მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აგროკოოპერაციული ბრენდები _ მაგალითი საქართველოსთვის
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ფერმერთა გაერთიანება და კოოპერაციული მართვა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც არა მხოლოდ ზრდის მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას, არამედ ამცირებს ბაზარზე რისკებსა და ხარჯებს.
მსოფლიოს წამყვანი აგროკოოპერაციული გაერთიანებები დღეს უკვე გლობალური კომპანიების მასშტაბით მოქმედებენ და ქმნიან პროდუქტის სრულ ჯაჭვს, პირველადი წარმოებიდან საერთაშორისო ბრენდამდე.
დიდი აგროკოოპერაციული გაეთიანებები მსოფლიოში
Arla Foods (დანია)
დანიაში დაფუძნებული „Arla Foods“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ევროპული აგროკოოპერაციულ გაერთიანებაა, რომელიც სკანდინავიიდან და ცენტრალური ევროპიდან დაახლოებით 8 500 ფერმერს აერთიანებს.
Arla-ს ყველა წევრი ფერმერი არის თანამფლობელი, ხოლო მოგება ნაწილდება მათი წვლილით.
კომპანია აწარმოებს რძის, ყველისა და იოგურტის მრავალფეროვან ასორტიმენტს და პროდუქციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.
Fonterra Cooperative Group (ახალი ზელანდია)
Fonterra მსოფლიოს რძის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. დაახლოებით 10 000 ფერმერი მონაწილეობს ამ კოოპერატივში, რომელიც აწარმოებს ახალი ზელანდიის რძის ექსპორტის უდიდეს ნაწილს. მისი პროდუქტები აღწევს აზიისა და ევროპის ბაზრებზე.
Fonterra-ს წარმატების საიდუმლო გახლავთ ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ფერმერთა ტრენინგები, ხარისხის უმაღლესი სტანდრი და მკაცრი კონტროლი.
FrieslandCampina (ნიდერლანდები)
ერთ-ერთი უძველესი კოოპერაციული გაერთიანება, რომლის ფესვები XIX საუკუნეში იღებს სათავეს. დღეს ის აერთიანებს 15 000 ფერმერს და აწარმოებს რძის პროდუქტებსა და ბავშვთა კვების მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს.
rieslandCampina-ს მთავარი სიძლიერეა გამჭვირვალე მართვა და ცოდნის გაზიარების სისტემა, რომელიც ყველა წევრს უქმნის განვითარების შესაძლებლობას.
CHS Inc. (აშშ)
ამერიკული „CHS Inc.“ მრავალმილიარდიანი კაპიტალბრუნვის კოოპერატივია, რომელიც აერთიანებს, დაახლოებით, 600 000 ფერმერსა და ადგილობრივ კოოპერატივს. ის მუშაობს მარცვლეულზე, საწვავზე, სასუქებსა და აგრონომიულ სერვისებზე. CHS-ის მოდელი აერთიანებს ფერმერულ ინტერესებსა და ინდუსტრიულ ოპერირებას — რაც საშუალებას აძლევს მას კონკურენცია გაუწიოს კერძო აგროკორპორაციებს.
Dairy Farmers of America (აშშ)
DFA აერთიანებს 12 500 მერძევე ფერმერს და ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Borden და Kemps.
კოოპერატივი ინვესტიციებს ახორციელებს გამმუშავებელ ქარხნებში, ექსპორტში და ინოვაციურ რძის პროდუქტებში, რითაც ფერმერებს აძლევს სტაბილურ შემოსავალს.
რა აერთიანებს ასეთ გიგანტებს?
- ფერმერთა ეკონომიკური ერთიანობა – თითოეული წევრი ერთდროულად მწარმოებელი და ბრენდის თანამფლობელია.
- ინოვაციებზე ორიენტირებული მენეჯმენტი – თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა (სმარტ-ფერმინგი, ციფრული კვების კონტროლი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები).
- საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა – კოოპერატივები ქმნიან ძლიერ საექსპორტო ქსელებს.
- მოგების სამართლიანი განაწილება – მოგება ბრუნდება ფერმერებში, რაც უზრუნველყოფს მოტივაციასა და გრძელვადიან განვითარებას.
- განათლება და ტრენინგები – ყველა დიდი კოოპერატივი ახორციელებს ფერმერთა უწყვეტ საგანმანათლებლო პროგრამებს.
მაგალითი და შესაძლებლობები საქართველოსთვის
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აგროკოოპერაციის მოდელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კოოპერაციული მოძრაობის მხარდასაჭერად, მისი სისტემური განვითარება სასურველი ტემპით ვერ წარიმართა, ამიტომ იგი საჭიროებს ძირეული გადახალისებას:
- ფერმერთა გაერთიანების კულტურის გაძლიერება – ნდობის დეფიციტის დაძლევა და საერთო ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბება.
- ტექნოლოგიური პლატფორმების შექმნა – ციფრული კოოპერაციული სისტემები (მაგ., ერთიანი აგროწარმოების მართვის პლატფორმა).
- საფინანსო და საგანმანათლებლო მხარდაჭერა – ფერმერთა განთლება, მენეჯმენტის დახვეწა და ფერმერთა პროფესიული უნარების გაძლიერება აგროტექნოლოგიებსა და ბაზრის ანალიზის მიმართულებით.
- საერთაშორისო პარტნიორობა – თანამშრომლობა ისეთი მოდელების მიხედვით, როგორებიცაა Arla ან Fonterra, რათა მოხდეს ცოდნისა და ტექნოლოგიების შერწყმა.
- კოოპერატივების ინტეგრაცია ბაზართან – პროდუქციის სტანდარტიზაცია, ბრენდირება და ერთიანი მარკეტინგული პოლიტიკა, ხარისხის გაზრდა და კონტროლის გაძლიერება.
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გვაჩვენებენ, რომ ფერმერთა ერთიანობა, პროფესიული მართვა და ტექნოლოგიური პროგრესი არის აგროსექტორის განვითარების მყარი ქვაკუთხედი.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ მომავალში აგროკოოპერაციული გაერთიანებები სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ბირთვად, ისეთ სტრუქტურებად შეიძლება იქცეს, რომლებიც არა მხოლოდ აწარმოებენ, არამედ შექმნიან მაღალკვლიფიციურ სამუშაო ადგილებს, ინოვაციებსა და მძლავრ ბიძგს მისცემენ სოფლის განახლება-გაძლიერებას.

