მეწველი ფურის კვება
ფურის რძე საკვების საზრდო ნივთიერებებიდან გამომუშავდება სარძევე ჯირკვლებში, რომლებიც ლაქტაციის პერიოდში ინტენსიურად მუშაობენ და ამ დროს 1 კგ რძის წარმოსაქმნელად სარძევე ჯირკვალში 500-600 ლიტრამდე სისხლი გაივლის.
მეწველი ფურის ნორმირებული კვების ორგანიზაციას საფუძვლად უდევს მისი მოთხოვნილება ენერგიაზე, საზრდო და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც აუცილებელია რძის წარმოსაქმნელად, აღწარმოების ფუნქციისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დაცული იქნეს მეწველი ფურის კვების რეჟიმი, რაც გულისხმობს თავის დროზე კვებას, საკვების რაოდენობას ერთ სულზე და ერთჯერად კვებაზე, საკვების კვებისწინა შემზადებას, კვების ჯერადობას, საკვების მიწოდების თანმიმდევრობასა და სხვ.
კარგი ხარისხის თივას აძლევენ კვებისწინა შემზადების გარეშე, დაბალი ხარისხის ჩალას, ნამჯას და თივას შეაზავებენ მარილით, ბადაგით, ძირხვენეულით და კონცენტრატებით.
ძირხვენეულს აძლევენ მთელი სახით, ხოლო წვრილ კარტოფილსა და ჭარხალს აქუცმაცებენ საყლაპავი მილის დაცობის აცილების მიზნით. კონცენტრატის მცირე რაოდენობას (2-3 კგ დღეღამეში) იყენებენ მშრალი სახით, ხოლო დიდ რაოდენობას (6-7 კგ და მეტი დღეღამეში) ასველებენ სქელი ფაფის მდგომარეობმდე. მარცვლეულ საკვებს აძლევენ ღერღილის (მსხვილად დაფქვილი) სახით. თუ ულუფა მოითხოვს ახალი საკვების ჩართვას, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით.
კვების ჯერადობა დამოკიდებულია პროდუქტიულობასა და ლაქტაციის პერიოდზე. წელიწადში 4000 კგ წველადობისას და ლაქტაციის ბოლოსათვის კვებავენ 2-3-ჯერ, ხოლო 4000-ზე ზევით და ახალმოგებულებს 3-4-ჯერ დღე-ღამეში. მრავალკომ-პონენტიანი ულუფის საკვებ საშუალებებს ერთჯერადი კვებისათვის იყენებენ განსაზღვრული თანმიმდევრო-ბით: კონცენტრატი — წვნიანი — უხეში (ამ უკანასკნელს უფრო ხშირად წველის შემდეგ). მსხვილ ფერმერულ საწარმოებში კონცენტრატს აძლევენ წველის პერიოდში, რომლის დოზირება ხდება ავტომატურად წველადობის რაოდენობის მიხედვით.
მეწველი ფურის ულუფაში ენერგიის, საზრდო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უკმარისობისას იყენებენ დამაბალანსებლად საკვებ დანამატებს: ენერგეტიკულს, მინერალურს, ვიტამინოვანსა და სხვ.
ზამთრიდან ზაფხულის კვებაზე ფურების გადაყვანას და პირიქით ახდენენ თანდათანობით 7-10 დღის განმავლობაში. მკვეთრი გადასვლა იწვევს მონელების დარღვევას, სარძევე პროდუქტიულობისა და რძის ცხიმიანობის შემცირებას. გარდამავალ პერიოდში დილით და საღამოთი აუცილებელია ვკვებოთ უხეში და წვნიანი საკვებით. ძოვების ხანგრძლივობას თანდათანობით ადიდებენ 2-დან 8-10 საათამდე. საკვებურიდან ბალახით კვებისას, მას შეურევენ დაქუცმაცებულ (ნაკუწის სახით) უხეშ საკვებს.
ზაფხულის პერიოდში იყენებენ მეწველი ფურის კვების სხვადასხვა სისტემას: საძოვრულს, საძოვრულ-ბაგურს, ბაგურ-საძოვრულსა და ბაგურს. საძოვრული კვებისას იყენებენ თავისუფალ, შერეკვით ან პორციულ ძოვებას. ძოვებას იწყებენ, როცა ბალახის სიმაღლე აღწევს არა ნაკლებ 12-15 სმ, სხვაგვარად ფურს შეიძლება წარმოექმნას წინაკუჭების დაავადებები. ერთი შერეკვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 დღეს. ხშირი ბალახდგომის შემთხვევაში და ძოვების 8 საათში ფურს შეუძლია მოიხმაროს 80-100 კგ ბალახი, გამეჩხერებული ბალახდგომისას 25-30 კგ-მდე და მორწყული კულტურული საძოვრებიდან 70 კგ-მდე. საძოვრულ-ბაგური, ბაგურ-საძოვრული და ბაგური კვებისას ბალახს ცხოველები იღებენ საკვებურიდან. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ორგანიზება გაუკეთდეს ბაგურ მწვანე კონვეიერს, რა შემთხვევაშიც ჭამადობა (მოხმარება) საშუალოდ შეადგენს 50-60 კგ-ს დღიურად. მწვანე კონვეიერის ბალახს აქუცმაცებენ 3-10 სმ სიგრძის ნაწილებად და აძლევენ ახალგათიბული სახით 3-ჯერ დღეში. დაქუცმაცებული (დაჭრილი) ბალახი არ შეიძლება შევინახოთ 3-4 საათზე მეტხანს.
ზაფხულის პერიოდში მეწველი ფურების კვების რეჟიმის დარღვევას მივყავართ უარყოფით შედეგამდე. ზმოზე ძოვება ცვრიანი პარკოსნებით მოჭარბებულ ბალახზე და საკვებურიდან სველი იონჯის, სამყურისა და სხვათა გამოყენების შემთხვევაში ფურებში იწვევს ტიმპანიას, ხოლო ბალახში ნიტრიტებისა და ნიტრატების სიჭარბე მოწამვლას. ბალახში კალიუმის სიჭარბეს და მაგნიუმთან მისი შეფარდების დარღვევას მივყავართ მაგნიუმის (ბალახოვან) ტეტანიასთან. დიდი რაოდენობით იონჯა და სამყურა ამცირებენ განაყოფიერებას, ხოლო ბალახში ფიტოესტროგენების (ესტრონის, ესტრადიონის) არსებობის შემთხვევაში მაკე ფურებში აბორტებს ადგილი აქვს. ბალახში და ულუფაში ენერგიის, საზრდო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნაკლებობისას მეწველ ფურებში იყენებენ კონცენტრატებს (კომბისაკვებს) ენერგეტიკულ საკვებ ერთეულზე მოთხოვნილების 30%-მდე, აგრეთვე დამაბალანსებელ საკვებ დანამატებს.
მეწველი ფურის ნორმირებული და სრულფასოვანი კვების ორგანიზაციის შემთხვევაში, ითვალისწინებენ ლაქტაციის შემდეგ ფაზებს: მოგება და აღდგენითი პერიოდი, განწველა, ლაქტაციის შუა პერიოდი, ლაქტაციის ბოლო მესამედი, გამოწველა და გაშრობა.
მოგების დღეს ფურს თბილ წყალთან ერთად ნებაზე აძლევენ კარგი ხარისხის თივას ან შემჭკნარ ბალახს თივასთან ერთად. მოგებიდან პირველ 2-3 დღეს თივისა და შემჭკნარი ბალახის გარდა, აძლევენ 1-1,5 კგ კონცენტრატს (ხორბლის ქატოს, შვრიის ფქვილს, მზესუმზირის შროტს, კომბისაკვებსა და სხვ.) სალაფავის სახით. მე-4 დღიდან თანდათანობით ზრდიან კონცენტრატის რაოდენობას და შეაქვთ წვნიანი საკვები ან მწვანე ბალახი ისეთი ანგარიშით, რომ 10-15 დღისათვის უზრუნველვყოთ საკვების მთლიანი ნორმა პროდუქტიულობის დონის შესაბამისად. სრულ ულუფაზე ნაადრევად გადაყვანამ შეიძლება მიგვიყვანოს სარძევე ჯირკვლების დაავადებამდე.
ფურის სრულ ულუფაზე გადასვლის შემდეგ იწყება განწველის ფაზა. განწველა — ეს არის ახალმოგებული ფურის პოტენციალური (მაქსიმალური) პროდუქტიულობის გამოვლენის უნარი, რისთვისაც გამოიყენება ე.წ. საავანსო მეთოდი, რაც შემდეგში მდგომარეობს: ულუფას ნორმის ზევით ემატება 1-2 ან 2-3 ესე ფურის სარძევე პროდუქტიულობიდან გამომდინარე და ეს გრძელდება მანამ, სანამ ცხოველი წველადობის მატებას არ შეწყვეტს. განწველის პერიოდში ფურს ეძლევა კონცენტრატები (მ.შ. კომბისაკვები) და წვნიანი საკვები (მ.შ. ძირხვენეული).
განწველის დასრულებისთანავე ხდება ფურის განაყოფიერება. ამ დროს ულუფაში ჩართავენ დიდი რაოდენობით ვეგეტატიურ საკვებს (საუკეთესო ხარისხის თივას, I კლასის სენაჟსა და ძირხვენეულს). დაუშვებელია გაფუჭებული საკვებით კვება, რაც შეიძლება გახდეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაღუპვის მიზეზი, მისი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის იმპლანტაციის მომენტში.
ფურის განწველის დამთავრების პერიოდი ჩვეულებრივ ემთხვევა მაკეობის დასაწყისს. ამ პერიოდში იწყება ლაქტაციური (წველადობის) მრუდის დაწევა (შემცირება). განწველის პერიოდში ფურის ულუფების კორექტირებას ახდენენ თვეში 2-3-ჯერ საკონტროლო წველის შედეგების მიხედვით.
ლაქტაციის შუა პერიოდში ფურს კვებავენ მკაცრად დაცული ნორმის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მის მოთხოვნილებას ენერგიასა და საზრდო ნივთიერებებზე სრულფასოვანი საკვებისა და ცილოვან-მინერალურ-ვიტამინოვანი დანამატების ხარჯზე, აგრეთვე კვების რეჟიმის დაცვით წლის სეზონურობიდან გამომდინარე.
განწველის ფაზაში კვების საერთო დონეს ცოტაოდენ ამცირებენ, მაგრამ საზრდო ნივთიერებების კონცენტრაციას ულუფის მშრალ ნივთიერებაში ზრდიან მაღალხარისხოვანი პროტეინის, კაროტინისა და მინერალური ნივთიერებების (ძირითადად კალციუმის) ხარჯზე. ულუფაში საკვების ნაწილს ცვლიან ცილოვან-ვიტამინოვან-მინერალური დანამატებით (ცვმდ), 25%-ით ადიდებენ კალციუმის ნორმას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მაკეობის აციდოზი, ფურის ორგანიზმი განიცდის კაროტინით გაჯერებას (1 გრამამდე დღეღამეში), რაც თავიდან ააცილებს პლაცენტის სისუსტესა და მუცლის მოშლას.
ფურის გაშრობის ფაზაში ძირითად ხერხად ითვლება წველადობის ჯერადობის შემცირება და ულუფის შეცვლა. დასაწყისში ფური გადაჰყავთ ორჯერად, შემდეგ ერთჯერად და ბოლოს, დღეგამოშვებით წველაზე. წველადობის შეწყვეტის შემდეგ აკონტროლებენ სარძევე ჯირკვლების მდგომარეობას. ერთდროულად ზამთრის ულუფიდან თივის ხარჯზე გამოთიშავენ წვნიან და ნაწილობრივ კონცენტრატულ საკვებს, ხოლო ზაფხულში მწვანე საკვებს ხშირად ცვლიან უხეში საკვებით. იძულებითი გაშრობის შემთხვევაში ულუფიდან მთლიანად გამოთიშავენ კონცენტრატს. გაშრობის შემდეგ ულუფაში საკვების რაოდენობა თანდათანობით დაჰყავთ ნორმამდე.
მეწველი ფურის კვება გავლენას ახდენს რძის შემადგენლობასა და ხარისხზე, აგრეთვე რძის პროდუქტებზე. მშრალობის პერიოდში და მოგების შემდეგ კვების საერთო დონე, აგრეთვე ულუფებში პროტეინის, ცხიმის, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობა გავლენას ახდენს არა მარტო წველადობაზე, არამედ რძის შემადგენლობაზეც. რძისა და კარაქის გემოს აუარესებს შემდეგი საკვები საშუ-ალებები: დიდი რაოდენობით ჩალა, ნამჯა და ტყის თივა, ძოვება ისეთ საძოვრებზე, რომლებიც დანაგვიანებულია ჯვაროსანთა მცენარეებით, გარეული ხახვი, აბზინდა, ათასფურცელა, მჟაუნა, რძიანა, გვირილა და სხვა ბალახებით. გემოს აუარესებს აგრეთვე დიდი რაოდენობით ისეთი ტექნიკური წარმოების წყლიანი ნარჩენების გამოყენება, როგორიცაა: ჟენჟო, ბუყი, დღლაბი და ცხიმით მდიდარი კოპტონები. თუ კარაქი მეტისმეტად მაგარია (მყარია), მაშინ საკვებად იყენებენ შვრიის ღერღილს, მზესუმზირის ან სელის კოპტონს, ხოლო თუ მეტისმეტად რბილია, მაშინ ულუფაში შეაქვთ ცხიმით ღარიბი საკვები (პარკოსანთა მარცვალი, შროტები და სხვა). მაგარ და ფხვიერ კარაქს ღებულობენ იმ ფურის რძიდან, რომელსაც კვებავენ ჭაობის ან გადაბარებული მდელოს თივით, ჩალით, ნამჯით, ჭარხლის ფოჩით, ჟენჟოთი, კარტოფილით და სხვა, აგრეთვე ტყის საძოვრებზე ძოვებისას. კარაქის ხარისხზე სასიკეთოდ მოქმედებს მარცვლოვან-პარკოსნების ნარევისაგან შემდგარი მწვანე საკვები.
ყველაზე უფრო მაღალ მოთხოვნებს რძეს უყენებენ იმ შემთხვევაში, როცა მისგან იღებენ (ხარშავენ) მაგარ ყველს. ზაფხულის პერიოდში ფურებს კვებავენ მხოლოდ კარგი მწვანე საკვებით, რომელსაც ემატება ხორბლის ქატო და მარცვლეული. ყველის ხარისხს აუარესებს კარტოფილი, ბუყი, ალაოს ღივი და ლუდის ხოტი.
რძის სუნსა და გემოზე გავლენას ახდენს ძლიერ სუნიანი საკვები საშუალებები, დანამატები და ნივთიერებები. ფურმა თუ შეჭამა ნიორი, მისი სუნი რძეს გადაეცემა 1 წუთში, ხოლო 10 წუთის შემდეგ ნივრის სუნის შესუნთქვისას — გადაეცემა 2 წუთში. ამასთან შესამჩნევი ნივრის სუნი და გემო რძეში შენარჩუნდება 4 საათის განმავლობაში, შემდეგ შესამ-ჩნევად სუსტდება და ქრება.
ულუფაში კონცენტრატების გადაჭარბებულმა ჩართვამ შეიძლება სრულად შეაჩეროს განმეორებითი (მეორადი) ცოხნის აქტიურობა, რის გამოც მკვეთრად მცირდება ნერწყვის გამოყოფა და ბუფერული ნივთიერებების (ნეიტრალიზატორების) უკმარისობა იწვევს ფაშვში Ph-ის შემცირებას (ანუ მჟავიანობის გაზრდას).
გაითვალისწინეთ! ძლიერ სუნიანი საკვები საშუალებები, დანამატები და ნივთიერებები (წამლები), ცხოველს უნდა მიეცეს წველის შემდეგ.
წყარო: agriedu.ge