აგროსიახლეები

მეცნიერება სოფლის განვითარებისთვის – 10 ნოემბერი მეცნიერების მსოფლიო დღეა

ყოველი წლის 10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს, თარიღს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს მეცნიერების უდიდეს მნიშვნელობას ახსენებს.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით ეს დღე 2001 წლიდან ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში მეცნიერების როლს ეძღვნება.

მეცნიერების მსოფლიო დღის 2025 წლის თემა  – ნდობა, ტრანსფორმაცია და მომავალი მეცნიერება, რომელიც გვჭირდება 2050 წლისთვის – ხაზს უსვამს, რომ მეცნიერება მხოლოდ ცოდნის წყარო კი არა, არამედ საზოგადოების განვითარების უმთავრესი იარაღია.

სოფლის მეურნეობა – როგორც მეცნიერებაზე დაფუძნებული დარგ  კვლევის, ინოვაციისა და ცოდნის გარეშე ვერ იარსებებს.

საქართველოში ამ პროცესის სათავეში დგას სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრი, რომელიც უკვე ათი წელია აგრარული მეცნიერების ცენტრალური ბირთვია. ცენტრი აერთიანებს 18 სამეცნიერო მიმართულებას, ფლობს თანამედროვე ლაბორატორიებს, სათბურებსა და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებს, სადაც მეცნიერები და აგრო-ექსპერტები ყოველდღიურად მუშაობენ ქვეყნის აგრარული სექტორის გაუმჯობესებაზე.

ცენტრის საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს – მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიებიდან დაწყებული ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენითა და ორგანული წარმოების ხელშეწყობით დამთავრებული.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • ახალი ჯიშებისა და ჯიშობრივი რესურსების გამოცდა და შეფასება;
  • ჯანსაღი სათესლე და სარგავი მასალის წარმოება;
  • ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით რისკების შეფასება;
  • აგროტექნოლოგიების ინოვაციური და კლიმატგონივრული მოდელების დანერგვა;
  • აგროსასურსათო პროდუქციის სერტიფიცირების და სტანდარტიზაციის გაძლიერება.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან, ასევე ფერმერულ ასოციაციებთან, რაც ცოდნის გადაცემასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდა მეცნიერებისა და ფერმერების ჩართულობა, რათა მათ თანამედროვე ცოდნის საფუძველზე შეძლონ სოფლის მეურნეობის ახალი ეპოქის შექმნა.

მეცნიერება არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის – ხიდი, რომელიც ცოდნით და ინოვაციით აერთიანებს თაობებს.

დღეს, როცა მსოფლიო 2050 წლის გამოწვევების წინაშეა, სწორედ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული აგრარული განვითარება გახდება ქვეყნის სურსათის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის მთავარი გარანტი.

მეცნიერების მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ ფერმერული შრომა და სამეცნიერო ცოდნა ერთად ქმნის მომავალს, ძლიერ, ინოვაციურ და სიცოცხლით სავსე სოფელს.