აგროსიახლეები

მოცვის ფასი გაიზარდა – სად ყიდიან პროდუქტს ფერმერები

ქართველმა ფერმერებმა გასულ კვირას მოცვის ექსპორტი დაიწყეს. EastFruit-ის ცნობით, ექსპორტიორები ფერმერებს მაღალ ფასს, კგ-ში, ხარისხის მიხედვით, 5-დან 7 დოლარამდე უხდიან, რადგან სეზონის დასაწყისში მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.

ხარისხი კენკრის ზომით, რბილობითა და გარეგნობით იზომება. როგორც წესი, ექსპორტიორები ხარისხის შესამოწმებლად ბაღებს თავად სტუმრობენ და მოსავალი ხშირად პირდაპირ ბაღებიდან, ფერმერების მიერ წინასწარი გაგრილებისა და შენახვის გარეშე იყიდება.

EastFruit-ს ვაჭრობის ოფიციალური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ქართული მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში 6,3 დოლარი იყო, ივლისში კი 5 დოლარამდე დაეცა. მწარმოებლები ამ სეზონზეც იგივე სცენარს მოელიან, ანუ ივლისში ფასები გაცილებით დაბალი იქნება, რადგან მიწოდება პიკს მიაღწევს.

ექსპორტიორები მოსავლის უმეტეს ნაწილს ისევ რუსეთში ყიდიან, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი ექსპორტს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარში საჰაერო ან თუნდაც სახმელეთო გზით გეგმავს. მაგალითად, კომპანია Blue Bird-ს საემიროების მყიდველებთან მიწოდების ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს, თუმცა მათ მოცვის შესყიდვა ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ფასები ამჟამად მაღალია. მეორე მწარმოებელი და ექსპორტიორი, Green Valley ამ სეზონზე 60 ტონა მოცვის მოსავალს მოელის. კომპანია, რუსული ბაზრის გარდა, ექსპორტს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სახმელეთო ტრანსპორტით გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოცვის მიწოდებას 8-10 დღე დასჭირდება.

EastFruit-ის ცნობით, მიმდინარე სეზონზე მწარმოებლებისთვის შრომის ხარჯები გაიზარდა. ისინი მკრეფავებს, როგორც წესი, კილოგრამების მიხედვით უხდიან. თუ გასულ წელს ერთი კილოგრამი მოცვის მოკრეფვა მწარმოებლებს 0,65-1,1 ლარი (0,2-0,35 დოლარი) უჯდებოდათ, ამ სეზონზე მინიმალური ფასი 1 ლარია (0,34 დოლარია). მებაღეები ამბობენ, რომ კენკრის მოსაკრეფად ხალხის პოვნა პრობლემური გახდა, რაც ქვეყანაში ახალი ნარგავების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით მომდევნო სეზონებზე კიდევ უფრო გართულდება.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს სახელმწიფო პროგრამით, „დანერგე მომავალი,“ საქართველოში 707 ჰექტარი მოცვის პლანტაციის გაშენება დაფინანსდა.

2020 წელს ქართული მოცვის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, გაორმაგდა და 661 ტონა შეადგინა. 2021 წელს ექსპორტმა ახალ ნიშნულს მიაღწია და 1000 ტონას გადააჭარბა. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ეს ტენდენცია 2022 წლის სეზონზეც გაგრძელდება.

 ლადო სულაბერიძე,

წყარო: https://www.bpn.ge