აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობაში მთავრობის და კერძო სექტორის ინვესტიციის საერთო მოცულობა 7 მილიარდი ლარი იქნება

„ბოლო 8 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარს. უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდან დარგში მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა.

ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობის და კერძო სექტორის ინვესტიციის საერთო მოცულობა 7 მლრდ ლარი იქნება და შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი გვექნება მეტად ინკლუზიური.

მთავარი ამოცანაა მოქალაქეების რაც შეიძლება მეტი ჩართვა სოფლის მეურნეობაში და ამაში ვგულისხმობთ ასევე რეგიონების განვითარებას.

ჩვენი ამოცანაა, უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ქვეყანა, რადგან ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, რის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ თავად მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, გრძელვადიანი განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე. მთავრობამ პირველად დოკუმენტზე სამუშაოები დაასრულა, დღეიდან ვიწყებთ თემატურ განხილვას.

დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ძირითად დეტალებს“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა