დარგებიმცენარეთა დაცვა

მცენარეთა დაცვა, არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ეს მცენარეთა მავნებლები, დაავადებები და სარეველებია, რომლებიც ყოველწლიურად მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ჯერ მცენარეს და შემდეგ კი მთლიანად სოფლის-მეურნეობას.
ზოგადი გათვლებით მთელს მსოფლიოში მათ მიერ გამოწვეული ზარალი მინდვრის პირობებში 30%-ს აღწევს, ხშირად კი გაცილებით მეტიცაა. ამას ემატება შენახვის პირობებში მიყენებული ზარალი, ეს კი დამატებით 10-12%-ს შეადგენს (ფაო-ს მონაცემებით). ეს იმ პირობებში, როდესაც მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ტარდება.

მცენარეთა მავნებლების გამრავლების და მათგან გამოწვეული დაზიანების კარგი მაგალითია საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინვაზიური სახეობის და მათგან მიყენებული ზარალი, როგორიცაა – ამერიკული თეთრი პეპელა, აზიური ფაროსანა და სხვები.

მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგია ითვალისწინებს ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის განხორციელებას, რომელიც მიმართულია მავნე ორგანიზმის რიცხოვნობის შეკავებასთან მავნეობის ზღვრის ქვევით, აგროცენოზების წონასწორობისა და გარემოს უსაფრთხოების ფონზე. ინტეგრირებული სისტემები ითვალისწინებს ბრძოლის ქიმიურ ღონისძიებების შეზღუდვას სხვა არაქიმიური, განსაკუთრებით კი ბიოლოგიური ღონისძიებების ფართო გამოყენებით. ასეთი სისტემების შემუშავებისა და მათი პრაქტიკული განხორციელებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ – მავნე და სასარგებლო ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულება, მათზე გარემო ფაქტორების მოქმედება, მათი განვითარების დინამიკა და პროგნოზირება, პესტიციდების გავლენა მავნე და სასარგებლო ორგანიზმებზე, მავნეობის ეკონომიკური ზღვრები და სხვა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცენარეთა დაცვის საკითხებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. 2027 წლამდე მცენარეთა დაცვის სფეროში მისაღებია 86 ეროვნული რეგლამენტი, რომელიც ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რის შემდეგადაც შესაძლებელია განხორციელდეს მცენარეთა და მისი პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

 რა გვქონდა

 წლების განმავლობაში, საქართველოში მცენარეთა დაცვას ემსახურებოდა მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და დარგობრივი ინსტიტუტების (მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის; მიწათმოქმედების; ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების) მცენარეთა დაცვის განყოფილებები. აგრეთვე, აგრარული პროფილის უმაღლესი სასწავლებლების კათედრები, მცენარეთა დაცვის განხრით. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო მცენარეთა დაცვის სამმართველო, აგრეთვე რესპუბლიკური და სარაიონოთაშორისო მცენარეთა დაცვის სადგურები. მცენარეთა დაცვის რესპუბლიკურ სადგურებთან არსებობდა სასოფლო – სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა აღრიცხვის, პროგნოზისა და სიგნალიზაციის სამსახური, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჰქონდა სპეციალური სადამკვირვებლო პუნქტები. ამავე ორგანიზაციაში ფუნქციონირებდა ბრძოლის ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევების ლაბორატორიები. ამავე დროს, მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში ფუნქციონირებდა 5 საწარმოო ბიოლაბორატორია, რომლებიც შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით ახორციელებდნენ სასარგებლო მწერების (ტკიპების) გავრცელებას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ საბჭოთა მეურნეობას და კოლმეურნეობას ჰყავდა მაღალი კვალიფიკაციის დიპლომირებული სპეციალისტი – ენტომოლოგი, რომელიც სწავლობდა მავნებელ – დაავადებათა გავრცელებას მის მეურნეობაში და ხელმძღვანელობდა ღონისძიებების პრაქტიკულ განხორციელებას.

რესპუბლიკის მცენარეთა დაცვის საერთო სისტემას ემსახურებოდა აგრეთვე  მცენარეთა კარანტინის ინსპექცია, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, რეგიონულ ცენტრებთან ერთად, რომლებიც პრაქტიკულად ახორციელებდნენ ინვაზიური სახეობების გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარებას.

როგორც ვხედავთ, წარსულ წლებში, მცენარეთა დაცვას, როგორც კვლევით, ისე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას ემსახურებოდა მრავალრიცხოვანი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რაც რიგი მიზეზების გამო, დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც უარყოფითად მოქმედებს სასოფლო – სამეურნეო კულტურების ფიტოსანიტარულ მდგომარეობაზე და ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების გატარებაზე. 

 რა გვაქვს

 ამჟამად, მცენარეთა დაცვის სამსახურის ფუნქციებს ქვეყანაში ასრულებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად წარმოადგენს საქართველოში მცენარეთა დაცვის ეროვნულ ორგანიზაციას. 2007 წლიდან სააგენტო არის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) წევრი, ხოლო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების (EPPO) წევრია 2016 წლიდან. სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობაში  გამოყენებული პესტიციდების რეგისტრაციას, მათ მოქმედებაზე კონტროლს ქვეყნის ტერიტორიაზე, მავნებელ – დაავადებათა გავრცელებაზე მონიტორინგს, საექსპორტო მცენარეთა პროდუქციის ფიტოსანიტარულ კონტროლს, მის სერტიფიცირებას,  საკარანტინო ობიექტების გამოვლენას და ღონისძიებების დასახვას მათი ლიკვიდაციისათვის, ხშირად კი მათ წინააღმდეგ პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებასაც.

ძალზედ დადებითი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის შექმნამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აგრარული პროფილის ძირითადი კვლევითი ორგანიზაციაა, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მეცნიერები, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ამუშავებენ ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან პრობლემებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მცენარეთა დაცვაშიც. სამეცნიერო ცენტრში ფუნქციონირებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი, რომელშიც მიმდინარეობს  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების, დაავადებების, სარეველების კვლევა და მათთან ბრძოლის ინტეგრირებული, მათ შორის ბიოლოგიური და ბიოტექნიკური ღონისძიებების შემუშავება. დეპარტამენტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში  იმუნოფერმენტული (ELISA) და პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდებით იდენტიფიცირებულია მცენარეთა ვირუსული, ბაქტერიული და ფიტოპლაზმური დაავადებების გამომწვევი მრავალი პათოლოგიური ორგანიზმი. მეტად მნიშვნელოვანია აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრების ძიება და კვლევა, რაც დიაგნოსტიკური ცენტრის „ანასეულის“ ბაზაზე მიმდინარეობს. თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნისათვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია მავნე ორგანიზმების დიდი მრავალფეროვნება და გავრცელების მაღალი დონე, სადაც უკანასკნელ წლებში იმატა ინვაზიურმა მავნებლებმა და დაავადებებმა, მცირე რაოდენობის, თუნდაც  მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერის მუშაობა საკმარისი არაა. აუცილებლად მიგვაჩნია ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, აგრეთვე სამინისტროს კვლევით ცენტრში შემუშავებული ვაზის, ხეხილის, თხილის, ციტრუსოვანი, ბოსტნეულ-ბაღჩეული,  მინდვრის კულტურების  მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემები, რომლებშიც გაზრდილია ბიოლოგიური მეთოდის ხვედრითი წილი,  გამოქვეყნებულია რეკომენდაციების (ბროშურების) სახით, თუმცა სამწუხაროდ, მათი პრაქტიკაში გამოყენება ძალზედ ძნელად მიმდინარეობს. 

 რა უნდა გაკეთდეს

  1. აუცილებელია გადაწყდეს ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი, რაშიც აკადემიამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, როგორც ტექნიკური, ისე მეცნიერული. აღსანიშნავია, რომ აკადემიის მიერ წლებია დამუშავებულია ასეთი ღონისძიებების ჩატარების პრაქტიკული საკითხები და პირობები, მის განსახორციელებლად გამოყოფილია შესაბამისი ოთახები. აუცილებელია, მოიძებნოს დონორი, რომელიც დაინტერესებულია ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხით და დააფინანსებს მათ სწავლებას. განსაკუთრებით აქტუალურია ფერმერთა სწავლებების ჩატარება მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურ და უსაფრთხო გამოყენების საკითხებზე  ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ფერმერები პესტიციდებს იყენებენ აგროტექნიკური ვადებისა და ხარჯვის ნორმების დარღვევით.  არასასურველი შედეგის დადგომას კი აბრალებენ პესტიციდების ხარისხს.   
  2. თანამედროვე პირობებში, დიდი პრობლემაა ბიოლოგიური ბრძოლის საშუალებების (სასარგებლო მწერების, ტკიპების, პათოგენური ორგანიზმების) პრაქტიკული გამოყენების დაბალი დონე. უნდა აღინიშნოს, რომ წარსულ წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა ბიოლოგიური ბრძოლის 5 საწარმოო ბიოლაბორატორია, რომელთაგან დღეს არცერთი  აღარ  ფუნქციონირებს. საჭიროდ მიგვაჩნია, სულ ცოტა 2 საწარმოო ბიოლაბორატორისაღდგენა, ერთი აჭარის რეგიონში  (ქ, ქობულეთში), დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისთვის და მეორე შიდა ქართლში (ქ. გორში), აღმოსავლეთ საქართველოს კონტინენტური კლიმატის ზონაში, სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამავე მიზნით, უნდა აღდგეს სასარგებლო მწერების, ტკიპების, ენტომოპათოგენურიორგანიზმების პირველადი ინტროდუქციის ლაბორატორია აჭარაში, (ქ. ბათუმში) სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა განსაკუთრებით საშიში მავნებლების ბუნებრივი მტრების ინტროდუქცია და შესწავლა საქართველოში. ამ გზით, წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შემოყვანილი და აკლიმატიზირებული იქნა 20-მდე მნიშვნელოვანი სახეობა, რომლებიც ჩვენს აგროცენოზებშია გავრცელებულია და დიდ სასარგებლო საქმეს აკეთებენ.
  3. უნდა გაძლიერდეს კვლევითი სამუშაოები შესაბამის ინსტიტუტებში, რათა მოხდეს ახალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მავნე სახეობების წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ატრაქტანტულიანტიფიდანტურიდა რეპელენტურითვისებების მქონე პრეპარატების შექმნა. ასეთი ბიოტექნიკური საშუალებების გამოყენება საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მავნე მწერების გამოჩენის პროგნოზირება და შემდგომ მის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური ღონისძიებების დამუშავება. ასეთი სამუშაოები წლების წინ აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საკითხის პრაქტიკულ განხორციელებაში.

ამავე დროს, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სასურველია დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების და ტყის ჯიშების განსაკუთრებით დიდი მავნეობის მქონე მავნებელ-დაავადებათა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი ღონისძიებები რომლებიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ეკოლოგიურად მისაღები პროდუქცია. ყოველივე ეს გამართლებულია იმითაც, რომ დღევანდელი ცვლადი კლიმატის პირობებში მოსალოდნელია მრავალი ადგილობრივი თუ ინვაზიური მავნე ორგანიზმის მასობრივი გამრავლება და მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა გარემოსა და სოფლის მეურნეობისათვის. გამომდინარე, აუცილებელია ყოველი ასეთი სიტუაციის წინასწარი განსაზღვრა, ოპტიმალური ღონისძიებების დამუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება.

  1. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბიოპრეპარატების წარმოება. წარსულ წლებში და ახლაც, ჩვენს ქვეყანაში შემოდის მრავალი დასახელების ბიოლოგიური პრეპარატი, რომლებიც ხასიათდებიან ადამიანზე და გარემოზე ნაკლები უარყოფითი ზემოქმედებით.   ბიოპრეპარატები ჩვენს ქვეყანაშიც იწარმოება და მათი ეფექტურობის გასაზრდელად საჭიროა  ბაქტერიული და სოკოვანი ორგანიზმების ადგილობრივი  შტამების მოძიება და გამოყენება. ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული ბიოპრეპარატები ხასიათდებიან უკეთესი ხარისხობრივი და ეკონომიკური მაჩვენებლებით. საჭიროა ამ ღონისძიებების მხარდაჭერა და კიდევ უფრო გაფართოება, რადგან ისინი ინტეგრირებული დაცვის ერთ-ერთ ძირითად რგოლს წარმოადგენენ.
  2. როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში წარმოდგენილია სამმართველოების სახით, ხოლო თბილისში საქალაქო სამსახურის სახით. იქ მომუშავე მცენარეთა დაცვის ინსპექტორები ახორციელებენ მათ სამოქმედო არეალში სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს; საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების მონიტორინგს; საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ სერტიფიცირებას და სხვა. მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შესაბამისი შტატების გაზრდა რათა შეუფერხებლად განხორციელდეს   ზემოაღნიშნული  პროცესი.
  3. რადიკალურად არის შესაცვლელი უმაღლეს სასწავლებლებში მცენარეთა დაცვის სპეციალობის სწავლების საკითხები, მსხვილ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში ჩამოჰყავთ უცხოელი სპეციალისტები რომლებიც წარმართავენ მეურნეობებში მცენარეთა დაცვის საკითხებს. განსაკუთრებით ეს აღსანიშნავია საქართველოსთვის შედარებით ახალ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში (ნუში, ფსტა, კენკროვნებიკაკლოვნები). უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გაფართოვდეს სპეციალისტების მომზადება ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა:  ენტომოლოგია, ფიტოპათოლოგია, მცენარეთა ქიმიური დაცვა, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვა,  მცენარეთა კარანტინი, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა (IPM), სტრატეგიული კულტურების მოსავლის მართვა და სხვა.

სპეციალისტების მომზადების შეწყვეტამ ისიც გამოიწვია, რომ დიდია ასაკობრივი სხვაობა თაობებს შორის, ყველაზე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ შემორჩენილი მცენარეთა დაცვის აგრონომის საშუალო ასაკი 70 წელის ფარგლებშია.

  1. საჭიროდ მიგვაჩნია აგრარულ უნივერსიტეტში აღდგეს ფაკულტეტი, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნას სპეციალობა ,,მცენარეთა დაცვა, ეკოლოგიის საფუძვლებით“, თუ რამდენი სპეციალისტი მომზადდეს ყოველწლიურად, ეს უნდა განსაზღვროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მაღალპროფესიული კადრი სამსახურის გარეშე არ დარჩება. აუცილებელია კადრების მომზადებისთვის გამოვიყენოთ, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული ქვეყნისა და აშშ გამოცდილება, უნდა მოხდეს ახალგაზრდა სპეციალისტების (ჯგუფურად) მომზადება საზღვარგარეთის მოწინავე ცენტრებში, გრძელვადიანი მივლინებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), ამ საქმეს სათავეში უნდა ჩაუდგეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად.
  2. აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული პრესა, რადიო, ტელევიზია, ფერმერების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული ღონისძიებების სწორად გამოყენების მიზნით. საჭიროა შეიქმნას იმ ფერმერთა წახალისების მექანიზმები, ვინც დაინტერესებულია მოიყვანოს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და გამოიყენოს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემები როგორც ეს ხდება განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში. კარგი იქნება თუ ტელევიზიაში  შეიქმნება  სპეციალური რუბრიკა ,,მცენარეთა დაცვა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების ძირითადი გზა,“ რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტები.
  3. მნიშვნელოვანი იქნება, თუ  საქართველოში ჩამოყალიბდება „მცენარეთა  დაცვის საზოგადოება“, რომელიც გააერთიანებს ამ დარგის ახალგაზრდა, აგრეთვე ღვაწლმოსილ  სპეციალისტებს, რომლებიც პერიოდულად განიხილავენ ქვეყნის წინაშე მდგარ მცენარეთა დაცვის აქტუალურ პრობლემებს და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს. ეს  საზოგადოება ჩვენის აზრით უნდა შეიქმნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში.

  დასკვნა

 ყოველივე ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საშუალებას მოგვცემს სრული მასშტაბით გამოვიყენოთ მავნე ორგანიზმების   წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემები, რითაც დავიცავთ მცენარეს და გარემოს დაბინძურებისაგან. უვნებელი, მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის ექსპორტი კი  შეუფერხებლად განხორციელდება საზღვარგარეთის მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

 

გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი,

(სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია),

შაქრო ყანჩაველი, პროფ. სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა დოქტორი (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი  ცენტრი),

ზურაბ ხიდეშელი, აკად. დოქტორი (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი  ცენტრი),

ზურაბ ლიპარტია, აკად. დოქტორი (სურსათის ეროვნული სააგენტო),

ნიკა მესხი აკად. დოქტორი (სურსათის ეროვნული სააგენტო),

ზურაბ ლოლაძე, აკად. დოქტორი