მიწა (ნიადაგი) წარმოების ერთადერთი ძირითადი და გამოყენების მუდმივი საშუალებაა
ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2021 წლის N5, N7 და 2022 წლის N8 ნომრებში გავეცანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, ქალბატონ გოგოლა მარგველაშვილისა და შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრის „ანასეულის“ დირექტორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, ქალბატონ რუსუდან ტაკიძის სტატიებს, რომლებშიც საუბარია საქართველოს ნიადაგების დღევანდელ მდგომარეობაზე და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებების (ამაღლების) აუცილებლობაზე.
სტატიებში, როგორც ყოველთვის ზუსტად არის აქცენტები დასმული (გაკეთებული) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ტიპის ნიადაგების არსებულ მდგომარეობაზე, მათ ნაყოფიერებაზე, სტრუქტურაზე და მათი მახასიათებლების გაუმჯობესების მეთოდებსა და საშუალებებზე. როგორც მიუთითებენ და სრულიად სამართლიანადაც მიწა (ნიადაგი) იყო, არის და ყოველთვის იქნება ადამიანის მარჩენალი და კვლავაც დარჩება წარმოების ერთადერთ მუდმივ და ძირითად საშუალებად, რომლის სწორად, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების და წესების შესაბამისად გამოყენების (და არა ექსპლუატაციის) პირობებში მისი ბუნებრივი ნაყოფიერება კი არ უარესდება არამედ უმჯობესდება კიდეც. ამდენად, იგი გონიერი ადამიანისა და მეურნის ხელში უხვი (მყარი) მოსავლის მიღების საშუალებაა, ხოლო სახელმწიფოსთვის მძლავრი ეკონომიკური და სტრატეგიული ბერკეტი.
მსგავსს თემებთან წარსულში არაერთხელ მქონია პირდაპირი შეხება და სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციების საშუალებებითაც სხვებთან ერთად, სხვადასხვა ასპექტშიც არაერთხელ მისაუბრია. თუმცა, სამწუხაროდ ამ ღვთით ბოძებული სიმდიდრის გამოყენებას სათავისოდ და სრული მოცულობით დღემდე ქვეყანა რატომღაც ვერ ახერხებს, რბილად რომ ვთქვათ, ამ მხრივ სახელმწიფოებრივი ზრუნვა და დაინტერესება ნაკლებად შესამჩნევი და ეფექტიანია. არადა, მსოფლიო სასურსათო რეზერვის შევსებაში ჩვენს ქვეყანასაც თავის წილი საერთაშორისო ვალდებულება გააჩნია. ასეთ დროს გაუგებარია და წარმოუდგენელია ქვეყანაში ნათესი ფართობების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდებოდეს და მიღებული მარცვლეულის მოცულობა წლიური მოთხოვნილების 15-18 %-ს არ აღემატებოდეს. მიზეზი სხვადასხვაგვარია. იურიდიულ–სამართლებრივი ნიუანსებით დაწყებული, ხშირად ბიზნესის სათავისოდ გამოყენებით გაგრძელებული და კვალიფიციური კადრების დეფიციტით დამთავრებული. გაუგებარია, ბოლო 30 წლის განმვალობაში ქვეყნის სოფლის მეურნეობის სისტემაში მილიარდები იყოს დახარჯული და ისეთი სტრატეგიული კულტურების, როგორიცაა: ხორბალი, სიმინდი, სოიო, ლობიო, ჩაი, ციტრუსი და მემცენარეობის კიდევ ბევრი სხვა, წარმოებაში ყოველწლიურად უკუსვლა ფიქსირდებოდეს და ამ მხრივ, იმპორტი 80%-ს აჭარბებდეს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ ბანკები და კერძო ინვესტორები სოფლის მეურნეობას სარისკო სფეროდ მიიჩნევენ და ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ამ დარგში სოლიდური ფინანსების დაბანდებით, ხოლო ის ბიზნესმენები ვინც ამ პროდუქციის იმპორტით არიან დაკავებულნი, პირიქით ხელს უშლიან შიდა წარმოების მოცულობის ზრდას, მაგრამ ვისაც ხელეწიფება, ხომ უნდა ინტერესდებოდეს და ანალიზს უკეთებდეს, რატომ არ შეიმჩნევა წინსვლა და უკუგება ამდენი განხორციელებული პროგრამისა და ქვეპროგრამების შედეგად? მითუმეტეს, მაშინ როცა მსოფლიოში ესოდენ დაძაბული ვითარებაა და არავინ უწყის სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები. საკუთარი ხალხის გამოკვებაზე, მეტი სერიოზულობა და დაფიქრება გვმართებს. ვფიქრობ სამომავლოდ ბიზნესსა და არაკეთილსინდისიერ ბიზნესმენებს რომ არ გადავაყოლოთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესები, უფრო მეტად სერიოზული მიდგომები და ანალიზია საჭირო. როგორც ყველა განვითარებულ ქვეყნებში ჩვენთანაც სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს სოფლის მეურნეობაში გააზრებული პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება და არსებულ ძირითად საშუალებაზე (მიწა) დღემდე შესწავლილი და მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდების უცილობელი გატარება. სხვაგვარად წინსვლა და შედეგი არ გვექნება. ამის თქმის საფუძველს ჩემი კვალიფიკაცია, სისტემაში ხანგრძლივი პრაქტიკული საქმიანობა, გამოცდილება და სხვა ქვეყნების მაგალითები მაძლევს.
სასიამოვნოდ მახსენდება გასული საუკუნის 1980-1990-იან წლებში სხვა ადამიანებთან ერთად ერთიანი აგროქიმიური სამსახურის სისტემაში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მემუშავა და გარკვეული წვლილი შემეტანა რეგიონის ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლა-გაუმჯობესებაში, მავნებელ-დაავადებათა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვა,ს ეს პროცესები ბევრგან თვითდინებაზეა მიშვებული და ხშირ შემთხვევაში ფერმერთა და მეწარმეთა შეხედულებისამებრ იმართება. ხდება სავარგულების ცალმხრივად, მხოლოდ აზოტოვანი სასუქებით გამოკვება, რაც იწვევს ნიადაგის გადაგვარებას. ცოდავს სახელმწიფოც, რადგანაც დღემდე ვერ მოხერხდა წინა ხელისუფლების დროს სოფლის მეურნეობის სისტემაში გამოსაყენებლად იმპორტირებული აგროქიმიკატების, მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, საკანონმდებლო სავალდებულო ლაბორატორიული შემოწმების აკრძალვის და წესების შეცვლა და მათზე სავალდებულო ლაბორატორიული კვლევის დაწესების შემოღება. სხვა შემთხვევაში კვლავაც დაბალი იქნება მათი მოხმარებიდან მიღებული ეფექტი, გაზრდილი პრეტენზიებიც მომხმარებლების მხრიდან და გარემოზე და ადამიანებზე მიყენებული ზიანიც.
პრობლემები ამ მხრივ, გარდა ჩაისა და მარცვლეული კულტურებისა, აღინიშნება ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებშიც, რაზედაც ეს პატივცემული ქალბატონები სამართლიანად და დელიკატურად მიანიშნებენ. მიუთითებენ ბევრ სხვა მომენტებზეც, რომელთა არ დანახვა და არ გამოსწორება სასიცოცხლოდ და სახელმწიფოებრივად საჭირო და აუცილებელიცაა, მით უმეტეს იმპორტდამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში.
ნუგზარ ოქროპირიძე,
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისის ცენტრი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი