მთიანი რეგიონების განვითარების შვეიცარიული გამოცდილება
გასაგები მიზეზების გამო, შვეიცარია ის ქვეყანაა, სადაც მთიანეთის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ტრადიციულად და წარმატებით ხორციელდება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა გამოიხატებოდა მთიანეთის ფერმერებისა და მეტყევეებისათვის სუბსიდიების გამოყოფისა და ინფრასტრუქტურული პროექტების სახით. 1954 წლიდან, გარკვეულ ზღვარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მთიანეთის სახლთმფლობელობები (გლეხური, ფერმერული კომლი) ღებულობენ სახელმწიფოსაგან დოტაციას, აგრეთვე სხვადასხვა სახის გაშუალებულ სუბსიდიებს (პენსიები გლეხებისათვის, ბავშვთა ინტერნატების შენახვა და ა.შ.).
შვეიცარია შემდგომაც აგრძელებდა ლიდერობას მთიანეთის განვითარების სფეროში. აქ ძალისხმევა წარიმართა შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
♦ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა;
♦ სატრანსპორტო პოლიტიკა;
♦ შერჩევითი, მისამართიანი ფინანსირება;
♦ საგადასახადო შეღავათები.
მაგრამ ყველა ამ ღონისძიებას ლოკალური ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც სპეციალისტებს დაევალა მთიანეთის განვითრების ფედერალური კონცეფციის შემუშავება.
1971 წელს ფედერალურმა საბჭომ მოისმინა კონცეფციის ავტორთა მოხსენება, ხოლო 1974 წელს მიღებულ იქნა ფედერალური კანონი მთის რეგიონების საინვესტიციო ხელშეწყობის შესახებ.
ამ კანონის საფუძველზე შემუშავებულია შვეიცარიის 50 რეგიონის (თემის) საერთოეკონომიკური განვითარების კონცეფციები. ამ პროგრამების დაფინანსების 21% მოდის წყალმომარაგება-კანალიზაციასა და ნარჩენების უტილიზაციაზე; 20,8% – საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, 17,2% – დასვენებასა და სპორტთან დაკავშირებულ პროექტებზე.
1975 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფდა შეღავათიან სესხებს მცირე პროექტებისათვის; სესხები ორიენტირებული იყო მთიანეთის თემების განვითარებაზე. ამგვარი სესხების მიღების პირობას წარმოადგენდა მთიანეთის თემების თვითორგანიზება, ე.წ. განვითარების რეგიონებად და კონსენსუსის მიღწევა განვითარების პრიორიტეტების თაობაზე. სესხებს გასცემდა შვეიცარიის საინვესტიციო ფონდი (IHG).
1983 წლისთვის 1225 თემისაგან (მუნიციპალიტეტისაგან) შემდგარი 54 განვითარების რეგიონი რეგისტრირებული იყო ფედერალური მთავრობის მიერ. IHG აგრეთვე გასცემდა მცირე ინსტიტუციურ გრანტებს სამუშაო ორგანოების – სამდივნოების შესაქმნელად. განვითარების რეგიონების პირველ ამოცანას წარმოადგენდა განვითარების კომპლექსური გეგმის შემუშავება. ეს გეგმა განსაზღვრავდა კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს, რომელიც დასაფინანსებლად წარედგინებოდა IHG-ს.
1991 წელს IHG-ს მიერ 3078 განვითარების პროექტი დაფინანსდა. მთიანეთისა და ბარის ინფრასტრუქტურებს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. შედეგად, გამყარდა ქვეყნის მთიანეთის განსახლების სისტემა, 1970-1990 წლებში მთიანეთის მოსახლეობამ 10%-ით მოიმატა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ამგვარი პოლიტიკის შედეგად თვითმმართველობის ცნობიერების ღრმა ტრადიციების განმტკიცება. შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, 1993 წელს შეიქმნა განვითარების რეგიონების სამდივნოების ორგანიზაცია.
მანანა სეხნიაშვილი