მულჩირება და მცენარეთა მოვლის თანამედრვე მიდგომები
კულტურული მცენარეები მათი ველური წინაპრებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ საჭიროებენ მოვლას. ბოსტნეული კულტურების მოვლის კომპლექსში შედის: ბრძოლა ქერქთან, ბრძოლა სარეველებთან, გამეჩხერება, გამორგვა და გამოთესვა, მიწის შემოყრა, მცენარეთა გამოკვება, გასხვლა, წაჩქმეტა, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა.
ჩვეულებრივი მოვლის სამუშაოებს ქერქთან ბრძოლით იწყებენ. ჭარხლის, სტაფილოს, ხახვის, პრასის და სხვათა თესლი ნელა ღივდება და გვიან ამოდის. ამ ხნის განმავლობაში წვიმის, ანდა მორწყვის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე წარმოიშვება ქერქი. ქერქის წარმოქმნა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მძიმე და უსტრუქტუროა ნიადაგი. ქერქი აძლიერებს წყლის კაპილარულ ამოწევას ქვედა ფენიდან, რომელიც უსარგებლოდ ორთქლდება და ამით ნიადაგის გამოშრობას იწვევს, ეწინააღმდეგება ღივების ამოსვლას და ახშობს მათ. ქერქის წარმოქმნით უარესდება ნიადაგში ჰაერისა და მასში არსებული ჟანგბადის შეღწევა, რომელიც საჭიროა ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებისათვის. ქერქის წინააღმდეგ ბრძოლისათვის იყენებენ ნიადაგის გამაფხვიერებელ იარაღებს. სარეველებისაგან სუფთა ნაკვეთებზე წარმატებით იყენებენ კბილებიან საგორავს, რომელიც არღვევს ქერქს, ხოლო გაღივებულ თესლს არ აზიანებს და ნიადაგის ზედაპირზე არ ამოყრის. უფრო ხშირად ქერქის საწინააღმდეგოდ იყენებენ დაფარცხვას ნათესი მწკრივების გარდიგარდმოდ. წინასწარ დაფარცხვას ორნაირი სარგებლობა მოაქვს, ჯერ ერთი არღვევს ქერქს, შემდეგ კი ამცირებს დანახარჯს გამარგვლა-გათოხნაზე. დაფარცხვას აწარმოებენ თავისდროულად. დაგვიანებით დაფარცხვის შემთხვევაში მოსალოდნელია აღმონაცენის მეტისმეტი გამეჩხერება. ამის გამო ხახვისა და კიტრის დაფარცხვა ქერქის დარღვევის მიზნით დასაშვებია მანამდე, სანამ ღივები 5-7 მილიმეტრზე ზევით არ ამოაღწევენ, ჭარხალი 3-4 მილიმეტრის ზევით, ხოლო სტაფილო და სხვა ქოლგოსნები არა უგვიანეს ღივების გამოჩენისა. თუ ნათესებში ნიადაგი ძალიან გამოშრა, მაშინ ჯერ რწყავენ და შემდეგ 1-2 დღის გასვლისთანავე ატარებენ ქერქის დასაშლელად საჭირო ღონისძიებას. ქერქის დასარღვევად საჭირო ზემოხსენებულ ღონისძიებას მთლიან კულტივაციასაც უწოდებენ.
მცენარეების აღმოცენების შემდეგ აწარმოებენ მწკრივთაშორის კულტივაციას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი გამოიყენება უპირველეს ყოვლისა ნიადაგში ტენის დასაზოგად, შემდეგ სარეველა ბალახებთან ბრძოლის მიზნით და ბოლოს იგი აგრეთვე ხელს უწყობს ნიადაგში გაზთა ცვლას. ორი გაფხვიერება წვიმის შემდეგ თავის ეფექტით ერთ მორწყვას უდრის. ამრიგად, ნიადაგის კულტივაცია-გაფხვიერებას დიდი აგროტექნიკური მნიშვნელობა აქვს, რომლის თავისდროულ შესრულებაზე დიდად არის დამოკიდებული ბოსტნეული კულტურების მაღალი მოსავლის მიღება. მწკრივთაშორის კულტივაცია-გაფხვიერებას აწარმოებენ სხვადასხვა ტიპისა და კონსტრუქციის კულტივატორებით.
სარეველა მცენარეებთან ბრძოლა
ბოსტნეული მცენარეების მოვლის საქმეში, ჯერჯერობით სარეველებთან ბრძოლას მაინც უპირველესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ნიადაგების დასარევლიანება საკმაოდ დიდია. სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას სისტემატურად აწარმოებენ. უპირველეს ყოვლისა საჭიროა გამაფრთხილებელი ზომების მიღება, რათა ნიადაგში არ მოხვდეს სარეველა ბალახების თესლები. ამიტომ არ უშვებენ სარეველებს აყვავებამდე და თიბავენ არა მარტო საკუთარი მეურნეობის მინდვრებზე, არამედ ახლო, გარშემო მდებარე ნაკვეთებზეც. შემდგომი ღონისძიება – სასწრაფოა. როცა გამოჩნდნენ სარეველები, ისინი აუცილებლად მაშინვე უნდა მოისპონ. თოხნა და კულტივაცია აქამდე ძირითადი ხერხები იყო სარეველებთან საბრძოლველად. რაც უფრო ადრე ტარდება კულტივაცია, მით უფრო ეფექტიანი და ადვილია მისი წარმოება. განსაკუთრებით ძნელია მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ (ნარი, შალაფა და სხვ.) ბრძოლა. პირველი გაფხვიერების შემდეგ ჩვეულებრივ აღინიშნება ასეთი სარეველების გაძლიერებული ამოსვლა. მხოლოდ მეოთხე ან მეხუთე კულტივაციის შემდეგ მრავალწლიანი სარეველები კარგავენ ძალას და რაოდენობით მცირდებიან.
სარეველების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელდა ქიმიური პრეპარატების ანუ ე.წ. ჰერბიციდების გამოყენება. სარეველებთან ბრძოლის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს თესლბრუნვას
გამეჩხერება
გამეჩხერების ჩატარება საჭიროა თავისდროულად. რაც უფრო სწრაფია მცენარის განვითარების რიტმი, მით უფრო ადრეა საჭირო გამეჩხერების ჩატარება, ზოგჯერ გამეჩხერებას აგვიანებენ, ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსალოდნელია დილის წაყინვების საშიშროება და მავნებლებით დაზიანება. ნათესების გამეჩხერებას, როგორც წესი, ორჯერადად აწარმოებენ. მაგრამ არის უფრო მეტჯერ გამეჩხერების შემთხვევებიც. პირველ გამეჩხერებას აწარმოებენ იმ დროს, როდესაც მცენარეს გაუვითარდება პირველი-მეორე ნამდვილი ფოთოლი.
პირველი გამეჩხერების დროს მანძილებს (კვების არეს ანუ სასიცოცხლო სივრცეს) იმის ნახევარს აძლევენ, რაც საჭიროა პროდუქტიული ნაწილის სრულად განვითარებისათვის და, რაც დადგენილია, მიღებული სქემის შესაბამისად.პირველი გამეჩხერების დროს აცილებენ ყველა სუსტად განვითარებულ, ზრდაში ჩამორჩენილ ან დაავადებით დაზიანებულ მცენარეებს, ხოლო ძლიერ, ჯანსაღ მცენარეებს ტოვებენ. გამეჩხერებასთან ერთად აწარმოებენ გამორგვას (რაიმე მიზეზით გაცდენილ ადგილებში), მეორე გამეჩხერების დროს მცენარეებს ტოვებენ სრულ კვების არეზე, თხრიან სუსტ და ტოვებენ ძლიერად მოზარდ მცენარეებს.
ჩითილის შესწორება და გამორგვა
ჩითილის მეთოდით მოსაყვანი კულტურების მოსავლიანობა დიდადაა დამოკიდებული ფართობის ერთეულზე მიღებული სქემით დარგული მცენარეების რაოდენობაზე. ზოგჯერ, მცენარე რაიმე მიზეზით იღუპება. ჩვეულებრივი წესით აღზრდილი და დარგული ჩითილის გარკვეული პროცენტი იღუპება გადარგვისას ფესვთა სისტემის დაზიანების, ან დარგვისას სათანადო ტენიანობის პირობების შეუქმნელობის გამო. ზოგიერთი მცენარე იღუპება მავნებლისა და დაავადების უარყოფითი მოქმედების გამო, ზოგიც ზიანდება ადამიანის ფეხით ან მანქანის თათით. ასეა თუ ისე საჩითილე კულტურის წარმოებისას საერთო ჯამში დაღუპულ მცენარეთა რაოდენობა ზოგჯერ 10%-მდე აღწევს. ეს საუკეთესო შემთხვევაში, ისე კი შეიძლება ეს პროცენტი გაცილებით მეტი იყოს. ამის გამო ჩითილის შესწორება და გამორგვა აუცილებელ ღონისძიებათა რიცხვს ეკუთვნის. შესწორებისას ყველა მცენარე, რომელიც არ დგას სწორად, ან მიწა გადაეყარა და ზრდის წერტილი დაუფარა და სხვა, უნდა შესწორდეს, მიწა მოეცალოს და სხვ. ეს სამუშაოები აუცილებლად ხელით უნდა შესრულდეს.
დაღუპული მცენარის ადგილას ახალი ჩითილის გამორგვასაც ხელით აწარმოებენ ისეთივე წესით, როგორი წესითაც დარგვა ჩატარდა, ე. ი. ან პალოთი ან ორმოს ამოღებით. ჩვეულებრივი წესით ჩითილის გამოზრდისა და დარგვისას გამოსარგავად ყოველთვის ტოვებენ ხოლმე მარაგად საერთოდ დარგული მცენარეების 10%-მდე ჩითილს
მიწის შემოყრა
მიწის შემოყრისას ტარდება ორი ღონისძიება: გაფხვიერება და მცენარის ქვედა ნაწილებზე მიწის მიყრა ერთდროულად ხორციელდება. მიწის შემოყრას მრავალი კულტურის მიმართ იყენებენ, ასეთი კულტურებია: კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, პამიდორი, სატაცური, პრასა, ნიახური და სხვ. მიწის შემოყრა, როგორც აგროტექნიკური ღონისძიება, ყველგან დადებით შედეგს არ იძლევა. მიწის შემოყრა ცხელ გვალვიან ამინდში ცუდ შედეგებს იძლევა. ეს იმიტომ, რომ როდესაც შემოყრილი მიწა გაშრება, იქ წარმოქმნილი დამატებითი ფესვებიც იღუპება და საერთოდ ამ დროს იზრდება ამაორთქლებელი ზედაპირი. სულ სხვაა ცივი ტენიანი ჰავის, ანდა სარწყავი მეურნეობის პირობებში. აქ მიწის შემოყრა აძლიერებს ნიადაგის აერაციასა და დრენირებას და აგრეთვე მის გათბობას მზის სხივების მიერ. ამის გარდა, შემოყრილ მიწაში მცენარე ფესვის ყელის ზემოთ, ღეროს ლებნის ქვეშა მუხლიდან, ივითარებს დამატებით ფესვთა სისტემას, რაც აუმჯობესებს მცენარის მინერალური კვების პირობებს. ზოგიერთი მცენარის მიმართ მიწის შემოყრას აწარმოებენ ყინვებისაგან დაცვის მიზნით (სატაცური, არტიშოკი), ზოგიერთების მიმართ კი ქარებით გადაქცევისაგან დაცვის მიზნით (კომბოსტო, ბარდა, ცერცვი, ლობიო და ბოსტნეულის სათესლეები). კარტოფილის მიმართ მიწის შემოყრას ახორციელებენ ტუბერებისათვის ზრდის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით.
მორწყვა
ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდისათვის საჭირო აგროტექნიკურ ღონისძიებებში მორწყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მეტ მოთხოვნას აყენებენ ტენიანობისადმი. ბოსტნეული კულტურა 85- 95%-მდე წყალს შეიცავს; ძალიან დიდი რაოდენობით იხარჯება წყალი აორთქლების გზით, რომლის შემწეობითაც მცირდება ფოთლების ტემპერატურა დღის ცხელ საათებში. ბოსტნეული კულტურები ფართობის ერთეულიდან ძალიან დიდ მოსავალს იძლევიან, რომლის შექმნისათვის საჭიროა წყლის დიდი რაოდენობა. გაანგარიშებულია, რომ ბოსტნეული მცენარეები ერთი ჰექტარიდან სეზონში აორთქლებენ 5000-ზე მეტ ტონა წყალს. ასეთი რაოდენობის წყლით, ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი ნალექებით უზრუნველყოფა ძალიან გაძნელებულია. მითუმეტეს ძნელია ეს ცხელ, გვალვიან რაიონებში. ამის გარდა, ცნობილია, რომ ბოსტნეული მცენარეების ფესვთა სისტემა, ძირითადად განლაგებულია ნიადაგის ზედა, ადვილად გამომშრობ ფენაში. ამის გამო გვალვიან პერიოდებში, თუ ნიადაგის ზედა ფენა პერიოდულად არ იქნა დატენიანებული მორწყვის საშუალებით, უპირველეს ყოვლისა ბოსტნეული მცენარეები დაიჩაგრებიან. წყლის რაოდენობის შემცირების გამო ნიადაგის ზედა ფენაში მატულობს ნიადაგის ხსნარის კონცენტრაცია, რაც აგრეთვე არახელსაყრელ პირობებს ქმნის ბოსტნეული მცენარეების უმრავლესობისათვის, რომლებიც ამ პირობებში ეფექტურად ვეღარ იყენებენ შეტანილ სასუქებს.
მცენარეებზე ზემოქმედების ქირურგიული მეთოდები. ბოსტნეული მცენარეების ზრდა-განვითარებაში ქირურგიული მეთოდებით ჩარევის ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი კულტურებისათვის, რომელთაც რეპროდუქციული და ვეგეტაციური ზრდა ერთდროულად ახასიათებთ (პამიდორი, კიტრი, ნესვი, საზამთრო და სხვ.). გასხვლას ანუ ნამხრევების შეცლას უპირატესად პამიდორის მიმართ იყენებენ.
გასხვლისას მცენარეს აშორებენ ყველა ამონაყარ-ნამხრევს, რომლებიც თითქმის ყველა ფოთლის იღლიებიდან უვითარდებათ ზოგიერთ ჯიშს (ერლიანა, ბიზონი, ბაზრის საკვირველება, ყველაზე საუკეთესო, ბუდიონოვკა და სხვ.). პამიდორის გასხვლის სიძლიერე ( ე. ი. ის თუ რამდენი ნამხრევი შეეცლება და რამდენი დაეტოვება) დამოკიდებულია კულტურის მეთოდზე, მისი მოყვანის ადგილზე და პროდუქციის მიზანდასახულებაზე. როდესაც პამიდორი საყრდენზე აკვრის მეთოდით მოყავთ, მაშინ ან ერთღეროიანი ან ორ და სამღეროიანი ფორმით სხლავენ. დაცულ გრუნტში პამიდორი, როგორც წესი, ერთღეროიანი ფორმით მოყავთ. ამიტომ აქ ძლიერ გასხვლას აწარმოებენ, ე. ი. ყველა ნამხრევს აცლიან; იმ შემთხვევაშიაც ერთღეროიანი ფორმით მოიყვანენ პამიდორს, როდესაც ადრეულობასთან ერთად მსხვილი ნაყოფების მიღება სურთ. როდესაც ყველა ნამხრევი შეცლილი აქვს პამიდორის მცენარეს და მარტო ერთღეროიანი ფორმით იზრდება, მაშინ პლასტიკურ ნივთიერებათა მეტი რაოდენობა მიიმართება ამ ერთ ღეროზე ფორმირებული ნაყოფების ადრეული მომწიფებისა და დამსხვილებისათვის. საზრდელი კვირტების ანუ ზრდის წერტილის მოცილებას აწარმოებენ და ამას წვეროს წაჩქმეტას უწოდებენ. წვეროს წაჩქმეტას უფრო ხშირად კიტრის მოყვანისას მიმართავენ. კიტრის მოყვანისას წაჩქმეტა სასურველია, რადგან იგი მდედრობითი ყვავილების მომატებას იწვევს. ეს ღონისძიება სასუფრე გოგრისა და ზოგჯერ საზამთროს მოყვანისას არასასურველია, რადგან ამ შემთხვევაში მეტი რაოდენობის ნაყოფები მათ დაწვრილებას იწვევს და ბოლოს გამონასკვული ნაყოფები ვეღარც კი აღწევენ ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე.
ჭიგოებისა და საყრდენების შედგმა ღია და დაცულ გრუნტში. ჭიგოები ან სხვა რამ საყრდენი ესაჭიროება ისეთ მცენარეს ან ჯიშს, რომელიც მოზრდილ ხნოვანებაში სიმყარეს კარგავს და მიწაზე გადაწვება, ხოლო მიწაზე გადაწოლის შემთხვევაში მოსავლიანობა მცირდება სოკოვანი ავადმყოფობით ან მღრღნელი მავნებლაბით დაზიანების გამო.
პამიდორის მოყვანა ეფექტიანია აგრეთვე შპალერის კულტურის სახით. განსაკუთრებით ეფექტიანია საშპალერე მასალად ბამბუკის გამოყენება, იგი გამძლეა (ძლებს 8-10 წელს) და ამასთან იაფიც. პამიდორისათვის ჭიგოს შედგმას აწარმოებენ კვალსათბურებშიც, აქ თითოეული მცენარისათვის ჭიგოს მიდგმა ძნელი საქმე არ არის, რადგან მისი მასშტაბი მცირეა. სათბურებში პამიდორის კულტურა ერთღეროიანი ფორმით მოყავთ, მაგრამ ჭიგოს მიდგმას, როგორც წესი, არ აწარმოებენ. ამ შემთხვევაში მცენარეთა მწკრივის გასწვრივ ზემოთ წვრილ მავთულს ჭიმავენ და ყოველი მცენარის პირდაპირ ჩამოაბავენ წვრილ თოკს, რომელზედაც შემდეგ მცენარეს ამაგრებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭიგოების მიდგმით გამოწვეული ზედმეტად დაჩრდილვა.
კიტრის კულტურას სათბურში უფრო მეტად შპალერის სახით აწარმოებენ. ამ შემთხვევაში საყრდენ შპალერს წარმოადგენს წვრილი თოკისაგან გაკეთებული მსხვილუჯრედიანი ბადურა, რომელსაც მცენარეების მწკრივის გასწვრივ კიდებენ და რომელსაც კიტრის მცენარეები პწკალებით ეჭიდებიან. საყრდენის მოწყობას საჭიროებენ აგრეთვე ბარდის მაღლად მოზარდი და ლობიოს მხვიარა ჯიშები, მაგრამ რადგან ეს ძალიან აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას, ამიტომ ამჯობინებენ ლობიოს კუტი ჯიშების მოყვანას, ხოლო ბარდას დაბლად მოზარდი ჯიშების ორმწკრივიანი ზოლებრივი თესვით მოყვანას, როდესაც მცენარეები ერთმანეთს პწკალებით ემაგრებიან, არ წვებიან და მანქანით აღება სავსებით მოსახერხებელია.
საჰაერო გაზისა და სითბოს რეჟიმის რეგულირება დაცულ გრუნტში. ჰაერის ჟანგბადის უკმარობის დროს ბრკოლდება თესლის აღმოცენება, მცენარის ფესვებისა და ღეროს განვითარება და სხვ. ამიტომაა, რომ დაცული გრუნტის პირობებში მის განახლებას განიავებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამის გარდა, ჰაერი საჭიროა მცენარისათვის, როგორც საკვები არე ნახშირმჟავას სახით, რომელსაც ასიმილაციის დროს შთანთქავს მცენარე და უზრუნველყოფს თავისთავს ნახშირბადით. თუ ნახშირმჟავას მომატება გარკვეულ დოზებამდე (0,3-0,6%) კარგ შედეგს იძლევა, მისი ზედმეტი რაოდენობა დამღუპველად მოქმედებს მცენარეებზე. ამიტომ გაზაციის გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა. ტემპერატურის რეგულაცია სათბურებსა და კვალსათბურებში აუცილებელია ამინდის მიხედვით წარმოებდეს. დაცულ გრუნტში ბოსტნეულის მოყვანისას საჭიროა შევინარჩუნოთ განსაზღვრულ დონეზე ნიადაგის ტემპერატურაც. საკულტივაციო შენობების ვენტილაცია (განიავება) წარმოადგენს აუცილებელ აგროტექნიკურ ღონისძიებას, რომელიც ახდენს სითბოს, საჰაერო და ტენიანობის რეჟიმის ერთდროულ რეგულირებას. ამის გარდა, ვენტილაცია ხელს უწყობს ყვავილების განაყოფიერებას ჰაერის მოძრაობის და მწერების (ფუტკრების) სათბურებსა და კვალსათბურებში შესვლის გზით. რადგან ვენტილაცია ახდენს რამდენიმე ფაქტორის ერთდროულ რეგულირებას, ამიტომ როდესაც ერთ რომელიმე ფაქტორს ვაწესრიგებთ, ანგარიში უნდა გავუწიოთ სხვა ფაქტორთა ცვლილებებსაც. დიდი სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ცივ ამინდში ვენტილაციისას, რომ არ გამოვიწვიოთ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება.
დამულჩვა
სხვადასხვანაირი მასალით ნიადაგის დაფარვას, რომლითაც იცავენ მას ქერქის წარმოქმნისა, ზედაპირული გამოშრობისაგან და სარეველებისგან დამულჩვა ეწოდება. ნიადაგს ფარავენ ორგანული ან ხელოვნური საფარით. დამულჩვის დროს უფრო კარგ შედეგს სპეციალური სამულჩე ფირი იძლევა. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის და შავი ფერისაც. მუქი ფერის (შავი) მულჩი ნიადაგის ზედა 5 სანტიმეტრის სისქის ფენის ტემპერატურას საშუალოდ 10-ით ამაღლებს და ძალიან აუმჯობესებს მისი წყლის რეჟიმს. ის არ ატარებს მის სხივებს, რაც ხშობს სარეველებს. არის ფირი ქვედა მხრიდან შავი და ზედა მხარეს ვერცხლისფერი. ვერცხლისფერი ზედაპირი ირეკლავს მზის სხივებს 40% , რაც ხელს უწყობს მცენარის თანაბარ განათებას.
ლ. ალფაიძე;
ე. მოთიაშვილი;
ნ. ჭანკვეტაძე