, შესაბამისად. საშუალოდ, ინდოეთში წარმოებული ხორცის ბალანსში,  თითქმის ნახევარი მოდის ფრინველის: ქათმის, იხვისა და ბატის ხორცზე (54,3%), ხოლო მეორე ადგილზეა მსხვილფეხა პირუტყვის- 32,4%.

ევროგაერთიანების ქვეყნებში ხორცის საერთო წარმოების 12,2%- ით ზრდა უზრუნველყო ბროილერული მეფრინველეობის სწრაფად განვითარებამ, ხოლო ძროხის, ცხვრისა და თხის ხორცის წარმოება შემცირდა, შესაბამისად  4,1; 17,9 და 22,7%- ით.

ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ხორცის წარმოება ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთში და სომხეთში – 2,3- ჯერ, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში ამ მაჩ­ვენებელმა შეადგინა 30–53%;  მეზობელ აზერბაიჯანში ხორცის წარმოება გაიზარდა 2,3- ჯერ.

ხორცის ყველაზე მეტი რაოდენობით მწარმოებელი ქვეყნების ტოპ-ათეულის სათავეში დგას აშშ, სადაც 2017 წლის მონაცემებით წარმოებულია 12 მლნ ტონაზე მეტი ხორცი (დაკლული მასით), ხოლო თურქეთს ამ ნუსხაში უკავია მე-10 ადგილი[6]. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ყველაზე მეტი რაოდენობით ხორცს აწარმოებენ რუსეთსა (9,6 მლნ. ტონა) და უკრაინაში (2,3 მლნ ტონა).

ბოლო წლებში ხორცის მსოფლიო ბაზრის წლიური ბრუნვა 30-32 მლნ ტონის ფარგლებშია, ხოლო სტრუქტურაში დაახ­ლოებით 38% მოდის ფრინველის, 35% ძროხის, 23% ღორისა და 4% ცხვრისა და თხის ხორცზე (ნახ. 9). ქვეყნების მიხედვით, ძროხის ხორცის ექსპორტში მოწინავე პოზი­ციები უკავიათ ბრაზილიას, ავსტრა­ლიასა და ინდოეთს[7],  ღორის ხორცის ექსპორტში – ჩი­ნეთს,  აშშ-ს და ევროგაერ­თიანების ქვეყ­ნებს, ფრინველის კი- აშშ-ს და ბრაზილიას.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Cooperation and Development)[8] პროგნოზით 2025 წლისათვის ყველა სახეობის ცხოველისა და ფრინველის ხორცის წარმოების მოცულობა მსოფლიოში მიაღწევს 357,5 მლნ ტონას; იმავე მონაცემებით, წარმოების ზრდა, ძირითადად, უზრუნველყოფილი იქნება ისეთი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა ბრაზილია, ჩინეთი და აშშ.

2017 წელს მსოფლიოში წარმოებულია 1526,38 მლრდ კვერცხი (საინკუბაციო კვერცხის ჩათვლით[9]), რომლის უდიდესი ნაწილი, 92,8%, მოდის ქათმის კვერცხზე. 2001 წლიდან, წარმოების საშუალო წლიურმა ზრდამ მსოფლიოში შეადგინა 30,3 მლრდ ცალი, ანუ 2,9%; ამასთან, წარმოების საშუალო წლიური ზრდის სისწრაფემ ევროპის კონტგინენტზე შეადგინა 0,8%, მაშინ როდესაც ოკეანიასა და აზიაში ეს მაჩვენებელი იყო 3,45-3,5%;

კონტინენტების ჭრილში თუ განვიხილავთ, ბოლო წლების მონაცემებით კვერცხის ყველაზე დიდი მწარმოებელია აზია (საერთო წარმოების 64,0%), მეორე ადგილზეა ამერიკა (19,0%), ხოლო აფრიკასა და ოკეანეთზე ერთად მოდის მხოლოდ  8,5%.

ცალკეული ქვეყნებიდან, კვერცხის ყველაზე დიდი მწარმოებელია ჩინეთი – 621,8 მლრდ ცალი, ანუ მსოფლიო წარმოების 40,7%. პირველ ხუთეულში შედიან: აშშ, ინდოეთი, რუსეთის ფედერაცია და მექსიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, 2017 წელს მწარმოებელთა ტოპ ათეულში შევიდა უკრაინა[10], სადაც ბოლო 16 წლის მანძილზე კვერცხის წარმოება გაიზარდა 60,4%- ით  და მიაღწია 15,5 მლრდ ცალს. თურქეთში კვერცხის წარმოება გაიზარდა   82,3%- ით,  სომხეთში – 52,6%- ით, ხოლო აზერბაიჯანში 3,1- ჯერ.

ნატურალური კვერცხისა და კვერცხპროდუქტების მსოფლიო ბაზრის მოცულობამ 2016 წელს შეადგინა 3,99 მლრ დოლარი. ექსპორტიორი ქვეყნების სიას სათავეში უდგას ჰოლანდია, საიდანაც 2016 წელს გატანილია 764,9 მლნ $- ის საერთო ღირებულების პროდუქცია, შემდეგ კი მოდიან: აშშ, თურქეთი და გერმანია. ჩინეთიდან კვერცხის ექსპორტის მოცულობა შეადგენს 190,1 მლნ $- ს.

აგრარული პოლიტიკის დამოუკიდებელი ინსტიტუტის[11] პროგნოზით 2035 წლის­თვის მსოფლიოში კვერცხის მოხმარება გაიზრდება 50%- ით.

როგორც ავღნიშნეთ, მატყლის წარმოება მსოფლიოში შემცირდა 67,57 მლნ ტონით (ფიზიკური მასით), ანუ 3,0%- ით; ეს პროცესი ყველაზე მეტად აისახა ოკეანეთში ძირითადად ავსტრალიაში და ამერიკის კონტინენტებზე, სადაც წარმოება შემცირდა 368,1 და 47,2 ათასი ტონით, ანუ  41,2 და 24,3%- ით, შესაბამისად.

და ეს მაშინ, როდესაც აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე მატყლის წარმოება გაიზარდა 33,6 და 40,8%- ით. რაც შეეხება ევროპას, აქაც აღინიშნა მატყლის წარმოების უმნიშვნელოდ, 5,7%- ით ზრდა; ამასთან, საგულისხმოა, რომ ევროპაში წარმოებული მატყლის თითქმის 1/3 მოდის მეცხვარეობის დიდი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაზე, დიდ ბრიტანეთზე; წარმოების ნამატშიც მისი ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია (51,2%);

ოკეანეთის ქვეყნებიდაან, მატყლის წარმოება ყველაზე მეტად შემცირდა ავსტრა­ლიაში, რაც გაპირობებული იყო საფეიქრო წარმოების ხელოვნური ბოჭკოს მოხმარებაზე გადასვლასთან. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მეცხვარეობა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ ავსტრალიელმა ფერმერებმა და სპეციალისტებმა სწრაფად აუღეს ალღო შექმნილ მდგომარეობას და პრობლემის გადაწყვეტისადმი სელექციონერების  შემოქმედებით მიდგომის წყალობით, ისტორიულად მოკლე დროში, შეძლეს მერინოსული  მეცხვარეობის სახორცე პროდუქტიული მიმართულებად გარდაქმნა. თუმცა, ამან უკვალოდ არ ჩაიარა და მიმდინარე ათასწლეულში ცხვრის  სულადობის შემცირება გაგრძელდა (387,8 ათასი სულით, ანუ 35%- ით). მიუხედავად ასეთი დიდი დანაკლისისა, ახალი სახორცე-სამატყლო პროდუქტიული მიმართულების მეცხვარეობაზე გადასვლამ უზრუნველყო შესაძლო ზარალის მაქსიმალურად ნიველირება, რაც აისახა ცხვრის ხორცის წარმოების უმნიშვნელოდ, 6,4%- ით შემცირებაში.

ბოლო წლებში ნატურალური მატყლის მსოფლიო ბაზრზე აღინიშნება ზრდის ტენდენცია, რის შედეგად, ბოლო წლებში  ბრუნვამ მიაღწია 4-4,5 მლრდ $-ს.  ექსპორტიორი ქვეყნების ნუსხის სათავეში დგას ავსტრალია, საიდანაც, 2013 წელს რეალიზებულია 2,5 მლრდ $- ის გარეცხილი და გაურეცხავი მატყლი. ახალი ზელანდია 578,4 მლნ $ ექსპორტით მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან მატყლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან  აღნიშნავენ იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და ჩეხეთის რესპუბლიკას[12].

შესრულებულმა მოკლე ანალიზმა შესაძლებლობა მოგვცა მსოფლიო მეცხოველეობაში შექმნილ მდგომარეობასა და მისი განვითარების მიმართულებებზე/ტენდენციებზე გაგვეკეთებინა შემდეგი დასკვნები და გამოგვეთქვა მოსაზრებები:

მსოფლიოში, ყველა სახეობის ცხოველთა სულადობის ზრდის უფრო მაღალი ტემპი აღინიშნება განვითარებად ქვეყნებში, რაც, უპირატესად, ხდება ადგილობრივი ჯიშობრივი რესურსების ხარჯზე. მათგან განსხვავებით, ევროგაერთიანების და ზოგიერთი განვითარე­ბული მეცხოველეობის ქვეყანაში ცხოველთა სულადობა, როგორც წესი, სტაბილიზირე­ბულია, ცალკეულ შემთხვევაში კი მცირდება კიდეც.

სულადობის ზრდასთან შედარებით, უფრო სწრაფი ტემპით იზრდება მეცხოველე­ობის ძირითადი პროდუქტების წარმოება; ასე, მაგალითად,  მიმდინარე საუკუნეში:

  • ძროხისა და კამეჩის სულადობა მსოფლიოში გაიზარდა 12,7%- ით, მაშინ როდესაც ამ სახეობების ცხოველთა რძის წარმოება გაიზარდა 40,6%-ით, ხორცის კი – 20,3%ით.
  • მეღორეობაში სულადობა გაიზარდა 9,6 %- ით, ხოლო ხორცის წარმოება – 32,1%- ით,
  • ცხვრისა და თხის სულადობა გაიზარდა 24,1%- ით, მათი რძისა და ხორცის წარმოება კი 32,7 და 31,6%-ით, შესაბამისად,
  • ყველა სახის ფრინველის სულადობა გაიზარდა – 49,2%- ით, ხოლო კვერცხისა და ხორცის – 46,6 და 70,4%- ით, შესაბამისად.

სასურსათოდ გამოყენებული მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების მონაცემთა შედარებით გამოიკვეთა, რომ 2017 წლისთვის დედამიწის ყოველ 1 მცხოვრებზე[13] საშუალოდ  წარმოებულია 111 კგ რძე, 44,5 კგ ხორცი და 204 ცალი კვერცხი. ეს მაჩვენებლები რამდენადმე მეტია მიმდინარე ათასწლეულის დასაწყისის მონაცემებთან შედარებით, მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ცხოველური პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს.

პროდუქტების წარმოების ზრდის მეტად მაღალი ტემპი აღინიშნა ზოგადად აზიაში, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, ამ კონტინენტზე საშუალოდ 1 კაცზე  წარმოებულია მხოლოდ 76 კგ რძე, 31,4 კგ ხორცი და 218 ცალი კვერცხი.  წარმოების ზრდის მეტად დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა აფრიკის კონტინენტზე, რის შედეგად აქ საშუალოდ 1 მცხოვრებზე წარმოებულია ორჯერ ნაკლები პროდუქცია (37,7 კგ რძე, 15,5 კგ ხორცი და 53,5 ცალი კვერცხი), ვიდრე აზიაში. ეს რამდენჯერმე ჩამორჩება არა მარტო ფაო-ს მიერ დადგენილ მინიმალურ რაოდენობას, არამედ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში, მაგალითად, ევროპაში, სადაც 1 მცხოვრებზე წარმოებულია 306 კგ რძე, 84 კგ- მდე ხორცი და 256 ცალი კვერცხი.

სტატისტიკური მასალების დეტალურმა ანალიზმა დაგვანახა, რომ კონტინენტებიდან 1 მომხმარებელზე წარმოებული რძისა და ხორცის რაოდენობით ყველას უსწრებს ოკეანეთი (შესაბამისად, 747 კგ  და 158 კგ), ხოლო კვერცხის წარმოებით მოწინავე პოზიცია უკავია ამერიკის კონტინენტს (300 ცალი).

ქვეყნების მიხედვით, დღეისთვის მსოფლიოში, საშუალოდ 1 კაცზე ყველაზე მეტ რძეს აწარმოებენ ახალ ზელანდიაში- 3540 კგ, შემდეგ მოდიან ჰოლანდია- 680 და ავსტრალია- 500 კგ. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბელორუსიაში, სადაც 2016 წელს 1 მომხმარებელზე წარმოებულია  700 კგ – ზე მეტი რძე.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ყოველ 1 მცხოვრებზე საშუალოდ წარმოებულია  76 კგ, ხოლო განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 50 კგ ხორცი (დაკლული მასით). ყველაზე მეტ ხორცს მოიხმარს ლუქსემბურგის მოსახლეობა (136,5 კგ), მეორე ადგილზე 125,4 კგ-ით არის აშშ- ს, ხოლო მესამეზე- ავსტრალია (121,2 კგ)[14]; ევროგაერთი­ანების უმეტეს ქვეყანაში საშუალოდ 1 კაცზე აწარმოებენ 80-90 კგ ხორცს, ყველაზე მცირე რაოდენობით კი ამ პროდუქტს აწარმოებენ კონგოს, ეთიოპიის, გამბიის, მოზამბიკის, ბანგლადე­შის, ინდოეთის, შრილანკისა და ზოგიერთი სხვა ქვეყანაში (3,2-7 კგ/კაცზე/წელიწადში, დაკლული მასით).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ხორცი იწარმეობა ბელორუსიაში- 72,2 კგ/1 მოსახლეზე, რაც მსოფლიო რეიტინგში ნიშნავს 43- ე ადგილს, რუსეთს კი 62,9კგ- ით ამ ნუსხაში 56-ე ადგილი უკავია.

ძროხის ხორცს ყველაზე მეტი რაოდენობით მოიხმარენ არგენტინაში[15]  ( 55 კგ), ღორის ხორცს- ავსტრიასა და გერმანიაში (61 და 55,6 კგ, შესაბამისად), ფრინველის ხორცის მოიმხმარებით კი ლიდერია ისრაელი (67,9 კგ/კაცზე/წელიწადში). ძირითადი სასოფლო-სამეურნეო ცხოველებიდან, მსოფლიოში ყველაზე მცირე რაოდენობით აწარმოებენ ცხვრის ხორცს; მაგრამ, აქაც გამოიკვეთა ლიდერი ქვეყანა- მონღოლეთი, სადაც 1 კაცზე მოდის 40 კგ- ზე მეტი ამ სახეობის ცხოველის ხორცი[16].

1 სულ მოსახლეზე წარმოებული კვერცხის რაოდენობით პირველ ადგილზეა მექსიკა (360 ცალი/წელიწადში) შემდეგ მოდიან იაპონია, უკრაინა და ჩინეთი (330, 310 და 300 ცალი, შესაბამისად).  მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში, საშუალოდ 1 მოსახლეზე წარმოებულია    175 და  234  ცალი კვერცხი, შესაბამისად.

♦  ♦  ♦

დღეისთვის პლანეტის მოსახლეობის 1/4– ზე მეტი სურსათის, მათ შორის ცხოველური პროდუქტების დეფიციტს განიცდის, რაც წარმოების ზრდის მნიშვნელოვანი სტიმულია. ამასთან, როგორც ვხედავთ,  მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ზრდას თან სდევს (მართალია უფრო შენელებული ტემპით) ცხოველთა რაოდენობის ზრდა, რაც, გასაგები მიზეზების გამო, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, გენეტიკოსებისა და ცხოველთა ბიოლოგიის სხვა მიმართულებების მკვლევართა უპირველესი ამოცანაა პროდუქტიულობის პოტენციის ამაღლების ახალი ბიოლოგიური მექანიზმების გამოვლენა, ხოლო ზოოტექნიკოსების – ამ შესაძლებლობების წარმოების პირობებში ამ შესაძლებლობე­ბის სრულად რეალიზაცია, შესაბამისი კვებისა და მოვლა-შენახვის ტექნოლოგიების დახვეწის გზით.

წარმოდგენილ მიმოხილვაში არაფერი გვითქვამს, ზოგადად, მსოფლიო მეფუტკრე­ობის მდგომარეობაზე, აგრეთვე თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმო­ებასთან დაკავშირებით.

საქმე ის არის, რომ მეფუტკრეობა, წარმოების ტექნოლოგიითა და სპეციფიკით დიამეტრალურად განსხვავდება სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის სხვა მიმართულე­ბებისგან, რის გამო საკითხის კომპეტენტური ანალიზი საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებსა და სპეციალურ ცოდნას. აქედან გამომდინარე, თემის ირგვლივ მსჯელობისთვის ასპარეზი მეფუტკრეობის სპეციალისტებისთვის დაგვითმია.

P.S. საქართველოს მეცხოველეობაში არსებულ მდგომარეობაზე და ცხოველური პროდუქტების პირველად წარმოებასთან დაკავშირებით მასალების ანალიზს პატივცემულ მკითხველებს მოგაწვდით ნაშრომის მეორე ნაწილში.

 

ავტორები: გიული გოგოლი,

             რუსუდან ბარკალაია

 

[1]  მსოფლიოში  ბუნებრივ სათიბ-საძოვრებს უკავიათ სასოფლოსამეურნეო სავარგულების 3- ჯერ მეტი ფართობი, ვიდრე სახნავს.

[2] FAO- სტატისტიკურ  ცნობარში ოკეანეთში გაერთიანებულია ავსტრალია, ახალი ზელანდია და ყნარი ოკეანის სამხრეთდასავლეთისა და ცენტრალურ ნაწილი კუნძულთა ჯგუფი: მიკრონეზია, მელანეზია და პოლინეზია;

[3] ფაო-ს ვებ გვერდზე,  http://www.fao.org/faostat/en/#data მატყლის წარმოების ბოლო მონაცემები თარიღდება 2013 წლით. 

[4] http://www.fao.org/faostat/en/#data

[5]  https://publications.hse.ru/mirror/pubs/share/folder/zieol2q1rm/direct/72519613

 

[6] https://meat-expert.ru/articles/109-top-10-stran-po-obemam-proizvodstva-myasa

[7] ამ ქვეყნიდან, ძირითადად, გააქვთ კამეჩის ხორცი;

[8] http://www.oecd.org/

[9] http://hectagro.ru/index.php/novosti/204-proizvodstvo-yaits-v-mire – ს მონაცემებით საინკუბაციო კვერ­ცხის ხვედრითი წილი საერთოდ წარმოებულში შეადგენს 5%- ს.

[10] http://agroportal.ua/news/zhivotnovodstvo/ukraina–v-top10-mirovykh-proizvoditelei-yaits/

[11] https://www.agroinvestor.ru/analytics/news/28981-potreblenie-yaytsa-v-mire-vyrastet-v-1-5-raza/

[12] https://ru.actualitix.com/country/wld/ru-wool-exporting-countries.php

[13]  მსოფლიოს მოსახლეობამ  2017 წელს შეადგინა 7,45 მლრდ.  (https://countrymeters.info/ru/World

[14] http://www.brestmeat.by/mias/page4.php

[15] არგენტინაში ხორცის ექსპორტზე შეზღუდვის დაწესებამ ადგილობრივ ბაზარზე შეამცი­რა ფასები და ქვეყნის მოსახლეობას მისცა საშუალება სურვილისამებრ მოეხმარა ეს პროდუქტი;   

[16] http://www.brestmeat.by/mias/page4.php