მედიარუბრიკებისტატიები

მსოფლიოში ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი, ფორსფორის მარაგი იწურება

დედამიწაზე კლიმატი სწრაფად თბება, ოკეანეებში იზრდება საშიში მჟავიანობა, შეიმჩნევა მეექვსე მასობრივი გადაშენების დაწყების ნიშნები, არსებობს ბირთვული ომის საშიშროებაც. თუმცა, ჰორიზონტზე გამოჩნდა კიდევ ერთი კრიზისი, რომლის შესახებ ალბათ არასოდეს გსმენიათ. მეცნიერთა განცხადებით, თუკი მსოფლიო მის იგნორირებას გააგრძელებს, შემდეგი თაობისთვის ამან შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს.

პრობლემა ის არის, რომ ფოსფორი განახლებადი ელემენტი არ არის; ამჟამად უცნობია მისი შემცვლელიც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ის მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილას მოიპოვება. რაც უფრო დიდი ოდენობით მოიხმარს მას მსოფლიო, ეს გამოლევადი ნივთიერება სულ უფრო ძვირფასი ხდება.

ახლახან საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ თუკი არაფერს მოვიმოქმედებთ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტის კონსერვაციისთვის, ჩვენს პლანეტაზე მისი მარაგი მალე შეიძლება მთლიანად ამოიწუროს. მხოლოდ გასული 50 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა ფოსფორის სასუქის გამოყენება; ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

ამ ინდუსტრიის მეცნიერების, უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების ცნობით, მსოფლიო სრულიად მოუმზადებელია ფოსფორის კრიზისისთვის.

ეკოლოგ კასპერ რიტცელის განცხადებით, არ არსებობს მსოფლიო მასშტაბის თანამშრომლობა ან კოორდინაცია, მათ შორის არც ევროკავშირსა და აშშ-ში, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ფოსფორის გლობალურ რესურსზე.

ზოგიერთი მოდელი მიუთითებს, რომ მოხმარების ამჟამინდელი მაჩვენებლით, ფოსფორის მარაგი დედამიწაზე 80 წელიწადში ამოიწურება, ზოგიერთის მიხედვით 40 წელში, უფრო კონსერვატიული მოდელით კი ეს 400 წლის შემდეგ მოხდება. თუმცა, ყველა კვლევა თანხმდება, რომ პრობლემა უმნიშვნელოვანესია და საჭიროებს მეტ კვლევას.

პრობლემას რა თქმა უნდა მოაგვარებს მოხმარების შემცირება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის დადგენა, როგორ გამოვიყენოთ ფოსფორი ხელმეორედ. 30 წლის წინ ფოსფორის მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში აშშ იყო; დღეისათვის, გლობალურად მოხმარებული ფოსფორის 45 პროცენტი ინდოეთსა და ჩინეთზე მოდის.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ოდნავ გაუმჯობესდა ამ მინერალის მოპოვებისა და მოხმარების პრაქტიკა. დღეისათვის, ფოსფატით გამდიდრებულ ქიმიურ ხსნარებს გამოფიტულ ნიადაგებს უმატებენ, რაც შემდგ ზღვებში ჩაედინება. ეს კი არა მხოლოდ აბინძურებს ოკეანეებსა და მდინარეებს, არამედ წარმოქმნის მკვდარ ზონებსაც, სადაც თევზები ვეღარ ცოცხლობენ; იწამლება სასმელი წყალიც.

მკვლევართა განცხადებით, შეკრული წრის გადამუშავების სისტემების საშუალებით, ფოსფატების ხელახლა გამოყენება 46-ჯერ არის შესაძლებელი.

როგორც ფოსფორის საერთაშორისო ექსპერტთა მიერ გავრცელებულ მოხსენებაში წერია, ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ამ სასიცოცხლო ელემენტის არასწორი მენეჯმენტი.

წლების განმავლობაში უმოქმედობის საპასუხოდ, ავტორები მოუწოდებენ ინდუსტრიებსა და გლობალურ ხელმძღვანელობებს, შექმნან მკვებავ ნივთიერებათა მდგრადობის პროფესიონალთა ახალი თაობა, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ ფოსფორის საერთაშორისო მენეჯმენტის უსაფრთხოებაში.

უახლოეს ათწლეულებში უზარმაზარი გამოწვევა იქნება მილიარდობით ახალი ადამიანის გამოკვება, რაც ფოსფორის მარაგს კიდევ უფრო შეამცირებს. არსებობს მრავალი სასიცოცხლო რესურსი, რომელთა გარეშეც ადამიანებს არსებობა არ შეგვიძლია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანია ისე შეუცვლელი, როგორც ფოსფორი.

კვლევა ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge