დარგებიმეცხოველეობასტატიები

მსოფლიო ხორცის წარმოება _ საქონლის ხორცის წარმოება საქართველოში – რეალობა და პერსპექტივა

მსოფლიოში ხორცზე  მოთხოვნა იზრდება, როგორც რაოდენობრივ, ასევე მის ხარისხობრივ მაჩვენებელზე. შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც, რაც მწარმოებებლებს  ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, უბიძგებს მათ წინასწარ განსაზღვრონ პროგნოზები და  რეაგირება მოახდინონ ბაზარის მოთხოვნებზე.

მრპ-ს ხორცის წარმოება  უფრო ინერტულ დარგად ითვლება, ვიდრე _ ღორისა და ფრინველისა. მეფრინველეობაში ჩადებული კაპიტალის ამოღებას  მიახლოებით  2-3 წელი სჭირდება, ხოლო გაზრდის ციკლს, წიწილიდან მზა პროდუქტამდე – 42-45 დღე, მეღორეობა – რენტაბელობა იწყება 3-5 წლიდან, გაზრდის ციკლი: ძუძუთა გოჭიდან, მზა პროდუქტამდე – 8-11 თვე, ხოლო მეძროხეობაში ჩადებული დანახარჯების ამოღებას სჭირდება მუშაობის 7-9 წელი, გაზრდის პერიოდი ხბოდან, მზა პროდუქტამდე 18-24 თვე, მიმართულების არჩევის დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ყოველ დარგს აქვს თავისი პრიორიტეტები.

მსოფლიოში პირველ ადგილზეა ღორის ხორცის წარმოება 38%, შემდეგ მოდის ფრინველის -36%, მრპ-ს და ხბოს – 22% და ცხვრის – 4%.

2014 წლის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, ხორცის წარმოების მიზნით წელიწადში მსოფლიოში  69,2 მილიარდზე მეტი ცხოველი იკვლება. ამ რაოდენობაში შედის: ფრინველი 66,2 მილიარდი ფრთა, მათ შორის ქათამი 62 მილიარდი, ხოლო შინაური ცხოველი 2,8 მილიარდზე მეტი.

1961 წელთან შედარებით 2014 წლისთვის მოსახლეობა 2,35-ჯერ გაიზარდა, ხოლო წარმოებისთვის შინაური სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დაკლული რაოდენობა _ 8,22-ჯერ.

მსოფლიოში ხორცის წარმოება
სახეობა რაოდენობა მლნ. ტ.

1961 წ.

რაოდენობა მლნ. ტ.

2014 წ.

ღორი

ქათამი

პირუტყვი

ცხენი

ინდაური

თხა

ცხვარი

24,76

7,6

27,7

4,93

0,896

1,1

7,791         (2000 წ)

115,3

100,353

64,7

8,96

5,611

5,524

8,614         (2015 წ)

მთლიანად ყველა სახის ცხოველთა და ფრინველთა ხორცის წარმოება 1961 წელს  _ 71,4 მლნ. ტონა შეადგინა, 2011 წელს_  298 მლნ. ტ. 2014 წელს _ 318,4 მლნ. ტონა.

ამასთანავე, 1961 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიარდ 85 მილიონ 784 ათასი იყო, 2011 წელს – 7 მილიარდი, 2014 წელს – 7 მილიარდ 265 მილიონ 785 946 ათასი.

P.S. ცხოველთა ასეთი რაოდენობის კვლა სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, ადამიანს გამოკვებისთვის ჯერჯერობით სხვა სრულფასოვანი ცილის ალტერნატივა არ აქვს.

ხორცის წარმოებისა და ბაზრის მოცულობის დინამიკა მსოფლიოში 2015-2025 წლისთვის მოცემულია ცხრილში

წარმოების საშუალო წლიური ზრდა ბაზრის საშუალო წლიური ზრდა
მრ პირუტყვი და ხბო

ღორის ხორცი

ფრინველის ხორცი

ცხვრის ხორცი

1,4%

1,1%

1,5%

2%

1,2%

1,7%

2,9%

1,4%

ამჯერად ჩვენ შევჩერდებით საქართველოში მრპ-ს ხორცის წარმოებაზე.

საქართველოს მოსახლეობა, მრპ-ს სულადობა და ხორცის წარმოება (დაკლულ წონაში) 1990 -2017 წწ.

წელი საქართველოს

მოსახლეობა

(ათასი)

მრპ

(სული)

მრპ ხორცი

(ათასი ტონა)

1990 5400. 1,298,300
1995 5050. 944,100
2000 4650. 1,177,400 48.3
2005 4321.5 1,190,600
2006 4401.3 1,080,300 33.0
2007 4394.7 1,048,500 31.3
2008 4382.1 1,045,500 25.1
2009 4385.4 1,014,700 29.2
2010 4436.4 1,049,400 26.7
2011 4469.2 1,087,600 21.3
2012 4497.6 1,128,800 16.2
2013 4483.8 1,229,700 20.2
2014 4490.5 970,000 22.8
2015 3713.7 1,325,500 24.4
2016 3720.4 962,700 21.5
2017 3718.2 900,000 19.3

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, წინა აღწერასთან შედარებით (2002 წ.) სოფლის მოსახლეობა შემცირდა 23,8% -ით, ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა 6,3% -ით, მრპ-ს რაოდენობა შემცირდა _ 23,6% -ით.

საქართველოში წარმოებული ხორცის მოცულობა მიახლოებით  მთლიანად მსოფლიოში წარმოებულის –  0,0002%-ს შეადგენს.

ხორცის წარმოება აგრარული დარგის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია. ამასთანავე, მერძეულ მიმართულებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის ყველაზე პრობლემური და რთული დარგია. მაგ. ჩამორჩება მარცვლეულის წარმოების რენტაბელობას. წარმოების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად რენტაბელობის მინიმალური დონე სავარაუდოდ 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ბოლო წლებში საქართველოში მეცხოველეობის კუთხით მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა, რაც აგროსამრეწველო სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას უკავშირდება, რისი შედეგიც არის ცხოველთა არსებული სადგომების სრულყოფა, რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით მეცხოველეობის პროდუქტების  (რძე, ხორცი და ა.შ) რაოდენობრივ მაჩვენებელზე, რაც განხილვის ცალკე თემაა და ეხება ამ დარგის განვითარების არჩეული სტრატეგიის საკითხების ნაკლოვანებებს.

მიუხედავად სირთულისა, მეცხოველეობის ეს დარგი ინვესტორებისათვის მიმზიდველია, თუმცა ბევრი პრობლემა გადასაჭრელია. ასე მაგალითად, არ არის განვითარებული მეცხოველეობის სამანქანო-ტექნოლოგიური პარკი, უმეტესწილად ფერმები არიან პრიმიტიულ პირობებში, რაც  მოითხოვს მთლიანად საქმის თავიდან დაწყებას. მეცხოველეობის ორივე მიმართულებაში დაბალია მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დონე, ზოგიერთი ფერმა აშენებულია საბჭოთა პერიოდში და ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებია სერიოზული რეკონსტრუქცია. მათში გამოყენებული აღჭურვილობა და ტექნიკა არის ძველი, გააჩნიათ ცვეთის მაღალი დონე.

დღეს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება გამოირჩევა არასტაბილური შემოსავლებით, დაბალი რენტაბელობით, რასაც, პირველ რიგში, განაპირობებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სპეციალიზებული ჯიშების არარსებობა და შესაბამისად, საჯიშე ბაზის უქონლობა, ფერმერთა დაბალი კვალიფიკაცია. ამასთანავე, ნაკლოვანებებს განეკუთვნება სუსტი სახელმწიფო მხარდაჭერა და ხორცის ბაზრის ინფრასტუქტურის განვითარების არასაკმარისი დონე.

ქვეყანაში დაბალია ხორცის, ასევე რძის, კომბინირებული საკვების, ხორცის გადამმუშავებელი და მარცვლეულის პირველად მწარმოებლების, ბანკებისა და ა.შ. კომპლექსური ინტეგრაციის დონე.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი საშუალოდ 73-79%-ია და ადგილობრივი ხორცის წარმოება ბოლო წლებში წლიურად 20-24 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს (მოთხოვნა 27-32 ათასი ტონა). ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ შეინიშნება კლების ტენდენცია. წლების განმავლობაში დარგის (როგორც ხორცის, ასევე რძის წარმოების) შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა საქართველოში არსებულმა მეცხოველეობის სპეციფიკამ. კერძოდ,  მცირე ფერმერული, საოჯახო მეურნეობების დიდმა რაოდენობამ, სადაც გადანაწილებულია ქვეყანაში არსებული სულადობის 97%-ზე მეტი, მიახლოებით 900 ათასამდე სული პირუტყვი. შეიძლება სახელმწიფოსთვის ასეთი დანაწევრება დისკომფორტული იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცხოველეობის დარგი ჯერჯერობით ერთ-ერთია, რომელიც დაგვეხმარება სოფლის, როგორც ტერიტორიული, ასევე სოციალური  ერთეულის შენარჩუნებაში, განვითარებასა  და ამასთანავე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია ინდუსტრიული მეცხოველეობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მცირე ფერმერული მეურნეობების შევიწროების ხარჯზე. საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება მოითხოვს  აგრარულ სექტორში ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს. აუცილებელია, რომ სოფელში შეიქმნას ადამიანთა სრულფასოვანი ცხოვრებისეული პირობები,   სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო წარმოებები, ახალი ტექნოლოგიებით, ამაღლდეს მექანიზაციის დონე და ა.შ. ანუ ფერმერებმა იგრძნონ სხვა რეალური შემოსავლების წყაროს არსებობაც. ამის შემდეგ შეიძლება თვითონ იზრუნონ მეცხოველეობაში არსებული სპეციფიკის შეცვლაზე და გამოხატონ სხვადასხვა გაერთიანებების შექმნის სურვილი (მაგ. თუნდაც როგორც კოოპერატივია ან სხვა გაერთიანებები). ეს საკითხი უფრო გლობალურია, ვიდრე ჩანს, ამიტომ აქ მეტად აღარ შევჩერდები.

ისმის კითხვა, ღირს თუ არა ბიზნესის დაწყება?

საქართველოში ჯერჯერობით მრპ-ის ხორცის მწარმოებელი ორგანიზაცია სრული ტექნოლოგიური (მრპ-ს გამოზრდიდან, ხორცის გადამუშავებამდე) ხაზით არის ერთი, რაჭის რეგიონში, დანარჩენი შედარებით მსხვილი ფერმერები (საქართველოს პირობებში იგულისხმება ფერმერები, რომლებიც წელიწადში ზრდიან 500-ზე მეტ სახორცე პირუტყვს) არის 10 ერთეულამდე, რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არიან მპრ-ს გამოზრდის სხვადასხვა სტადიით და თითქმის არავინ მუშაობს ხორცის საბოლოო დამუშავებაზე, ხორცპროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში. გადამმუშავებელი წარმოების დეფიციტი სერიოზულ პრობლემად რჩება, რაც ძალიან აფერხებს ხორცის წარმოებას.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის  ნახევარი სოფლად ცხოვრობს, ხოლო სოფლად მცხოვრები კომლიდან სავარაუდოდ, ბარში – 40%-ს, მთაში 70%-ზე მეტს ჰყავს მრპ 1-დან 10- სულამდე. ისინი აწარმოებენ რძის პროდუქტებსა და ხორცს, რომლის ძირითად ნაწილს იყენებენ საოჯახო მოხმარებისთვის, არიან ფერმერები, რომელთაც ჰყავთ 10-დან 100-სულამდე. ვფიქრობ, 5%-მდე, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილის რეალიზაციას ახდენენ.

არსებულ მდგომარეობას სჭირდება მხარდაჭერა, რომ შევქმნათ სტარტი დარგის განვითარებისთვის, მეხორცული მრპ-ს გამოზრდა მხოლოდ  ცოცხლად გაყიდვისთვის, არ იძლევა დიდ მოგებას და არც სტაბილური არის. ამიტომ აუცილებელია შეიქმნას მცირე ან საშუალო სიდიდის ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, რადგან დღეს არსებულ მონოპოლიასთან მიახლოებული მდგომარეობით ზარალდება მომხმარებელი. მას ბაზარზე არ აქვს ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ხორცპროდუქტების არჩევის ფართო საშუალება, მწარმოებელი ფირმების ნაკლებობის გამო, რადგან არსებული საწარმოები ძირითადად ხორცპროდუქტებს აწარმოებენ შემოტანილი გაყინული ხორცით (ქათმის იქნება ეს, ღორის თუ პირუტყვის). ამის მიმანიშნებელია ისიც, რომ გაყინული ფრინველის ხორცის შემოტანა 2015 წლიდან 2016 წლამდე – 17 ათასი  ტონით გაიზარდა. შესაბამისად, ძეხვეულის წარმოებაც. სიტუაცია შეიცვლება მაშინ, როცა სახელმწიფო რეალურად მიაქცევს ყურადღებას და წაახალისებს ადგილობრივ კერძო სექტორს.

გავმართოთ მრპ ხორცის წარმოება გრძელი და რთული პროცესია, ამიტომ უახლოეს პერიოდში რაიმე ძირეული ცვლილება ამ სექტორში შეუძლებელია, ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. გვრჩება ვარიანტი, წავახალისოთ კერძო საკარმიდამო მეურნეობები და შევუქმნათ ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას გადამამუშავებელ წარმოებებთან.

მრპ-ს ხორცი, სიძვირიდან გამომდინარე შეიძლება ბევრი მომხმარებლისთვის გახდეს იშვიათი სეგმენტი, იზრდება გაყინული ქათმის ხორცზე მოთხოვნა შედარებით სიიაფის გამო. დღეს საქართველოში ხორცის წარმოება მომგებიანია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მოთამაშეებისთვის და ესენი ძირითადად არიან მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ე.წ. შემსყიდველები, რომლებიც საკმაოდ კარგი ფინანსური საშუალებებით გამოირჩევიან. ისინი აძლიერებენ მონოპოლიას, რომელიც აისახება პროდუქციის ფასების ზრდით ადგილობრივ ბაზარზე. ზოგიერთ რეგიონში მცირე ფერმერები სიდუხჭირის გამო, ფულის საჭიროებიდან გამომდინარე და რადგან რეალიზაციის სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, ახდენენ პირუტყვის გაყიდვას დაბალი ფასებით და არ ითვალისწინებენ პირუტყვის გამოზრდაზე საკუთარი შრომის დანახარჯებს.

მრპ-ს სულადობის შემცირების ტენდენცია, რაც ბოლო წლებში გამოიხატა არც ისე სახარბიელო მაჩვენებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს აიხსნება 2017 წელს განხორციელებული დიდი რაოდენობით მრპ-ს ცოცხალი რაოდენობის ექსპორტით. ექსპორტზე გავიდა _ 197 ათასი სული პირუტყვი. უმეტესწილად 180-220კგ. წონით ანუ მიახლოებით 19 ათასი ტონა ხორცი. ეს არის ნედლეულის ბაზა, რომელიც სათანადო რაოდენობის მაღალტექნოლოგიური გადამმუშავებელი საწარმოების არსებობის პირობებში ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნიდან არ უნდა გადიოდეს, რადგან ყველაზე მცირე მოგება ცოცხალი წონის გაყიდვის დროს ფიქსირდება, გარდა ამისა, ექსპორტზე მიდის შედარებით მაღალი ხარისხის ხორცი ცოცხალი პირუტყვის სახით და ამასთანავე, დიდი რაოდენობის სუბპროდუქტები უფასოდ.

მეწარმეობა, (ხორცის წარმოების მთლიანი ხაზი) როგორც აგროსამრეწველო კომპლექსი ქვეყანაში არ არსებობს, რომ ვისაუბროთ რაღაც რადიკალური ცვლილებებზე. დღევანდელი მდგომარეობითაც მთლიანად ხორცის წარმოებაში არის საკმაოდ პრობლემები. როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის მოსახლეობის 46% სოფლის მაცხოვრებელია და აწარმოებენ  მთლიანი შიდა პროდუქტის _ 9%-ს, ე.ი. თავსაც ვერ ირჩენენ. უმეტესწილად გვაქვს განუვითარებელი ოჯახური მეურნეობები, ალბათ როგორიც გვქონდა საუკუნის წინ. მოქმედებისთვის შესასწავლია საინვესტიციო გარემო სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, აუცილებელია ხორცის წარმოების ყველა სექტორში გაიზარდოს მცირე ფერმერთა წილი, მიუხედავად არსებული სტატისტიკისა, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ შევინარჩუნებთ მრპ-ს ხორცის წარმოებას დარგში არსებული მდგომარეობით, რომელიც დიდი პროცენტით პირდაპირ კავშირშია სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებასთან, განსაკუთრებით მთიან რეგიონში. დამწყები ფერმერებისთვის აუცილებელი იქნება დასაწყისში  სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი პროექტებით, რომელიც კავშირში იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფრასტრუქტურის შექმნასთან.  შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასთან და ერთ-ერთი ამ გადაწყვეტილებების ჯაჭვში იქნება მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა, მოშენება, ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი წარმოების წახალისება.

მინიმალური რაც უნდა შევძლოთ, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება, ხოლო წინსვლისთვის აუცილებელია, საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

მიუხედავად მრპ-ს ხორცის წარმოების ხანგრძლივი და ხარჯიანი ციკლისა, ხორცის წარმოების ბიზნესი მიმზიდველია. ხორცზე, როგორც ცილის უნიკალურ წყაროზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოში არსებული ეპიზოოტური სტაბილურობა, აზიის ქვეყნებთან სიახლოვე, ადგილობრივი სავარგულები და საძოვრები იძლევა საშუალებას ყოველ წელიწადს 250 ათასზე მეტი სახორცე მიმართულების მრ პირუტყვი გამოვზარდოთ და  50 ათას ტონამდე ხორცი ვაწარმოოთ.

მთავარია დაწყება, საწყისი კაპიტალი და ზოგადად, აუცილებელია მეცხოველეობის მიმართულებაში ცვლილებები, შემდგომ კი ცვლილებების მართვა.

მიხეილ ჭიჭაყუა,

ბიოლოგიის დოქტორი,

სტატიაში გამოყენებულია FAO-ს და საქსტატის  მონაცემები