მევენახეობა-მეღვინეობის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები
საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი.
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მევენახეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად (18 მიკროზონა) იყოფა: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. მევენახეობის თითოეული რაიონი გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი ვაზის ჯიშებით, რომლებიც საუკეთესოდ არის შეგუებული ამ რაიონების მიკროკლიმატს და მევენახეობის ტრადიციებს. კლიმატური და სხვა მახასიათებლებით გამოყოფილი მევენახეობა-მეღვინეობის ზონები საშუალებას იძლევა წარმოებულ იქნეს მრავალი სახის, დანიშნულების და ხარისხის ღვინოები.
მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული მევენახეობის ზონების პოტენციური შესაძლებლობები მათი შემდგომი გაფართოებისათვის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ პროცედურების დაცვაზე (ყურძნის კრეფა, ტრანსპორტირება, გადამუშავება და სხვ.), რომლებიც აუცილებელია მაღალხარისხიანი ღვინის დამზადებისთვის.
ქართული ღვინის მეწარმეებმა შეძლეს მემკვიდრეობით მიღებული უნიკალური ვაზის ჯიშების, ღვინის ტრადიციული კერების ამოქმედება და მსოფლიოს ბაზარზე გასვლა. ხარისხის გაუმჯობესების გზით საქართველო ევროპულ და ამერიკულ ბაზრებს იზიდავს. დარგის განვითარების მიზნით ხელი უნდა შეეწყოს მევენახეობა-მეღვინეობის ვერტიკალური ინტეგრაციის კოოპერატივების შექმნას.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ვენახების ახალი ფართობების გაშენებას, მათ შორის _ საგადასახადო სტიმულებითაც.
მხოლოდ ქმედითი სახელმწიფო რეგულირებითა და კონტროლის განხორციელებით არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი, მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოება, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა, მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განვითარება.
ღვინის მწარმოებელ აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ღვინის წარმოების საუკეთესო პირობები (ნიადაგი, კლიმატი, ყურძნის ჯიშები, ტრადიციები და ა.შ.) და კანონიერი უფლება ღვინის მსოფლიო ბაზარზე აღიარებისათვის.
საკვანძო სიტყვები: ვაზის ჯიშები, ტექნოლოგიები, კოოპერაცია, ინტეგრაცია, რეალიზაცია, სახელმწიფო რეგულირება, ფალსიფიკაცია, ბაზარი.
საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტი ოდითგანვე იყო დამკვიდრებული (8-9 ათასი წლის წინათ, _ პ. ჟუკოვსკი, რ. ვაინჰოლდი, ა. ნეგრული, ე. კაგაროვი და სხვ.), რაზედაც მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი და არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მეღვინეობისათვის საჭირო უძველესი საგნებიც მიუთითებს. არქანჯელო ლამბერტი წერს: „ვინ იცის, იქნება ძველებმა იმიტომ უწოდეს ქართველებს გიორგიანნი, რომ პირველად ნოემ ამ ქვეყანაში ავარჯიშა ეს ხელობა და იქნება „დაბადებამ“ აქ ქვეყნის მკვიდრთ ამისათვის უწოდა პირველი მიწის მუშაკნი. „და იწყო ნოემ კაცმან საქმედ ქვეყნისა და დაასხა ვენახი… სხვა რომ არაფერი იყოს, ნოესაგან მათი ჩამომავლობა, მათი ჩვეულება ამტკიცებს, ყოველგან ვენახებს აშენებენ და ცდილობენ ბევრი ღვინო მოიყვანონ, რომელიც ძლიერ უყვართ“.
საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული, კერძოდ, კახური _ 80, ქართლური _ 72, იმერული _ 75, რაჭა-ლეჩხუმური _ 50, მეგრული _ 60, გურული _ 53, აჭარული _ 52, აფხაზური _ 58 და სხვ. საქართველოში 2.5-ჯერ მეტი ვაზის ჯიშია, ვიდრე აზერბაიჯანში (200), 5.5-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში (90), 2.5-ჯერ მეტი, ვიდრე შუა აზიაში (200), 3.5-ჯერ მეტი, ვიდრე დაღესტანში (150).
მეცნიერები ვენახის სამშობლოდ მცირე აზიასა და კავკასიას (მის დასავლეთ ნაწილს და ზოგადად შავი ზღვის ქვეყნებს) მიიჩნევენ. შუამდინარეთში ვაზი მეორეული მოვლენაა. იგი აქ გავრცელებული უნდა იყოს სამხრეთ კავკასიიდან და ინდოეთიდან (მეხუთე ათასწლეულში). მრავალ ენაში „ღვინო“ შესულია ერთი საერთო ძირით: ბერძნული _ ოინოს, ლათინური _ ვინუმ, ხეთური _ ვიანა, სომხური _ გინი, რუსული _ ვინო, გერმანული _ ვაინ; სემიტურ ენებში: არაბული _ ვაინუმ, ებრაული _ იაინ, ასურული _ ინუ და ა.შ. აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა ქართველური, სომხური და სემიტური ენების მონაცემთა შედარების საფუძველზე დაასაბუთა, რომ მთელ მსოფლიოში ქართულიდან გავრცელდა: „მაღალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაჩვენებელი ისეთი სიტყვა, როგორიც არის ღვინო“.
მევენახეობა-მეღვინეობა იყო ეროვნულობის, ქართველობის დაცვისა და შენარჩუნების მძლავრი სტიმული. „ჩვენებურ გლეხკაცს ვენახი და ხილნარი მარტო გამორჩომის წყაროდ კი არ მიაჩნია, არამედ იმ წმინდა აუზადაც, სადაც მის მამა-პაპას თავისი ოფლი მოუდენია და მიუბარებია საშვილიშვილოდ.…ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, ჯერ უნდა გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისი ოჯახის წარსული, თავისი მამა-პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა-პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია“ (ილია ჭავჭავაძე).
საქართველოდან ღვინო ოდითგანვე გაჰქონდათ ევროპის, შუა აზიისა და სხვა ქვეყნებში. XVII საუკუნეში (1672 წ.) ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც ეწვია საქართველოს, ასე წერდა: „მეფეს გამოეგზავნა ჩემთვის ორი ღვინით სავსე საღვინე… იმ ღვინოზე უკეთესი ღვინო არ შეიძლებოდა“.
ვაზი ქართველ კაცს „სიცოცხლის ხედ“ მიაჩნდა. ყურძნის წვენს ქართველები მიიჩნევდნენ წმიდა სასმელად. თეიმურაზ ბაგრატიონი გადმოგვცემს: „შესუმიდეს ღვინოსა ახალსაცა და ძველსა, აღუნთებდეს სანთელთა დიდ-დიდთა შთამოსხმულთა ცვილთაგან“.
ქართველი კაცი ღვინის დაყენებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, ყურძნის მტევანს ალალი კაცის მარჯვენა უნდა შეჰხებოდა. ღვინო მხოლოდ ყურძნის წვენის დადუღებით მიიღებოდა და ამ წესის დაუცველობა წარმოუდგენელი იყო. ქართველი მევენახის სინდისი ზედაშეა, რომლითაც ინათლებოდნენ მისი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ღვინის დაყენების ქართული წესი: კახური (ჭაჭაზე სრული დადუღებით, ექსტრაქტული ღვინოები), იმერული (ჭაჭაზე დადუღების გარეშე, არაექსტრაქტული ღვინოები), რაჭული (ჭაჭაზე ნახევრად დადუღებით).
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მევენახეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად (18 მიკროზონა, 7500 ჰა. მუშაობა მთავრდება დამატებით ორ ობიექტზე კახეთში _ ხაშმი და ლეჩხუმში _ უსახელოური. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, პერსპექტივაში მიკროზონების რაოდენობა 30-ს გადააჭარბებს) იყოფა: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. მევენახეობის თითოეული რაიონი გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი ვაზის ჯიშებით, რომლებიც საუკეთესოდ არის შეგუებული ამ რაიონების მიკროკლიმატს და მევენახეობის ტრადიციებს. კლიმატური და სხვა მახასიათებლებით გამოყოფილი მევენახეობა-მეღვინეობის ზონები საშუალებას იძლევა წარმოებულ იქნეს მრავალი სახის, დანიშნულების და ხარისხის ღვინოები.
ცნობილი გამოთქმაა: „დიდებული ღვინო მხოლოდ დიდებული ყურძნისაგან დგება” _ ყურძნის ხარისხი და გადამუშავებისას მისი სიმწიფის დონე განსაზღვრავს მომავალი ღვინის შედგენილობას, ორგანოლეპტიკურ თვისებებს. ხარისხის გაუმჯობესებაზე ვერ ვილაპარაკებთ, თუ მეღვინეობის წინაშე მდგარ პრობლემებს არ გავეცნობით:
1. რთველის თარიღის არაგეგმიური განსაზღვრა, რაც იწვევს არაკონდიციური ყურძნის, ან ზედმეტად მაღალშაქრიანი ყურძნის მიწოდებას წარმოებისათვის;
2. ყურძნის გადამუშავების დაგვიანება (დაკრეფილი ყურძენი უნდა გადამუშავდეს მოკრეფიდან არაუმეტეს 2-4 საათში, მაქსიმუმ 6 საათში). ხშირ შემთხვევაში ყურძნით სავსე სატვირთო მანქანები ერთ და ზოგჯერ სამ ღამეზე მეტსაც ათენებენ, სანამ საწარმოში მათი შესვლა ხერხდება. ამის მიზეზია არაორგანიზებული რთველის სეზონი: საწარმოებს არ აქვთ გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულებები მევენახეებთან და უმეტესად სპონტანურად ხდება ყურძნის კრეფა და მიწოდება საწარმოებისათვის;
3. ყურძნის ტრანსპორტირების წესების დარღვევა: ყურძნის ტრანსპორტირება საწარმოში პირდაპირ სატვირთო მანქანის ძარაზე დაყრილ მდგომარეობაში ხდება, იშვიათად მხოლოდ რამდენიმე საწარმო მიმართავს ყუთებით ტრანსპორტირების მეთოდს. შედეგად ყურძენი ზიანდება, იჭყლიტება, იწყება ლპობითი (ბაქტერიების ცხოველქმედების) პროცესი, ღირებული თვითნადენი გზაში ჩამოიდინება მანქანის ძარიდან. შორ მანძილზე ყურძნის ტრანსპორტირებისას ზოგ შემთხვევაში, აუცილებელია გამოყენებულ იქნას ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის სისტემით აღჭურვილი სატვირთო მანქანები, რომელთა ხელმიუწვდომლობა რთველის პერიოდში მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში მკვეთრად შეინიშნება;
4. არარეგულირებული ყურძნის ფასი;
5. ჯიშური არომატის ნაკლებობა-არარსებობა, რაც გამოწვეულია ღვინის დადუღებისას ტემპერატურული რეჟიმის უგულვებელყოფით. საწარმოებში არასაკმარისი ოდენობითაა ტემპერატურული რეჟიმის კონტროლით აღჭურვილი სამადუღრე (გამაციებელი სისტემით) რეზერვუარები და, შესაბამისად, დუღილისას ვერ ხერხდება ტემპერატურის კონტროლი. ქვევრის ერთ-ერთი უნიკალურობაც ხომ ამაში მდგომარეობს: ჩვენმა ბრძენმა წინაპარმა, ყოველგვარი მეცნიერული საფუძვლების გარეშე იცოდა, რომ ღვინის დუღილი „თანაბრად, საშუალო ტემპერატურაზე“ უნდა განხორციელებულიყო და ქვევრის მიწაში მოთავსების ტრადიციაც, სავარაუდოდ, ამ მიზეზით წარმოიშვა. უფრო მეტიც, ქართველი კაცი ქვევრებს შორის 2-3 მეტრს მაინც იცავდა და ერთმანეთთან ახლოს მიწაში არ ათავსებდა, რადგან თბოცვლას ხელი არ შეშლოდა, მიწას ქვევრი გაეგრილებინა და დუღილის დროს წარმოქმნილი ტემპერატურით „ქვევრებს ერთმანეთი არ გაეთბო“. დღეს ქვევრის ღვინის მწარმოებლებმა დაივიწყეს ეს ტრადიცია და ხშირად მარნებში ქვევრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის ჩაყრილი და დუღილის დროს იზრდება მადუღარი მასის ტემპერატურა, მიწას აღარ ძალუძს ქვევრების გაგრილება. გარდა ამისა, არომატის დაკარგვის მიზეზი შესაძლებელია იყოს სტაბილიზაციისას არასწორად შერჩეული და ჭარბი რაოდენობით გამოყენებული მასალები, რაც უშუალოდ მეღვინის არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს;
6. ქვევრის ღვინის მიკრობიოლოგიური დაავადებები, რაც გამოწვეულია ჰიგიენური წესების დარღვევით. (იგივე ხდება საწარმოებშიც) ქვევრის, (ასევე კასრის) კედლები ხომ ფოროვანი სტრუქტურით ხასიათდება, სადაც ბაქტერია იბუდებს და შემდეგ ქვევრში (კასრში) ჩასხმულ სითხეში გადაინაცვლებს, მრავლდება და იწყებს ცხოველქმედებას. გავიხსენოთ, რომ რთველის წინ ჩვენი წინაპარი საგულდაგულოდ, გულმოდგინედ რეცხავდა ქვევრს და დურდოს მოთავსებამდე გოგირდის პატრუქებსაც უბოლებდა. ზოგჯერ ქვევრის გარეცხვა არაა საკმარისი იმისათვის, რომ მომავალი ღვინო დავიცვათ ბაქტერიებისაგან და აუცილებელია ანტიმიკრობული მოქმედების (ხსნარების/გოგირდის პატრუქების) გამოყენება, რათა სრულყოფილად „გავწმინდოთ“ ფორები მიკროორგანიზმებისაგან.
ზემოაღნიშნული პრობლემების ძირითადი მიზეზია:
კვალიფიციური კადრების დეფიციტი. საჭიროა მეღვინე, რომელმაც იცის ენოლოგიის თეორიული საფუძვლები და აცნობიერებს ღვინის წარმოების პროცესში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს, შეძენილი აქვს პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ტრადიციების გათვალისწინებით ქმნის თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას. ასეთი კადრების დეფიციტის არსებობა ასახულია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქციაზე.
მევენახეობა-მეღვინეოის რეგულირებისას არსებული ხარვეზები:
საოჯახო მცირე საწარმოებისათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროცედურების სირთულეები.
საოჯახო მცირე საწარმოებისათვის დარგობრივი განათლების მიღების შესაძლებლობის პრობლემა. ამ მიზნობრივი ჯგუფისათვის შედეგიანი იქნება ტრეინინგების ჩატარება, საინფორმაციო ბიულეტენების მიწოდება და სხვა ღონისძიებები.
2016 წელს საქართველოში ვენახის ფართობმა 45 ათას ჰა მიაღწია (2014 წ. 39 ათასი ჰა), ყურძნის მოსავალმა შეადგინა 159,2 ათასი ტონა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი იყო 214,5 ათასი ტონა. ჩვენი გათვლებით (აკად. ო. ქეშელაშვილი, პ. კოღუაშვილი) ვენახის ფართობი 2025 წლისათვის 62 ათას ჰა მიაღწევს, ხოლო მოსავალი 425 ათას ტონას, რაც სავსებით რეალური და მიღწევადია.
სადღეისოთ საქართველოში წარმოებული ყურძნიდან დაახლოებით 30-40 ათასი ტონა გადამუშავდება ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ, 15 ათასი ტონა გამოიყენება სუფრის ყურძნად, ხოლო დანარჩენი 100 ათასი ტონა გადამუშავდება კერძო პირების მიერ საოჯახო ღვინოების დასამზადებლად. ყურძნის გადამუშავებით მიღებული 50-80 მილიონი ლიტრი მოიხმარება საქართველოში.
„2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ამ პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი _ 104% (3842412),
რუსეთი _ 89% (19313343), უკრაინა _ 30% (2983000), პოლონეთი _ 13% (1212704), ბელარუსი _ 43% (660674), ლატვია _ 19% (685508), აშშ _ 43% (176274), გერმანია 20% (200440), საფრანგეთი _ 457% (95530), ისრაელი _ 150% (105710), აზერბაიჯანი _ 241% (87402) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი _ 19313343, ჩინეთი _ 3842412, უკრაინა _ 2983000, პოლონეთი _ 1212704 და ყაზახეთი _ 1163827 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 858 734 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 85%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი _ მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%-ს აღწევს.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო-მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს _ ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა”.
მევენახეების პრობლემებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს უმთავრესი: მათი პროდუქციის შესყიდვა ძირითადად ხდება ერთის მხრივ _ შუამავალი, გადამყიდველი პირებისა და კომპანიების, მეორეს მხრივ _ ღვინის ქარხნების მიერ, რომლებიც საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით დაინტერესებული არიან შეისყიდონ ყურძენი რაც შეიძლება დაბალ ფასებში. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები, ვისთვისაც ყურძნის რეალიზაციიდან ამონაგები შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს, იძულებული არიან დათანხმდნენ შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასებს, რაც ავტომატურად იწვევს ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციის და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას.
ინტერესთა აღნიშნული კონფლიქტი გარკვეულწილად გახდა სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციის საფუძველი. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, გაჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის შესყიდვის იძულებითი სუბსიდირების პრაქტიკაც, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ კომპენსაციის ის ფორმა, რომელიც დაწესდა ღვინის საწარმოებისათვის 2017 წლის რთველის პერიოდში (70 თეთრს+35 თეთრი) მისაღები ვარიანტია.
სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სწრაფი, დაბალანსებული განვითარების ეფექტურ მექანიზმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში მათი ურთიერთინტეგრაცია წარმოადგენს. ასეთი სისტემის ფორმირებით მევენახეებს მიეცემათ ყურძნის წარმოების, გადამუშავებისა და ღვინის რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნის შესაძლებლობა, სადაც პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და ყურძნის მწარმოებლები დაინტერესებული იქნებიან ღვინის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი დამატებითი ღირებულებით.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს როგორც ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნისათვის საჭირო აღჭურვილობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის გადაცემას, ასევე ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც სავალდებულოა კოოპერატივებისათვის.
ტექნიკური დახმარების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებთან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კოოპერაციული ტიპის ღვინის საწარმოს დაარსების შემთხვევაში მოხდება:
ყურძნის წარმოების, გადამუშავებისა და წარმოებული ღვინის რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემის (ერთიანი ციკლის) შექმნა, სადაც მევენახეები მიიღებენ გაზრდილ შემოსავლებს არა ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდან;
მაღალხარისხიანი ყურძნისა და ღვინის წარმოება;
პროდუქციის თვითღირებულების შემცირება;
სამეწარმეო საქმიანობის მართვისა და ფუნქციონირების ცივილიზებული ფორმების დანერგვა და განვითარება;
კოოპერატივის წევრების მიერ რეალური თვითმმართველობის ყველა კომპონენტის: თვითანაზღაურების, თვითრეგულირებისა და თვითკონტროლის განხორციელება;
მოსახლეობის სამეწარმეო კულტურისა და განათლების დონის ამაღლება;
სამუშაო ადგილების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერება;
სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა“, _ ბრძანებდა ილია ჭავჭავაძე. „ღვინის კეთებას ჩვენში მრავალი ათასის წლების ისტორია აქვს და, მაშასადამე, არის რა მიზეზი, რომლის ძალითაც ჩვენი ერი თვისებურ ღვინის კეთებას ჰრჩეობს და ევროპულს უფრთხის, ერიდება დღესაც… ჩვენებური ღვინის კეთება მარტო იმაზეა მიქცეული, რომ ყურძნის წვენს არა რა შეერიოს და ღვინოს თავისი ბუნებური შეურეველი თვისება ჰქონდეს“.
ქართული ღვინის უმთავრესი ღირსება „ბუნებრიობაა“, მხოლოდ „ნატურალობაა“, ამიტომ განსაკუთრებული სერიოზულობითაა საჭირო ბრძოლა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ტრადიციების დაცვისათვის ბრძოლა უშუალოდ უკავშირდება ფალსიფიცირებული ღვინოების მავნეობის გამოვლენასა და ამგვარი ღვინოების დაყენების უარყოფის კამპანიას.
ილია ჭავჭავაძე ქართველ მეღვინეთა გასაგონად აცხადებდა: „თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შეიძლება მოხდეს, რომ გასამკლავებლათ ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია“. ამაზე ლოგიკურად და მიზანდასახულად გზის ჩვენება ალბათ ძნელი წარმოსადგენია!
მიუხედავათ აღნიშნულისა, დღემდე განსაკუთრებულ პრობლემათა რიცხვს განეკუთვნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართული ღვინოების ფალსიფიცირება, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების, ქართული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების უნებართვო გამოყენება, რის გამოც ქვეითდება ქართული ღვინის პრესტიჟი, იკარგება ტრადიციული ბაზრები, ზარალდება ქართული ღვინის მილიონობით მომხმარებელი, ეს კი ნეგატიურად აისახება არა მარტო მეღვინეობის, არამედ მისი საფუძვლის _ მევენახეობის განვითარებაზეც. ამის დასტურია ბოლო პერიოდში ღვინის ბაზარზე განვითარებული მოვლენები, რომელიც, ჩვენი აზრით, მეტწილად ქართული მხარის უნებლიე ინიციირებით არის გამოწვეული. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ქართული ღვინოების უმეტესობა როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე იყიდება ისეთი ეტიკეტებით, რომლებიც რაიონის, რეგიონის, სოფლის დასახელებას გამოხატავენ. ეს ეტიკეტები (დასახელებები) არ წარმოადგენს რომელიმე ცალკე აღებული ღვინის ქარხნის (საწარმოს) ინდივიდუალურ საკუთრებას, რაც თავიდანვე ქმნის ნოყიერ ნიადაგს ეტიკეტების გაყალბებისა და ღვინის ფალსიფიცირებისათვის.
ფალსიფიცირების უარყოფითი მხარეა ისიც, რომ მთლიანობაში მომხმარებელი იხდის უფრო ძვირს, ვიდრე ღირს პროდუქტი. გარდა ამისა, პროდუქტი შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის და, რაც ყველაზე ცუდია, მომხმარებელი კარგავს ნდობას პროდუქტისადმი, რითაც ზარალდება პატიოსანი მწარმოებელი.
მევენახეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალხარისხიანი ნამყენი ნერგის წარმოება, რისთვისაც აუცილებელია სერთიფიცირებული სანერგე საწარმოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა.
მევენახეობის მიკროზონებში გაცილებით მეტი პოტენციალია ახალი ვენახების გაშენებისათვის (39500 ჰა), ვიდრე იგია სადღეისოდ გაადგილებული (7500 ჰა). ჩვენ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ვენახის ახალ ფართობებს ვერ გააშენებს. მევენახეობის სტიმულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მათ შორისაა საგადასახადო შეღავათების დაწესება. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმრავლეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებულ ქვეყნებში, როგორც წესი, ვაზი (და არა მარტო ვაზი, ასევე სხვა მრავალწლოვანი ნარგავები 3 წლით, ხოლო კაკალი 4 წლით) ვენახში გაშენებიდან სამი წლის განმავლობაში გათავისუფლებულია ყველა სახის გადასახადისგან. ვფიქრობთ, მსგავსი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს ჩვენს საგადასახადო კანონმდებლობაშიც, რადგან სამი წლის მანძილზე მევენახე მხოლოდ ხარჯს ეწევა და დანახარჯი 12 ათას ლარს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას დაზღვევის შესახებაც. მიგვაჩნია, რომ მევენახეობის სპეციალიზებულ ზონებში დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს.
დასკვნა. მხოლოდ ქმედითი სახელმწიფო რეგულირებითა და კონტროლის განხორციელებით არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი, მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოება, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა, მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტული, დარგის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განვითარება (მთავრობის როლის გააქტიურება უნდა გამოიხატოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში). მითუმეტეს, რომ ღვინის მწარმოებელ აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ღვინის წარმოების საუკეთესო პირობები (ნიადაგი, კლიმატი, ყურძნის ჯიშები, ტრადიციები და ა.შ.) და კანონიერი უფლება ღვინის მსოფლიო ბაზარზე აღიარებისათვის.
პაატა კოღუაშვილი,
სსმმ აკადემიი აკადემიკოსი, პროფესორი