მწერებით გამოწვეული დაავადებები ფრინველში (ქათმებში)/ ქათმის ტილი
ქათმის ტილები ტიპური პარაზიტებია, რომლებიც იწვევს ანემიას და პროდუქტიულობის (კვერცხმდებულობის და წონის შემცირება, ზრდაში ჩამორჩენა) დაკარგვას.
ქათმები შეიძლება დაინფიცირდნენ სხვადასხვა სახის ტილებით, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი პაწაწინაა, ზოგი კი საკმარისად დიდია, რომ შეუიარაღებელი თვალით დაინახო, როდესაც ბუმბული გაიშლება. ბუმბულის ძირზე მიმაგრებული კვერცხები უფრო ადვილად ამოსაცნობია კუდის მიდამოში.
ტილები სისხლისმწოველი პარაზიტებია, იკვებებიან ფრინველის სისხლით, მკვდარი კანით, ბუმბულით. მთავარი საფრთხე ტილების სწრაფი გამრავლებაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია სისხლის დაკარგვის გამო. ანემიურ ქათამს აქვს დასუსტებული იმუნოსისტემა და მგრძნობიარეა სხვა ინფექციებისა და დაავადებების მიმართ.
დაინვაზირების სიმპტომებია:
- ქავილი;
- ბუმბულის დაკარგვა, მტვრევადი ბუმბული;
- ფერმკრთალი ბიბილო;
- წითელი ლაქები, კანის ბაქტერიული ინფექციები;
- ანემიის გამო ჭიებით დაინვაზირება.
ტილები სახიფათო ინფექციის მატარებლები არიან, ასევე ავრცელებენ ჰელმინთებს. ტილებით დაბინძურებული ქათმის ჭამა საშიშია პატარა ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის.
ზოგიერთმა სახის ტილმა, თუ არ არის ეფექტური პრევენცია, ადეკვატური მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს ქათმის მთელი პოპულაციის სიკვდილი.
ინფექციის ძირითადი წყაროა გარეული ფრინველები: ბეღურები, მტრედები, ყვავები და სხვა.
ტილები მთელ სასიცოცხლო ციკლს ატარებენ ფრინველზე, მუდმივად დებენ კვერცხებს, რომელიც ემაგრება ბუმბულს, 4-7 დღის შემდეგ მათგან გამოდის ლარვა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იქცევა ზრდასრულად, გამრავლებისთვის მზადყოფნაში მყოფ ტილად.
ცნობილია ამ გარე პარაზიტების 40-მდე სახეობა.
როგორ გავუმკლავდეთ ქათმის ტილებს
ქათმის ტილებთან ბრძოლა არც ისე ადვილია, უკეთესია პროფილაქტიკა.
ქვიშის აბაზანის დაყენება ჩვეულებრივი რეკომენდაციაა ფრინველის მფლობელებისათვის ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსექტოაკარიციდული სპრეები. მძიმე ინფექციის დროს შეიძლება დაინიშნოს ბიომექტინით მკურნალობა. 0.1 მლ (1 წვეთი) კგ ცოცხალ წონაზე. თუმცა ამ გამოყენებას აქვს მინუსი – მკურნალობიდან 14 დღის განმავლობაში არ შეიძლება ხორცის და კვერცხის ჭამა. კარგ შედეგს იძლევა ინსეტოქსის ფხვნილის გამოყენება, მისი მიფრქვევა ხდება ფრთებისა და კუდის მიდამოებში.
ინსექტოაკარიციდების გამოყენების დროს არსებობს დოზის გადაჭარბებისა და გვერდითი რეაქციის მაღალი რისკი.
გაითვალისწინეთ, რომ მაღალი სიცხის დროს 25-280C (გააჩნია ტენიანობის დონეს) ინსექტოაკარიციდების გამოყენება თხევადი სახით არ არის რეკომენდებული.
ცნობისთვის წვრილ ტილებს შეუძლია დაახლოებით 90-100 000 კვერცხუჯრედის წარმოება, რაც ნიშნავს რომ ნამდვილი ეპიდემიის განვითარებას თვეზე ნაკლები სჭირდება.
ტილებისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურა 20-300C, პლუს მაღალი ტენიანობა. ასეთ პირობებში რეპროდუქცია გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს. ამას გარდა ხელშემწყობია დაბინძურებული საქათმე, ანტისანიტარია, არასაკმარისი თავისუფალი ადგილი, ცუდი კვება-რაც ნიშნავს სუსტ იმუნიტეტს, მღრღნელების არსებობა.
საგულისხმოა, რომ სხვა ფერმიდან მოტანილმა ნივთმაც კი, რომელზეც შეიძლება ერთი ტილი იყოს, ფერმის დაინვაზირება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ საქათმეში ინვაზიის მიმღები ერთ-ერთი პირველი წყარო და გადამტანი მამლებია, მათი ნაკლებად „ჰიგიენურობის“ გამო.
ქათმის ტილი ადამიანისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ისინი არ იკვებებიან ადამიანის სისხლით, ასევე თმისა და ბუმბულის აგებულება განსხვავებულია მაგრამ მათ შეუძლია გამოიწვიონ დისკომფორტი – პარაზიტები მტკივნეულად იკბინებიან, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მეფრინველეს განუვითარდეს ალერგია.
თუ ტილი დაავადების მატარებელია მაშინ ადამიანი, რომელიც ჭამს დაავადებული ფრინველის ხორცს ან კვერცხს შეიძლება დაინფიცირდეს. სისხლით ნაკვები ტილი მუქი ფერისაა.
პროფილაქტიკის მიზნით, ტილების მოსაშორებლად აუცილებელია საფრინველეების გაწმენდა ძველი ნარჩენებისაგან და დამუშავება. ქათმებს ვამუშავებთ შერჩეული პროდუქციით ერთდროულად.
გახსოვდეთ! საფრინველეების დროული პროფილაქტიკა დაზოგავს არა მხოლოდ თქვენს ფრინველს, არამედ თქვენს შემოსავალსაც. ასევე ჯანმრთელობას და თავიდან აიცილებთ საშიში დაავადებების გავრცელებას.
მიხეილ ჭიჭაყუა, ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი
აგრო ექსპერტთა ასოციაცია