დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მინერალური სასუქები და მათი გამოყენება ვენახში

აზოტოვანი სასუქები აზოტს შეიცავს ამიაკურ ან ნიტრიტულ მდგომარეობაში. ამიაკური აზოტის შემცველი ყველაზე ცნობილი სასუქი ამონიუმის სულფატია.
ამონიუმის სულფატი

ამონიუმის სულფატი კრისტალური ფხვნილია, რომელიც იხსნება წყალში, შეიცავს 20-21% აზოტს. ეს სასუქი არ უნდა გამოვიყენოთ კარბონატების დაბალი შემცველობის ან მჟავე ნიადაგებში, რადგან იგი აქვეითებს კალციუმის შემცველობას ნიადაგში, რაც  ღვინის ხარისხზე აისახება.

კალციუმის ციანამიდი გამოდის ფხვნილის სახით. შეიცავს 19% აზოტს. იგი უკეთესია მჟავე ნიადაგებში, ვიდრე ამონიუმის სულფატი, რადგან შეიცავს კირს.

შარდოვანა თეთრი კრისტალური მარილია, შეიცავს 46% აზოტს. იძლევა საუკეთესო შედეგებს ფოთოლზე შესხურების დროს, როცა ვაზის ზრდა მიდის ნელა, ან მოსალოდნელია ყვავილცვენა. შესხურებული ხსნარი უნდა შეიცავდეს 350-600 გრ. შარდოვანას 100 ლიტრ წყალზე. შესხურება შეიძლება გავიმეოროთ 10-15 დღის შემდეგ.

სასუქები, რომლებიც შეიცავენ ნიტრატულ აზოტს

კალციუმის ნიტრატი შეიცავს 13-15,5% აზოტს, მიიღება სინთეზური გზით თეთრი კრისტალების სახით.

ჩილეს გვარჯილა შეიცავს 16% აზოტს, ბუნებრივი პროდუქცია თეთრიმორუხო შეფერვით. ეს ნივთიერებები კარგად იხსნება წყალში და უშუალოდ შეითვისება მცენარის მიერ. მათი შეტანა ხდება გაზაფხულზე.

ამიაკურ-ნიტრატური სასუქები

ამონიუმის სულფატ-ნიტრატი არსებობს გრანულების სახით აზოტის შემცველობით 20%, 32,5%, 33,5%.

ამონიუმის სულფატი გამოიყენება რთული სასუქების მისაღებად. მას ახასიათებს, როგორც ამიაკური, ისე ნიტრატული თვისებები, ამიტომ ვენახში შეაქვთ გაზაფხულზე.

ფოსფორიანი სასუქები

ფოსფორიანი სასუქები ძირითადად ოთხი ფორმის სახით გამოდის – ფოსფორიტის ფქვილი, სუპერფოსფატი, თომას შლაკი და პრეციპიტატი (დიკალციუმ ფოსფატი).

ფოსფორიტის ფქვილი წარმოშობის მიხედვით შეიცავს 26-დან 33%-მდე P2O5-ს.

ფოსფატები მზადდება ძვლებისაგან, იგი შეიცავს 24-30% P2O5ის არახსნად ფხვნილს.

სუპერფოსფატი მზადდება ფოსფორიტის ფქვილის (ძვლის ფქვილის) გოგირდმჟავით დამუშავების გზით. გამოდის 14%, 16%, 18% შემცველობის სუპერფოსფატი, რომელიც კარგად იხსნება ამონიუმის ნიტრატში, ფოსფორმჟავასა და წყალში.

ღრმად ხვნის დროს უმეტესად გამოიყენება ფოსფორიტის ფქვილი ან სუპერფოსფატი. ნიადაგის ტიპის მიხედვით, ახლად მოხნულ ან კირიან ნიადაგებზე, ხოლო მჟავე ნიადაგებში უნდა შევიტანოთ დიკალიფოსფატი და შლაკები (თომას წიდა).

კალიუმიანი სასუქები

ძირითადი კალიუმიანი სასუქებია _ სილვინიტი, კალიუმის სულფატი და კალიუმის მარილი, გარდა ამისა ფართოდ გამოიყენება: კალიუმის ნიტრატი, ნახშირმჟავა კალიუმი და ხის ნაცარი.

სილვინიტი – ნედლი კალიუმის მარილი მოიპოვება წიაღისეულის სახით. ადვილად ხსნადია წყალში. სილვინიტი გამოდის ორი ფორმით, კერძოდ, სილვინიტი, რომელიც შეიცავს 18% K2O-ს და კალციუმის მარილი ანუ ორმაგი სილვინიტი.

კალიუმის სულფატი – მიიღება სილვინიტისაგან, თეთრი ფერისაა, შეიცავს 48% კალიუმს, იხსნება წყალში.

ქლორიანი კალიუმი – მიიღება სილვინიტისაგან, ქლორკალიუმისა და ქლორნატრიუმის გამოყოფით. ის შეიცავს 49% K2O-ს. კალიუმის ნიტრატი – წარმოადგენს მარილს, რომელიც 44% წყალში ხსნად კალიუმს შეიცავს და 13% ნიტრატულ აზოტს.

ნახშირმჟავა კალიუმი (ანუ პოტაში) _ შეიცავს 52-63% კალიუმს და ადვილად შთანთქავს ჰაერის ტენს, კარგად იხსნება წყალში. მჟავე რეაქციის გამო, მისი გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს. ფოთლებზე ან მწვანე ნაწილებზე ამ სასუქის მოხვედრა იწვევს დამწვრობას. იგი ნაკლებად გამოიყენება.

კალიუმი – კალიუმიანი სასუქებიდან კარგად ფიქსირდება ნიადაგში. მათი შეტანა ნიადაგში ხდება შემოდგომით (სილოვინიტი და ქლოროვანი ნაერთები).

ვენახში უფრო ხშირად იყენებენ ქლორკალიუმს ან 40%-იან სილვინიტს, გარდა დამლაშებული ნიადაგებისა, სადაც უკეთესია გამოიყენო კალიუმის სულფატი.

რთული სასუქები – რთული სასუქები სულ უფრო მეტ გავრცელებას პოულობს. ის მზა სახით იყიდება. ისინი შეიცავენ ორ (ორმაგი სასუქი) ან სამ (სამმაგი სასუქი) საკვებ ელემენტს.

აზოტი ასეთ სასუქებში შედის ან მხოლოდ მინერალური მარილის ან მინერალური და ორგანული სახით. რთული სასუქები მიიღება სასუქების უბრალო შერევით. ერთმანეთში ურევენ აზოტიან, ფოსფორიან და კალიუმიანი სასუქის გრანულებს ან ფხვნილებს.

სასუქების გააზრებული მეცნიერული კვლევის შედეგებზე დამყარებული წესებით შეტანა ხელს უწყობს ვაზის მოსავლისა და ხარისხის ზრდას, ფერმერის ეკონომიკური დანახარჯების შემცირებას, გარემოს დაცვას.

„მევენახეობა“

ვაჟა გოცირიძე, 

ანა გოდაბრელიძე