დარგებიმემარცვლეობა

მცენარის ყვავილი, ნაყოფი, თესლი

ყვავილის ტიპები _ არჩევენ ორსქესიან და გაყოფილსქესიან ყვავილებს. ორსქესიან ყვავილებს ორივე სასქესო ორგანო აქვს: ბუტკოც და მტვრიანაც. გაყოფილსქესიანებს კი აქვთ ან მხოლოდ ბუტკო, ან მხოლოდ მტვრიანები. მცენარეთა უმეტესობა ორსქესიანია (71%). არსებობს ერთსახლიანი და ორსახლიანი მცენარეები. ერთსახლიანია(7%) – ის მცენარეები, რომელზეც ორივე სქესის ყვავილი მოიპოვება( სიმინდი, გოგრა, კიტრი, მუხა). ორსახლიანებია(5%) – ის მცენარეები, როცა ერთ მცენარეზე არის ერთი სქესის ყვავილები, ხოლო იმავე მცენარის მეორე ინდივიდზე არის მეორე სქესის ყვავილი (ლეღვი). არსებობს ასევე მრავალსახლიანი მცენარეები(10%), რომელთაც ერთ მცენარეზე მამრობითი ყვავილი აქვთ, მეორეზე მდედრობითი და მესამეზე კი ორსქესიანი ყვავილები აქვთ. გვხვდება ასევე პოლიგამიური მცენარეები, რომელთა ერთიდაიგივე ინდივიდზე გვხვდება მამრობითიც, მდედრობითიც და ორსქესიანი ყვავილებიც (ნესვი).

ყვავილედის ტიპები 
მცენარეებზე ყვავილები გვხვდება ერთეულად ან შეკრებილი ყვავილედებად. აგებულების მიხედვით არჩევენ შემდეგი სახის ყვავილედებს – მტევანს, თავთავს, კალათ, ქოლგას და ა.შ.

1. მტევანი; 2. ცოცხი ანუ საგველა; 3. მარტივი თავთავი; 4. რთული თავთავი; 5. მარტივი თავთავი 6. მარტივი ქოლგა; 7. კალათი; 8. რთული ქოლგა; 9. ტარო;

ყვავილის აგებულება

ყვავილის შემადგენელი ნაწილებია: ყვავილსაჯდომი, ჯამის ფოთოლაკები, გვირგვინის ფურცლები, ბუტკო და მატვრიანები.
ჯამის ფოთოლაკები – მცირე ზომის მწვანე ფოთოლაკებია, რომელიც ყვავილის გარეთაა და ქვემოთ. მისი ფორმა და ზომა სხვადასხვა მცენარეში განსხვავებულია.

გვირგვინის ფურცლები – სხვადასხვა ფრად შეფერილი, სხვადასხვა სიდიდის და ფორმის ფურცლებია.

მტვრიანა – მამრობითი სასქესო ორგანოა. მისი რაოდენობა სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვაა. მტვრიანა შედგება სამტვრე პარკისა და ძაფისაგან. სამტვრე პარკს აქვს 2 ნახევარი. ყოველი ნახევარი კიდევ 2 ბუდეს შეიცავს. სულ აქვს 4 ბუდე. ბუდეებში წარმოიქმნება მტვრის მარცვლები.

მტვრის მარცვლის სიცოცხლისუნარიანობა ნარჩუნდება სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვა დროის განმავლობაში. რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღე-ღამემდე ან რამოდენიმე წლამდე. მაგ. ვაშლის მტვრის მარცვალი ინახება 70-210 დღე, ქლიავი – 180-220 დღე, მზესუმზირის 1 წელი, ფინიკის პალმის 10 წელი. პურეულების მტვრის მარცვალი(სიმინდი, ხორბალი, ჭვავი) -3-5 დღე (თუ დაცული იქნება შენახვის წესები).

ბუტკო (გინეცეუმი) – ბუტკოც შეიძლება იყოს რამოდენიმე, უმეტეს შემთხვევაში კი ერთია. ის შედგება ნასკვის, სვეტის და დინგისგან. დინგი გამოყოფს ნივთიერებას (სეკრეცულს), რომელიც იკრობს მტვრის მარცვალს და ის ხელს უწყობს მის გაღივებას. სვეტს დამაკავშირებელი და გამტარი ფუნქცია აქვს დინგსა და ნასკვს შორის. ნასკვი ბუტკოს მთავარი ორგანოა, სადაც ხდება თესლის ჩამოყალიბება. ნასკვში მოთავსებულია ერთი ან რამოდენიმე თესლკვირტი. დამტვერიანების ანუ მტვრის მარცვლის ბუტკოს დინგზე მოხვედრის შემდეგ ის იწყებს გაღივებას. წარმოიქმნება მტვრის მილი. ის იზრდება იმ ნივთიერებათა ხარჯზე, რომელიც არის მტვრის მარცვალში. ასევე ის იყენებს დინგის ნივთიერებებს.

მოხვდება რა ნასკვში, მტვრის მილი უმეტეს შემთხვევაში შედის თესლკვირტში. მიაღწევს რა ჩანასახის პარკს გადაღვრის მასში თავის შემადგენლობას. ორი გენერაციული ბირთვიდან (სპერმა უჯრედი) ერთი უერთდება კვერცხუჯრედს, მეორე კი ცენტრალურ უჯრედს. ხდება ორმაგი განაყოფიერება( აღმოაჩინა ნავაშინმა 1898წ). განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ვითარდება ნაყოფი, ხოლო თესლკვირტში ვითარდება თესლი, კვერცხუჯრედიდან კი, რომელიც მოთავსებულია ჩანასახის პარკში – მომავალი მცენარის ჩანასახი.

ყვავილობა

სხვადასხვა მცენარეს ყვავილობა სხვადასხვა დროს ახასიათებს. ასევე სხვადასხვაა ყვავილობის ხანგრძლივობაც. ყვავილობაში იგულისხმება პერიოდი პირველი ყვავილის გაშლიდან ბოლო ყვავილის დაყვავილებამდე.

ერთწლიანები რა თქმა უნდა ყვავილობენ პირველსავე წელიწადს. ორწლიანები ყვავილობენ სიცოცხლის მეორე წელს.

მრავალწლიანები ყვავილობენ ბევრჯერ ( ყოველ წელს), მაგრამ იწყებენ ყვავილობას სხვადასხვა დროს: მრავალწლიანი ბალახები ყვავილობას იწყებენ პირველსავე წელს, ხე-მცენარეები – V, X, XV წელს. ხეხილოვანი მცენარეები 1-2 წლის შემდეგ. არის მრავალწლიანი მცენარეები, რომლებიც ერთხელ ყვავიან სიცოცხლის განმავლობაში.

ცალკეული ყვავილის ყვავილობის ხანგრძლივობა სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვაა. ეს პროცესი, ისევე როგორც მთელი მცენარის ყვავილობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მემკვიდრულ თავისებურებებზე და გარემო ფაქტორებზე(განათება, ტემპერატურა, ტენიანობა, კვება და სხვა). ზოგი მცენარის ყვავილი იშლება მოკლე დროით, მაგ. 20-30წთ-ით, ზოგის (ორქიდეა) – 70-80 დღეა გაშლილი, ზოგი 1 დღით (ბამბა). სხვადასხვა მცენრეში ყვავილები იშლება სხვადასხვა დროს. ამაზეა დაფუძნებული ე.წ. ყვავილობის საათი, რომლის მიხედვით ზუსტად შეიძლება დროის დადგენა.

დამტვერიანება

ეს არის ყვავილის მტვრის გადატანა ბუტკოზე. დამტვერიანების მიხედვით არჩევენ მცენარეების 2 ჯგუფს: თვითდამამტვერიანებელ და ჯვარედინდამამტვერიანებელ მცენარეებს. უმეტესობა მცენარეებისა ჯვარედინდამამტვერიანებელია, მხოლოდ მცირე რაოდენობაა თვითდამამტვერიანებელი. თვითდამტვერიანება ნიშნავს, როცა ცალკეული ყვავილის მტვერი ამტვერიანებს თავისავე ბუტკოს დინგს. ასეთებს მიეკუთვნებიან: ხორბალი, წერი, შვრია, ბარდა, ლობიო, პომიდორი, ბამბა, სელი და სხვა….. ზოგჯერ თვითდამამტვერიანებელ მცენარეს ახასიათებს ჯვარედინდამტვერვაც. მაგ. ბამბაში და სელში 3-5% ჯვარედინდამტვერვაც ხდება.

ჯვარედინდამტვერვა ეწოდება ერთი მცენარიდან მეორე მცენარის ყვავილის ბუტკოზე მტვრის გადატანას. მტვერი გადადის ქარის, მწერის, წყლის, ფრინველის… საშუალებით. მწერებს იზიდავს მტვერი და ნექტარი(შაქრიანი სითხე, რომელიც გროვდება მცენარის ჯირკვლებში. განსაკუთრებულ როლს დამტვერიანებაში ასრულებენ ფუტკრები, რომლებიც აგროვებენ ნექტარს. იმ მცენარეებს, რომლებიც მწერების საშუალებით იმტვერებიან აქვთ მათ მისაზიდად მკვეთრი შეფერილობა, სურნელი, ივითარებენ ყვავილედს. მწერით დამამტვერიანებელ მცენარეებს ენტომოფილები ეწოდება. მნიშვნელოვანი რაოდენობა მცენარეებისა იმტვერება ქარის საშუალებით(19%), მათ ანემოფილებს უწოდებენ ( სიმინდი, ჭვავი). ამ მცენარეებს არ აქვთ მიმზიდველი ყვავილები. ისინი ივითარებენ დიდი რაოდენობით მტვერს, რომელიც ადვილად გადადის ქარის საშუალებით. ზოგ მცენარეს აქვს გარკვეული მოწყობილობა იმისათვის, რომ არ მოხდეს თვითდამტვერვა. მათ ახასიათებთ ე.წ. დიქოგამია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ბუტკო და მტვრიანა სხვადასხვა დროს მწიფდება(სიმინდი). ასევე ზოგს ახასიათებს ჰეტეროსტილია: მაღალი ბუტკო და დაბალი მტვერიანები(წიწიბურა). მრავალი ჯვარედინდამამტვერიანებელი მცენარე შეიძლება დაიმტვეროს საკუთარი მტვერითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში თაობა ნაკლებ სიცოცხლისუნარიანი გამოდის.

არსებობს ასევე ხელოვნური დამტვერიანება (ჰიბრიდიზაცია), რომელსაც აწარმოებს ადამიანი ახალი ჯიშების მიღების მიზნით.

ნაყოფი

ნაყოფი ძირითადად ვითარდება ნასკვისგან. არჩევენ ნამდვილ ნაყოფს და ცრუ ნაყოფს. ნამდვილი, როგორც ზემოთ ვთქვით ვითარდება ნასკვისაგან, ხოლო ცრუ ნაყოფის წარმოქმნაში მონაწილეობს აგრეთვე ყვავილის სხვა ნაწილებიც.

ნაყოფები არსებობს წვნიანი და მშრალი. მშრალ ნაყოფს აქვს მშრალი ნაყოფსაფარი (პერიკარპიუმი), რომელიც შეიძლება გაიხსნას და მაშინ თესლი ცვივა გარეთ, ან შეიძლება დარჩეს გაუხსნელი. ამიტომ მშრალი ნაყოფები იყოფა: ხსნად(ცვენად) და უხსნად (არაცვენად) ნაყოფებად. არაცვენადი ნაყოფებს თესლურა აქვს ტყავისებური ნაყოფსაფარი (პერიკარპიუმი), შიგნით მოთავსებულია ერთი თავისუფალი მარცვალი. კაკალი – ერთთესლიანი ნაყოფია, მარცვალი – აქვს ხორბალს, ქერს, ჭვავს, შვრიას, სიმინდს. ნაყოფედი აქვს ჭარხალს, 2-3 თესლიანი ერთად შეკრული. ცვენადი ნაყოფი აქვს:

პარკოსნებს, რომელთა ნაყოფს პარკი ეწოდება – ლობიო, ბარდა, სოია. ასევე ცვენდი ნაყოფია ჭოტი( რაფსი), კოლოფი( ბამბა, სელი).


თესლი

გარეგნული აგებულება, თესლი შედგება ჩანასახისგან, სამარაგო (საკვები) ნივთიერებისგან და კანისგან, მისი ზომები და ფორმა სხვადასხვაა. ის შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, ცილინდრული, უსწორმასწორო ზედაპირით, თირკმლისებური, ოვალური. თესლის შეფერილობაც სხვადასხვაა.

შინაგანი აგებულება,  ჩანასახი – ეს არის ჩანასახოვანი მცენარე. ის შედგება ფესვისგან, პირველადი ფოთლისგან(ორლებნიანებში -2 – ია, ერთლებნიანებში -1, შიშველთესლიანებში-რამოდენიმე) და კვირტისაგან, რომელიც არის მომავალი ღეროს და ფოთლების ჩანასახი.

სამარაგო(საკვები) ნივთიერებების მიხედვით თესლებს ყოფენ 4 ჯგუფად:

1. თესლი ენდოსპერმით – პურეულები, კარტოფილი, სტაფილო(ძირითადად ერთლებნიანები).

2. თესლი ენდოსპერმის გარეშე – ორლებნიანები, ჩანასახი დიდია, საკვები ნივთიერება გროვდება ლებნებში: პარკოსნები, გოგროვანები…..

3. თესლი პერისპერმით – აქ ძლიერ განვითარებულია თესლკვირტის ნუცელუსი სამარაგო ნივთიერებით.

4. თესლი ენდოსპერმით და პაერისპერმით – იშვიათად გვხვდება, სამარაგო ნივთიერება ენდოსპერმშიცაა და პერისპერმშიც ( შავი პილპილი).

ქიმიური შედგენილობა

ქიმიური შედგენილობის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები:

1. ზეთოვანი მცენარეები – რომელთა თესლი შეიცავს 40-65% ცხიმს: სელი, მზესუმზირა, კანაფი, აბუსალათინი…….

2. სახამებლიანი მცენარეები – შეიცავენ 50-60% სახამებელს: პურეულები

3. ცილოვანი მცენარეები – შეიცავენ 25-40% ცილებს: პარკოსნები მცენარეთა 90% აქვს ზეთოვანი თესლი, 7% სახამებლიანი.

თესლის მოსვენებითი მდგომარეობა

თესლი დათესვამდე რაღაც პერიოდში არის მოსვენებით მდგომარეობაში, ამ დროს სასიცოცხლო პროცესები შენელებულია. ამ პერიოდს პურეულებში ეწოდება “აღებისშემდგომი მომწიფება”. სხვადასხვა მცენარეს ეს პერიოდი სხვადასხვა ხანგრძლივობით აქვს. არჩევენ “ ღრმა მოსვენებით მდგომარეობას”. ამ დროს, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, თესლი არ აღმოცენდება. ასევე არსებობს “ იძულებითი მოსვენებითი მდგომარეობა”, რომელიც გამოწვეულია ერთ-ერთი ფაქტორის არ არსებობით. ასეთ დროს შეიძლება მრავალი მცენარის თესლმა შეინარჩუნოს აღმოცენების უნარი. მაგ: ბოსტნეულთა თესლი ინახება 4-8 წელი, პურეულთა – 10 წლამდე, ზოგიერთი სარეველას თესლი რამოდენიმე ათეული წელი.

თესლის გაღივება

1. იმისათვის, რომ თესლი გაღივდეს საჭიროა გარკვეული გარემო პირობები. უპირველეს ყოვლისა წყალი, რომელიც იწვევს თესლის გაჯირჯვებას. უჯრედები იწყებენ გაძლიერებულ ფუნქციონირებას, ძლიერდება მათში ფერმენტაციული პროცესები, სკდება თესლის კანი.

2. გაღივებისთვის ასევე საჭიროა ჰაერი. ჟანგბადი უზრუნველყოფს თესლის სუნთქვას, რომელიც გაღივებისას ძლიერდება.

3. შემდეგი ფაქტორია – ტემპერატურა, რომელიც სხვადასხვა მცენარისათვის სხვადასხვაა. პურეულები ღივდება 0-50°C-მდე, სიმინდი – 100°C-ზე, კიტრი 150°C-ზე.

ზოგიერთი მცენარისთვის ასევე აუცილებელია სინათლეც.

ზოგი მცენარის თესლი ღივდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ვამყოფებთ მათ დაბალ ტემპერატურაზე. ამ პროცესს სტრატიფიკაცია ეწოდება. მაგ. მსხალი, ვაშლი, ალუბალი, ზოგი ბალახოვანი და საკვები მცენარე და სხვა. მცენარეთა თესლს ამყოფებენ ნოტიო ქვიშაში ზამთრის განმავლობაში. გაზაფხულზე ასეთი თესლი კარგად ღივდება. ზოგ მცენარეს აქვს სქელი საფარი(კანი), რაც ხელს უშლის შიგნით წყლის შეღწევას და გაღივება ჭიანურდება. ამ დროს იყენებენ სკარიფიკაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თესლს უზიანებენ გარსს(ხეხავენ ქვიშაში). ასეთია მაგ. ხანჭკოლა.

როცა თესლი ღივდება, ჯერ იწყებს ზრდას ფესვაკი, შემდეგ ღერაკი. იმ ადგილას, სადაც ფესვი გადადის ღეროში – ფესვის ყელს უწოდებენ. აღმონაცენის მონაკვეთს ლებნებიდან ფესვის ყელამდე ეწოდება ლებნისქვეშა მუხლი ან ჰიპოკოტილე, ხოლო მონაკვეთს ლებნიდან კენწრულ კვირტამდე – ეპიკოტილე ან ლებნისზედა მუხლი ეწოდება. კენწრული კვირტისაგან გაიზრდება ღერო ფოთლებით. როცა მცენარე განივითარებს მწვანე ორგანოს(ფოთლებს), უკვე ხდება დამოუკიდებელი.

ნაყოფის და თესლის მნიშვნელობა – დიდია. ისინი არა მარტო საკვებ ნივთიერებას შეიცავენ, არამედ არიან დიეტური პროდუქციის და ვიტამინების წყარო. თესლი ბუნებაში ვრცელდება სხვადასხვა გზით – ქარით, ცხოველით, ფრინველით…

ლ.ალფაიძე,

ე.მოთიაშვილი,

ნ. ჭანკვეტაძე