აგროსიახლეები

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა და კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

ცვლილება ეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის კანონით განსაზღვრული ვადის გადაწევას. მისი ინფორმაციით, მოქმედი კანონის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაესრულებინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა, დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაშინ, როდესაც ქარსაფარი ზოლების მთლიანი ფართობი შეადგენს 17 938.15 ჰექტარს. ინვენტარიზაცია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ვერ განხორციელდა დადგენილ ვადაში. დამატებით კიდევ გვჭირდება დრო ამ პროცესის დასასრულებლად. ამდენად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 2027 წლის პირველი იანვარი, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობა განუსაზღვრელია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როგორც ინვენტარიზაციის პროცესის დროული დასრულებისთვის, ასევე ქარსაფარი ზოლის განაშენიანების დაჩქარებისთვის.

„თავის დროზე, სწორედ ჩვენი კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა მოქმედი კანონი „ქარსაფარი ზოლის შესახებ“. ამ ინიციატივით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ვინაიდან, გასულ წლებში, განუკითხაობის პერიოდში, ფაქტობრივად განადგურდა ქარსაფარი ზოლები და მივიღეთ სავალალო მდგომარეობა. სამწუხაროდ, დღესაც, ერთწლიანი ნარგავების გადაწვის შედეგად, ბევრგან განადგურდა ქარსაფარი ზოლი“, – განაცხადა გელა სამხარაულმა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო გაითვალისწინებს კომიტეტის თხოვნას და იქ, სადაც უკვე ჩაატარეს აღწერა, პარალელურად დაიწყებენ ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების პროცესს.

პარლამენტი კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს. კომიტეტმა ასევე განიხილა „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო – ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ რატიფიცირების საკითხი და მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.