აგროსიახლეები

მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის ზრდის წილი პოზიტიურია – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის მცირე წილს საინვესტიციო ბანკში პოზიტიურად აფასებენ. საკითხზე მან „საქმიან დილაში“ სოფლის მეურნეობის ახალი მიმოხილვის შესახებ ისაუბრა.
„ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის მცირე წილს, ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის საშუალო მაჩვენებელი 1.2%-ია“, – აღნიშნავს მარიამ ჩახვაშვილი და დასძენს, რომ კვლევა ცხადყოფს რომ აგროსექტორი ქვეყანაში ვითარდება და მისი წილობრივი მდგომარეობა, დარგის შემცირებით განპირობებული არ არის.

Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ დარგის ეფექტიანობა და მოსავლიანობა ტექნოლოგიებით უნდა გაიზარდოს.

„ქვეყანაში ცოდნის ნაწილში გამოცდილება ნელ-ნელა დაგროვდა. სხვადასხვა პროგრამები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. თუნდაც usaid-ის პროგრამა, რომლითაც ტრენერების ჩამოყვანა და სწავლებაა გათვალისწინებული. გასვლითი სეანსებია იმისთვის, რომ აღვიქვათ – რა მოთხოვნა აქვს მაგალითად ევროკავშირს, რომ იმ ბაზრებზე შევიდეთ და ა.შ. ამ მიმართულებით პროგრესი არის და ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ ყველაფერი რიცხვებზე აისახოს“, – ამბობს ჩახვაშვილი.

მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობაში დაბალ მოსავლიანობას შინამეურნეობების მაღალი წილი განაპირობებს.

„ცალკე ბიზნესებს რომ შევხედოთ, ამ შემთხვევაში მოსავლიანობა უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე იკვეთება, რომ საწარმოები მეტად უნდა გამსხვილდნენ, მეტი ტექნოლოგიური განვითარება უნდა ჰქონდეთ. შინამეურნეობებისთვის, რომლებსაც 5 ჰა-ზე ნაკლები მიწა აქვთ, ტექნოლოგიური განვითარება, მაღალეფექტიანი ჯიშების მოყვანა ბევრად რთულია. ამიტომ ვიძახით, რომ მნიშვნელოვანია კონსოლიდირება, რათა შემდგომში ეფექტიანობა გაზარდონ, რომ მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი გაიზარდოს“, – განმარტავს Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი ანალიტიკოსი.

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart საქართველოში სოფლის მეურნეობის შესახებ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში შესადარისი ქვეყნების მსგავსია.

 ქვეყნის ეკონომიკაში აგროსექტორის წილი 10-წლიან მინიმუმზეა.

წყარო: bm.ge