მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად მუშაოება დაიწყო
მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს.
მიწის საინფორმაციო სისტემა ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდება მიწის რესურსებთან და ნიადაგთან დაკავშირებული მონაცემების საინფორმაციო ჰაბად, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწის მართვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სამომხმარებლო სერვისების მიწოდებას ფერმერებისათვის, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. სისტემაში არსებული მონაცემები ხელს შეუწყობს მიწის საფარის, როგორც ბუნებრივი რესურსის, ოპტიმიზაციას, მიწისა და მოსავლის მართვის მხარდაჭერას.
მიწის საინფორმაციო სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ხოლო მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) ფუნქციური დიზაინის შემუშავებას, საჭიროებების შეფასებასა და საგზაო რუკის მომზადებას გლობალური IT სერვისების კომპანია RMSI განახორციელებს. აღნიშნული კომპანია გეოსივრცითი და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას მთელ მსოფლიოში ახორციელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან, სენტილ რაჯენდრანთან, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები, GRAIL-ის პროექტის მიწის კომპონენტის ხელმძღვანელი ანა კორსი, ხოლო ონლაინ ფორმატში – ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი ზდრავკო გალიკი.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩასატარებელი სამუშაოების ეტაპები განიხილეს, განსაზღვრეს მიზნები, ამოცანები და ვადები. სენტილ რაჯენდრანი მიწის რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესს და მომავალში განსახორციელებელ სამუშაოებს გაეცნო.